ჟოლოს დასარგავად ნაკვეთის შერჩევის ფაქტორები

ჟოლოს

ჟოლოს დასარგავად ნაკვეთის შერჩევისას საჭიროა რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება:

  • ნიადაგის ტიპი და მისი ნაყოფიერება;
  • დრენაჟის სისტემა, ქარისგან დაცულობა;
  • მზით განათება;
  • წყლის ხელმისაწვდომობა;
  • წინამდებარე კულტურების სახეობა.

ჟოლოს დასარგავად შერჩეულ ადგილს მთლიანად უნდა ხვდებოდეს მზის სინათლე. უნდა შეირჩეს დრენაჟის კარგი უნარის მქონე, ბუნებრივად ნაყოფიერი, ორგანული ნივთიერებების მაღალი შემცველობის (2-4%) ნიადაგი, რომლის pH-ის მაჩვენებელი 6.0-იდან და 7.0-მდეა.

ჟოლოსთვის უფრო ხელსაყრელია ქვიშნარი ან მსუბუქი თიხნარი სტრუქტურის მქონე ნიადაგი, თუმცა კარგად ხარობს, ასევე, დრენაჟის კარგი უნარის მქონე თიხიან ნიადაგებზეც.

ნაკვეთის შერჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია წყლის დრენაჟის საკითხი, ვინაიდან ჟოლოს ფესვთა სისტემა ნიადაგში 1 მეტრის სიღრმეზე ვრცელდება.

ჟოლოს არაერთი ჯიში მგრძნობიარეა ფიტოფტორით გამოწვეული ფესვის სიდამპლისა და ნიადაგის სხვა სოკოვანი დაავადებების მიმართ (მაგალითად, Fusarium, Verticillium), რომლებიც მრავლადაა არასათანადო დრენაჟის მქონე ნიადაგებში.

გრუნტის წყლების დონე არ უნდა აღწევდეს ნიადაგის ზედაპირიდან 1 მეტრის სიღრმეზე. ასევე, უნდა მოერიდოთ წყალშეუღწევი ქვენიადაგის მქონე ადგილებს.

ჟოლოს გასაშენებლად დაგეგმილ ნაკვეთზე წყლის დრენაჟის სისტემის შემოწმება შესაძლებელია მარტივი მეთოდით. ნაკვეთზე საცდელი მიზნით ამოიღეთ რამდენიმე, დაახლოებით, 75 სმ სიღრმის და 15 სმ სიგანის ორმო გაზაფხულის დასაწყისში ან შემოდგომის ბოლოს, როდესაც ნიადაგი გაჯერებულია წყლით, მაგრამ არ არის გაყინული.

ორმოში ჩაასხით 20 ლიტრი წყალი და ერთი საათის შემდეგ შეამოწმეთ. თუ წყალი ორმოს ძირში დაგუბდა, ადგილის დრენაჟის უნარიანობა არასაკმარისია და ჟოლოს გასაშენებლად ნაკლებად გამოდგება.

ჟოლო უნდა გაშენდეს სწორ ან ოდნავ დაქანებულ (<8 %) მიწის ფართობებზე. ნიადაგის ეროზიის თავიდან ასაცილებლად რიგები უნდა მოეწყოს დაქანების საწინააღმდეგო მიმართულებით.

ძალიან მნიშვნელოვანია ნარგავების ირგვლივ ჰაერის სათანადო მოძრაობა. ჰაერის მოძრაობა ხელს უწყობს ფოთლების ზედაპირის გაშრობას და ამცირებს დაავადების ხელშემწყობი პირობების წარმოქმნას. ჰაერის ცირკულაცია, ასევე ამცირებს მცენარეების გაყინვის საფრთხეს.

როდესაც მცენარეები დარგულია შედარებით მაღალ, დაქანებულ ნაკვეთზე, ცივი ჰაერი ფერდობიდან მიემართება ყველაზე დაბალი წერტილისკენ. თუ არ დაგუბდა ცივი ჰაერი ქვედა ადგილებში, ნაკლებ სავარაუდოა გვიანი გაზაფხულის ყინვებით ნარგავების დაზიანება. მეორე მხრივ, ჟოლო დაცული უნდა იყოს ძლიერი ქარისგან, რომელიც ამცირებს მცენარეთა სიძლიერეს და აფერხებს ღეროს ზრდას.

ასევე, საჭიროა ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინება დასარგავი ადგილის განსაზღვრისას. როგორც წესი, ჟოლო უკეთესად იზრდება ჩრდილოეთ ფერდობებზე.

ახალი პლანტაცია მაქსიმალურად უნდა იყოს დაშორებული გარეული ჟოლოსგან. ნარგავიდან 300 მეტრის მანძილზე გარეული ჟოლო უნდა მოაცილოთ, რათა არ მოხდეს ახალ ნარგავებში ბუგრით ან ციკადებით გადამტანი ვირუსული დაავადებების გავრცელება.

ჟოლოს დარგვა მიზანშეწონილია არ არის ისეთ ადგილებზე, სადაც მანამდე დარგული იყო მარწყვი, პომიდორი, კარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა ან ჟოლო და მაყვალი.

ჩამოთვლილი მცენარეები მგრძნობიარეა ვერტიცილიოზური ჭკნობისადმი, დაავადების გამომწვევი სოკო ნიადაგში შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში დარჩეს და დააავადოს ახალდარგული ჟოლო.

ავტორი: დევიდ პიჩა.

იხილეთ აგრეთვე: ჟოლო – დარგვა, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა