ვარდისფერი ჭოპორტულა საუკეთესო გემოს, უხვმოსავლიანი პომიდორი

ჭოპორტულა, ვარდისფერი, პომიდორი

„ვარდისფერ ჭოპორტულაზე” სელექციური მუშაობა 1993 წელს დაიწყო. ბუნებრივი ჰიბრიდიზაციით, გამორჩევით მაღალი ტემპერატურისა და მშრალი კლიმატის პირობებში ვარდისფერი და წითელი პამიდვრის ნათესიდან გამოირჩა ჯიში „ვარდისფერი ჭოპორტულა” ალექსანდრე სარალიძის საკარმიდამო ნაკვეთში.

ელიტური მასალა გამოვლინდა 1996 წელს. საკონკურსო ჯიშთა გამოცდა 2005-2006 წელს ჩატარდა.

აღნიშნული ჯიში ძალიან მცირედ ავადდება ფიტოფტორით (0.4%), გამძლეობას იჩენს ვირუსული დაავადებების, ნაცრის, ჭკნობის, ბაქტერიული ლაქიანობის მიმართ.

„ვარდისფერ ჭოპორტულას” ნაყოფები გამორჩეულია განსაკუთრებული გემური თვისებებით. მისი სტანდარტული ნაყოფები გამოიყენება უმად მოსახმარად, სასალათედ, არასტანდარტული კი — გადასამუშავებლად (საწებლები, კონსერვები).

ჯიშს ძლიერ დატოტვილი დიდი მოცულობის ფესვთა სისტემა აქვს, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება და ვითარდება.

ღია გრუნტში პირდაპირ თესვისას (ჩითილის გარეშე) ფესვთა სისტემა ნიადაგის სიღრმეში 60 სმ-მდე ჩადის, ხოლო  ფესვის ხშირი განტოტვა 35-45 სმ-ის დიამეტრის ფარგლებშია, პამიდორის ჩითილით წარმოებისას, ფესვთა სისტემა ძირითადად ვითარდება ნიადაგის სახნავ  ფენაში – 30 სმ-ზე.

„ვარდისფერი ჭოპორტულას”ღერო მომრგვალოა, სწორმდგომი, სიმაღლეში 2-2,5 მ-ს აღწევს. პამიდვრის ნაყოფი წვნიანია, ოთხბუდიანი, ნაყოფები გამოირჩევა მრგვალი ფორმით და ვარდისფერი შეფერილობით.

ხელსაყრელი ტემპერატურისა და სათანადო ტენის პირობებში პამიდვრის თესლი 3-4 დღეში ღივდება, საწყის ეტაპზე გამოჩნდება ღივი და ფესვი, შემდეგ ვითარდება ლებან-ფოთლები, რომლებიც აღმოცენებისთანავე იშლება. პირველი ფოთოლი აღმოცენებიდან 6-10 დღეში ვითარდება, ფოთლების ფორმირების პარალელურად მიმდინარეობს ღეროს და ფესვების ზრდა-განვითარება.

„ვარდისფერ ჭოპორტულას” ჩითილი 7-9 ფოთლის ფაზაში ირგვება, საორიენტაციოდ აღმოცენებიდან 40-45 დღის შემდეგ უვითარდებათ საყვავილე ბუტონები. ბუტონიზაციის ფაზა დაახლოებით 12-16 დღე გრძელდება და სწორედ ამ პერიოდს არ უნდა გადასცილდეს ჩითილის გატანა და დარგვა ღია გრუნტში.

ამის  შემდეგ იწყება ყვავილობა, კერძოდ ყვავილდება პირველი რიგის მტევანზე არსებული წვრილი ყვავილების ჯგუფი. ყოველი 5-7 დღის შემდეგ იშლება მომდევნო რიგის ყვავილები. დაახლოებით 1,5-2 კვირის შემდეგ ამავე წესით იშლება    მეორე რიგის და მომდევნო მტევნების ყვავილები და ა.შ.

თითქმის ყოველ კვირას ჩნდება ახალი მტევანი და პარალელურად ამისა მიმდინარეობს ყვავილობა, განაყოფიერება, ნაყოფების გამოჩენა, ზრდა და ფორმირება. ჯიშისათვის დამახასიათებელი ზომის მიღწევის შემდეგ ნაყოფი იწყებს დამწიფებას.

მოუმწიფებელი, მაგრამ ფორმირება-ზრდა დამთავრებული პამიდორის ნაყოფები იძენენ ღია მწვანე შეფერილობას, შემდგომ პერიოდში ნელ-ნელა პამიდვრის  ნაყოფები იძენენ ჯიშისათვის დამახასიათებელ ვარდისფერს. ამ დროს ნაყოფში სათესლე ბუდეები წვნიანდება, რომლებშიც განლაგებულია თესლები, ხდება ნაყოფის დარბილება.

