პომიდორი მოყვანა, მოვლა და რამდენიმე გამორჩეული ჯიში

პომიდორი, პამიდორი, მოვლა, გაშენება

პომიდორი ერთწლოვანი მცენარეა, რომელიც ძაღლყურძენასებრთა (Solanaceae) ოჯახს მიეკუთვნება. ხელსაყრელ გარემოში (მაგ., ტროპიკებში და სათბურში) შეიძლება მრავალწლოვანიც იყოს.

მისი ყველა ჯიში მიეკუთვნება ერთ სახეობას – Lycopersicum esculentum Mill. ამავე სახეობას მიეკუთვნებიან წვრილნაყოფა, ველურად მოზარდი მოცხარისებური და ალუბლისებური ფორმები.

პომიდვრის, როგორც პროდუქტის კვებით ღირებულებას, კარგ გემურ თვისებებთან ერთად, მის ნაყოფში ნახშირწყლების, აზოტოვანი ნივთიერებების, ბიოკატალიზატორების და მინერალური მარილების შემცველობა განაპირობებს.

ნაყოფი

პომიდვრის ნაყოფი კენკრაა – ორი, სამი, ოთხი ან მრავალბუდიანი. ფორმის მიხედვით გვხვდება: მოცხარისებრი, ალუბლისებრი, მსხლისებრი, ქლიავისებრი, სფეროსებრი, ბრტყელი და ოვალური. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია მრგვალი და სფეროსებრი ფორმის ნაყოფიანი ჯიშები.

ფერის მიხედვით ნაყოფი შეიძლება იყოს: წითელი, ყვითელი და მოთეთრო, რომელთაგან ყველაზე მეტად გავრცელებულია წითელნაყოფიანი ჯიშები.

პომიდვრის ჯიშების ნაყოფები ზომის მიხედვით იყოფა: წვრილნაყოფიანებად (70გ-მდე), საშუალო (70-100 გრ) და მსხვილნაყოფიანებად (100 გ-ზე მეტი). ნაყოფის წონა დამოკიდებულია ჯიშზე და მოყვანის პირობებზე.

პომიდვრის ნაყოფი თესლის შემცველობის მიხედვით შეიძლება იყოს: მრავალთესლიანი და მცირეთესლიანი. გემური თვისებების მხრივ, პომიდვრის ისეთი ჯიშის ნაყოფები, რომელთაც თესლი მცირე რაოდენობით მოეპოვებათ, უფრო მაღალხარისხოვნად ითვლება, ვიდრე მრავალთესლიანი ნაყოფები.

გემური თვისებების შეფასებისას, პომიდვრის კანის სისქესაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა. რაც უფრო თხელია კანი, მით უფრო გემრიელია ნაყოფი, მაგრამ ტრასპორტაბელობა ცუდი აქვს.

კულტურული პომიდვრის ჯიშები მიეკუთვნებიან სამ ძირითად ჯგუფს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც გარეგნობით, ისე ფოთლების, ყვავილედების (მტევნების) და გვერდითი ყლორტების წარმოქმნის დინამიკით.

ეს ჯგუფებია:

  • მაღალმოზარდი (ძლიერად მოზარდი, ინდეტერმინანტული) ტიპი პომიდვრის ასეთი ჯიშები, ჩვეულებრივ, მოჰყავთ საყრდენებზე, ისინი თხოულობენ ნამხრევების გამუდმებულ შეცლას და საყრდენებზე მრავალჯერად აკვრას.
  • დაბალმოზარდი (დეტერმინანტული ტიპი) პომიდვრის ბუჩქი ხასიათდება ზრდის მოკლე პერიოდით, დაბალმოზარდი (40-50 სმ) ღეროთი, ფოთლებისა და ყვავილედების სიუხვით. პომიდვრის შტამბიან ბუჩქებს აქვთ სქელი, მაგარი და მდგრადი ღერო, რომელიც სწორმდგომია და ჩვეულებრივ არ გაირთხმება.
  • გარდამავალი ტიპი ეს ტიპი წარმოადგენს პირველ და მეორე ტიპს შორის გარდამავალს. გენერაციული და ვეგეტატიური ორგანოების განვითარების თავისებურებით შტამბიანი ჯიშები წააგავს დეტერმინანტულ ტიპს, თუმცა არის გამონაკლისიც, რომელიც უფრო ახლოსაა ინდეტერმინანტულ ტიპთან.

პომიდვრის აგროტექნიკა

ნიადაგის დამუშავება

ნიადაგის დამუშავება იწყება შემოდგომაზე ან ზამთრის პირას, ნაკვეთიდან წინამორბედი კულტურის აღებისა და ნარჩენების გაწმენდის შემდეგ ნაკვეთის აოშვით. აოშვა ტარდება 4-6 სმ სიღრმეზე, თუ ნაკვეთზე მრავალწლოვანი სარეველები იყო გავრცელებული, მაშინ – 10-12 სმ-ზე.

მზრალად მოხვნა აღმოსავლეთ საქართველოში უნდა ჩატარდეს 25-30 სმ-ის სიღრმეზე, დასავლეთ საქართველოში – 20 სმ-ზე.

საადრეო ჩითილის გამოზრდა

პომიდვრის საადრეო მოსავლის მისაღებად, ჩითილი გამოჰყავთ კვალსათბურებში ან სათბურებში. დაბლობ ზონაში, კვალსათბურებში თესლი უნდა დაითესოს თებერვლის პირველ ნახევარში, საშუალო საგვიანოსათვის – მარტში, ხოლო საგვიანოსათვის – აპრილში;

მებოსტნეობის სხვა ზონებში, ორ-ორი კვირით უფრო გვიან. უფრო ადრე დათესვა არ არის მიზანშეწონილი, რადგან გადაზრდილი ჩითილი ცუდად ხარობს და მცენარე მალე ამთავრებს მსხმოიარობას. მუდმივ ადგილზე დარგვის მომენტისათვის, ჩითილს უნდა ჰქონდეს განვითარებული 7-9 ფოთოლი და პირველი საყვავილე მტევანი.

ჩითილის სათბურში გამოზრდა ღია გრუნტისათვის

პომიდვრის ჩითილის გამოსაყვანად, სათბურის 1მ2 ფართობზე ითესება 2-3 გრამი თესლი. მწკრივში თესლი უნდა ჩაითესოს ისეთ მანძილზე, რომ 1მ2 ფართობმა უზრუნველყოს 250-დან 300 ცალი ჩითილის გამოზრდა.

დარგვისას იყენებენ ყველა მიღებულ ხერხს: კვადრატულს, კვადრატულ-ბუდობრივს და ზოლებრივს.

კვადრატულის დროს, ძლიერი ზრდის ჯიშები შეიძლება დაირგოს 70×70 სმ-ზე. ასეთივე კვების არით შეიძლება დაირგოს დეტერმინანტული ჯიშებიც;

ზოლებრივად დარგვისას, დეტერმინანტული ჯიშები შეიძლება დაირგოს (90+50)/2X30 სმ-ზე, შედარებით ძლიერი ზრდის ჯიშები (120+50)/2X35 სმ-ზე (ორმწკრივიანი ზოლები).

მოვლა

პომიდვრის მოვლის ძირითად სამუშაოებს შეადგენს: ნიადაგის გაფხვიერება, მიწის შემოყრა, სარეველა ბალახების მოსპობა, გამოკვება, მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა.

პომიდვრის კვება და მორწყვა

პომიდვრის გასხვლა და საყრდენზე აკვრა წარმოებს იმ მიზნით, რომ დავაჩქაროთ ნაყოფის დამწიფება და დავიცვათ იგი დალპობისაგან.

აუკრავი პომიდვრის ნაყოფის ლპობას მასობრივად აქვს ადგილი მძიმე, ტენიან ნიადაგებზე და ნაკვეთის მოღვარვით მორწყვის დროს.

პომიდვრის გასხვლით ან ნამხრევების შეცლით ძლიერდება მცენარეზე დარჩენილი ყლორტებისა და სანაყოფე მტევნების კვება. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს ნაყოფის მალე დამსხვილებას და დამწიფებას.

პომიდვრის მოსავლიანობის გაზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს მცენარეების გამოკვება ორგანული და მინერალური სასუქებით.

პირველი გამოკვება ტარდება დარგვიდან 10-15 დღის შემდეგ, მეორე – პირველი გამოკვებიდან 20-25 დღის შემდეგ, მესამე – მეორე გამოკვებიდან 20-25 დღის შემდეგ.

პირველი გამოკვებისას ერთ ჰექტარზე შეაქვთ 50-100 კგ ამონიუმის გვარჯილა, 100-150 კგ სუპერფოსფატი, 50- 100 კგ კალიუმის ქლორიდი.

