ფიზალისი (Physalis peruviana) მოვლა – მოყვანა, გამოყენება

5480 Views

საქართველოში ფიზალისის ველური სახეობები გავრცელებულია იმერეთში ონტკოფას, ხოლო ქართლ-კახეთში — დუდღუბოს სახელწოდებით.

კულტურული სახეობებია: პერუული ფიზალისი, მარწყვისებრი ფიზალისი, მექსიკური ფიზალისი.

გათავაზობთ ინფორმაციას პერუული ფიზალისის (Physalis peruviana) შესახებ.

ზოგადი ინფორმაცია

ფიზალისის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. ევროპასა და აზიაში ფიზალისი XVII საუკუნეში შემოიტანეს. რადგანაც ეს მცენარე სითბოს მოყვარულია და გვიან შემოდის, უმეტესწილად სამხრეთის ქვეყნებში მოჰყავთ.

ფიზალისის ნაყოფი მშრალი ნივთიერების, შაქრებისა და ლიმონმჟავას შემცველობით ბადრიჯანსა და წიწაკას აღემატება.

ეს კულტურა განსაკუთრებით ფასეულია პექტინის მაღალი შემცველობის გამო (10%-მდე მშრალი მასის რაოდენობიდან), რაც ორჯერ აღემატება ვაშლში ამ ნივთიერების რაოდენობას.

ამ თვისების გამო ფიზალისი გამოიყენება მარმელადისა და სხვა ჟელესებრი საკონდიტრო ნაწარმის დასამზადებლად.

პერუული ფიზალისის (Physalis peruviana) ნაყოფს იყენებენ ლიმონმჟავას მისაღებადაც, აგრეთვე სამურაბედ, ცუკატების, პიურეს, ხილფაფის დასამზადებლად, მისგან ამზადებენ ჩირს, ამწნილებენ.

საქართველოში ეს მცენარე ჯერჯერობით (ისევე, როგორც ახლო წარსულში ბროკოლი, წითელი კომბოსტო და სხვ.) ფართოდ გავრცელებული არაა.

სპეციფიკური მოთხოვნები

ურჩევნია მაღალნაყოფიერი მსუბუქი თიხნარი და ქვიშიანი ნიადაგები.

ღია გრუნტში მოყვანისას კულტურას უნდა შევურჩიოთ მზვარე, ქარისაგან დაცული ნაკვეთები;

მწირ ნიადაგებზე მოყვანისას, შემოდგომაზე, ბარვის წინ 1მ2-ზე უნდა შევიტანოთ 4_6 კგ ნეშომპალა ან კომპოსტი.

წინამორბედები:

კარგი წინამორბედებია: გოგრისებრნი და პარკოსანი კულტურები, ძირხვენები, კომბოსტოსებრნი, ხახვი.

ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლების შემდეგ ნაკვეთზე ფიზალისის წარმოება 3 წელიწადზე ადრე არ შეიძლება.

ნიადაგი: ph 5,5_6,5

დარგვის ხერხი: ჩითილებით.

ჩითილების ასაკი:

55_65 დღე (გადასარგავად გამზადებულ ჩითილებს უნდა ჰქონდეთ 3_4 ფოთოლი).

გადარგვის სქემა: ჩითილებს რგავენ მაისის ბოლოს, სქემით — 50X50 სმ.

სითბური რეჟიმი:

სითბოს მოყვარული კულტურაა, თესლი აღმოცენდება 200C ტემპერატურაზე. მცენარის ზრდისა და განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 20_250C. მცენარე ვერ გადაურჩება წაყინვებს.

მორწყვა:

ფიზალისი შედარებით გვალვაგამძლე მცენარეა. არ უყვარს ნიადაგისა და ჰაერის ჭარბტენიანობა, თუმცა მსხმოიარობის პერიოდში დიდი რაოდენობით წყალს მოიხმარს. რწყავენ 5_7 დღეში ერთხელ.

ყვავილობამდე მორწყვის ნორმაა 4_5 ლ 1მ2-ზე. ხოლო ყვავილობისა და მსხმოიარობის პერიოდში 8_10 ლ 1მ2-ზე

გამოკვება:

პირველი ორგანული სასუქი შეაქვთ მასობრივი ყვავილობის პერიოდში;

მეორე — მსხმოიარობის პერიოდში;

მესამე — მეორე შეტანიდან 2_3 კვირის შემდეგ;

გამოსაკვებად იყენებენ წუნწუხს (1:10) ან ფრინველის სკორეს (1:20), ერთ მცენარეზე 0,5 ლ-ს.

ვეგეტაციის პერიოდი: 135_165 დღე.

ფიზალისს აქვს სწორი ღერო, მისი სიმაღლე 70_200 სმ-ია.

საკვებად გამოყენების წინ ნაყოფს უნდა მოშორდეს ჩენჩო და ცხელი წყლით გაირეცხოს, რათა მის ზედაპირს მოსცილდეს წებოვანი და ცვილისებრი ნივთიერებები, რომელთაც ხშირად მწარე გემო და უსიამოვნო სუნი დაჰყვება.

ავტორები: ნუკრი მემარნიშვილი, თამაზ დუნდუა
მასალა მოგვაწოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“.

388Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB