კიტრის მოვლა-მოყვანა დახურულ გრუნტში (სათბურში)

კიტრი

კიტრი (Cucumis sativus L) ერთწლიანი, ორლებნიანი, მოკლე დღის მცენარეა, გოგრისებრთა ოჯახიდან, მხვიარა ღეროთი, მცენარის ღეროს სიმაღლემ შეიძლება რამდენიმე მეტრს მიაღწიოს.

ფოთლები მთელია ან კიდეებში ოდნავ დაკბილული, მორიგეობით განლაგებული, ფოთლის უბიდან ვითარდებიან ნამხრევები. ფესვთა სისტემა მთავარღერძიანია, მწვანე მასასთან შედარებით სუსტად ვითარდება, მისი ძირითადი მასა თავმოყრილია ნიადაგის ზედა ფენაში 25 სმ სიღრმეზე.

მცენარე ერთსახლიანია (ერთ მცენარეზე ვითარდება როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი ყვავილები). თესლი მოთეთრო მოყვითალო, ოვალურია, ერთ ბოლოში წაწვეტებული 1 გრამი კიტრის თესლი 30-35 მარცვალს შეიცავს.

ასხვავებენ პარეტოკარპულ (თვითდამტვერავ) და არაპარტენოკარპულ (მის დამტვერვას ახდენენ მწერები _ ფუტკრები, კრაზანები, ჭიანჭველები) სახეობებს. საკვებად გამოიყენება კიტრის მოუმწიფებელი ნაყოფები.

ნაყოფის მიხედვით გამოარჩევენ გრძელ (18-20 სმ-ზე გრძელი) და მოკლენაყოფიან, პრიალა და ხორკლიანზედაპირიან სახეებს. გვხვდება ჯიშები და ჰიბრიდები, რომლებსაც ყუნწის მხარეს ახასიათებს ეგრეთ წოდებული ,,ყელი” – შევიწროებული ნაწილი.

ხანდახან ნაყოფში ყუნწიდან იწყება მწარე ნივთიერების წარმოქმნა (ალკალოიდი კუმარინი), რომელიც განპირობებულია ტენიანობისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით. თუმცა თანამედროვე ჰიბრიდებში ეს თვისება იშვიათად გვხვდება.

კიტრის კალორიულობა დაბალია, მიუხედავდ ამისა, ის საკმაოდ ღირებული კულტურაა, გემრიელია, არომატული, ფართოდ მოიხმარება ნედლად სალათებში, იგი გვევლინება მინერალური მარილების წყაროდ. მასში შემავალი ნაერთები აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, არეგულირებენ გულისა და თირკმელების მუშაობას.

მცენარის განვითარება

მცენარის განვითარებისთვის აუცილებელია თბილი კლიმატური პირობები, არანაკლებ 12-150C. კიტრი ყველაზე უკეთ იზრდება ჰაერის 25-300C და ნიადაგის 20-250C ტემპერატურის დროს. ცივ ნიადაგში ფესვთა სისტემა ცუდად ფუნქციონირებს, განვითარება წყდება და მცენარე იღუპება.

მცენარე განსაკუთრებით კარგად ვითარდება ჰაერისა და ნიადაგის მაღალი ტემპერატურისა და შესაფერისი ტენიანობის დროს. თესლი აღმოცენებას იწყებს 12-130C, მაგრამ უკეთ ვითარდება 25-300C-ზე. შემდგომი განვითარება მიმდინარეობს 150C ზევით.

ჩითილის ფაზაში მცენარე შედარებით ნელა იზრდება, შემდეგ ზრდის ტემპი მკვეთრად მატულობს, ხოლო მსხმოიარობის დაწყებიდან კვლავ კლებულობს.

პირველი 10-12 ფოთოლი ნელა იზრდება, შემდეგ, ყოველ 1-2 დღეში ჩნდება ახალი ფოთლები. კიტრის ფოთლები შედარებით ნაკლები სიცოცხლის ხანგრძლივობით ხასიათდება, ისინი ცოცხლობენ არა უმეტეს 2 თვისა.

კიტრს სათბურში უმეტეს წილად აწარმოებენ ზამთარ-გაზაფხულის კულტურათა ბრუნვაში, იანვარ-თებერვლიდან ივლის-აგვისტომდე, უმეტესად გამოიყენება მოსავლიანი და დაავადებების მიმართ გამძლე ჰიბრიდები.

სათბურს კიტრისთვის ამზადებენ წინამდებარე კულტურის აღებისთანავე, აუცილებელია, ჩატარდეს სათბურის გრუნტის დეზინფექცია.

ნიადაგი

ნიადაგის სასურველი pH=6.5-7.

ნიადაგში მარილების საერთო შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ/ლ, ხოლო ცალკეული ელემენტებისა შემდეგ ნორმებს: Cl-180 მგ/ლ, N2O-180 მგ/ლ, SO4-350 მგ/ლ, Fe-1 მგ/ლ, Al-180 მგ/ლ, N, K2O, MgO შემცველობა არ უნდა აჭარბებდეს 20 მგ/ლ.

კიტრი საკმაოდ მომთხოვნია ნიადაგისადმი, ამიტომ მისი წარმოებისათვის საჭიროა ჩატარდეს ინტენსიური სამუშაოები გრუნტის მოსამზადებლად, რათა მივიღოთ კარგი და მდგრადი სტრუქტურის ნიადაგი.

ნიადაგის ოპტიმალური სტუქტურის პარამეტრები მოცემულია ცხრილში:

სათბური

ჩითილის გადარგვა

ჩითილის გადარგვის წინ შეაქვთ ორგანული სასუქი – ნაკელი ან კომპოსტი (20-25 კგ/მ2-ზე), რომელსაც თანაბრად ანაწილებენ გრუნტის ზედაპირზე და მინერალური სასუქები – ჩვეულებრივი სუპერფოსფატი 80 გ ან ორმაგი სუპერპოსფატი 4 გრ, შარდოვანა 30 გ ან 40 გ ამონიუმის გვარჯილა, კალიუმის სულფატი 30 გრ/მ2.

ჩითილის გადარგვის წინ, ნიადაგს მოასწორებენ ფოცხით და კარგად ატენიანებენ (ნიადაგის სასურველი ტენიანობა 75-80%). არაპარტენოკარპულ ჰიბრიდებს რგავენ რიგებად, რიგში ორ მწკრივად, რიგებს შორის მანძილი 100 სმ, მცენარეთა შორის 50X60 სმ (საშუალოდ 3 მცენარე 1 მ2-ზე).

პარტენოკარპულ (თვითდამტვერავ), გრძელნაყოფა ჯიშებს რგავენ რიგებად, V-სებურად გაყოფილი მხრებით, რიგთაშორის 150 სმ, ხოლო რიგში მცენარეთა შორის 50 სმ (1,4 მცენარე 1 მ2-ზე).

კიტრის ჩითილებს გადარგვის წინ რწყავენ, მთლიანად ასველებენ ჭიქას ან კასეტას, გადასარგავად არჩევენ ჯანმრთელ, კარგად განვითარებულ, ძლიერ მცენარეებს, მათ რგავენ ვერტიკალურად, წინასწარ გაკეთებულ ორმოებში.

შპალერი

გადარგულ ჩითილს რწყავენ და შემდეგ აბამენ თოკით მავთულის შპალერზე. შპალერი გაჭიმულია ნიადაგიდან 2 მ-ის სიმაღლეზე. ერთი ბოლო მიბმულია მავთულზე, ხოლო მეორე კი არამჭიდროდ მცენარეზე ან ნიადაგში ჩასობილ საგანზე.

ამავდროულად, დაუშვებელია თოკის ძლიერი დაჭიმვა, რადგან შპალერის რხევისას შეიძლება დავაზიანოთ ფესვთა სისტემა ან მცენარე ამოვგლიჯოთ მიწიდან.

არაპარტენოკარპული (მის დამტვერვას ახდენენ მწერები, არათვითდამტვერავი) ჯიშების ფორმირებას ატარებენ შემდეგნაირად – ზრდის საწყის ეტაპზე 3-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, ნამხრევებს და მდედრობით ყვავილებს აშორებენ, რათა მცენარე მომძლავრდეს და განვითარდეს. შემდეგ ზევით განვითარებულ ნამხრევებს შეატეხენ 2, ხოლო შპალერთან ახლოს 3 ფოთოლზე.

შპალერამდე მიღწეულ მთავარ ღეროს წვერს შეამტვრევენ, მის ზევით 3-4 ფოთლის დატოვებით. შემდეგ ზედა ფოთლებიდან განვითარებული ნამხრევებიდან ტოვებენ 2-3, რომლებსაც მავთულიდან უშვებენ ქვევით და შეტეხავენ ნიადაგიდან 1 მ სიმაღლეზე. ვეგეტაციის პერიოდში აშორებენ ნაყოფმოლეულ ღეროებს, ძველ და დაავადებულ ფოთლებს.

გრძელნაყოფა, პარტენოკარპული ჰიბრიდების ფორმირებას ახდენენ სხვანაირად. მცენარეებს 50-60 სმ სიმაღლემდე აცილებენ ყვავილებს და გვერდით ტოტებს, შემდეგი 4-5 ფოთლის იღლიებში ტოვებენ ნამხრევებს რომელსაც შეტეხავენ პირველ ფოთოლზე, მდედრობით ყვავილებს აშორებენ. შემდეგი 5-6 ფოთლის იღლიიდან განვითარებულ ნამხრევებს შეამტვრევენ 3-4 ფოთოლზე, მათზე 3-4 ნასკვის დატოვებით. ძირითად ღეროზე ტოვებენ 4-6 ნაყოფს.

მცენარის წვეროს შეტეხავენ შპალერის ზემოთ, მეოთხე ფოთოლზე, გადახრიან და მიაბამენ მავთულზე. ზედა 2-3 ფოთოლზე ტოვებენ ნამხრევებს, რომლებსაც ჩამოუშვებენ ქვევით და ახდენენ მის შეტეხვას ყოველ 50 სმ-ზე, გამგრძელებელი ნამხრევების დატოვებით.

ტემპერატურა

მსხმოიარობამდე აუცილებელია, სათბურში ჰაერის ტემპერატურა იყოს:

  • მზიან დღეებში 22-240C;
  • მოღრუბლულ ამინდში 20-220C;
  • ღამით 17-180C.

მსხმოიარობის პერიოდში ტემპერატურას უმატებენ (მზიან ამინდში 24-280C, მოღრუბლულში 21-230C, ღამით 18-200C). ნიადაგის ოპტიმალური ტემპერატურა 22-240C.

დაუშვებელია, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, რადგან ის იწვევს მცენარეთა დასუსტებას და დაავადებათა განვითარებას.

ტენიანობა

ჰაერის შეფარდებით ტენიანობაზეა დამოკიდებული მცენარეთა საკვები ელემენტებით მომარაგების ინტენსივობა. დაბალი ტენიანობის დროს, განსაკუთრებით ცხელ, მზიან დღეებში, მცენარეები ხარჯავენ ბევრ წყალს, რამაც შეიძლება მათი დაჭკნობა გამოიწვიოს. ამიტომ ჰაერის ტენიანობა პირველი ნაყოფების გამოჩენამდე უნდა იყოს 80-85%, ხოლო მსხმოიარობის დაწყებიდან 85-90%.

ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი ფაქტორების გარდა უფრო დაბალმა ტენიანობამ შეიძლება აბლაბუდა ტკიპას აქტიური განვითარებაც განაპირობოს.

ჰაერის ტენიანობის გასაზრდელად, საჭიროების მიხედვით მიმართავენ მცენარეთა დაწვიმებას მაღალი წნევით, წყლის უწვრილესი წვეთებით (10-20 მიკ) 30-60 წამის მანძილზე ან ატარებენ დამატენიანებელ მორწყვას.

მორწყვა

მილებით მორწყვისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს მთელი ზედაპირის თანაბრად დატენიანებას. სასურველია, მცენარეთა მორწყვა თბილი წყლით (20-250C), ყოველ 2-3 დღეში, მსხმოიარობის დაწყებიდან ყოველ დღე 5-10 ლიტრი წყალი 1 მ2-ზე.

წვეთოვანი მორწყვით კიტრს რწყავენ მსხმოიარობამდე ყოველ 1-2 დღეში მზის რადიაციაზე დამოკიდებულობით. ხოლო მსხმოიარობისას ყოველდღიურად. სარწყავი წყლის ნორმა 2-5 ლ/მ2.

ნახშირორჟანგი

სათბურში კიტრის მოსავალი 10-ჯერ აჭარბებს ღია გრუნტის მოსავალს, ამიტომ სასათბურე ჰიბრიდები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოიხმარენ CO2. მაღალი მოსავლის მისაღებად მისი შემცველობა ჰაერში უნდა იყოს 0,1-0,6%, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით საკმარისია 0,1-0,2%.

ინტენსიური ფოტოსინთეზისას და CO2 მიწოდების წყვეტისას, ნახშირორჟანგის შემცველობა ჰაერში მკვეთრად მცირდება 0,001%-მდე, რაც უარყოფითად მოქმედებს მცენარეზე. მისი გამოყოფა ჰაერში ხდება სათბურის გრუნტიდან, რომელშიც შეტანილი იყო ორგანული სასუქი.

მსხვილმასშტაბიან სათბურებში მიმართავენ ნახშირორჟანგით ჰაერის ხელოვნურ გამდიდრებას.

ხელოვნური დამტვერვა (ჯიშიდან გამომდინარე)

იმის გამო, რომ ზევით აღწერილი ჰიბრიდების უმეტესობა ჯვარედინად იმტვერება, აუცილებელია, მათი ყვავილების ხელოვნურად დამტვერვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუმტვერავი ყვავილები არ განვითარდება და ჩამოცვივდება. ამისთვის, სათბურის ყოველ 1000 მ2 ფართობზე ათავსებენ ერთ სკა ფუტკრის ოჯახს.

სკას ზამთარში დგამენ სამხრეთის მხარეს, ხოლო გაზაფხულ-ზაფხულში ჩრდილოეთით, ან დასავლეთით. გაზაფხულზე სკა უნდა დაიფაროს ღია ფერის საღებავით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მისი გადახურება. ფუტკრებისთვის საჭიროა დამატებითი გამოკვება.

სათბურებში ჰაერის მაღალი ტემპერატურის, ტენიანობისა და CO2 მაღალი კონცენტრაციის გამო, ფუტკრები მალე კარგავენ აქტიურობის უნარს, რის გამოც საჭიროა მათი შეცვლა.

კვების რეჟიმი

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კვების რეჟიმს. მცენარეებს კვებავენ ყოველ 7-10 დღეში, მინერალური სასუქებით. მსხმოიარობამდე მცირე, მსხმოიარობის დაწყებიდან კი გაზრდილი დოზებით.

მოთხოვნილება საკვებ ელემენტებზე განსაკუთრებით იზრდება მსხმოიარობისას. ყვავილობამდე მცენარე მოიხმარს მთელი ვეგეტაციის მანძილზე მოხმარებული საკვები ელემენტების რაოდენობის 10%-ს.

მსხმოიარობისას მცენარეთა ზრდის ტემპი კლებულობს, ძლიერდება ნაყოფის ზრდის პროცესი, ამიტომ ამ პერიოდში მცენარე მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი საჭირო რაოდენობის საკვები ელემენტებით. მათი დროებითი უკმარისობაც კი მაშინვე აისახება მცენარეზე _ კლებულობს ზრდის ტემპი, პატარა ზომის ნაყოფი უფერულდება, ყვითლდება, ჭკნება და ცვივა.

10 ლიტრ წყალში ხსნიან 10-15 გ შარდოვანას ან 15-20 გ ამონიუმის გვარჯილას, 20-30 გ სუპერფოსფატს, 15-20 გ კალიუმის ქლორიდს, ეს რაოდენობა საკმარისია 2-4 მ2-ზე.

მსხმოიარობის დაწყებამდე, საკვები ხსნარის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 0,5%-ს, ხოლო მსხმოიარობის დაწყებიდან 0,7%-ს. ფესვური გამოკვება უმჯობესია ჩატარდეს მზიან ამინდში.

განვითარების პირველ ეტაპზე კიტრი დიდი რაოდენობით მოიხმარს ფოსფორს, შედარებით ნაკლებად კალიუმსა და აზოტს. შემდგომ პერიოდში კი ეს თანაფარდობა იცვლება.

ხანგრძლივი, მოღრუბლული ამინდის შემთხვევაში, მიმართავენ უფესვო (არაფესვურ) გამოკვებას მიკრო და მაკროელემენტებით. უფესვო გამოკვებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ხსნარის კონცენტრაციას. მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ფოთლების დაწვა.

კიტრისთვის უფესვო გამოკვების ხსნარის კონცენტრაცია არის 0,25-0,3%. ამ მიზნისთვის იყენებენ წყალში ხსნად სასუქებს (კრისტალონი). დაუშვებელია უფესვო გამოკვება მაღალი ტემპერატურისას, მან შეიძლება ფოთლის დამწვრობა გამოიწვიოს. მზიან დღეებში გამოკვებას ატარებენ ადრე დილით, ან დღის მეორე ნახევარში.

ნაკლებად ნაყოფიერ, ჰუმუსით ღარიბ გრუნტში, მინერალური გამოკვების გარდა, შეაქვთ ორგანული სასუქი – წყალში გახსნილი წუნწუხი 1:5; 1:10 თანაფარდობით. ფესვებიდან და ფოთლებიდან გამოკვება ენაცვლება ერთმანეთს.

მოსავალი

გადარგვიდან 35-50 დღეში მცენარეებზე ფორმირდება პირველი, მოსახმარად ვარგისი ნაყოფი. მცენარის ზრდასთან ერთად მსხმოიარობა ინაცვლებს ღეროს ზედა ნაწილში. ამ დროს ქვედა ფოთლები ბერდება, უხეშდება, ყვითლდება, ასეთ ფოთლებს პერიოდულად აშორებენ.

გადაბერებული ფოთლები გვევლინება დაავადების წყაროდ, განსაკუთრებით მაღალი შეფარდებითი ტენიანობის დროს. მათ ჭრიან ბასრი დანით ან მაკრატლით, ძირში, ღეროს დაზიანების გარეშე, დღის პირველ ნახევარში. ეს ოპერაცია ხელს უწყობს ფოთლის იღლიებიდან ახალი ნამხრევების განვითარებას, რომლებიც ყვავილობენ და მსხმოიარობენ.

თავდაპირველად მოსავალს კრეფენ კვირაში 1-2-ჯერ, შემდეგ 3-ჯერ, დილის საათებში. კიტრს ჭრიან დანით ან წყვეტენ ხელით, მოქაჩვის გარეშე. ამავდროულად აუცილებელია, ყველა დეფორმირებული და დაავადებული ნაყოფის მოშორება. მოსავლიანობა 8-20 კგ-მდე 1 მ2-ზე.

ავტორი: ი. მჭედლიძე

იხილეთ აგრეთვე: კიტრი – გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება და ჯიშები

თქვენი რეკლამა