მომდევნო გამოკვებაზე, ერთ ჰექტარზე შეაქვთ 50-100 კგ ამონიუმის გვარჯილა, 50 კგ კალიუმის ქლორიდი.

(ან სხვა შესაბამისი განოყიერების საშუალებები).

პომიდვრის უხვი მოსავლის მისაღებად მორწყვა არა მარტო მშრალ რაიონებშია საჭირო, არამედ გვალვის დროს ყველა ზონაში.

პირველი მორწყვა ტარდება ჩითილის მუდმივ ადგილზე დარგვისთანავე. მეორე მორწყვა ტარდება, გამონაკლისის სახით, მცენარეების მუდმივ ადგილზე დარგვიდან რამდენიმე დღის (2-4) შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ ნიადაგი მსუბუქია, ამინდი ხანგრძლივად მშრალია და შესავსებია გაცდენილი ადგილების მნიშვნელოვანი რაოდენობა. სხვა შემთხვევაში, წყალი უნდა მიეწოდოს მხოლოდ ახლად გამორგულ მცენარეებს.

მოსავლის აღება

შორეული ბაზრისათვის პომიდორი, როგორც წესი, მწიფობის ადრეულ ფაზაში იკრიფება. როდესაც დანიშნულების ადგილზე მისატანად 10 დღეზე მეტია საჭირო, ნაყოფი იკრიფება სიმწიფის პირველ ფაზაში, ხოლო როდესაც ტრანსპორტირებისთვის საჭიროა 3-4 დღეზე მეტი – მეორე ფაზაში.

ადგილობრივი ბაზრისთვის პომიდორი იკრიფება სიმწიფის მესამე და მეოთხე ფაზებში. პომიდვრის ინდუსტრიული ტექნოლოგიით წარმოება ითვალისწინებს მოსავლის აღების მექანიზაციას სპეციალური კომბაინებით.

პომიდვრის ხელით კრეფა საქართველოს ბარის პირობებში ივნისის თვიდან იწყება და ნოემბრამდე გრძელდება. ნაყოფები იკრიფება 4-5 დღეში ერთხელ. დასუფთავებისა და დახარისხების შემდეგ, დაკრეფილ ნაყოფებს ათავსებენ ყუთებში და აგზავნიან სარეალიზაციოდ.

ჯიშები

პომიდვრის ჯიშები ნაყოფის მომწიფებისა და შემოსვლის მიხედვით იყოფიან საადრეოდ, საშუალოდ, საგვიანოდ და მათ შორის გარდამავლად.

საადრეო ჯიშები მწიფე ნაყოფებს, ხელსაყრელ პირობებში, აღმოცენებიდან 95-110 დღეზე იძლევიან, დარგვიდან კი, 50-60 დღის შემდეგ. საშუალო პერიოდის ჯიშები – აღმოცენებიდან 110-120-ე დღეზე, ხოლო დარგვიდან 65- 75 დღის შემდეგ. საგვიანო – აღმოცენებიდან 120-125-ე დღეზე.

ერმაკი – ბუჩქი კომპაქტურია, დეტერმინანტული, ნაყოფი მომრგვალო-წაგრძელებული ფორმის, სიმაღლე 6,2 სმ, დიამეტრი 5,1 სმ, კანი და რბილობი მკვრივი, ბუდეების რაოდენობა 2-3, შეფერვა წითელი, გემო მოტკბო.

ტიპიური გადასამუშავებელი ჯიშია. მწიფე ნაყოფები მცენარეზე დიდი ხნით დაყოვნების შემთხვევაშიც ნაკლებად ზიანდებიან, რის გამოც ეს ჯიში მოსავლის აღების ჯერადობის შემცირების კარგ საშუალებას იძლევა.

ანჯელა გიგანტი – მიუხედავად სახელწოდებისა,  ბუჩქი კომპაქტურია, დეტერმინანტული. ნაყოფი მომრგვალო-წაგრძელებული ფორმის, სიმაღლე 6,5 სმ, დიამეტრი 5,2 სმ, წითელი შეფერვის. აქვს მკვრივი კანი და რბილობი მშრალია, ბუდიანობა 2-3, გამოსადეგია გადასამუშავებლად.

ამერიკული ყვითელი – ბუჩქი საშუალო სიძლიერის, ნაყოფი მომრგვალო ფორმის, სიმაღლე 6,8 სმ, დიამეტრი 7,8 სმ, კანის და რბილობის შეფერვა ყვითელი, რბილობი საშუალო სიმკვრივის, ნაკლებად წვნიანი, ბუდეების რაოდენობა 6, კულინარიული თვისებები საშუალო.

ამ ჯიშის ნაყოფები გარეგნულად, ფორმით და შეფერილობით ძლიერ წააგავს ხურმის ნაყოფებს. გამოსადეგია როგორც გადასამუშავებლად, ისე სასალათედ.

პასესტერი – ბუჩქი კომპაქტურია, დეტერმინანტული, ნაყოფი მომრგვალო-წაგრძელებული ფორმის, სიმაღლე 6,2 სმ, დიამეტრი 5,1 სმ, ბუდეების რაოდენობა 2-3, კანი და რბილობი მკვრივი, შეფერვა წითელი. სხვა ჯიშებთან შედარებით, გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ.

ტიპური გადასამუშავებელი ჯიშია, გამოსადეგია სასალათედაც. მწიფე ნაყოფები, მცენარეზე დიდი ხნით დაყოვნების შემთხვევაშიც, ნაკლებად ზიანდებიან, რის გამოც, ეს ჯიში მოსავლის შემჭიდროებულ ვადებში აღების კარგ შესაძლებლობას იძლევა.

ტიუოლი – ბუჩქი დეტერმინანტულია, კომპაქტური, ნაყოფი მომრგვალო-წაგრძელებული ფორმისაა, სიმაღლე 6,1 სმ, დიამეტრი 4,8 სმ-ია, წითელი ფერის კანი და რბილობი მკვრივია, მცირე ბუდიანია (2-3), გემო მოტკბოა, ვარგისია გადასამუშავებლად.

რეანტო – ბუჩქი კომპაქტურია, ნაყოფი მომრგვალო-მობრტყო, სიმაღლე 4,5 სმ, დიამეტრი 6,3 სმ, წითელი შეფერვის, კანი და რბილობი საშუალო სიმკვრივის, უფრო წვნიანი, ვიდრე რიო გრანდე, ბუდეების რაოდენობა 3-5, გადასამუშავებელი ჯიშია, გამოდგება სასალათედაც.

რიო გრანდე – ბუჩქი კომპაქტურია, ნაყოფი მომრგვალო, ოდნავ წაგრძელებული ფორმის, სიმაღლე 6,0 სმ, დიამეტრი 5,1 სმ, კანი და რბილობი მკვრივი, მშრალი, ბუდეების რაოდენობა 2, თესლი მცირე, მოტკბო გემოსი, ტიპური გადასამუშავებელი ჯიშია.

ფალკონი – ბუჩქი საშუალო სიძლიერის, ნაყოფის ფორმა მომრგვალო-მობრტყო, სიმაღლე 7,6 სმ, დიამეტრი 8,6 სმ, ნაყოფები უმეტესად დიდი ზომისაა, იწონის 300-500 გრამს, ბუდეების რაოდენობა 6-7, ნაყოფი წითელი ფერისაა, კანი და რბილობი ხორციანი, კარგი კონსისტენციის, მოტკბო გემოსია. მოხმარების მიხედვით, ჯიში უნივერსალურია. კარგია როგორც სასალათედ, ასევე გადასამუშავებლად.

ვოლგოგრადსკი – ბუჩქი კომპაქტურია, ნაყოფი მომრგვალო-მობრტყო ფორმის, სიმაღლე 4,7 სმ, სიგანე 7,6 სმ, ბუდიანობა 6-8, კანი თხელი, ნაზი; რბილობი წვნიანი, ნაყოფის შეფერილობა წითელი, გემო მოტკბო-მომჟავო; ტიპური სასალათე ჯიშია.

ჭოპორტულა – ბუჩქი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა; საკმაოდ დატოტვილი, ნაყოფი მომრგვალო-მობრტყო ფორმის, სიმაღლე 7,2 სმ, დიამეტრი 8,9 სმ. ბუდეების რაოდენობა 7 (ექვსი პერიფერიული, ერთი ცენტრალური); კანი თხელი, წითელი შეფერილობის, რბილობი ნაზი, წვნიანი, კარგი გემოსი, მომჟავო-მოტკბოა. ტიპური სასალათე ჯიშია.

გაზეთი “ჩვენი სოფელი”
იხილეთ აგრეთვე რუბრიკა მებოსტნეობა

თქვენი რეკლამა