რეჰანი (Ocimum) – თესვა, რგვა, გამოყენება

რეჰანი, ბაზილიკი

რეჰანი (Ocimum, базилик), ბუჩქბალახოვანი ან ბუჩქოვან მცენარეთა გვარის წარმომადგენელია ტუჩოსანთა (Lamiaceae) ოჯახიდან.

ცნობილია რეანის 150-მდე სახეობა. ველურად იზრდება სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში. ზომიერი ჰავის პირობებში ზოგი სახეობა ერთწლოვანია.

საქართველოს რაიონებში ძირითადად მოჰყავთ ორი სახეობა. ბოსტნის რეჰანი (Ocimum basilicum), 10-40 სმ სიმაღლის ერთწლიანი სურნელოვანი მცენარე, რომელსაც იყენებენ მწვანილად, სანელებლად, საკონდიტრო წარმოებაში და ევგენოლის რეჰანი (Ocimum manthaefolium, Ocimum gratissimum) 70-90 სმ სიმაღლის მრავალწლოვანი, ტროპიკული ბუჩქბალახი, იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში და ა.შ.

ბოტანიკური დახასიათება

ბოსტნის რეჰანი ერთწლიანი სურნელოვანი ბოსტნეული მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან. მისი ღერო სწორმდგომია 10-40 სმ სიმაღლის, ფოთლები – კვერცხისებური, წაგრძელებული ან რომბისებური ფორმის. ფირფიტის კიდე დაკბილულია ან კიდემთლიანია.

ფოთოლი შეიძლება იყოს მწვანე, იისფერი ან ჭრელი – მომწვანო-მოიისფერო ანტოციანური პიგმენტაციით.

ყვავილედები ვითარდება მთავარი ღეროს შემდეგ მუხლთაშორისებიდან, ცენტრალური საყვავილე მტევნის სიგრძე 28 სმ-ია.

საყვავილე კოკრები ვითარდებიან აღმოცენებიდან 40-45 დღის შემდეგ.

თესლი – წვრილია, მომრგვალო-წაგრძელებული, მოყავისფრო-შავი ან შავი ფერის. 1 გრ შეიცავს 600-800 მარცვალს. აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 4-5 წელი.

აგროტექნიკა

რეჰანი ნიადაგისა და ტენის მიმართ საკმაოდ მომთხოვნია. კარგ შედეგებს იძლევა სტრუქტურულ, კარგად გაფხვიერებულ, ნაყოფიერ და ტენით უზრუნველყოფილ ნიადაგებზე. ვერ იტანს ზედმეტ ტენს.

სითბოსმოყვარეა, უმნიშვნელო ყინვაც კი მასზე დამღუპველად მოქმედებს. თესლბრუნვის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არა აქვს, მაგრამ ჯობს ადგილი ყოვლელწლიურად მოვუნაცვლოთ.

რეჰანი მოჰყვათ პირდაპირ ღია გრუნტში თესვით ან ჩითილების დარგვით. ღია გრუნტში რეჰანს თესავენ გაზაფხულზე. რეჰანი ითესება მწკრივად ან ზოლებრივად.

თესავენ მწკრივებად, მწკრივებს შორის 20-25 სმ-ის დაშორებით. თესლის ჩათესვის სიღრმე 2-3 სმ, ჯიშების და კვების არეების მიხედვით 1 ჰა-ზე საშუალოდ საჭიროა 2-4 კგ სათესლე მასალა.

მცენარეები აღმოცენებას იწყებენ 25-270C ტემპერტურაზე. ასეთ პირობებში მცენარე აღმოცენდება 10-14 დღეში.

(გამოყვანილი ჩითილების გადარგვა ხდება 30-40 დღის ასაკში, რგავენ 30X20 სმ, 30X15 სმ ან სხვა სქემით, ჯიშის შესაბამისად).

მოვლა მოიცავს ნიადაგის გაფხვიერებას, გამარგვლას, გამოკვებას და მორწყვას. პირველი გაფხვიერება ტარდება თესლის აღმოცენებისთანავე, მომდევნო, სარეველების და ნიადაგის შესაბამისად.

პირდაპირ გრუნტში თესვის შემთხვევაში, გამეჩხერებას იწყებენ მცენარის ორი ფოთლის ფაზაში. გამეჩხერების შემდეგ მცენარეთა შორის ტოვებენ 15-20 სმ. დაშორებას.

რეჰანის ნათესი საჭიროებს ორგანული ან მინერალური სასუქებით განოყიერებას. შეძენისას ჯიშის მიხედვით გაეცანით ტექნოლოგიურ სქემას.

რეჰანის მორწყვა ძირითადად ხდება შუა ზაფხულში და პირველი ჭრის შემდეგ. მორწყვა ჭრის შემდეგ უცებ არაა სასურველი, ჯობს 2–3 დღის შემდეგ.

რეჰანის მოსავლის აღება იწყება მაშინ, როდესაც მცენარე მიაღწევს 20 სმ-ზე მეტ სიმაღლეს. იღებენ 10-15 სმ სიგრძის ყლორტებს, მოსავლის აღების დროს ღეროზე ტოვებენ ქვედა რამდენიმე ფოთოლს, რათა მათ იღლიებში კვლავ განვითარდეს ახალი ყლორტები, საშუალოდ, რეჰანის მოსავლის აღება ხდება ორჯერ ერთი სეზონის განმავლობაში.

რეჰანი სამზარეულოში

რეჰანს ქართული კულინარიაც კარგად იცნობს, თუმცა ევროპაში პოპულარული სახეობები (ჯიშები) ჩვენთან ნაკლებადაა გავრცელებული.

ევროპულ სამზარეულოში რეჰანს იყენებენ თითქმის ყველანაირ ბოსტნეულ კერძებში, ლობიოში, მუხუდოში, ცერცვში, სუპებში, საწებლებში, სალათებში, მჟავე კომბოსტოს, ისპანახის და ტომატის კერძებში. მოთხოვნილება ამ მიმართულებით ძირითადად ნედლ რეჰანზეა, რაც გაართულებს მის ევროპაში რეალიზაციას.

უფრო პერსპექტიული (რეალური) ჩანს გამხმარი და დაფქული ფოთლების რეალიზაცია. ამგვარი ფორმით, იგი გამოიყენება ღვიძლის, ძეხვის და ღორის ხორცის მომზადებისას, სანელებლად და სხვა.

თქვენი რეკლამა