კომბოსტო – თეთრთავიანი კომბოსტოს მოვლა-მოყვანა

კომბოსტო, ბოსტანი

ზოგადი ინფორმაცია

თეთრთავიანი კომბოსტო (ლათ.Brassica oleracea L. var. capitata L.) წარმოიშვა ხმელთაშუა ზღვისპირეთის რეგიონებში ველურად მზარდი სახეობებისაგან.

ამ კულტურის მოყვანა ჩვენს წელთაღრიცხვამდე ბევრად ადრე დაიწყო.

ბევრ ქვეყანაში კომბოსტოს მნიშვნელოვანი ფართობები ეთმობა. განსაკუთრებით გავრცელებულია იგი იმ ქვეყნებში, სადაც ზომიერად გრილი ჰავაა. საქართველოში კომბოსტო თითქმის ყველგან მოჰყავთ.

კომბოსტო ვიტამინების საგანძურია. არ არსებობს ამჟამად ცნობილი ვიტამინი, რომელიც კომბოსტოში არ იყოს აღმოჩენილი. ასევე კომბოსტო ნახშირწყლების უხვი წყაროა. კომბოსტოში შაქრები გლუკოზისა და ფრუქტოზის სახითაა წარმოდგენილი და მათი შემცველობა 1,9-დან – 5,3%-მდე მერყეობს,ზოგიერთ ჯიშში კი მშრალი ნივთიერებების 3/4-ს შაქარი შეადგენს.

სხვა ბოსტნეულებისგან კომბოსტო გამოირჩევა აზოტოვანი ნივთიერებების დიდი რაოდენობის შემცველობით. კომბოსტოში არის ადამიანისათვის შეუცვლელი ამინომჟავებიც. მრავალფეროვანია მისი მინერალური შედგენილობაც: კომბოსტოში არის კალციუმის, კალიუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, ნატრიუმის, გოგირდისა და სხვა მიკროელემენტების ნაერთები.

კულინარიაში კომბოსტოს მრავალმხრივი გამოყენება აქვს: მას იყენებენ უმად, ხარშავენ, მოშუშავენ, ამარილებენ, ამწნილებენ, ყინავენ.

კომბოსტო ძველთაძველი სამკურნალო მცენარეა, მას დიდად აფასებდნენ ძველ საბერძნეთსა და რომში. ცნობილია,რომ დაკეპილ ახალ კომბოსტოსა და მის წვენს ეფექტური ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს. ცნობილია კომბოსტოს სკლეროზის საწინააღმდეგო თვისებები. კომბოსტოს მწნილის წათხი აუმჯობესებს საკვების მონელებას, ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას, ორგანიზმიდან ზედმეტი ნარჩენების გამოდევნას.

ბიოლოგიური თავისებურება

კომბოსტოს საგვიანო ჯიშები ნიადაგში ორგანული სასუქის შეტანის წელს მოჰყავთ, საადრეო ჯიშები კი ნაკელის შეტანის მომდევნო წელს;

თავიდან რომ ავიცილოთ ნიადაგში მავნებლებისა და დაავადებათა გამომწვევი ბაქტერიების დაგროვება და მოსავლიანობის მკვეთრი დაქვეითება, აუცილებელია თესლბრუნვის დაცვა – ძველ ადგილს კომბოსტო 4-5 წელიწადზე ადრე არ უნდა დაუბრუნდეს.

წინამორბედები

კომბოსტოს კარგი წინამორბედებია პარკოსანი კულტურები, კიტრი, ხახვი, კარტოფილი, ჭარხალი, პამიდორი და მრავალწლიანი ბალახები;

კომბოსტო არ უნდა ვაწარმოოთ კომბოსტოს და ჯვაროსანთა ოჯახის სხვა ბოსტნეული კულტურების შემდეგ.

ნიადაგი – pH – 6,5 – 7,5, ტორფიან ნიადაგებში – 5-5,5.

ნიადაგის არჩევა და მოთხოვნები ნაკვეთის მიმართ

საადრეო კომბოსტო მოჰყავთ მზვარე, შემაღლებულ ნაკვეთებზე. იგი კარგად იზრდება გაკულტურებულ მსუბუქ თიხნარ და ქვიშიან ნიადაგებზე; საგვიანო კომბოსტოს უთმობენ საშუალო თიხნარ ნიადაგებს;

კომბოსტოს მოსაყვანად არ ვარგა მძიმე თიხნარი, ქვიშნარი და მჟავე ნიადაგები; ნაკვეთის მომზადება შემოდგომით უნდა დაიწყოს; გაზაფხულზე 1მ2-ზე შეაქვთ 6-8 კგ გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი, აგრეთვე 100-200 გრ ხის ნაცარი. ნიადაგს ბარავენ 15-20 სმ-ის სიღრმეზე.

თესვის/დარგვის ხერხი: ჩითილებით და უჩითილოდ

ჩითილის გადარგვა: საადრეო ჯიშებისა და ჰიბრიდების ჩითილები უნდა გადაირგას- 45-60 დღისა; საშუალო საადრეო და საგვიანო ჯიშებისა – 35-40 დღისა.

ღია გრუნტში ჩათესვის ვადები: კომბოსტო ჩითილების გამოყვანის გარეშეც შეიძლება მოვიყვანოთ. თესლი მწკრივად უნდა ჩაითესოს 2-3 სმ სიღრმეზე, მწკრივებს შორის დაშორება – 70 სმ. აღმონაცენს გამოხშირავენ, მცენარეებს შორის მწკრივში მანძილი – 60-70 სმ-ია.

თესვის სიღრმე: 2-3 სმ.

თესვის/ჩარგვის სქემა

ჩითილების გადარგვა 3-4 სმ-ის სიღრმის კვლებში; ჩითილს გადარგავენ 5-8 ნამდვილი ფოთლის ფაზაში; საადრეო ჯიშებისა და ჰიბრიდებისათვის მანძილი რიგებს შორის 70 სმ-ია, რიგებში მცენარეებს შორის 50-60 სმ; საგვიანო ჯიშებისა და ჰიბრიდებისათვის მანძილი რიგებს შორის და რიგებში მცენარეთა შორის 70 სმ-ია.

მორწყვა

ბოსტნეულ კულტურათა შორის კომბოსტო ყველაზე მეტად მომთხოვნია ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობის მიმართ, როგორც თავის მოხვევის, ისე მცენარის ზრდის პერიოდში, თუმცა ჭარბ ტენსაც ვერ ჰგუობს (დატბორვის შემთხვევაში ფესვები კვდება);

ნიადაგში ტენის შესანარჩუნებლად ყოველი მორწყვის შემდეგ მიწა უნდა გაფხვიერდეს.

სითბური რეჟიმი

კომბოსტო კარგად უძლებს სიცივეს, ვერ უძლებს სიცხეს. თესლის გაღივების მინიმალური ტემპერატურაა + 2-30C, მაგრამ გაღივების პერიოდი ასეთ ტემპერატურაზე ძლიერ ჭიანურდება.

თესლის გაღივების ოპტიმალური ტემპერატურაა +18-200C, აღმონაცენი უკვე მე-3, მე-4 დღეს ჩნდება. გაკაჟებული ჩითილები -5-70C-მდეც უძლებენ წაყინვას, სუსტები – 2-30C-მდე. უკვე ფორმირებულ საშუალო საადრეო და საგვიანო ჯიშებისა და ჰიბრიდების მცენარეებს -8-100C-მდე ყინვის გადატანაც შეუძლიათ;

კომბოსტოს ზრდისა და განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 15-200C.

300C ტემპერატურაზე კულტურის ზრდა და განვითარება შესამჩნევად ქვეითდება, ხოლო 300C-ზე მაღალ სიცხეში კომბოსტო თავს არ იკრავს. 150C-ზე დაბალ ტემპერატურაზე მცენარე შეიძლება პირველივე წელს აყვავილდეს (განსაკუთრებით საადრეო ჯიშები და ჰიბრიდები).

გამოკვება

ვეგეტაციის პერიოდში 2-3-ჯერ ატარებენ გამოკვებას; ჩითილების დარგვიდან 20 დღის შემდეგ – წუნწუხი (1:20) ხარჯვის ნორმაა 0,5ლ 1 მცენარეზე; პირველი კვებიდან 10 დღის შემდეგ – წუნწუხი (1:20) ხარჯვის ნორმა – 1ლ 1 მცენარეზე; მეორე კვებიდან 10 დღის შემდეგ – წუნწუხი (1:20) ხარჯვის ნორმა – 6-8ლ 1მ,2-ზე; აზოტის სიჭარბე იწვევს ნიტრატების დაგროვებას, თავების დახლეჩას, შენახვის ვადის შემცირებას.

სავეგეტაციო პერიოდი

საადრეო ჯიშების – 70-130 დღე; საშუალო-საადრეო ჯიშების – 125-175 დღე; საგვიანოჯიშების – 150-220 დღე.

დაავადებები: პითიუმი, ფომოზი, ფუზარიოზი

მავნებლები: კომბოსტოს ხვატარი, კომბოსტოს ჩრჩილი, ბოსტნის რწყილი, კომბოსტოს თეთრულა, კომბოსტოს ბუგრი.

ავტორები: ნუკრი მემარნიშვილი, თამაზ დუნდუა.
მასალა მოგვაწოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“.

იხილეთ აგრეთვე: წითელთავიანი კომბოსტო — მოვლა-მოყვნის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა