ჩაიოტი — ჩაიოტის აგროტექნოლოგია და გამოყენება

3677 Views Comment Off

ჩაიოტი, მექსიკური კიტრი (Sechium edule, Swartz), არის გოგროვანთა ოჯახის წარმომადგენელი. იგი მრავალწლიანი ბალახოვანი მცოცავი მცენარეა, რომელიც პწკალების დახმარებით ემაგრება საყრდენს. ფოთლები კიტრის ფოთლების მსგავსია, ხუთნაკვთიანი, 20 სმ სიგრძის.

ფოთლის ორივე მხარე შებუსულია. ყვავილები მოყვი-თალო–თეთრი, ცალსქესიანი (ერთბინიანი). მამრობითი ყვავილები ჯგუფებადაა შეკრებილი, მდედრობითი ყვავილები კი ერთეულად ან ჯგუფად. ნაყოფი მსხვილია, დიდი ზომის, შებრტყელებული, ორშიმო მსხალის ფორმის.

ზრდასრული ნაყოფი იწონის 200 გრამიდან 1 კგ–მდე; უფრო ხშირად პირობებიდან გამომდინარე 250–500 გრამამდეა. ნაყოფში არის ძალიან დიდი ზომის თესლი, რომელიც დაფარულია ხორციანი გარსით, თუმცა გამრავლების შემთხვევაში იგი ირგვება ნაყოფგარემოთი.

ჩაიოტი, როგორც სამრეწველო კულტურა, მოჰყავთ მექსიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში; ასევე, ვიეტნამში, კორეაში და აზერბაიჯანში. კლიმატური პირობები შესაძლებლობას იძლევა ჩაიოტი მოყვანილი იქნას ყირიმში, სამხრეთ უკრაინასა და მოლდავეთში.

სასურსათო პროდუქტად გამოიყენება

სასურსათო პროდუქტად გამოიყენება უმწიფარი, ჭყინტი ნაყოფები როგორც მოთუშული, ასევე მოხარშული, შემწვარი, დამჟავებული მწნილისა და კონსერვების სახით. საკვებად შეიძლება გამოყენებული იქნას ფესვებზე წარმოქმნილი სახამებლის შემცველი ტუბერებიც, რომელიც გემოთი ჩამოჰგავს კარტოფილს.

ჩაიოტის ახალგაზრდა ყლორტებისაგან მზადდება მხალი, ხოლო გამხმარისაგან – ქუდები, ჩანთები და ჭილოფი. ამდენად იგი ითვლება სუპერკულტურად. ე.ი. კულტურად, რომლის ყველა ნაწილი მოხმარებადია. ავტორების მიერ ზემოთ ჩამოთვლილს დაემატა მცენარის გადანაჭერიდან მიღებული წვენიც, რომელიც სპეციფიური, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო დასალევია.

ჩაიოტი უფრო კალორიულია ვიდრე კიტრი, ყაბაყი, პამიდორი და სტაფილო. მისი ნაყოფი უფრო სასიამოვნო და გემრიელია, ვიდრე ყაბაყის. მოკრეფილი ნაყოფები ინახება ხანგრძლივად ორი–სამი თვე.

ჩაიოტის კულტურა საქართველოში

ჩაიოტის კულტურით ჯერ კიდევ სოხუმში 1973 წელს დაინტერესდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის მემცენარეობის კათედრის თანამშრომლები (დოც. ალ. ჩაფიჩაძე, დოც. ბ. ხატიაშვილი). მათ მიერ დამუშავებული იქნა ჩაიოტის აგროტექნოლოგია.

ცდები დაყენებული იყო ეშერში ინსტიტუტის სასწავლო მეურნეობაში, რის საფუძველზეც დადგენილი იქნა კულტურის ოპტიმალური კვების არე (5X2 მ2), დარგვის ვადა (მაისის შუა რიცხვები), ნიადაგის დამუშავების სიღრმე (40–45 სმ), ნაყოფების კრეფის ვადები, შენახვის პირობები, ნერგის გამოყვანა, აგროტექნიკა და სხვა.

დევნილობის შემდეგ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლები (პროფ. რ. კილაძე, დოც. ალ. ჩაფიჩაძე) კვლავ დაუბრუნდნენ ჩაიოტის გავრცელების საკითხს გურია–სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში.  მოისინჯა ნიადაგი მისი აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელების პერსპექტივებისათვის.

2001 წლიდან მოძიებული იქნა ჩაიოტის ნაყოფი და დაიწყო ნერგების გამოყვანა, მათი გადაცემა ადგილობრივი მოსახლეობისათვის საკარმიდამო ნაკვეთებზე დარგვის მიზნით. დადგენილ იქნა, რომ ჩაიოტის მოყვანა წარმატებით შეიძლება ამ რეგიონებში ქარებისაგან დაცულ ფართობებზე.

ჩაიოტი შეიძლება მოყვანილ იქნას, როგორც დაცულ გრუნტში სხვა კულტურებთან შეთანაწყობით (კიტრი, პამიდორი, ცერეცო), ასევე მრავალწლიანი ნარგავების გვერდით. პირველ შემთხვევაში ჩაიოტი ირგვება სათბურის კედელთან ახლოს.

იგი ხელს არ უშლის ძირითად კულტურას. მით უმეტეს -მრავალწლიან ნარგაობას(მსხალი, ფეიჰოა, ტყემალი), რაც არაერთხელ იქნა დაფიქსირებული ავტორების მიერ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე სოფელში და ქალაქში.

ჩაიოტი ასევე დარგული იქნა ქუთაისში დეკორაციულ მცენარეთა სანერგეში ნიკეას ქუჩაზე (სულ ორი ძირი). მათზე მოკრეფილი იქნა 800–ზე მეტი ნაყოფი. შედეგი მიღწეული იქნა რამდენიმე ღონისძიების გათვალისწინებით:

1. ობიექტი კარგად იყო დაცული ქარისაგან (ორმაგი ქარსაფარი ზოლი);
2. უზრუნველყოფილი მაღალნაყოფიერი ნიადაგით;
3. თითქმის ყოველდღიური მორწყვით.

ჩაიოტის აგროტექნიკა

ჩაიოტის აგროტექნიკა არც ისე რთულია. მთავარია სარგავი მასალის გამოყვანა და ვეგეტაციის პერიოდში მცენარის წყლით უზრუნველყოფა.  სათესლე ნაყოფები კარგად ინახება გრილ, მღრღნელებისაგან დაცულ საცავებში, ყუთებში ან სტელაჟებზე ერთ წყებად დალაგებული.

სარგავი მასალის გამოსაყვანად იყენებენ მომწიფებულ ნაყოფებს. ამისათვის ადრე გაზაფხულზე ჩაიოტის ნაყოფები ირგვება კონტეინერში ან პლასტმასის ვედროში, სადაც ჩაყრილია შეზავებული ნიადაგი – 3 წილი „ფოთლის მიწა“, 1 წილი გადამწვარი ნაკელი და 1 წილი შლამი ან სილა.

თებერვლის თვეში (უფრო ადრეც) მასში დახრილად (450) თავსდება ნაყოფი.  ნაყოფის 2/3 იფარება ნიადაგით და შეაქვთ სათბურში. ნაყოფები ირწყვება საჭიროებისამებრ. ნაზარდი იწყებს ნაყოფის შიგნიდან გამოსვლას (თუ მანამდე არ არის გამოსული). იგი იკვებება ნაყოფში არსებული სამარაგო ნივთიერებით. როცა ღეროს სიმაღლე მიაღწევს 0,3–0,5 მ–ს, ირგვება მუდმივ ადგილზე.

მუდმივ ადგილზე დარგვისას ამოიღება 35–40 სმ სიღრმის ორმო. ორმოს დიამეტრი უნდა იყოს 35–40 სმ–ი. მასში შეტანილი უნდა იქნას ნიადაგთან კარგად შერეული 1 ვედრო გადამწვარი ნაკელი.

ნერგი ფრთხილად ამოიღება კონტეინერიდან ან პლასტმასის ვედროდან და ირგვება ორმოში. ირწყვება უხვად და ხშირად.

აგროტექნიკური ღონისძიებებიდან რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ნიადაგის გაფხვიერება, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა, საყრდენების გაკეთება და ღეროების განაწილება მათზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩაიოტზე დაავადებები და მავნებლები არ არის შემჩნეული, რაც კიდევ ერთხელ აძლიერებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების შესაძლებლობას.

ინსტიტუტის სუბტროპიკულ კულტურათა ტექნოლოგიის კათედრაზე წლების განმავლობაში ისწავლებოდა ჩაიოტის ნაყოფების გადამუშავების ტექნოლოგიები და მისი თესლების ქიმიური შედგენილობა. ასევე, დადგენილი იქნა წარმოებაში მარინადების, სოუსებისა და სხვა საკონსერვო ნაწარმის შექმნის ტექნოლოგიები.

კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ჩაიოტის ნაყოფები შეიცავს ადამიანის ცხოველმყოფელობისათვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს: სახამებელს, აზოტოვან და ფისოვან ნივთიერებებს, ცილებს, ცელულოზას, ეთერში ხსნად ცხიმებს, ნახშირწყლებს, ამინომჟავებს და ვიტამინ C-ს. ასევე შესწავლილი იქნა ჩაიოტის ნაყოფში მოთავსებული საკმაოდ დიდი ზომის (სიგრძე 3–6 , სიგანე 3–4 სმ) თესლის ქიმიური

შედგენილობა

კვლევით დადგენილი იქნა, რომ თესლის მშრალი ნივთიერებების რაოდენობამ შეადგინა 90%. მშრალი ნივთიერებების ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენ და შაქრები: მალტოზა, საქაროზა, გლუკოზა და ფრუქტოზა. მათმა ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 2% მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით.

ქრომატოგრაფიული კვლევის შედეგად აღმოჩენილი იქნა 16 ამინომჟავა: ორნიტინი, ცისტეინი, ცისტინი, გლიკოკოლი, ჰისტიდინი, ლიზინი, ასპარაგინი, სერინი, ალანინი, პროლინი, ტიროზინი, ტრიპტოფანი, ვალინი, ფენილალანინი, ლეიცინი დაიზოლეიცინი.

აქედან შეუცვლელი ამინომჟავის, ტრიპტოფანის რაოდენობამ შეადგინა 0,77%,  ხოლო ამინომჟავების ჯამურმა რაოდენობამ – 6,76%. ჩაიოტის თესლი შეიცავს ცხიმებს 13%–ის ოდენობით მშრალ წონაზე გადაანგარიშებით.

ინტერესი გამოიწვია შემოდგომაზე ჩაიოტის მცენარის გადანაჭერიდან მიღებულმა წვენმა, რომლის დღეღამურმადებეტმა შეადგინა 7–8 ლიტრი. წვენთადენა გაგრძელდა 5 დღის განმავლობაში, რათქმა უნდა კლებითი რეჟიმით.

ჩაიოტის მცენარის გადანაჭერიდან მიღებული წვენი წარმოადგენს შედარებით გამჭვირვალე, მაგრამ მაინც ოდნავ შემღვრეულ სითხეს, რომელიც დაყოვნების შედეგად იძლევა მცირე ნალექს.

ჩაიოტის მცენარის წვენის ხვედრითი წონა შეადგენს 0,995 გრ/სმ3; წვენის სარეაქციო არე თითქმის ნეიტრალურია pH=6,76; წვენში თვისობრივი რეაქციებით აღმოჩენილი იქნა Mg, Ca, Co, K- ის და სხვა იონები.
ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება.

ჩაიოტი ხალხურ მედიცინაში

ხალხურ მედიცინაში ურჩევენ, რომ მიიღონ ახალგამოწურული ჩაიოტის ნაყოფის წვენი როგორც დამაწყნარებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება კუჭ–ნაწლავის კოლიტების, ხოლო წვენი თაფლთან შერეული ზედა სასუნთქი გზების კატარისა და ხველების დროს. ასევე წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული მცენარის გადანაჭერიდან მიღებული წვენი, რომელიც მდიდარია ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო მინერალური ნივთიერებებით.

ჩაიოტი სამრეწველო კულტურა

ჩაიოტი საუკეთესო სამრეწველო კულტურაა და მას ყურადღება უნდა მიაქციონ ფერმერებმა. მისი დანერგვა საქართველოს ფერმერულ მეურნეობებში მეტად ეფექტური იქნება. რადგანაც არის გამოცდილება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70–იან წლებში ქარხნული წესით დამზადებულ მწნილებს და მარინადებს რა მოთხოვნა ჰქონდა ქ. სოხუმის ბაზარზე.

ჩაიოტი ასევე წარმატებით შეიძლება დაინერგოს საკარმიდამო ნაკვეთებზე. მისი ეგზოტურობის, სუპერკულტურობის და მისგან ბიოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის მიღების გამო.

მით უმეტეს, თუ გათვალისწინებული იქნება

1. მოსავლის აღების პერიოდი (ნოემბერ–დეკემბერი)როცა თითქმის არ არის მოსაკრეფი სხვა ბოსტნეული კულტურები (კიტრი და ბადრიჯანი), რომლებიც შეუძლია ჩაანაცვლოს ჩაიოტმა;
2. ნაყოფების ხანგრძლივად შენახვის შესაძლებლობა;
3. მავნებლებისა და დაავადებების არ არსებობა;
4. პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი;
5. მცენარის ქიმიური შედგენილობა.

chaiot_geo_143

რ. კილაძე , ალ. ჩაფიჩაძე, მ. ფრუიძე , ე. ბენიძე
სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
რედაქცია agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2290 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1216 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB