უნაბი (ორნაბი) დარგვა, მოვლა-მოყვანა, გამოყენება

უნაბი, ზიზიფუსი, ორნაბი

უნაბი (იმერული, გურული – ურნაბი, ორნაბი; მეგრული – ურნაბი, ბურნაბი. ჩინური ფინიკი, ლათ. Zízíphus ) ხეჭრელისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, ფოთოლმცვენი ბუჩქი ან ხეა.

ყველაზე ცნობილი სახეობა „იუბა“ (ლათ. Zizyphus jujuba) საშუალოდ 3-8 მეტრის სიმაღლის ხეა. კვერცხისებრი, ოვალური ან ლანცეტა ფოთოლით, ორსქესიანი, ჯვარედინდამტვერვადი ყვავილით.

ყვავილობს მაისში, ყვავილობა 1,5—2 თვეს გრძელდება.

გავრცელება

უნაბის კულტურული სახეობები ფართოდ არის გავრცელებული: სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში (ხმელთაშუაზღვისპირეთი), იაპონიაში, ავსტრალიის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში.

კულტივირებულია აგრეთვე ცენტრალურ აზიაში და კავკასიაში. საქართველოში მსხვილნაყოფა უნაბის ცნობილი ჯიშები: ტა-იან-ძაო და ლი 1930 წელს კალიფორნიიდან შემოიტანეს.

ქიმიური შემადგენლობა

ნაყოფის მშრალ რბილობში არის:

  • 40%-მდე ნახშირწყლები;
  • 5%-მეტი პროტეინი;
  • 1,5% ქარვის და ვაშლის მჟავები;
  • 5,8%-მდე – პექტინოვანი ნივთიერებები;
  • 2%-ზე მეტი ფისები;
  • 1,2% მთრიმლავი ნივთიერებები.

ნაყოფები ძალიან მდიდარია ვიტამინებით C ვიტამინის შემცველობით უნაბი ასკილსა და ნიგოზს უახლოვდება. გარდა ამისა, შეიცავს B და K ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კაროტინს და სხვა. ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას.

უნაბის სასარგებლო თვისებები

ამჟამად მეცნიერული მედიცინასაც მოეპოვება კლინიკური ცდებით დადასტურებული მონაცემები იმის შესახებ, რომ უნაბის ნაყოფს ჰიპოტენზიური და შარდდამდენი თვისება გააჩნია.

ცალკეული ექიმები წარმატებით მკურნალობენ ჰიპერტონიას. ხშირ შემთხვევებში სისხლის წნევა მნიშვნელოვნად და მყარად შეუმცირდა ბევრ ავადმყოფს უნაბის ნაყოფით ჩატარებული სპეციფიური მკურნალობის შედეგად.

ნაყოფები უხსოვარი დროიდან გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი, მატონიზებელი, საფაღარათო და შარდმდენი საშუალება. ხველებისა და ფილტვის დაავადებათა სამკურნალოდ, გამოიყენება უნაბის ფოთლები.

იჭმევა უმი, დაჩირებული, გამომშრალი და დაკონსერვებული. იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში და სასმელებში.

უნაბის ძირითადი აგროტექნოლოგია

შუა აზიის და ამიერკავკასიის მთებში იგი ზღვის დონიდან 1500 მეტრამდე სიმაღლეზეა აღრიცხული. ფრიად გვალვაგამძლე მცენარეა, ამავე დროს -250 C ყინვასაც იტანს.

ნიადაგი

უნაბი ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის (დამლაშებული და გრუნტის წყლებთან ახლოს მყოფი ნიადაგების გარდა), მაგრამ ყველაზე კარგად თიხნარ ნიადაგებზე ხარობს. მისთვის საუკეთესოა ნეიტრალური ან სუსტი ტუტე ნიადაგის არეს რეაქცია pH = 7-8.

გამრავლება

უნაბს ძირითადად ამრავლებენ თესლით და მყნობით.

• თესვა

თესლით გამრავლებისას, როგორც წესი ახდენენ მის სტრატიფიკაციას (თესლის წინასწარი დამუშავების ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდი. ეს არის თესლის შერევა ნოტიო სუბტრატში – ტორფი, პერლიტი, ნახერხი, ქვიშა და სხვა. ამ დროს ხდება ბუნებრივი პირობების სიმულაცია).

ძირითადად სტრატიფიკაციას ახდენენ შემოდგომაზე 8-100C ტემპერატურაზე 2-3 თვის განმავლობაში. თესავენ ადრე გაზაფხულზე, შემთბარ ნიადაგში, 3-4 სმ-ის სიღრმეზე.

• დარგვა

რგავენ ძირითადად ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომით (ამ შემთხვევაში, ნერგი უმჯობესია კარგად იყოს დაფესვიანებული).

ორმოს ამოღებისას, ზედა ნაყოფიერი ფენა ცალკე დაყარეთ, ქვედა ცალკე. დარგვისას ორმოს ფსკერზე გააკეთეთ პატარა გორაკი (ძალიან მცირე), რათა ფესვები მის გარშემო თანაბრად გადაანაწილოთ.

პირველ რიგში ზედა, ნაყოფიერი ფენა დააყარეთ, თუ ნიადაგი ღარიბია შეურიეთ გადამწვარი ნაკელი. შემდეგ დააყარეთ ქვედა ფენა, დატკეპნეთ და კარგად მორწყეთ. დარგვიდან 3-4 დღის შემდეგ განმეორებით მორწყეთ. მყნობის ადგილი მიწიდან ოდნავ მაღლა უნდა იყოს (ისე რომ ჩანდეს).

მაღალი ნაყოფიერებისთვის უკეთესი იქნება თუ რამდენიმე სხვადასხვა ჯიშს დარგავთ.

• მოვლა

პირველ წელს უნაბი ნელა იზრდება, ამიტომ მის გასხვლა-ფორმირებას დარგვიდან ერთი წლის შემდეგ იწყებენ. ფორმირებისთვის, ღეროზე, კენწეროს პინცირებას (წაჩქმეტა) ახდენენ და ტოვებენ 3-5 ღეროს გარშემო თანაბრად განლაგებულ ძირითად (ჩონჩხის) ტოტს. შემდეგ წლებში დრო და დრო სანიტარულ გასხვლებს ატარებენ.

პირველ წელს უნაბს უხვი მორწყვა სჭირდება (ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალი არ დადგეს), ყვავილობის პერიოდში აჯობებს თავი შევიკავოთ მორწყვისგან, თუ გვალვიანი წელიწადი არ არის.

ერთი წლის შემდეგ კარგი იქნება, თუ გადამწვარ ნაკელს მოვაყრით. დარგვის მეოთხე წლიდან, ყოველ წელს გაზაფხულზე საჭიროა უნაბის კვება, იმ ორგანული ან მინერალური განოყიერების საშუალებებით, რომელსაც ხეხილოვანი კულტურებისთვის ვიყენებთ.

დარგვის სქემა – ბაღის გაშენებისთვის

დარგვის სქემა: რიგთაშორის 5-6 მეტრი, რიგში მცენარეთა შორის 4-5 მეტრი (4 X 6მ; 4 X 5მ; 5 X 5მ ). დასარგავი ორმო 70 X 70 X 70 სმ.

მოსავალი

ნიშანს (პირველი რამდენიმე ნაყოფი) უნაბი ძირითადად პირველივე წელს იძლევა, ნაყოფირება 2-3 წელს იწყება, სრულ ნაყოფირებას საშუალოდ (ჯიშის მიხედვით) 7-10 წლის ასაკში აღწევს.

მოსავალი, სრული ნაყოფიერების პერიოდში, ბაღის ტიპისა და ჯიშის მიხედვით ერთ ხეზე 15-40კგ-ს შეადგენს.

გისურვებთ წარმატებებს!

იხილეთ აგრეთვე: უნაბი – სამკურნალო მცენარე

თქვენი რეკლამა