„ვარდისფერ ჭოპორტულას” აღმოცენებიდან სიმწიფის დაწყებამდე სავეგეტაციოდ 120 დღე სჭირდება. ყვავილობიდან ნაყოფის  მომწიფებამდე — 45-65 დღე.

ახალგაზრდა მცენარე ფოთლების იღლიებიდან გვერდით ყლორტებს ე.წ. ნამხრევებს ივითარებს. ჩვეულებრივად წვერო 7-14 ფოთლის შემდეგ მთავრდება საყვავილე  მტევნით, ხოლო ნამხარი გამოზრდილი წვეროს ფოთლის იღლიიდან ცდილობს გაიზარდოს მთავარი ღეროს პარალელურად. ნამხარი 2-6 ფოთლის ფორმირების შემდეგ აჩერებს ზრდას და ივითარებს საყვავილე ბუტონებს, ხოლო მცენარის ზრდა  გრძელდება უახლოესი ნამხრევების პარალელურად. პროცესი გრძელდება  ვეგეტაციის ბოლომდე, სანამ წაყინვები არ დაიწყება.

„ვარდისფერი ჭოპორტულას” ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა უნდა იყოს  ნიადაგის ზღვრული ტენტევადობის 70-80 %, ხოლო ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 60 %-ის ფარგლებში. უფრო მეტი ტენიანობის პირობებში, მცენარე კარგავს გამძლეობის უნარს მავნებელ-დაავადებების მიმართ, ყვავილობისას ძნელდება განაყოფიერების პროცესი, ყვავილები ცვივა, რაც საბოლოოდ მოსავლიანობის შემცირებას განაპირობებს.

ნიადაგის განოყიერება

განოყიერებისათვის სასუქი ისე უნდა შევიტანოთ, რომ აზოტის კალიუმთან შეფარდება იყოს 1 : 2, ეს ნიშნავს,რომ თუ აზოტი შეგვაქვს 2 კგ, კალიუმი უნდა შევიტანოთ 4 კგ. (იგულისხმება წმინდა ელემენტი ანუ მოქმედი ნივთიერება), ამით მცირდება ნიტრატების შემცველობა და ეკოლოგიურად  უსაფრთხო პროდუქტების მიღება გარანტირებულია. ცალმხრივი განოყიერებისას კვების ეფექტი დაბალია, ამიტომ სათანადო დოზებით სამივე სახის სასუქის შეტანა აუცილებელია მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღებისათვის.

ნიადაგის ნაყოფიერებიდან გამომდინარე პამიდორის მოსაყვან ნაკვეთში უნდა შევიდეს საქონლის გადამწვარი ნაკელი ჰექტარზე 40-60 ტონა, ხოლო ნახევრად გადამწვარი — უფრო მეტი. თუ გადამწვარი ნაკელი ცოტა გვაქვს, ის უნდა შევიტანოთ ბუდნებში — მცენარეთა ძირებში 0,5 —1,0 კგ. ოდენობით.

სარწყავ და ჭარბტენიან ადგილებში ორგანული, ფოსფოროვანი და კალიუმიანი სასუქი უნდა შევიტანოთ შემოდგომაზე, მზრალად ხვნის ან გაზაფხულზე კულტივაციის წინ. თუ ზემოთ აღნიშნული ორგანული სასუქი შემოდგომაზე იქნა შეტანილი, მაშინ მინერალური სასუქების დოზები უნდა განახევრდეს.

მხოლოდ მინერალური სასუქებით განოყიერებისას ერთ ჰა-ზე უნდა შევიტანოთ სულფატამონიუმი 4-5 ცენტნერი, ან ამონიუმის გვარჯილა 2,5-3,0 ცენტნერი, სუპერფოსფატი 5-7 და კალიუმის მარილი 1,5-2,0 ცენტნერი, შეტანის წესი ხელით  ან მანქანით, მწკრივად ან მობნევით.

ნიადაგის დამუშავება

პამიდვრის ნაკვეთის დამუშავებას ვიწყებთ წინამორბედი კულტურების ანარჩენების გაწმენდით. შეგვაქვს ორგანულ-მინერალური სასუქები და ვხნავთ (წინმხვნელიანი) გუთნით 26-28 სმ სიღრმეზე. გაზაფხულზე მზრალის შეშრობისთანავე ნიადაგის ტენის შენარჩუნების მიზნით საჭიროა დაფარცხვა და ასე რჩება ჩითილების დარგვამდე. დარგვის წინ შეგვაქვს აზოტიანი სასუქი 150-200 კგ/ჰა და ვატარებთ კულტივაცია-დაფარცხვას, შემდეგ დაიჭრება ბაზო-კვლები 60-70  სმ-ზე და გაკეთდება სარწყავი კვლები.

