პომიდვრის გამოკვება და თესლის დამზადება

3527 Views Comment Off

ვეგეტაციის პერიოდში პომიდვრის გამოკვება სასურველია ორგანული ნივთიერებებით

პომიდორი ნიადაგიდან დიდი რაოდენობით ელემენტებს იღებს, ამიტომ მისთვის შერჩეული ნაკვეთი ან წინა წლის განოყიერებული უნდა იყოს, ან უშუალოდ — დარგვის წინ. ნიადაგის განოყიერების მიზნით, მინერალური სასუქებიდან ვიყენებთ აზოტოვან, ფოსფოროვან და კალიუმიან სასუქებს.

სასუქის შეტანა აუცილებელია ერთმანეთთან სიმბიოზში. აზოტის შეფარდება კალიუმთან უნდა იყოს1:2 ეს ნიშნავს, რომ თუ აზოტი 2 კგ შეგვაქვს, კალიუმი უნდა შევიტანოთ 4 კგ. (იგულისხმება წმინდა ელემენტი, ანუ — მოქმედი ნივთიერება).

შესაბამისად გარანტირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღება. ცალმხრივი გაპატივებისას სასუქების ეფექტი დაბალია. მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია სამივე სახის სასუქის შეტანა სათანადო დოზებით.

საპომიდვრე ნაკვეთში შეაქვთ 40-60 ტონა საქონლის გადამწვარი ნაკელი, ხოლო ნახევრად გადამწვარი — უფრო მეტი. თუ გადამწვარი ნაკელი ცოტა გვაქვს, იგი ბუდნებში (მცენარეთა ძირებში) უნდა გავიტანოთ 0,5 – 1,0 კგ რაოდენობით.

სარწყავ და ჭარბტენიან ადგილებში ორგანული, ფოსფოროვანი და კალიუმიანი სასუქები შეაქვთ შემოდგომაზე, მზრალად ხვნის წინ, ან გაზაფხულზე, კულტივაციის დაწყების წინ . ორგანული სასუქის შემოდგომაზე შეტანის შემთხვევაში მინერალური სასუქების დოზები უნდა განახევრდეს.

იმ შემთხვევაში თუ პომიდორს მხოლოდ მინერალური სასუქებით ვანოყიერებთ, ერთ ჰექტარზე უნდა შევიტანოთ 4-5 ცენტნერი სულფატამონიუმი, ან 2,5 – 3,0 ცენტნერი ამონიუმის გვარჯილა, სუპერფოსფატი 5-7 ც და კალიუმის მარილი 1,5 – 2,0 ც. შეტანა ხდება ხელით და მანქანით, მწკრივად ან მოფანტვით.

ვეგეტაციის პერიოდში პომიდვრის გამოკვება სასურველია ორგანული ნივთიერებებით. წყალში დადუღებული 1 წილი ფრინველის ნაკელი უნდა გაზავდეს 10-15 წილ წყალში. თუ ფრინველის ნაკელი არ გვაქვს, მაშინ შეგვაქვს 4-5 წილი წყალში გაზავებული საქონლის ჟიჟა, ან 8-10 წილი წყალში გაზავებული საქონლის ახალი ნაკელი, რომელიც მცენარეებს ძირებში 8-10 მეტრ სიგრძეზე უნდა მოესხუროს. ყოველ ვედრო ხსნარს უნდა დაემატოს 50 გრამი სუპერფოსფატი, 20-25 გრამი კალიუმი. ხსნარები უნდა მოესხუროს ნიადაგზე. ეს პროცედურა ტარდება 1-2-ჯერ, მეორედ — ორი კვირის შემდეგ.

გასხვლა

გასხვლა საჭიროა მაღალზომიერად, ძლიერი განვითარების პომიდვრის ჯიშებზე. იგი ხელს უწობს მცენარის კვების პირობების გაუმჯობესებას, მათ მაქსიმალურ განვითარებას , ნაყოფების დამსხვილებას და დაავადებების გავრცელების შემცირებას. პომიდვრის დაბალტენიანი ჯიშები არ ისხვლება.

გასხვლისას პომიდორს უნდა დარჩეს ძირითადად 2-3 ამონაყარი, ხოლო სხვა ამონაყარი — ნამხრევები, მთლიანად უნდა შეეცალოს, რომ ბუჩქი გამოთხელდეს. ვეგეტაციის პერიოდში შეიძლება მისი გაფურჩქვნაც.

ჯიშური წმენდა 

სათესლე ნაკვეთებზე აუცილებელია ჩატარდეს ჯიშური წმენდა. ჩითილების დარგვისას უნდა გამოვარჩიოთ და გადავყაროთ სუსტი, დაავადებული და ჯიშური ნიშნებით გადახრილი მცენარეები. ჯიშური ნიშნები მკვეთრად შეინიშნება ნაყოფების დამწიფების დასაწყისში. ამიტომ უჯიშო და დაავადებული მცენარეები პირველი კრეფის დაწყებამდე უნდა გადავყაროთ.

თესლის დამზადება

პომიდვრის მოსავლის აღებამდე უნდა ჩატარდეს აპრობაცია. თესლის გამოსავლიანობა ბევრად არის დამოკიდებული თესლის დამზადების ტექნიკაზე. ყველაზე მოსავლიანად ითვლება პირველი ხუთი მტევნიდან შერჩეული საუკეთესო ნაყოფის თესლი. ამიტომ როგორც წესი, თესლი უნდა დამზადდეს როგორც წესი პირველი 5-6 კრეფის პერიოდში აღებული ნაყოფის თესლიდან .

თესლის დამზადება უნდა დასრულდეს სექტემბრის პირველ დეკადაში. მოკრეფილი მწიფე ნაყოფი რამდენიმე დღით ადრე უნდა მოვათავსოთ სპეციალურ ტარაში ან თაროებზე — უკეთ დასამწიფელბად, რათა დარბილებულ ნაყოფს თესლი ადვილად მოსცილდეს.

თესლის დამზადების წინ სათესლე ნაყოფი უნდა გავრეცხოთ, გავჭრათ გარდი-გარდმო და ცერის დაჭერით თესლი ბუდიდან გამოვაცალკეოთ. გამოცალკავებული თესლი მოვათავსოთ ხის კასრში ან მინის ჭურჭელში და დავტოვოთ დასადუღებლად არაუმეტეს 2-3 დღისა, რომ არ შემცირდეს მისი აღმოცენების უნარი. ე.წ. ”დადუღებული” თესლი 3-4-ჯერ გავრეცხოთ წყლით და ჭურჭლის ძირზე დაძირვისთანავე გადავწუროთ.

კარგად გარეცხილი თესლი გავშალოთ ფიცარზე ან ტილოზე და მოვათავსოთ ჩრდილიან ადგილას გასაშრობად. თუ თესლი დაიკოშტა, ის ხელით უნდა დავფშვნათ, თესლის გამოსავალი შეადგენს 0,3-0,5 პროცენტს. ე.ი. 300-500გრამი თესლის მისაღებად საჭიროა 100 კგ პომიდორი. თესლის აბსოლიტური წონა 2,5 – 6 გრამია.

meurne.sknews.ge
რედაქცია agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1331 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB