სუფრის ჭარხალი – მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია, ჯიშები

სუფრის, ჭარხალი, ჭარხლის, მოყვანა

კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება

ჭარხალი ფართოდ გავრცელებული ძირხვენა კულტურაა. მას საკვებად იყენებენ უხსოვარი დროიდან. ჯერ კიდევ ჩ.წ.-მდე II-I საუკუნეში ხმელთაშუა ზღვის ხალხს იგი მოჰყავდა როგორც სამკურნალო და საბოსტნე კულტურა.

იგი ორწლიანი მცენარეა. ორსქესიანი. პირველ წელს ინვითარებს ფოთლებს და ძირხვენას, მეორე წელს საყვავილე ღეროს და იძლევა თესლს.

ყვავილობას იწყებს გადარგვიდან 50-60 დღის შემდეგ და გრძელდება 30-50 დღე. ყვავილს აქვს მომწვანო ფერის 5 გვირგვინის ფურცელი.

სათესლე მასალა წარმოადგენს ნაყოფედს, სადაც მოთავსებულია 2-6 ერთმანეთთან შეზრდილი ნაყოფი.

როზეტი (მცენარის ძირში, ღეროს ირგვლივ წრიულად განლაგებული ფოთლები) შეიძლება იყოს განრთხმული, ნახევრად მდგომარე და მდგომარე. ფოთოლი ღია, ან მუქი ღია მწვანე ფერისაა, აქვს გლუვი, ტალღოვანი, ან გოფრირებული ზედაპირი. ფოთლის ფირფიტა შესაძლოა იყოს სამკუთხედისებრი, გულისებრი, ან ოთხკუთხედის ფორმის.

ძირხვენა სხვადასხვა ფორმისაა: ბრტყელი, მომრგვალო, მომრგვალო-მობრტყო, ოვალური, კონუსური, ან ცილინდრული. ასევე სხვადასხვაა ძირხვენის სიდიდე, ამასთან, რაც მეტია ძირხვენის სიმსხო, მით უფრო დაბალია მისი ხარისხი.

ძირხვენის ზედაპირი შეიძლება იყოს: გლუვი, უსწორმასწორო, ხორკლიანი, დაღარული. მისი რბილობი კი იისფერ-წითელი, ღია ბორდოსფერი, მუქი-წითელი, ბორდოსფერი, მოშაომოწითალო, მუქი-ბორდოსფერი და სხვ.

კულტურის ზოგადი დახასიათება

ჭარხალი

ქიმიური შემადგენლობა

სუფრის ჭარხლის ძირხვენა შეიცავს 88,0%-მდე წყალს, 12,0% მშრალ ნივთიერებას, 1,26% აზოტოვან ნივთიერებას, 1,1% ნახშირწყლებს (შაქარი და სახამებელი), 0,13% ცხიმებს, 0,89% უჯრედისს, 2,35% შაქარს და 1,04% ნაცარს.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი

ჭარხლის თესლი გაღივებას იწყებს 3-4°С ტემპერატურის დროს. ღივები უძლებს -1-2°С ყინვებს, მომაგრებულ ღივებს კი შეუძლიათ გაუძლონ -3-4°С ხანმოკლე ყინვებს. ჭარხალი მაღალ ტემპერატურას შედარებით კარგად იტანს.

იგი გვალვიან ადგილებში მოურწყავ ბოსტანშიც კარგად იზრდება, რადგან აქვს ფესვთა სისტემა, რომელიც ღრმად მიდის ნიადაგში, რის გამოც იქ არსებული ტენი მისთვის ხელმისაწვდომი ხდება.

ჭარხალი კარგად ვითარდება ღრმა, ნაყოფიერი ფენის და კარგი დრენაჟის მქონე, ქვიშნარ ან ლამიან-თიხნარ, ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე. კულტურა შესაძლებელია განვითარდეს უფრო მძიმე ნიადაგებზეც, მაგრამ ამ შემთხვევაში ძირხვენის ზრდა ფერხდება და მოსავლის აღებაც რთულდება.

ჭარხლის მცენარეებს საკმაოდ გრძელი ფესვები აქვთ და, შესაბამისად, ფესვი ღრმად ჩადის ნიადაგში, ამიტომ ჭარხლისთვის მნიშვნელოვანია ორგანული ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგები.

ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნება და კულტურათა შესაბამისი მონაცვლეობა მნიშვნელოვანი ღონისძიებებია სხვადასხვა მავნებელი დაავადების გაჩენის რისკების შემცირების მიმართულებით. განსაკუთრებით ეს ეხება ძირხვებების ლპობას, რადგან ჭარხალი მგრძნობიარეა დაავადებისადმი, როდესაც ის იწარმოება სუსტი აერაციის მქონე და საკვები ნივთიერებებით ღარიბ ნიადაგებში.

ჭარხალი მგრძნობიარეა მჟავე არის მქონე ნიადაგების მიმართ. მისთვის ნიადაგის არეს ოპტიმალური მაჩვენებლები pH 6.0-7.0-ია.

მჟავე რეაქციის მქონე სასუქების გამოყენებამ ისეთ ნიადაგებზე, რომელთაც მაღალი ბუფერული შესაძლებლობები აქვთ (ნიადაგის უნარი, შეინარჩუნოს არსებული pH-ის მაჩვენებელი), შესაძლებელია გამოიწვიოს ნიადაგის pH-ის შემცირება 6.0-ს ქვემოთ.

ეს სიტუაცია, როგორც წესი, რეგულირდება მას შემდეგ, რაც სასუქი წყვეტს რეაქციას ნიადაგთან. თუმცა ასეთი აგროქიმიკატების სისტემატიურმა შეტანამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნიადაგის ბუფერული შესაძლებლობების შემცირება. ამ შემთხვევაში პრობლემის მოსახსნელად შესაძლოა საჭირო გახდეს მჟავე რეაქციის მქონე აგროქიმიკატების გამოყენების შემცირება და ნიადაგის მოკირიანება.

დაბალი pH-ის მქონე ნიადაგებზე რეკომედებულია 2.5-8 ტონამდე კირის შეტანა ერთ ჰა-ზე (ნიადაგის ბუფერული შესაძლებლობების მიხედვით). კირი, როგორც წესი, ხელს უწყობს ნიადაგის pH-ის გაზრდას (6.0 და მეტ მაჩვენებლამდე).

ჭარხლის რამდენიმე ჯიში და ჰიბრიდი

სავეგეტაციო პერიოდი

სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით ჯიშები შეიძლება იყოს:

• ადრეული, რომელსაც დათესვიდან ტექნიკურ სიმწიფემდე 80-100 დღე სჭირდება;
• საშუალო სიმწიფის, რომელსაც დათესვიდან ტექნიკურ სიმწიფემდე სჭირდება100-130 დღე;
• საგვიანო, რომელსაც დათესვიდან ტექნიკურ სიმწიფემდე სჭირდება 130 დღეზე მეტი.

ლარკა

ლარკა ჭარხლის საშუალო პერიოდის ჯიშია. იგი განკუთვნილია როგორც ნედლად მოხმარებისათვის, ასევე გადამუშავებისათვის.

ძირხვენა მომრგვალოა, მუქი-წითელი ფერის, თეთრი რგოლების გარეშე, ძირხვენისა და მცენარის მიწისზედა ნაწილის შეერთების ადგილი ძალიან პატარაა.

შესაძლებელია მისი წარმოების დაწყება ადრეულ ვადებში. ვეგეტაციის ხანგრძლივობა არის 98-100 დღე. ძირხვენის საშუალო მასა – 60-65 გრ.

ბორდო

ბორდო საშუალოდ-საადრეოა. ძირხვენა მუქი-წითელი ფერისაა, ვეგეტაციის ხანგრძლივობა შეადგენს 112- დან 115 დღემდე. ძირხვენის საშუალო მასა არის 60-70 გრ.

ეგვიპტური ბრტყელი

ეგვიპტური ბრტყელი საადრეო მაღალმოსავლიანი ჯიშია, აქვს მუქი-წითელი ფერის ძირხვენები. ვეგეტაციის ხანგრძლივობა არის 80-100 დღე. ძირხვენის საშუალო მასა – 60-65 გრ.

პაბლო F1

პაბლო F1 საშუალოდ-საადრეო მაღალმოსავლიანი ჰიბრიდია ძირხვენის საშუალო მასა 50-55 გრამს შეადგენს, ვეგეტაციის ხანგრძლივობა 107-110 დღეა.

ადგილი თესლბრუნვაში

→ ჭარხალი იწარმოება ნაკელით გაპატივებული კულტურების შემდეგ, მეორე-მესამე წელს. ღარიბ და საშუალო სინოყივრის ნიადაგებზე ჭარხალი მოჰყავთ პირველ წელს, ორგანული სასუქის შეტანის შემდეგ. ახალი ნაკელი ჭარხლის ქვეშ არ შეაქვთ, რადგან ასეთ შემთხვევაში ინვითარებს მსხვილ, მცირედწვნიან და შაქრის მცირე შემცველობის მქონე ძირხვენებს, რომელთაც დიდი მიდრეკილება აქვთ დატოტვისა და დახეთქვისაკენ.

→ სასურველი წინამორბედი კულტურები: თავთავიანი, პარკოსანი კულტურები, კიტრი, ხახვი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი.

→ არასასურველი წინამორბედი კულტურები: კომბოსტო, შაქრის და საკვები ჭარხალი, რაფსი, კარტოფილი.

ჭარხლისათვის განსაზღვრული ნაკვეთის შერჩევა

ჭარხლისათვის ნიადაგის მომზადებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. მისთვის აუცილებელია სტრუქტურიანი, ფხვიერი, საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგები.

მძიმე თიხნარ ნიადაგებზე ძირხვენები ვერ ახერხებენ ზომაში ზრდას, რაც იწვევს მოსავლის როგორც ხარისხობრივი ისე შენახვისათვის გამოუსადეგარ პროდუქციას. ჭარხლის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 6,0-დან 7,0-მდეა.

იმ შემთხვევაში, თუ ჭარხლის წარმოებისათვის შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის ჭარხლის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის დარგვამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით. მაგ. მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება

ნიადაგის ძირითადი დამუშავება

ჭარხლისათვის ნადაგის მომზადება შემოდგომიდანვე, წინამორბედი კულტურის მოსავლის აღებისთანავე უნდა დაიწყოს. ამ დროს საჭიროა ნიადაგი მოიხნას 28-32 სმ სიღრმეზე. გაზაფხულზე, გათბობისთანავე საჭიროა ნიადაგის კულტივაცია და დაფარცხვა. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია განხორციელდეს დაფრეზვა. ნიადაგი დასათესად მზად უნდა იყოს მარტის ბოლოსათვის აპრილის დასაწყისში.

ნიადაგის თესვისწინა და შემდგომი დამუშავება

გაზაფხულზე ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება სხვადასხვანაირია. ნიადაგურ-კლიმატური პირობების და ძირითადი მოხვნის ჩატარების პერიოდის მიხედვით, გაზაფხულზე როგორც უკვე აღინიშნა, ან მარტო დაფარცხვა იქნება საკმარისი, ან ღრმა კულტივაციან ან გადახვნა, თანმიყოლებული დაფარცხვით.

გაზაფხულზე მზრალის დაგვისწინა დამუშავება დამოკიდებულია აგრეთვე სასუქის სახეობაზე და შეტანის დროზე. ჭარბტენიან რაიონებში და მსუბუქი ტიპის ნიადაგებზე ნაკელის შეტანა და ჩახვნა წარმოებს გაზაფხულზე. თუ მსუბუქ ნიადაგზე ნაკელის შეტანა შემოდგომაზე განხორციელდა, ამ შემთხვევაში გაზაფხულზე ტარდება ღრმა კულტივაცია, ან გადახვნა ფრთამოხსნილი გუთნებით.

დაწიდულ ქვეთიხნარ ნიადაგებზე ნაკელის შემოდგომაზე შეტანისა და ჩახვნისას (ტენიანი გაზაფხულის პირობებში) ტარდება ფართობების გადახვნა. არასაკმარისი ტენიანობის პირობებში მზრალის გადახვნა არ წარმოებს, არამედ ხდება ღრმად გაფხვიერება კულტივატორებით, 10-12 სმ სიღრმეზე.

უშუალოდ ვეგეტაციის პერიოდში კი ჭარხლისათვის ნიადაგის დამუშავების მიზანს შეადგენს ნიადაგის მუდამ ფხვიერი და სარეველებისაგან სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება. ამიტომ ვეგეტაციის განმავლობაში ჭარხლის ნათესებზე ტარდება 2-3 მწკრივთშორისების გაფხვიერება.

პირველი კულტივაცია უნდა ჩატარდეს დათესვიდან 25-30 დღის შემდეგ იქ, სადაც ნათესი სქელია. მეორე კულტივაციას აწარმოებენ 20-30 დღის შემდეგ, მესამე კულტივაციას კიდევ 15-20 დღის შემდეგ. კულტივაციების სიღრმე თანდათანობით დიდდება 5-6სმ – დან 10-12 სმ – მდე.

თესვა/რგვა

→ სუფრის ჭარხალი ზუსტი სათესი მანქანით ითესება ზოლებრივად. ერთ ჰა-ზე საჭიროა 550-800 ათასი ცალი თესლი. ჩათესვის სიღრმე მძიმე ნიადაგებზე 3-4, მსუბუქ ნიადაგებზე – 4-5 სმ-ია.

→ მცირე ფართობებზე იგი ხელითაც შეიძლება დაითესოს, დაითესება მწკრივებად. ამ დროს მწკრივთა შორის 30-40 სმ-ის, ხოლო მცენარეთა შორის 5-6 სმ-ის დაშორებით.

→ დათესვის შემდეგ ატარებენ თესვის შემდგომ მოტკეპნას. ნორმალური აღმონაცენის უზრუნველსაყოფად შეიძლება ჩატარდეს თესვისწინა ან თესვის შემდგომი მორწყვა 300-400 მ3/ჰა ნორმით.

→ ვეგეტაციის პერიოდში ატარებენ მწკრივთშორისების გაფხვიერებას და სავეგეტაციო რწყვას. პირველი გაფხვიერება ტარდება აღმოცენებისთანავე ანუ 14-16 დღის შემდეგ, დათესვიდან 20-25 დღის შემდეგ ტარდება პირველი კულტივაცია და გამეჩხერება.

→ პირველი გამეჩხერებისას კულტურას უნდა ჰქონდეს 1-2 ნამდვილი ფოთოლი. გამეჩხერება უმჯობესია ჩატარდეს წვიმის, ან მორწყვის შემდეგ. გამომეჩხერებული მცენარეებით შეიძლება შეივსოს გაცდენილი ადგილები. მეორე კულტივაცია ტარდება პირველიდან 15-20 დღის შემდეგ. შემდეგ კულტივაციას აწარმოებენ საჭიროების მიხედვით.

→ ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა ჩატარდეს მცენარეთა დამატებითი კვება. პირველი კვება პირველი გამეჩხერების შემდეგ, მეორე – მეორე გამეჩხერების შემდეგ სასუქები შეაქვთ ნაღარებში, რომლებიც კეთდება 6-7 სმ -ის სიღრმეზე, მწკრივად 8-10 სმ-ის დაშორებით. სასუქის შეტანის შემდეგ ნაღარებს ასწორებენ.

→ სუფრის ჭარხალი შესაძლებელია ჩითილის გადარგვითაც იქნას მოყვანილი. ამ დროს თესლი გადარგვამდე 30-40 დღით ადრე ითესება საჩითილე კასეტებში, ან სათბურებსა და კვალსათბურებში. გადარგვა საჭიროა განხორციელდეს მაშინ, როცა ნიადაგი 8-10 სმ. სიღრმეზე 8- 10 °С–მდე გათბება და ჩითილებს განუვითარდებათ 3-4 ფოთოლი.

→ ნათესის შემდგომი მოვლა გამოიხატება ნიადაგის გაფხვიერებაში, გამარგვლა-გათოხვნაში, გამეჩხერებაში, მორწყვასა და დამატებით კვებაში.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება

კულტურის ცალკეული მინერალური ნივთიერებების მიმართ ზოგადი მოთხოვნები შესაძლოა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

აზოტი

აზოტის შეტანის დოზები დამოკიდებულია ნიადაგის ტიპსა და წინამორბედ კულტურაზე. მცენარის კარგი ზრდა-განვითარებისთვის ერთ ჰა-ზე ძირითადად 170-240 კგ-ია რეკომენდებული (სუფთა ნივთიერება).

მინიმალური დოზით შეტანა რეკომენდებულია მაშინ, როდესაც ჭარხალი იწარმოება პარკოსანი კულტურების შემდეგ, ხოლო დიდი დოზით შეტანა საჭიროა მაშინ, როდესაც ჭარხლის წინამორბედი კულტურა არ არის პარკოსანი.

აზოტის შესატანი რაოდენობა, როგორც წესი, ორჯერადია: პირველად – თესვამდე და მეორედ – დათესვიდან ორი კვირის შემდეგ.

ფოსფორი

ფოსფორი მნიშვნელოვანია ჯანსაღი მცენარის ფორმირებისთვის, რომელიც გაუძლებს სხვადასხვა დაავადებას. ჭარხლისთვის რეკომენდებულია 60-80 კგ სუპერფოსფატის ან სამმაგი სუპერფოსფატის ერთ ჰა-ზე შეტანა ჩათესვის მანძილიდან 3 სმ სიღრმეზე, რათა ჩითილები არ დაზიანდეს.

გოგირდი

გოგირდი მცენარის არსებობისთვის საჭირო კიდევ ერთი ელემენტია. წარმოდგენილია ორი ფორმით: როგორც სულფატი და როგორც გოგირდის შემადგენელი ელემენტი. მცენარეებს მისი შეთვისება შეუძლიათ მხოლოდ სულფატის ფორმით. გოგირდის შემადგენელი ელემენტი კი, ნიადაგის ბაქტერიების მეშვეობით უნდა გარდაიქმნას სულფატის ფორმად ისე, რომ მცენარემ შეძლოს მისი შეთვისება. ეს პროცესი ჩქარდება, როდესაც ნიადაგში ტენიანი და ცხელი პირობებია.

გოგირდის რეკომენდებული დოზაა 18-22 კგ. ერთ ჰა-ზე დარგვის დროს. Gგო ი დის შემადგენელი გრ ელემენტის ნიადაგში შეტანა აუცილებელია დარგვამდე ერთი წლით ადრე (35-45კგ ერთ ჰა-ზე).

ბორი

ბორი ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტია ჭარხლის ფესვებისთვის. მცენარე ერთ ჰაზე 3-6კგ ბორის დარგვამდე ნიადაგში შეტანას და 1კგ წყალში ხსნადი ბორის შესხურებას მოითხოვს, რათა ახალგაზრდა ფოთლების ქსოვილები იყოს დაცული და მოხდეს ფესვის კიბოს განვითარების პრევენცია.

ბორის დეფიციტის დროს, ფესვებზე ჩნდება ხორკლიანი შავი ლაქები, რაც ძირხვენას აძლევს მწარე გემოს. საბოლოოდ, ფესვი კარგავს შეფერილობას, უჩნდება ღრმულები ან სკდება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებს. ბორის დეფიციტს ასევე შეუძლია გამოიწვიოს კორძების გაჩენა ღეროებსა და ყუნწებზე. ბორის დეფიციტის შემთხვევაში ძირხვენები ცუდად ინახება.

კონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

ჭარხლის ტენით უზრუნველყოფა

ჭარხლის მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში ჭარხალი 2-6-ჯერ, უნდა მოირწყას. თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 700-800 მ3.

მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე მორწყვის წვეთოვანი სისტემის გამოყენებით.

მოსავლიანობის გაზრდისთვის

თესლის დალბობა. დათესვამდე ჭარხლის თესლის/გორგლურების 12-20 საათის განმავლობაში დალბობა აჩქარებს მცენარის აღმოცენების პროცესს და უზრუნველყოფს თანაბარი ზომის აღმონაცენს, რაც ამარტივებს ნაკვეთში ჩასატარებელ სამუშაოებს და იძლევა მოსავლის ადრეულ ვადებში მიღების საშუალებას.

თესლის დალბობას აწარმოებენ წმინდა წყალში, უჟანგავ (ემალირებულ) ჭურჭელში ან რბილ ტარაში. წყლის ტემპერატურა დამოკიდებულია კონკრეტულ კულტურაზე. ჭარხლისათვის საჭიროა წყლის ტემპერატურა 6-დან 25⁰С-მდე.

დალბობისას თესლის ფენა 15 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს.

გასათვალისწინებელია, თესლის დალბობის მეთოდის გამოყენება სასურველი არ არის სპეციალიზირებულ მაღაზიებში შეძენილ სათესლე მასალაზე, რადგან ის დამუშავებულია შესაბამისი პრეპარატით და როგორც დალბობის, ასევე ხელოვნური გაღივების პროცედურები გამოიწვევს პრეპარატის ჩამორეცხვას თესლის ზედაპირიდან.

მოსავლის აღება-შენახვა

სუფრის ჭარხლის მოსავლის აღება იწყება, როცა ძირხვენები ჯიშისათვის დამახასიათებელ ზომას მიაღწევს. მწვანე ფოთლებიანი ჭარხალი იკრიფება დათესვიდან 70 დღეში, ხოლო ძირხვენა (ფოთლების გარეშე) შედარებით უფრო გვიან, მაგრამ სრული დამწიფების სტადიამდე, განსაკუთრებით თუ ჭარხალი ხანგრძლივი შენახვისთვის არის განკუთვნილი.

აღება ხდება მანქანებით ან ხელით, ყინვების დაწყებამდე, მშრალ მზიან ამინდში. გაშრობის, ფოთლების მოცილების და დახარისხების შემდეგ ძირხვენები ბადურებში იყრება.

შესანახად გამოიყენება მხოლოდ მშრალი, საღი და ხარისხიანი ძირხვენები. ჭარხალი ინახება 0°С ტემპერატურის და 90% ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის პირობებში.

წითელი ჭარხალი ვენტილირებული საწყობის პირობებში 4-6 თვე შეიძლება ინახებოდეს და სამაცივრე საწყობში – 8-10 თვე.

შენახვის წინ ჭარხალს უნდა მოსცილდეს ზედა ფოთლები და სორტირებული (გადარჩეული) უნდა იქნას დაავადებული და დაზიანებული ფესვების მოცილების მიზნით. დიდი ძირხვენები უკეთესად ინახება, რადგან მათი ჭკნობის პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს.

წითელი ჭარხალი შეიძლება შენახული იქნეს ორმოებში და თხრილებში, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ორმოები და თხრილები საჭიროებს იზოლაციას, რომ თავიდან იქნეს აცილებული ტემპერატურის ცვლილება.

ტემპერატურა არ უნდა დაეცეს -0.5°C-ზე ქვემოთ და არ უნდა აღემატებოდეს 5°C-ს, რაც მინიმუმამდე შეამცირებს გაყინვით, კვირტების გამოღებით და ლპობით გამოწვეულ დანაკარგს.

შემდგენლები:

ნინო კელენჯერიძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
ანდრო ხეთერელი – აგროეკოლოგიის მაგისტრი.

მომზადებულია USAID/REAP პროექტის ფარგლებში.

თქვენი რეკლამა