პამიდვრის თესვა და ჩითილების გამოყვანა

პამიდვრის ჩითილის გამოყვანა ხდება კვალსათბურებში, პოლიეთილენის კვალსათბურში, ან ღია კვლებში. თესვა უნდა ჩატარდეს გადარგვამდე 50-65 დღით ადრე, საიდანაც კარგად განვითარებული ჩითილები მუდმივ ადგილზე დასარგავად გადაგვაქვს.

საჩითილე კვლებისათვის უნდა შეირჩეს მყუდრო, ქარისაგან დაცული, სამხრეთისაკენ ოდნავ დაქანებული, ვაკე ადგილი. ნიადაგი უნდა იყოს მშრალი და წყალგამტარი, ხოლო ნაკვეთი უზრუნველყოფილი სარწყავი წყლით.

კვალსათბური შედგება: რკალის, ფირის, სამაგრისა და პალოსაგან.

კვალში ნიადაგზე წინასწარ თესვამდე (მანამდე დახურული უნდა იყოს) უნდა შევიდეს გადამწვარი ნაკელი 1 კვ.მ-ზე 4-5 ვედროს ოდენობით, რომელიც უნდა ჩაითოხნოს, მოსწორდეს ფოცხით, ასევე უნდა შევიდეს მახრებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო მისატყუებელი მასალა, დამარკერდეს 8-10 სმ. მწკრივებად, მოხდეს თესვა, დაიფაროს მიწის თხელი ფენით, მოიტკეპნოს, მოირწყას თესვისთანავე და გადაეფაროს ფირი.

მოვლის სამუშაოები: რწყვა ყოველ მე 2-3 დღეს, გამარგვლა-გაფხვიერება-გამოხშირვა 2-3 ჯერ, წამლობები მავნებელ-დაავადებების საწინააღმდეგოდ 2-3 ჯერ, განოყიერება — გამოკვება სარწყავით (10 ლ წყალში ჩაიყრება ერთი ასანთის კოლოფი აზოტიანი და ფოსფორიანი სასუქი. კარგად მორევის შემდეგ ხსნარი მიესხურება 1-1.5 კვმზე და შემდეგ აუცილებლად ჩაირეცხება სუფთა წყლით).

ჩითილის ამოღების წინ 2-3 დღით ადრე სასურველია დამუშავდეს სისტემური ფუნგიციდითა და ინსექტიციდით, ერთი დღით ადრე კი აუცილებლად უნდა მოირწყას, რათა ფესვთა სისტემა რაც შეიძლება დაუზიანებელი შერჩეს.

მცენარეების აღმოცენების შემდეგ მზიან ამინდში უნდა მოხდეს ფირების გადახდა, ხოლო საღამოსთვის ის ისევ უნდა დაეფაროს. 1 კვ. მ-ზე მიიღება პამიდორის 300-400 ცალი ჩითილი.

დარგვა და სავეგეტაციო სამუშაოები

„ვარდისფერი ჭოპორტულას” დარგვა სასურველია 70 სმ X 60-70 სმ-ზე.კვების არით. ჩითილი ირგვება ჩითილის სარგავი მანქანით, ხელით, პალოს გამოყენებით ან ბარით.

დარგვიდან 4-6 დღის შემდეგ საჭიროა ჩატარდეს გაცდენილი ადგილების გამორგვა და განმეორებით მორწყვა.

ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა ნიადაგი იყოს ფხვიერი და სარეველებისგან სუფთა მდგომარეობაში, რისთვისაც საჭიროა მწკრივთაშორის დამმუშავებული ფრეზ-კულტივატორების გამოყენება ან თოხით, თუ ხელის კულტივატორით მწკრივების 2-3 ჯერ დამუშავება, რწყვები მოთხოვნილების მიხედვით 6-8 ჯერ, სისტემური ბრძოლა მავნებლებისა  და დაავადებების წინააღმდეგ.

პამიდორი უნდა აიკრას საყრდენებზე 2-3 ადგილას, სხვადასხვა დროს.

გამოკვება

ვეგეტაციის პერიოდში სასურველია პამიდორის გამოკვება ორგანული სასუქებით. წყალში დადუღებული 1 წილი ფრინველის ნაკელი უნდა გაზავდეს 10-15 წილ წყალში. თუ ფრინველის ნაკელი არა გვაქვს, მაშინ შეგვაქვს 4-5 წყალში გახსნილი საქონლის ჟიჟა ან 8-10 წილ წყალში გაზავებული საქონლის ახალი ნაკელი, რაც უნდა მოესხუროს 8-10 მ. სიგრძეზე მცენარეებს ძირებში. ყოველ ვედრო ხსნარს უნდა დაემატოს 50 გრ. სუპერფოსფატი, 20-25 გრ. კალიუმი და ასე შერეული კომბინირებული ნაზავი უნდა მოესხუროს ნიადაგზე. ეს ღონისძიება ტარდება 1-2 ჯერ, პირველი ნაყოფის ფორმირების დასაწყისში, მეორედ – ორი კვირის შემდეგ.

გასხვლა

გასხვლისას „ვარდისფერ ჭოპორტულას” ფორმირება სასურველია ძირიდან 2 ღეროზე (ამონაყარი). დანარჩენი ამონაყრები — ნამხრევები მთლიანად უნდა შეეცალოს, რათა ბუჩქი გამოთხელდეს, ამასთან ვეგეტაციის პერიოდში შეიძლება მისი გაფურჩქვნაც.

ჯიშური წმენდა

სათესლე ნაკვეთზე ჯიშური წმენდა სავალდებულოა, ჩითილების დარგვისას დაიწუნება და გადაიყრება სუსტი, დაავადებული და ჯიშური ნიშან-თვისებებიდან გადახრილი მცენარეები. ჯიშური ნიშან-თვისებები მკვეთრად გამოიხატება ნაყოფების დამწიფების დასაწყისში, ამიტომ პირველი კრეფის დაწყებამდე დაწუნებული და დაავადებული მცენარეები უნდა მოითხაროს და გადაიყაროს.

საუკეთესო მცენარეები მოინიშნება სპეციალური ეტიკეტებით (პოზიტიური გადარჩევა) და სათესლე ნაყოფები მოიკრიფება შერჩევით, დანარჩენი ნაყოფები კი გამოიყენება სასურსათოდ.

თესლის დამზადება

ყველაზე გამოსავლიან და მაღალხარისხიანად ითვლება პირველი ხუთი მტევნიდან შერჩეული საუკეთესო ნაყოფების თესლი და მისი დამზადება სექტემბრის პირველ დეკადაში უნდა დასრულდეს. მოკრეფილი მწიფე ნაყოფები დამატებით რამდენიმე დღით უნდა მოვათავსოთ სპეციალურ ტარაში ან თაროებზე დამატებითი ჩამწიფებისათვის, რათა ნაყოფი დარბილდეს  და თესლი ადვილად გამოეცალოს.

თესლის დამზადების წინ ნაყოფები უნდა გაირეცხოს, რათა რბილობი სუფთა დარჩეს ტომატის გასაკეთებლად, შემდეგ დიამეტრალურად გაიჭრას შუაზე და ხელის მოჭერით თესლის ბუდიდან გამოცალკევდეს ხის კასრში ან მინის ჭურჭელში, რომელსაც 2-3 დღეს ვტოვებთ დასადუღებლად, ე.წ „დადუღებულ” თესლს წყლის დასხმით გამოვრეცხავთ და გადავწურავთ 3-4 ჯერ, კონდიციური თესლი დაილექება ჭურჭლის ძირზე. კარგად გარეცხილი თესლი უნდა გაიშალოს ტილოზე ან ფიცარზე და დაიდოს გასაშრობად ჩრდილში. თუ თესლი დაიკოშტა ის ხელით უნდა დავფშვნათ.

„ვარდისფერ ჭოპორტულას” თესლის გამოსავალი შეადგენს 0.3-0.5 %, ე.ი 300-500 გრ თესლის მისაღებად საჭიროა 100კგ პამიდორი. თესლის აბსოლუტური წონა 2.5-6 გრამია.

„ვარდისფერ ჭოპორტულას” კრეფა სასურველია ჩატარდეს ყოველ მე- 6 დღეს, დაკრეფილი პამიდორი უნდა დახარისხდეს შეასაბამის ტარაში ჩაწყობით და გაიგზავნოს დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

ავტორები: ნატო კაკაბაძე, სმმ დოქტორი,
ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი საქართველოში.

ალექსანდრე სარალიძე, სმმ დოქტორი;

სტატია მოგვაწოდა ჟურნალმა „ახალი აგრარული საქართველო“.

„აგროკავკასია“ გაზეთია, ჩვენ არაფერს არ ვყიდით.

თქვენი რეკლამა