ბოლოკი – თესვა, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

634 Views

ბოლოკი ჩვენში გავრცელებული ბოსტნეულია. ის საქართველოს ყველა ზონაში მოჰყავთ.

ბოლოკის მნიშვნელობა ადამიანის კვების რაციონში იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზმს ამარაგებს მისთვის ძვირფასი ქიმიური შენაერთებით და ფერმენტებით. რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

ჩვენში გავრცელებული ბოლოკები იყოფა ორ ჯგუფად: ბოლოკად და თვის ბოლოკად.

ბოლოკი მიეკუთვნება იმავე სახეობას და გვარს, რასაც თვის ბოლოკი და ბოტანიკური თვალსაზრისით მისგან მცირედ განირჩევა. არსებობს გარდამავალი ჯიშები ბოლოკსა და თვის ბოლოკს შორის.

ასეთია, მაგალითად, ჩინური (წითელი) ბოლოკი, რომელიც ძლიერ გავრცელებული საშემოდგომო კულტურაა ჩვენს საგარეუბნო მეურნეობებში, ის იგივე თვის ბოლოკია. მაგრამ, მასთან შედარებით, უფრო მსხვილია და ზრდის უფრო გრძელი პერიოდი აქვს.

განვითარების ციკლის მიხედვით, ბოლოკის კულტურული ფორმები იყოფა ორ ჯგუფად: ორწლიან მცენარეებად – ბოლოკად და ერთწლიან მცენარედ – თვის ბოლოკად.

საჭმელად იხმარება ბოლოკის ძირხვენა ნედლი სახით. მდიდარია ნახშირწყლებით, ვიტამინებით და მინერალური მარილებით. სუნი გამოწვეულია მასში ბოლოკის ეთერის ზეთის არსებობით.

ბოლოკი შეიცავს – 13,1 % მშრალ ნივთიერებას, – 1,9 % აზოტს, 8,1 % – ნახშირწყლებს, მათ შორის 1,6 % უჯრედისსა და 1,1 % ნაცარს. შეიცავს C ვიტამინს.

ბოლოკი

ბიოლოგიური დახასიათება

ბოლოკი ჯვარედინად დამტვერავი ორწლიანი მცენარეა. პირველ წელს ივითარებს ფოთლების როზეტს და ძირხვენას, ხოლო მეორე წელს იღებს საყვავილე ღეროს და იძლევა თესლს.

ბოლოკის თესლი მუქია, დაკუთხული და წვრილი. ერთი კილოგრამი საშუალოდ 120-150 ათას ცალს შეიცავს. ლებნის ფოთოლაკები შებუსულია და ღია მწვანე, ნამდვილი ფოთოლი მეტად გაშლილი, ძლიერ განკვეთილი და უხეშძარღვიანი.

ბოლოკის ფოთოლს შვიდ წყვილზე მეტი ნაკვთი აქვს. ძირხვენა მრგვალი ან გრძელია, თეთრი ან შავი.

ჯიშები  

მომწიფების დროის მიხედვით ბოლოკის ჯიშები იყოფა საზაფხულო, საშემოდგომო და საზამთრო ჯიშებად. სამრეწველო ჯიშებიდან უფრო მეტად გავრცელებულია მაისის თეთრი, საზამთრო მრგვალი თეთრი, საზამთრო მრგვალი შავი და სხვა.

ბოლოკი

დამოკიდებულება გარემო პირობებთან

ბოლოკის ღივი ყინვებს -40C, -50C –ის ფარგლებში კარგად იტანს, მაგრამ აღმონაცენის ყინვებში მოხვედრა არ არის სასურველი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ პირველ წელს არ ივითარებს საყვავილე ღეროს, დაბალი ტემპერატურის ხანგრძლივი და ნიადაგის ტენიანობის მიმართ მაღალი მომთხოვნია, გამკვრივებულ ნიადაგებზე სქელი ნათესი ტენის სიმცირისას ნორმალურ ძირხვენას არ ივითარებს და კორდზე ადრე ყვავილობს.

აქედან გამომდინარე, ბოილოკები, გარდა მაისის თეთრი ჯიშისა, გაზაფხულზე უნდა დაითესოს. სათესლედ მოყვანის დროს კი მაისის თეთრი ჯიშიც უნდა დავთესოთ ზაფხულში.

ბოლოკისათვის საუკეთესოა ღრმა სახნავი ფენის მქონე, ორგანული ნივთიერებით მდიდარი, ტენიანი, თიხნარი ნიადაგები.

ადგილი თესლბრუნვაში

თესლბრუნვაში თავსდება ძირხვენებთან ერთად.

განოყიერება

ბოლოკის მიმართ ორგანული სასუქი არ შეაქვთ, მაგრამ, თუ ნიადაგი ძლიერ ღარიბია, მიზანშეწონილია გადამწვარი ნაკელის შეტანა 40-50 ტონის რაოდენობით ერთ ჰექტარზე.

წინა წლებში ორგანული სასუქით კარგად განოყიერებულ ნიადაგზე მინერალური სასუქები ჰექტარზე შეაქვთ შემდეგი რაოდენობით: აზოტი არა უმეტეს 40-50 კგ-ისა. ხოლო ფოსფორიანი 80-90 კგ და კალიუმიანი 40-45 კგ/ჰა-ზე (მ.ნ).

ბოლოკი

აგროტექნიკა

ბოლოკისათვის ნიადაგის დამუშავება ჩვეულებრივია. თესვას აწარმოებენ 4-5 მწკრივიან ზოლებად, მათ შორის 50 სმ, ხოლო მწკრივებს შორის 25 სმ დატოვებით. თესვის ვადა დამოკიდებულია ჯიშზე, მოყვანის ადგილსა და პროდუქტის მოხმარების დონეზე.

ადრე მოსახმარად, მაგალითად მაისის ბოლოკი, შეიძლება დავთესოთ ადრე გაზაფხულზე, ხოლო შემოდგომაზე და ზამთარში მასობრივად ცივ რაიონებში – ივლის – აგვისტოში, თბილ რაიონებში კი აგვისტო – სექტემბერში. თესლი უნდა ჩავთესოთ 1,5-2 სმ სიღრმეზე.

მშრალ გვალვიან რაიონებში ნაგვიანევი თესვა უნდა ჩავატაროთ წვიმის ან მორწყვის შემდეგ. თესვის ნორმა, თესვის წესის მიხედვით, ცვალებადობს 5-8 კგ-მდე ჰექტარზე.

ბოლოკი აღმოცენებას იწყებს დათესვიდან 4-5 დღის შემდეგ. აღმოცენებიდან 10-15, ხოლო საგვიანო ჯიშები 15-20 დღის შემდეგ უნდა გავამეჩხეროთ. გამეჩხერბისას მწკრივში მცენარეები ერთმანეთს უნდა დავაშოროთ: საადრეო ჯიშები – 12-15, ხოლო საგვიანო ჯიშები – 15-20 სმ.

ბოლოკი

მწკრივები ერთმანეთს უნდა დავაშოროთ 15-25 სმ-ით.

თესვის ნორმა 1 ჰა-ზე მწკრივად თესვისას 6 კგ-ია. მობნევით თესვისას – 8 კგ. ადრეულ ნათესს შეიძლება დასჭირდეს ერთი გამარგვლა, ერთი მორწყვა და გაფხვიერება.

ნათესების გათოხნა და გაფხვიერება ვეგეტაციის განმავლობაში წარმოებს 2-3 –ჯერ, გვალვიან რაიონებში 1-2 –ჯერ მორწყვაც ჭირდება.

მოსავლის აღება

ბოლოკის აღებას იწყებენ იმ დროს, როდესაც ძირხვენა მიაღწევს სამეურნეო ვარგისიანობას. მცენარეებს თხრიან, ძირხვენას დაუზიანებლად აჭრიან ფოჩს და ინახავენ საზამთროდ სხვა ძირხვენების მსგავსად.

იღებენ ნოემბერ-დეკემბერში.

ბოლოკი

სოფლის მეურნეობის საფუძვლები / ზაირა ტყებუჩავა, გივი ცაგურიშვილი, ცოტნე სამადაშვილი და სხვები.

იხილეთ აგრეთვე: თვის ბოლოკი – თესვა, მოვლა – მოყვანა

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB