სტაფილო — სტაფილოს მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

5041 Views Comment Off

ზოგადი ინფორმაცია

სტაფილო (ლათ. Daucus, Daucus carota) ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. სტაფილოს სამშობლო წინა აზიაა. ველური სტაფილო დღესაც გხვდება აზიისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის რეგიონებში.

სტაფილო უძველესი კულტურაა, XV-XVI საუკუნეში, უკვე ფართოდ იყო გავრცელებული ევროპაში.

სტაფილოს ძირხვენები შეიცავს 5-10% ასკორბინის მჟავას, 3-30% კაროტინს, 5-10% შაქარს (საუკეთესო ჯიშები 12%მდე). B1, B2, B6, PP ვიტამინებს, მიკროელემენტებისა და მინერალური მარილების დიდ რაოდენობას.

სტაფილო არის ნარინჯისფერი, ყვითელი, ვარდისფერი, იისფერი, თეთრიც კი. ძირხვენის ფერი დამოკიდებულია მასში ბუნებრივი მღებავი ნივთიერებების — ანტოციანისა და კაროტინის შემცველობაზე.

ნარინჯისფერი-წითელი ძირხვენები განსაკუთრებული საკვები ღირებულებით გამოირჩევიან, რადგანაც მეტი რაოდენობით შეიცავენ კაროტინს, ვიტამინებსა და მინერალურ მარილებს.

სტაფილო სასარგებლოა, როგორც უმი, ისე მოხარშული სახით. ძირხვენების გარდა საკვებად იყენებენ სტაფილოს ქორფა ფოთლებსაც (წვნიანებში, სოუსებსი და ა.შ).

სტაფილოს სპეციფიკური მოთხოვნები

სტაფილო უნდა დაითესოს ნოყიერ, მექანიკური შედგენილობით მსუბუქ, ღრმა სახნავი ფენის მქონე ნიადაგებზე. ყველაზე მეტად შესაფერისია ქვიშნარი და მსუბუქი თიხნარი ნიადაგები, რომელთაც კარგი დრენაჟი აქვთ.

მძიმე თიხნარ ნიადაგებზე სტაფილოს აღმონაცენი სუსტია, მეჩხერი, ძირხვენები ძალზე დატოტვილია, შეუძლებელია ხანგრძლივად შენახვა; ორგანული სასუქები უმჯობესია შევიტანოთ წინამორბედ კულტურაში.

სტაფილოს ნათესში ახალი ნაკელის შეტანა რეკომენდებული არაა, რადგანაც ძირხვენები იტოტება, იხლიჩება, მათში გროვდება ნიტრატები, მოსავლის შენახვა გაძნელებულია;

ნიადაგის მომზადება: ნიადაგი შემოდგომაზე უნდა მომზადდეს. უნდა გადაიბაროს 25-35 სმ-ზე, 1მ2-ზე შევიტანოთ 100-200 გრ კირი ან დოლომიტის ფქვილი ან 300-500 გრ ნაცარი, აგრეთვე ნეშომპალა ან კომპოსტი — მწირ ქვიშნარ ნიადაფში 6-8კგ, ხოლო ნოყიერ თიხნარში 3-4 კგ.

წინამორბედები

წინამორბედების მიმართ სტაფილო ნაკლებ მომთხოვნია. უკეთესი წინამორბედებია: საადრეო კომბოსტო, კარტოფილი, კიტრი, პამიდორი, ხახვი, პარკოსანი კულტურები.

ნიადაგი: ph — 5,5-6,5

თესვის სიღრმე

გაზაფხულზე და ზაფხულში გაღოჯებულ თესლს ჩათესავენ ნესტიან ნიადაგში (კვლებში) 3-4 სმ-ის სიღრმეზე (გათვალისწინებული უნდა იქნეს მულჩირების ფენა);

ზამთრის დამდეგს ითესება მშრალი თესლი, როცა ნიადაგის ტემპერატურა +50 C-ის ქვემოთაა, 1-2 სმ-ის სიღრმეზე. ნათესი იფარება ტორფით ან ნეშომპალას მულჩით (3-4 სმ-ის სისქის).

თესვის სქემა

ცალმწკრივა ნათესში რიგებს შორის მანძილი 45 სმ-ია. ორმწკრივიან ზოლებად თესვისას კი მწკრივებს შორის 20 სმ. ზოლებს შორის 50 სმ. პირველი გამოხშირვის შემდეგ მანძილი მცენარეთა შორის 2-3 სმ-ია, მეორე გამოხშირვის შემდეგ 5-6 სმ; გამოხშირვა რომ არ დაგვჭირდეს, თესვისას 1 ჩაის კოვზი თესლი გაურიეთ 1 ჭიქა სილაში. ეს შეფარდება გაანგარიშებულია 10მ2-ზე.

მორწყვა

სტაფილო სხვა ძირხვენებზე უფრო გვალვაგამძლეა. ტენის უმეტესი რაოდენობა მას განვითარების პირველ ორ თვეს სჭირდება; განვითარების საწყის სტადიაზე ნათესს კვირაში ერთხელ რწყავენ, წყლის ხარჯი — 1მ2-ზე 3 ლ;

მეორე გამოხშირვის შემდეგ (ან ცოტა ადრე) წყლის ხარჯი 1მ2-ზე 10 ლ-მდე იზრდება, ძირხვენების ზრდის კვალობაზე, იმავე ფართობის მოსარწყავად — 20 ლ-მდე, პერიოდულობა კი არ იცვლება; მოსავლის აღებამდე 1,5-2 თვით ადრე, როდესაც ძირხვენები ივსება, რწყვის პერიოდულობა მცირდება (1,5-2 კვირაში ერთხელ) წყლის ხარჯი კი 1მ2-ზე 10 ლ-ია;

მოსავლის აღებამდე 15-20 დღით ადრე მორწყვა უნდა შეწყდეს. საერთოდ კი რწყვის სიხშირე და წყლის ხარჯი ამინდის შესაბამისად უნდა განისაზღვროს. ზედმეტი ტენიანობა სტაფილოზე ცუდად მოქმედებს, რადგანაც რბილობის შევსების გამო იზრდება ძირხვენების ზომა, რასაც ახლავს მათი დეფორმაცია და დახლეჩა.

ზედმეტ ტენიანობას აუცილებლად მოჰყვება ძირხვენების მასობრივი ლპობა; ნიადაგში ტენის ნაკლებობის ან გვალვის დროს მცენარე ჭკნება, ფერხდება მისი ზრდა და განვითარება, ძირხვენები შრება, უხეშდება და მათი შენახვაც ძნელდება.

გამოკვება

ვეგეტაციის პერიოდში 3-ჯერ ვატარებთ მცენარეთა გამოკვებას; პირველი: წუნწუხი (1:5) — მასობრივი აღმოცენებიდან 3-4 კვირის შემდეგ. შემდგომი გამოკვებები ტარდება 7-10 დღის ინტერვალით; მოსავლის აღებამდე 1-1,5 თვით ადრე საკვების შეტანა არ არის სასურველი;

აზოტის ზედმეტი დოზა იწვევს უხვფოთლიანობას, ნიტრატების დაგროვებას, რის გამოც მალე ლპება და შენახვის ვადაც მკვეთრად მცირდება.

სითბური რეჟიმი

სტაფილო კარგად უძლებს სიცივეს, თესლი გაღივებას იწყებს +3 -50 C-ზე, აღმონაცენი სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს ხანგრძლივი აციებისა და ხანმოკლე ყინვების (-3 -40 C) დროსაც და მხოლოდ -60С-ზე დაბალი ხანგრძლივი ყინვის შედეგად იღუპება. გაზრდილი მცენარე უფრო გამძლეა, მისი ფოთლები — 80C-ზე იყინება.

მცენარის ნორმალური ზრდისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 20-220C.

სავეგეტაციო პერიოდი

  • საადრეო ჯიშები: 80-110 დღე აღმოცენებიდან მოსავლის აღებამდე;
  • საშუალო ვეგეტაციის ჯიშები: 100-120 დღე აღმოცენებიდან მოსავლის აღებამდე;
  • საგვიანო ჯიშები: 120-150 დღე აღმოცენებიდან მოსავლის აღებამდე.

სტაფილოს ნათესში როგორც ზემოთ ვთქვით არ უნდა შევიტანოთ ზედმეტი აზოტი და რწყვაც ზომიერი სჭირდება, განსაკუთრებით ზაფხულის მეორე ნახევარში.

მოსავალი

სტაფილოს მოსავალი ყინვების დადგომამდე უნდა ავიღოთ.

მოწეული სტაფილო დიდხანს არ უნდა გაჩერდეს თბილ სათავსში. მაღალი ტემპერატურისა და მცირე ტენიანობის დროს სტაფილო უკეთ ინახება ქვიშაში ან ტორფში. შესანახად ჩაწყობის წინ შეიძლება ძირხვენების თიხიან წყალში ამოვლება. გაშრობის შემდეგ თიხის ქერქი საიმედოდ დაიცავს ძირხვენებს დაჭკნობისა და სოკოვანი დაავადებებისაგან.

დაავადებები: ნაცარისფერი სიდამპლე,თეთრი სიდამპლე, შავი სიდამპლე, სტეფტორიოზი, რიზოქტინიოზი.

მავნებლები: მდელოს ფარვანა, კომბოსტოს ხვატარი, სტაფილოს ბუზი, სტაფილოს რწყილი, თრიფსები, ბუგრები, მავთულა ჭიები. (აგროკავკასია)

ავტორები: ნუკრი მემარნიშვილი, თამაზ დუნდუა.

მასალა მოგვაწოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“
იხილეთ აგრეთვე: სტაფილო — მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია და ჯიშები

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB