სუფრის ჭარხალი — მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

1676 Views Comment Off

ზოგადი ინფორმაცია

სუფრის ჭარხლის (ლათ. Beta vulgaris L.) ყველა კულტურული ფორმა წარმოიშვა ველური სახეობიდან, რომელიც ახლაც ხარობს ირანში, ინდოეთში, ეგვიპტეში, ბალკანეთში, ყირიმში და ამიერკავკასიაში.

XII – XIII საუკუნეებში ევროპაში დაიწყეს წითელი ჭარხლის მოყვანა. უკვე XVII საუკუნის დასაწყისიდან ჭარხალი ერთ-ერთ ძირითად ბოსტნეულ კულტურად იქცა.

ჭარხალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობით უნიკალური მცენარეა. იგი (ძირხვენა) შეიცავს ცილებს, ცხიმებს, უჯრედანას, პექტინებს, შაქარს (საქაროზას, ფრუქტოზას, გლუკოზას), ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, მიკროელემენტებს.

საკვებად გამოიყენება ძირხვენები და ქორფა ფოთლები (C ვიტამინი ფოთლებში ორჯერ მეტია, ვიდრე ძირხვენებში). ჭარხალი საუკეთესო საშუალებაა ავიტამინოზის წინააღმდეგ. ძალზე სასარგებლოა სისხლნაკლულობის დროს. წვრილად გახეხილი ჭარხლის სალბუნს ადებენ ჭრილობას, დამწვრობას, წყლულებს.

თითქმის ვერ ნახავთ ბოსტანს, სადაც ჭარხალი არ მოჰყავდეთ. ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის გარიჟრაჟზე ძველმა მეურნეებმა შეამჩნიეს, რომ ზოგიერთ მცენარეს, რომლებიც მათ ფოთლებისათვის მოჰყავდათ, შედარებით სქელი ძირხვენები ჰქონდა. მოხარშეს და გემო გაუსინჯეს ამ ფესვებს. სწორედ მაშინ დაიწყო დიდი ძირხვენების მქონე მცენარეთა შერჩევა. ასე წარმოიქმნა სუფრის ჭარხლის ჯიშები.

ჭარხლის ძირხვენებს სხვადასხვა ფორმა აქვს — მრგვალიდან ცილინდრულამდე. მათ მრავალი კერძის დასამზადებლად იყენებენ (სხვადასხვა წვნიანების, სალათების, გარნირების). თითქოს უცნაურია, მაგრამ ადამიანმა ჯერ ჭარხლის ფოთლებს გაუგო გემო და შემდეგ ძირხვენებიც გასინჯა.

განსაკუთრებით უყვარდათ ეს ბოსტნეული ძველ რომაელებს. ისინი სიამოვნებით მიირთმევდნენ ღვინოში ამოვლებულ და წიწაკით შეკმაზულ ჭარხლის ფოთლებს. იმპერატორ ტიბერიუსის ბრძანებით, დამორჩილებულ გერმანელ ტომებს რომისათვის ხარკად ჭარხალიც ჰქონდათ განწესებული.

ბიოლოგიური თავისებურება

ურჩევნია ფხვიერი, ღრმად დამუშავებული თიხნარი, ქვიშნარი და შავმიწა ნიადაგი; შემოდგომოთ ნიადაგს ბარავენ 25-40 სმ-ზე, შეაქვთ 3-6 კგ ნეშომპალა ან კომპოსტი 1 მ2-ზე; ახალი ნაკელი შეაქვთმხოლოდ წინამორბედი კულტურის ფართობში;

ზედმეტი წყლისადმი ჭარხლის მაღალი მგრძნობელობის გათვალისწინებით, იმ ნიადაგებზე,რომლებიც გრუნტის წყლების ახლო დგომით (80-100 სმ-ზე ახლოს) გამოირჩევა, ჭარხალს თესავენ ბაზო კვლებზე.

წინამორბედები

საუკეთესო წინამორბედია კარტოფილი, კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, დაუშვებელია სტაფილო; ვერ ეგუება ერთსა და იმავე ნაკვეთზე ხელმეორედ დათესვას.

ნიადაგი-ph: 6,0-7,2

თესვის/დარგვის ხერხი: თესლით, ჩითილებით

ჩითილების ასაკი: 45-55 დღე

თესვის/დარგვის სქემა: ცალმწკრივა ნათესი 45სმ მწკრივთაშორისებით;

ორმწკრივა ნათესი 60×10 ან 50×20 სქემით; რიგებში მანძილი მცენარეთა შორის პირველი გამოხშირვიდან 4-6 სმ-ია, მეორიდან-10-12 სმ.

გამოკვება

ვეგეტაციის პერიოდში 2-3 ჯერ შეაქვთ ხის ნაცარი (200 გრ ნაცარი 10 ლ წყალი — 1მ2-ზე); მოსავლის აღებამდე 3 კვირით ადრე სასუქი აღარ შეაქვთ; საუკეთესოა კალიუმ- ფოსფორისა და ბორის შემცველი სასუქები (რომლებიც დაშვებულია ბიოწარმოების სტანდარტებით).

მორწყვა

ჭარხალი ტენის მოყვარულია, განსაკუთრებით თესლის აღმოცენებისა და ძირხვენების ზრდის დროს; გვალვის დროს ძირხვენები უხეშდება, შრება, იძარღვება, ხოლო ზედმეტი ტენიანობა მათ ალპობს.

სითბური რეჟიმი

ჭარხალი შედარებით კარგად უძლებს სიცივეს. თესლი ღივდება 4-50C ტემპერატურაზე. მოზრდილ მცენარეებს 2-30-მდე სიცივე არ აშინებს. აღმონაცენი შეიძლება დაიღუპოს ხანმოკლე ყინვების დადგომისას. მცენარის ზრდისა და განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა +15-250C.

სავეეაციო პერიოდი

საადრეო ჯიშები: 60-100 დღე აღმოცენებიდან მოსავლის აღებამდე; საშუალო: 100-110 დღე აღმოცენებიდან მოსავლის აღებამდე; საგვიანო: 130 დღე აღმოცენებიდან მოსავლის აღებამდე.

დაავადებები

გულის სიდამპლე — ზაფხულში ფოთლები ჭკნება, ძირხვენის თავზე ჩნდება მურა ფერის ჩაზნექილი ლაქები. შუაგულში რბილობა შავია. მიზეზი ბორის უკმარისობაა. ეს დაავადება ვითარდება მშრალ ამინდში კირიან ნიადაგებზე. მცენარეს რეგულარულად ასხურებენ მიკროელემენტების ხსნარს. პროფილაქტიკა: ბორის ნაკლებობისას თესვამდე ნიადაგში შეაქვთ კომპოსტი.

შავი ფეხი — მძიმე დაავადებაა. იგი აღმონაცენს გააშავებს და სპობს. ეს დაავადება ვითარდება ხშირ ნათესებში, მძიმე და ტენიან ნიადაგებზე. ბრძოლა: პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე დაავადებულ მცენარეებს აშორებენ და სპობენ.

ლაქიანი სიყვითლე — ფოთლის ძარღვებს შორის ჩნდება ყვითელი ლაქები. ძლიერი დაზიანებისას ფოთოლი მთლიანად ყვითლდება. დაავადების დამახასიათებელი ნიშანია ფოთლის კიდეების მოხვევა. მიზეზი მაგნიუმის უკმარისობაა. ბრძოლა: მცენარეს რეგულარულად ასხურებენ მიკროელემენტების ხსნარს.

ხვრელიანი ლაქიანობა — ფოთლებზე დიდი რაოდენობით ჩნდება მურა ლაქები, ზოგჯერ კი ხვრელები, რომლებიც ამახინჯებენ ფოთლებს, თუმცა მოსავლიანობაზე არ მოქმედებენ. ბრძოლა: ძლიერ დაზიანებულ ფოთლებს წყვეტენ და სპობენ. პროფილაქტიკა: თესლბრუნვის დაცვა.

მავნებლები

ჭარხლის ბუზი — მაის-ივნისში ჭარხლის ბუზის მატლები აზიანებენ ფოთოლს, რის შედეგადაც, ფოთლის ზედა და ქვედა კანს შორის წარმოიქმნება სიცარიელე. ყველაზე მეტად ამ მავნებლით ზიანდება მცენარის ქორფა ფოთლები. ძლიერ დაზიანებული მცენარეები იღებენ მურა შეფერილობას და მათი განვითარება ფერხდება. ბრძოლა: დაზიანებულ ფოთლებს წყვეტენ და სპობენ.

ასევე ჭარხლის მავნებლებია — მდელოს ფარვანა, კარადრინა, ბუგრი, კომბოსტოს ხვატარი.

ავტორები: ნუკრი მემარნიშვილი, თამაზ დუნდუა.

მასალა მოგვაწოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB