სატაცური – თესვა, ჩითილის გამოყვანა, დარგვა, მოვლა

სატაცური

ზოგადი ინფორმაცია

სატაცური (Asparagus) ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო მრავალწლიანი ბოსტნეული კულტურაა. ცნობილია 300-მდე სახეობა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში, უპირატესად მშრალი ჰავის პირობებში.

სატაცური ძალზე დატოტვილი ბალახების ან ნახევრად ბუჩქების სახით გვხვდება.

სამეურნეო მნიშვნელობა აქვს სამკურნალო სატაცურს (Asparagus officinaltis), მოჰყავთ როგორც ბოსტნეული კულტურა. საჭმელად იყენებენ ქორფა, წვნიან ყლორტებს.

სასარგებლო თვისებები

იმის გარდა, რომ სატაცური გემრიელი დელიკატესია, მას მრავალი სასარგებლო თვისება აქვს, ორგანიზმი ადვილად ითვისებს, დაბალკალორიულია, შეიცავს С, Е, А, В1, В2, В9, РР ვიტამინებს, მაკრო და მიკროელემენტებს – თუთიას, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ცილებსა და ნახშირწყლებს.

განსაკუთრებით მდიდარია ასპარაგინით (ლათინური სახელიც ამაზე მეტყველებს Asparagus), რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს, აქვეითებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ამიაკის გამოდევნას.

თესვა

სატაცურის ჩითილი გამოჰყავთ თესლისგან ღია გრუნტში, საჩითილე ქოთნებში ან კასეტებში. თესავენ მარტში-აპრილში.

  • სატაცურის თესლი გვიან ღვივდება, ამიტომ თესვის წინ მარცვლებს ალბობენ თბილ, ნადგომ წყალში, ოთხი დღის განმავლობაში, წყალს უცვლიან დღეში ორჯერ. ამასთან წყლიანი ჭურჭელი უნდა იდგას თბილ ოთახში, რომ წყლის ტემპერატურა არ დაეცეს;
  • დალბობის შემდეგ მარცვლებს აფენენ სველ ტილოზე (ტომრის ნაჭერი ან მსგავსი) და აჩერებენ მას ერთი კვირის განმავლობაში. პერიოდულად ტილოს ნამავენ (მარცვლები რომ არ გამოშრეს).
  • გაღვივებული მარცვლები გადააქვთ, საჩითილე ქოთნებში ან კასეტებში, ნიადაგის ნოყიერ, ფხვიერ ნარევში (მაგ. 1 წილი ნაყოფიერი მიწა და 1 წილი თანაბარი რაოდენობით-1/3 გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი; 1/3 ქვიშა, 1/3 ტორფი).
  • ჩითილის კვების არე შეადგენს 6სმ-ს ყოველი მხრიდან. ჩარგვის სიღრმე შეადგენს 2 სმ-ს.
  • ქოთნები უნდა განთავსდეს კარგად განათებულ ოთახში, სასურველია დამატებითი განათებაც, რომ მცენარემ მალე მოძლიერდეს.
  • ჩითილების გამოსაწრთობად, ქოთნები ყოველდღიურად გამოაქვთ გარეთ (იწყებენ ერთი საათით და ნელ-ნელა ზრდიან დროს).
  • სინათლის უკმარისობის ან ცალმხრივი განათების შემთხვევაში, ჩითილი შეიძლება გადაიხაროს და წაგრძელდეს ერთი მიმართულებით, ამიტომ საჭიროა თანაბარი განათება (შეგიძლიათ აბრუნოთ ჭურჭელი).
  • საჭირო დროს მორწყეთ, გააფხვიერეთ ნიადაგი და მოაშორეთ სარეველები.

თესლის გაღვივების ოპტიმალური ტემპერატურა 22-250C-ია.

კარგი მოვლის პირობებში, შემოდგომისთვის მცენარე უკვე საკმარისად ჩამოყალიბებულია, აქვს კარგად განვითარებული ფესვი და 25-40 სმ-ის 3-5 ამონაყარი. აციების წინ (ოქტომბერი ან ნოემბრის პირველი ნახევარი), მცენარეებს გადაჭრიან ნიადაგიდან 7-10 სმ-ის სიმაღლეზე და ასე ხდება გამოზამთრება.

ნიადაგი pH=6.0-7.0

საუკეთესოა კარგი აერაციის მქონე მსუბუქი ნიადაგები.

გადარგვა

სატაცურისთვის არჩევენ მზიან ადგილს, შემოდგომით არჩეულ ნაკვეთს სარეველებისგან ათავისუფლებენ. ნიადაგის ზედაპირზე თანაბრად გაშლიან ორგანულ სასუქს 15-20 კგ/მ2-ზე და გადაბარავენ.

გაზაფხულზე დასარგავად ამზადებენ 30 სმ სიღრმის და 40 სმ დიამეტრის ორმოებს. თუ შემოდგომით ნაკვეთი კარგად დამუშავდა ორგანული სასუქით, შეიძლება ორმოში აღარ დავუმატოთ, თუმცა სასურველია დარგვისას გადამწვარი ნაკელის და კომპოსტის შეტანა.

დარგვის სქემა: რიგებს შორის მანძილი 100 სმ. მცენარეთა შორის რიგში 40 სმ. არაუმეტეს 3-4 მცენარისა 1მ2-ზე.

სატაცურს ადვილად გადააქვს ზამთრის ყინვები, თუმცა ეშინია გაზაფხულის წაყინვების, ამიტომ მოსალოდნელი წაყინვებისგან მცენარეებს იცავენ ბუნებრივი მულჩირებით.

მოვლა

სატაცური ისევე როგორც სხვა მცენარეები, რომლებიც ჩვენ მოგვაყავს ითხოვს მოვლას, ეს გამოიხატება დროულ მორწყვაში, განოყიერებაში და ნიადაგის გაფხვიერებაში.

დარგვის შემდეგ 10-12 დღის განმავლობაში უნდა მოვრწყათ, შემდეგ შევწყვიტოთ და მოვრწყათ პერიოდულად. სატაცურის მორწყვა აუცილებელია სიტემატურად ხდებოდეს და მცირე დოზებით, მთავარია არ დადგეს წყალი, სატაცურს ეს არ უყვარს.

თუმცა ნიადაგის მცირე გამოშრობაც კი უარყოფითად მოქმედებს მასზე.

გაფხვიერება სასურველია მორწყვის შემდეგ, როცა წყალი კარგად გაუჯდება ნიადაგს,  ნიადაგის გაფხვიერება უნდა მოხდეს სეზონზე 7-8 ჯერ.

რას შეეხება განოყიერებას, ნიადაგში გადარგვიდან ოთხი კვირის შემდეგ, შეიძლება გამოვიყენოთ ჟიჟა შეფარდებით 1/7-9 ( ერთი წილი ჟიჟა-7-9 წილი წყალი), გაზავებული ჟიჟა დაუსხით ერთი ლიტრი ერთ ძირს. (ჟიჟა საქონლის ნაკელისგან მომზადებული მასაა, წილობრივად 1:1 შემადგენლობით. მაგალითად, 10კგ ახალ ნაკელს დავასხამთ 10 ლიტრ წყალს და დღეში ორჯერ ვურევთ, 10-14 დღის მანძილზე. მასა აუცილებლად უნდა იყოს თავდახურული.) გაუზავებელი ჟიჟის გამოყენება დაუშვებელია. /ან სხვა შესაბამისი სასუქი/

ყოველ წელს მოსავლის აღების შემდეგ სასურველია განოყიერება.

მოსავალი

გაითვალისწინეთ, რომ სატაცური მრავალწლიანია და 10-15 წელი (შესაძლოა მეტიც) ის მოგცემთ მოსავალს.

მოსავალი დამოკიდებულია მცენარის ასაკზე, ჯიშზე და მოვლაზე, პირველ მოსავალს იძლევა 2-3 წელს, 2-3 კგ. 10მ2-ზე, შემდეგ წლებში 7-8კგ. და მეტი.

პირველი მოსავლის აღებისას, აგროვებენ 15-25 სმ-ის სიგრძის ყლორტებს 4-6 კვირის განმავლობაში. შემდეგ წლებში მოსავლის აღება გრძელდება 7-10 კვირის განმავლობაში.

„აგროკავკასია“ გისურვებთ წარმატებას!

იხილეთ სხა სტატიები რუბრიკაში: მებოსტნეობა

თქვენი რეკლამა