აბერდინ-ანგუსური ჯიში

აბერდინ-ანგუსური

აბერდინ-ანგუსური ჯიში: გამოყვანილია შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აბერდინისა და ანგუსის საგრაფოში. ეს ზონა ხასიათდება შედარებით გრილი და ნესტიანი კლიმატით, რელიეფი კი გორაკ-ბორცვიანია.

ცხოველები ხასიათდებიან ცოცხალი ტემპერამენტით, ჰარმონიული აგებულებით და კარგად გამოხატული სახორცე ფორმებით: თავი პატარა, კისერი მოკლე, ზურგისა და წელის ხაზი სწორი და განიერი, სხეული სიღრმეში და სიგანეში კარგად განვითარებულია, დაფარულია ფუმფულა კუნთოვანი ქსოვილით, ბარკლები ასევე კუნთებით კარგადაა შევსებული, ძვლეული წვრილი, ფეხები დაბალი, ჩლიქები კი მაგარი აქვთ.

ფერად ცხოველი შავია.

ძროხა

დამახასიათებელია გენეტიკური ურქოობა, რაც დომინანტური ნიშან-თვისებაა.

ჯიში მალმწიფადია. უკვე 14-16 თვის ასაკში ამთავრებს ინტენსიურ ზრდას და ცოცხალი მასა აღწევს ზრდასრული ინდივიდების 80-85%-ს.

გასუქებული პირუტყვის ხორცი დიდი რაოდენობით შეიცავს კუნთებსშორის და კუნთებსშიგნითა ქონს, რის გამოც მარმარილოსებრი შესახედაობა აქვს.

ამ ჯიშის ცხოველები ადვილად ეგუებიან სხვადასხვა კლიმატური ზონის პირობებს, რის გამო იმპორტირებულია აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკასა და სხვაგან.

შემოყვანილი იყო საქართველოში (სიღნაღის რაიონის წნორის კომპლექსი).

ძროხა

ტანადობით ისინი ჩამოუვარდებიან სხვა ბრიტანულ სახორცე ჯიშებს. ფურის და კუროს ცოცხალი მასა, შესაბამისად შეადგენს 450-500 და 750-850 კგს, ხოლო ახალშობილი ხბოს მასა 25-30 კგ-ა.

ფურის მერძეულობა საკმარისია მაწოვარი ხბოს ნორმალური ზრდაგანვითარებისათვის; 6-8 თვის ასაკში დედიდან ასხლეტილი მოზარდი 170-190 კგს იწონის, ინტენსიურად სუქებისას დღეღამური ნამატი 800-950 გრამი, ხოლო 18 თვის ასაკში დაკლული მოზარდის ნაკლავის გამოსავალი 60-65% -ა.

ხორცის ხარისხით მას ბადალი არა ჰყავს. ზრდის პოტენციისა და ხორცის ხარისხის გასაუმჯობესებლად ეს ჯიში გამოიყენება სამრეწველო შეჯვარებაში.

ავტორი: გიული გოგოლი, სმმ დოქტორი/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/.

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო სახიათი.

იხილეთ აგრეთვე: ძროხის ჰოლშტინური ჯიში – სარძეო მიმართულება

თქვენი რეკლამა