ბოსტნეული კულტურების სათესლე მასალის დასათესად მომზადება

1735 Views Comment Off

სათესლე მასალის სწორად და კარგად მომზადება ბოსტნეული კულტურების კარგი მოსავლის მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. მებოსტნეები სათესლე მასალის ხარისხის (თვისებების) გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ. ესაა სათესლის დაკალიბრება, შეწამვლა, მათი გაცხელება, დალბობა, გაღივება, გამოწრთობა, დასველება და სხვ. 


თესლის დაკალიბრება

თესლის მასასა და მის სათესლე თვისებებს შორის პირდაპირი კავშირია. ყველაზე მსხვილი, დიდი ხვედრითი წონის მქონე თესლი სამარაგო საკვები ნივთიერებების აუცილებელ ოდენობას შეიცავს და მაღალი სიცოცხლისუნარიანობა აქვს. თესვისთვის აუცილებელია ყველაზე მსხვილი და გამძლე თესლის გამოყენება.

მსხვილი თესლის (კიტრის, ყაბაყის) დაკალიბრება სათითაოდ შეიძლება, მსხვილი და მძიმე და მომცრო, დაზიანებული და სუსტი თესლების გადარჩევით. 

მშრალი გადარჩევის გარდა, თესლის სორტირებას 3%-იან ან 5%-იან მარილხსნარშიც (1 ლ. წყალზე 30-50 გრ. საკვები მარილი) აკეთებენ. კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნის, ყაბაყის, კომბოსტოს თესლს ჭურჭელში ყრიან, მარილხსნარს ასხამენ, ურევენ და შემდეგ 2-3 წუთის განმავლობაში აჩერებენ. ფუტურო და სუსტი თესლი ზედაპირზე ამოდის, ჩაძირულ, მძიმე თესლებს კი სუფთა წყალში ორჯერ რეცხავენ და დასათესად ისე იყენებენ. 

თესლის შეწამვლა და გაცხელება

თესლის ზედაპირზე შეიძლება ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადებების გამომწვევები იყოს. გარდა ამისა, სათესლე მასალაში შეიძლება გავრცელებული იყოს სხვადასხვა მავნებლები – ტკიპები და სხვ. 

დაავადებების გამომწვევების გასანადგურებლად, თესლის გაღივების უნარის ასამაღლებლად და კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნისა და სხვა ბოსტნეული კულტურების ახალგაზრდა აღმონაცენების დამაავადმყოფებელი ორგანიზმებისგან დასაცავად თესლს წამლავენ 20-30 წუთის განმავლობაში მანგანუმჟავა კალიუმის მუქ-შინდისფერ ხსნარში (1 გრ. მანგანუმი 1 ჭიქა წყალზე). შეწამვლის შემდეგ თესლი სუფთა წყალში კარგად უნდა გაირეცხოს. 

სათესლე მასალის დეზინფექციის ერთ-ერთი საშუალება მათი გახურებაა. მაგალითად, კომბოსტოს თესლს, ბაქტერიოზისა და სოკოვანი დაავადებების გამომწვევების დასაცავად, 48-500ჩ ტემპერატურის ცხელ წყალში 20-25 წუთის განმავლობაში აჩერებენ.

კიტრის თესლის შემთხვევაში მდედრი ყვავილების ფორმირების დასაჩქარებლად თესვის წინ თესლს 50-600ჩ ტემპერატურის წყალში სამი საათის განმავლობაში აცხელებენ. სითბური რეჟიმის შესანარჩუნებლად დასაშვებია ჩვეულებრივი თერმოსის გამოყენება. გახურების შემდეგ თესლი 2-3 წუთის განმავლობაში ცივ წყალში უნდა გაგრილდეს. 

თესლის გაღვივების უნარის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით თუ სათესლე მასალა ცივ პირობებში ინახებოდა, მას ჰაერზე, მზეზე აცხელებენ 3-4 დღის განმავლობაში. ამ პროცესის დროს თესლს პერიოდულად ურევენ. 

თესლის დალბობა

ბოსტნეული კულტურების სათესლე მასალის მომზადების შემდეგ თესლს, ჩვეულებრივ, ალბობენ, რაც მის ზრდას აჩქარებს და აღმონაცენების გაჩენას უწყობს ხელს. დამლბარი თესლის დათესვის შემთხვევაში აღმონაცენი 2-6 დღით ადრე ამოვა, ვიდრე მშრალი თესლის დარგვის შემდეგ. 

თესლის დასალბობად ჩვეულებრივი წყალგაყვანილობის, თოვლის ან წვიმის წყალს, ასევე სხვადასხვა საკვები ნივთიერებებით მომზადებულ წყალხსნარს იყენებენ. 

თესლის დასალბობად ძალიან ეფექტურია მიკროელემენტების ხსნარი. ასეთი ხსნარისთვის 1 ლ. წყალზე იღებენ: ბორის მჟავა – 0.3 გრ., მანგანუმჟავა კალიუმი – 0.2 გრ., გოგირდმჟავა კალიუმი – 0.25 გრ., გოგირდმჟავა თუთია – 0.05 გრ., ალუმინის მოლიბდატი – 0.1 გრ., აზოტმჟავა კობალტი – 0.05 გრ. 

თესლს დასალბობად ან უბრალოდ ყრიან წყალში და სველ ჩვარს აფარებენ ან სველი ქსოვილის ორ ფენაში ახვევენ. შესაძლებელია თესლი წყალში ქსოვილის ტომრითაც ჩაიდოს. 

სითბოსმოყვარული კულტურებისთვის წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს (18-200ჩ), დანარჩენებისთვის ნაკლებიც შეიძლება, თუმცა, არაუმცირეს 10-120ჩ-სა. ლბობის პროცესში წყალს დღე-ღამეში 1-2-ჯერ ცვლიან. 

თესლი წყალში სრულ გაჟღენთამდე უნდა გაჩერდეს. კიტრის, ყაბაყისა და გოგრის თესლი 12-15 საათში, ხოლო პომიდვრის, წიწაკისა და ბადრიჯნის თესლი – 24/48 საათში ლბება. 

თესლის გაღვივება

დამლბარი თესლი შეიძლება მაშინვეც დაითესოს, თუმცა, მებოსტნეთა უმრავლესობა ადრეული ნაყოფის მისაღებად დალბობის შემდეგ თესლს აღვივებს.

გაღვივება ბოსტნეული კულტურების უმრავლესობის აღმონაცენების გაჩენას აჩქარებს. თესლს სათესლე ყუთებში 20-250ჩ ტემპერატურაზე აღვივებენ. 

ყუთში ტენიან, წინასწარ დამდუღრულ ნახერხს ყრიან, ზედ ქსოვილს (პირსახოცი ან ტომრის ნაჭერი) აფენენ და თესლს თხელ ფენად აყრიან. ზემოთაც ქსოვილით ფარავენ და მას პერიოდულად (ყოველდღიურად მაინც) ხდიან და ჟანგბადის შეღწევადობის გასაუმჯობესებლად ურევენ და ისევ აფარებენ. 

თესლი აქამდე ღვივდება, სანამ 100-დან 3-5 თესლს ჩანასახოვანი ფესვები თესლის გარსს არ გახეთქავს. 
თესლის დალბობა და გაღვივება ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა შემდეგ ის ტენიან, თბილ ნიადაგში უნდა დაითესოს. 

თესლის გამოწრთობა

თესლისა და ამის მეშვეობით სითბოსმოყვარული კულტურების, როგორიცაა კიტრი, პომიდორი და წიწაკა, გამოწრთობა გარე ტემპერატურის დაცემისადმი მათ გამძლეობას საგრძნობლად ზრდის. 

თესლის გამოსაწრთობად მას წინასწარ წყალში ალბობენ, აღვივებენ და შემდეგ 3-5 დღის განმავლობაში 0-30ჩ ტემპერატურაზე აჩერებენ. 

თესლის დასველება 

თესლის შეღწევადობისა და აღმონაცენების გაჩენის დასაჩქარებლად ბოსტნეული კულტურების უმრავლესობის თესლებს წყლით ან საკვები ნივთიერებებიანი ხსნარით, მაგალითად, მიკროელემენტიანი ხსნარით ასველებენ. 

დამუშავების ხანგრძლივობა, პირველ რიგში, მცენარის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, პომიდვრის თესლის დამუშავების ხანგრძლივობა 12-20, კიტრის — 15-20, წიწაკის თესლის კი — 24-36 საათია. 

თესლის დამუშავების ეფექტურობის ზრდისთვის საჭიროა ხსნარის პერიოდული მორევა. 

თესლის დასასველებლად შეიძლება აკვარიუმის კომპრესორისა და მაღალი, ვიწრო ქილის გამოყენება. ქილაში ხსნარს მისი მოცულობის 2/3-ზე ასხამენ, ქილის ძირზე კომპრესორის ბოლოს უშვებენ, შემდეგ თესლს ყრიან და კომპრესორს რთავენ. კომპრესორიდან მომავალ რეზინის შლანგზე შეიძლება საწური იყოს დამაგრებული. ამ შემთხვევაში თესლი ჩაიყრება საწურში და ჩაეშვება ხსნარიან ჭურჭელში.

თესლის დასველების ეფექტი დაახლოებით იგივეა, როგორიც თესლის გაღვივების დროს.

meurne.sknews.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
236 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB