უეკლო მაყვლის წარმოების აგროტექნოლოგია

2001 Views

კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება

მაყვალი ფართოდ გავრცელებული მცენარეა, უმეტესად ბუჩქებია, აქვს ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები.

პირველი წლის ყლორტებზე მხოლოდ ფოთლებია, მეორე წლის ყლორტებზე კი — ყვავილები და ნაყოფები. ყვავილები მარტოულია, უფრო იშვიათად ყვავილედებად შეკრებილი.

ცნობილია კულტურული მაყვლის დაახლოებით 300- მდე ჯიში. მაყვლის 200-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 37 სახეობა გვხვდება, მათგან 27 საქართველოს ენდემია.

იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ხარობს ზომიერ ჩრდილში. ყვავის მაისიდან აგვისტომდე. ნაყოფი მწიფდება დაყვავილებიდან დაახლოებით 1 თვეში.

ღეროს ზრდის თავისებურებების მიხედვით განასხვავებენ მაყვლის სამ ფორმას. ესენია: სწორმდგომი, ნახევრად სწორმდგომი და მხვიარა.

მსხმოიარობის მახასიათებლების საფუძველზე მაყვლის ჯიშები ჯგუფდება ორ ნაწილად, ესენია: მეორე წლის ტოტებზე მსხმოიარე (floricane) და პირველი წლის ტოტებზე მსხმოიარე (Primocane).

კულტურის ზოგადი დახასიათება

უეკლო, მაყვალი

დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი

მაყვლის მაღალი მოსავალი მიიღება ნაყოფიერ, ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებზე, მძიმე თიხნარ და მაღალკარბონატულ ნიადაგებზე მოსავლიანობა კლებულობს.

მაყვალი მომთხოვნია ნიადაგის ტენიანობის მიმართ, ამიტომ იგი სარწყავ ნაკვეთებში უნდა გავაშენოთ. მაყვლის გასაშენებლად უნდა გამოვყოთ ღრმა და ნაყოფიერი ნიადაგები, საუკეთესოა, როდესაც ნიადაგის pH-ის მაჩვენებელი მერყეობს 6.0- 7.0-ს შორის.

მაყვალი კარგად ხარობს შავმიწა ნიადაგზეც, რომლის კარბონატული ფენა 1,2-1,3 მეტრით დაბლა გადის. ქვენიადაგი უნდა ატარებდეს ჰაერსა და წყალს. ძალზე მძიმე თიხნარი ნიადაგები მაყვლის სამრეწველო წარმოებისთვის არ გამოდგება.

ქიმიური შემადგენლობა

მაყვლის ღერო და ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ნაყოფი შეიცავს 4-8% შაქრებს, 0,6—1,4% მჟავებს, ჩ ვიტამინს და კაროტინს.

მაყვლის გავრცელებული ჯიშები

მაყვალი, უეკლო, ბაღი

ადგილი თესლბრუნვაში

მაყვლისათვის სასურველი წინამორბედი კულტურებია: მარცვლეული და ტექნიკური კულტურები, არაა რეკომენდირებული პარკოსანი მცენარეების გაშენება რიგთაშორისებში.

მაყვლის დარგვა მიზანშეწონილი არ არის ისეთ ადგილებზე, სადაც მანამდე დარგული იყო მარწყვი, პომიდორი, კარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა და ჟოლო, რადგან არ მოხდეს ვირუსული დაავადებებისა და მავნებლების გადატანა ახალ ნარგავებში.

თუ მაყვლის პლანტაციის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა მაყვალი ან ჟოლო, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა მაყვლის პლანტაციის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების გავრცელების რისკები.

ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა

რელიეფი და ნიადაგის pH მაყვლის გასაშენებლად უნდა შეირჩეს კარგად განათებული, სწორი ან ოდნავ დაქანებული მიწის ნაკვეთი. აუცილებელია ნარგავების გარშემო უზრუნველყოფილი იყოს ჰაერის სათანადო მოძრაობა.

ჰაერის მოძრაობა ამცირებს ტენიანობას მცენარეთა გარშემო და ხელს უშლის ფოთლების დაავადების ხელშემწყობი პირობების შექმნას. ჰაერის მოძრაობა, ასევე, ამცირებს გაზაფხულზე მცენარეების მოყინვის საფრთხეს. ბორცვიან და მთიან ნაკვეთებში მაყვალი, როგორც წესი, ყველაზე კარგად იზრდება დაცულ ჩრდილოეთ ფერდობებზე, შესაძლებელია ასევე სამხრეთის ფერდობების გამოყენებაც.

მაყვლისთვის ხელსაყრელია ქვიშნარი ან თიხნარი ნიადაგი, თუმცა ის კარგად ხარობს, ასევე, კარგი დრენაჟის მქონე თიხიან ნიადაგზეც. ნაკვეთის შერჩევისას წყლის დრენაჟის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მაყვლის ფესვთა სისტემა ნიადაგში 1 მეტრის ან მეტ სიღრმეზეა განვითარებული.

მიზანშეწონილი არ არის მაყვლის გაშენება ქვედა შეუღწევი შრის მქონე ნიადაგის ნაკვეთზე. ნარგავებზე დაავადების გავრცელების პროფილაქტიკისთვის ნაკვეთიდან 300 მეტრის ფარგლებში საჭიროა ტყის კენკრის ნარგაობის მოცილება. ახალი ნერგები უნდა დაირგოს რაც შეიძლება შორს ველური მაყვლისა და ჟოლოსგან.

მაყვალი არ უნდა დაირგას ხეების რიგების ან შენობების ჩრდილში. საუკეთესოა დრენაჟირების კარგი სისტემის მქონე, ბუნებრივად ნაყოფიერი, მაღალი ორგანული ნივთიერებებით მდიდარი (2-4%-იანი) ნიადაგი, სადაც pH-ის მაჩვენებელი მერყეობს 6.0-სა და 7.0-ს შორის.

იმ შემთხვევაში, თუ მაყვლის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის მაყვლის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება.

მოკირიანების ან ph ცვლილების სხვა ღონისძიების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება

ნიადაგის ძირითადი დამუშავებისთვის – მაყვლის პლანტაციის გასაშენებლად – ნაკვეთი, საუკეთესო შემთხვევაში, უნდა შეირჩეს მცენარეების დარგვამდე ერთი წლით ადრე.

ნაკვეთის მოსამზადებლად და ნიადაგის დასამუშავებლად საჭიროა სათანადო დრო. მიწის მომზადების სამუშაოები შეიძლება მოიცავდეს ნიადაგის დრენაჟის გაუმჯობესებას, ph -ის შეცვლას, ნიადაგში საკვები ნივთიერებების და ორგანული სასუქის შეტანას და მრავალწლიან სარეველებთან ბრძოლას.

მაყვლის დარგვამდე ნაკვეთი უნდა გაიწმინდოს წინა კულტურის დარჩენილი ნებისმიერი ნარჩენებისგან. ნიადაგი უნდა მოიხნას ან დამუშავდეს შემოდგომაზე, მომავალ გაზაფხულზე მაყვლის დასარგავად.

მაყვლის გასაშენებელი ნაკვეთი უნდა მოიხნას, დაიფარცხოს, საფუძვლიანად დამუშავდეს (როტაციული კულტივატორით) სულ მცირე 30 სანტიმეტრის სიღრმეზე. იმ შემთხვევაში თუ ქვენიადაგი გარკვეულწილად შეუღწევადია, ქვენიადაგის სიღრმისეული გაფხვიერება მოხვნამდე, გაზრდის მის შეღწევადობას.

ქვენიადაგის დამუშავება ხდება სას. სამ. იარაღის (ჩიზელი, ღრმად გამაფხვიერებელი ) გამოყენებით, რომელიც ამუშავებს ნიადაგს და ქმნის 75-100 სმ სიღრმის ვიწრო არხს. ჩიზელი, ღრმად გამაფხვიერებელი შლის ნიადაგის ქვედა ნაწილში განლაგებულ გამკვრივებულ შრეს. ქვენიადაგის დამუშავება ნაკვეთზე ორჯერ უნდა ჩატარდეს 90 გრადუსიანი კუთხით.

ნიადაგის დარგვიწინა მომზადება

მაყვლის პლანტაციის გასაშენებლად, მაყვლის დარგვამდე, უნდა დაირგას ტექნიკური კულტურები ან დაითესოს მარცვლეული. ეს, განსაკუთრებით, რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთზე მანამდე მოჰყავდათ კორდი ან შინაური ცხოველებისთვის საკვებად განკუთვნილი პარკოსანი მცენარეები.

ნაკვეთის მომზადების და ნიადაგში საჭირო დანამატების შეტანის შემდეგ ეწყობა გასაშენებელი რიგები ან კვლები. მაყვალი შეიძლება დაირგას სწორ ზედაპირზე, კარგი დრენაჟის პირობებში.

არასასურველი დრენაჟისას მაყვალი უნდა დაირგას შემაღლებულ კვლებზე, რომლებიც ეწყობა, დაახლოებით, 25 სმ-ის სიმაღლის და მინიმუმ 75 სმ. სიგანის მქონე ზოლებად. კვლების ცენტრებს შორის მანძილი, სულ მცირე, 3.0 მეტრს უნდა შეადგენდეს.

ამის შედეგად საკმარისი ფართობი დარჩება რიგთაშორისების დასამუშავებლად და აგროტექნიკური ღონისძიებების ჩასატარებლად (განოყიერება, შესხურება, მოსავლის აღება). მანძილი რიგებს შორის, ასევე დამოკიდებულია ნარგავის მოვლისთვის გამოყენებული სას. სამ. ტექნიკის გაბარიტებზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელი იყოს მცირე მოდების განის კულტივატორის გამოყენება.

დაქანებულ ფართობზე ნარგავები კონტურულად უნდა დაიგეგმოს და რიგები განლაგდეს ფერდობის პერპენდიკულარულად, ნიადაგის ეროზიის შესამცირებლად.

გაშენებისას ნაკვეთში შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით.

მაყვლის პლანტაციის გაშენება

მაყვლის ნაკვეთის გაშენების რამდენიმე მეთოდი არსებობს. სარგავ მასალად შეიძლება ნერგის სახით სტანდარტული ნერგის, ფესვების, ინვიტრო ნერგების ან მწვანე ნერგის გამოყენება. ნერგი ყოველთვის უნდა იყოს სერტიფიცირებული, უვირუსო და მიღებული უნდა იყოს მხოლოდ სანდო სანერგეებიდან.

მაყვლის სარგავი მასალის ფესვთა სისტემა დარგვამდე ტენიან მდგომარეობაში უნდა შენარჩუნდეს. ნერგის ფესვის გამოშრობა მნიშვნელოვნად შეამცირებს მის სიცოცხლისუნარიანობას. ფესვთა სისტემის გაუწყლოების პრევენცია შესაძლებელია ნერგის მთლიანად წყალში დასველებით, ზოგჯერ დარგვამდე ფესვების დროდადრო დასველებით და ღეროს მზის პირდაპირი შუქისგან დაცვით.

მაყვლის დასარგავი მასალა დარგვამდე უნდა ჩაეშვას ფუნგიციდურ ხსნარში (მაგ. როდომილ გოლდი), რათა მინიმუმამდე შემცირდეს ფესვის სიდამპლის განვითარება.

ნერგის ხარისხი

რეკომენდირებულია სერტიფიცირებული, საღი და უვირუსო სარგავი მასალის გამოყენება. უმეტესად გამოიყენება 1 წლის ნერგები, 25 სმ. სიგრძის ფესვებით.

დარგვის სქემები:

→ ნახევრად-ამართული მაყვლის ჯიშებისათვის: რიგებს შორის 0,9-1,2 მეტრი და მცენარეებს შორის კი 1,2-1,8 მეტრი.

→ ხვიარა მაყვლის ჯიშებისათვის: რიგებს შორის 2,5 მეტრი და მცენარეებს შორის კი 1,2-1,8 მეტრი.

→ მაყვლის დარგვის სქემა და რიგებს შორის რეკომენდებული მანძილი განსხვავებულია ნერგის ტიპის, ფორმირების მეთოდების და ხელმისაწვდომი სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის გაბარიტებიდან გამომდინარე.

→ როდესაც მაყვლის ნერგებს შორის მანძილი რიგებში 0,9-1,2 მეტრის დაშორებით ხდება, ახალ ღეროებს, რომლებიც ამოდიან მთავარი ნარგავის ვარჯიდან ან ფესვთა სისტემიდან, ეძლევათ ბუჩქების უწყვეტი რიგის ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

→ ნახევრად ამართული მაყვლის ჯიშებს შორის დისტანცია რიგში 1,2-1,8 მეტრს უნდა შეადგენდეს. მთავარი ნარგავის ვარჯიდან ამოსული ღეროები მოგვიანებით შეირჩევა ბუჩქების რიგის შესავსებად.

→ მხვიარა მაყვლის შემთხვევაში ნარგავებს შორის საჭიროა 2.4 მეტრი დისტანციის შენარჩუნება რიგში, რათა მცენარეს ჰქონდეს სათანადო სივრცე, ამ სახეობისთვის დამახასიათებელი გაშლილი და ძალიან გრძელი ღეროებიდან გამომდინარე, მაყვალი უნდა დაირგას 1,2 მეტრი დაშორებით მთავარ ნარგავებს შორის. რიგის ცენტრებს შორის მანძილი უნდა იყოს სულ მცირე 3,0 მეტრი მაყვლის ყველა ტიპისთვის.

→ პირველი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ღეროები, რომლებიც წარმოქმნილია ფესვთა სისტემიდან ან ვარჯიდან უნდა შეირჩეს და დამუშავდეს მომდევნო წელს მსხმოიარობისთვის.

→ floricane ტიპის ჯიშებში რიგის სიგანე უნდა შენარჩუნდეს 75-100 სმ-ის ფარგლებში, ხოლო ვეგეტატიური ამონაყარი, რომელიც ვითარდება ბუჩქების რიგის სიგანის 100 სმ-ზე გარეთ, უნდა ამოიჭრას. ამას გარდა, უნდა მოცილდეს დაზიანებული, დამჭკნარი ან აშკარად სუსტი ღეროები.

დარგვის დრო

ნერგი უნდა დაირგას გაზაფხულის დასაწყისში რაც შეიძლება ადრე, როგორც კი შესაძლებელი იქნება ნიადაგის დამუშავება.

საქართველოს შედარებით გრილი კლიმატის რეგიონებში ეს პერიოდია მარტის დასაწყისიდან აპრილის შუა პერიოდამდე, როდესაც ტემპერატურა საკმარისად მაღალია და არ დგას მკაცრი ყინვის საშიშროება.

დარგვის წესი

→ დარგვისას ფესვს ატენიანებენ სველი ტილოთი, ან მსგავსი ქსოვილით და დარგვამდე ამავე ქსოვილით ფარავენ, რათა დაცული იქნას გამოშრობისაგან.

→ დარგვამდე ნაკვეთში აკეთებენ 25 სმ-ის სიმაღლის და 75 სმ. სიგანის რიგებს ან კვლებს. რიგებს შორის მანძილი განსხვავებულია ნერგის ტიპის, ფორმირების მეთოდების და ტექნიკის გაბარიტებიდან გამომდინარე.

→ ნერგის ფესვები კარგად უნდა გაიშალოს ნიადაგში – უნდა ჩაირგას 5 -7 სმ-ის სიღრმეზე, ისე, რომ ღერო ჩაიფლას მიწაში 2-3 სმ-ით უფრო ღრმად, ვიდრე იგი იყო სანერგეში.

→ დარგვისას ფესვების გარშემო ნიადაგი თითოეული ღეროს გარშემო კარგად უნდა დაიტკეპნოს, შემდეგ კი საფუძვლიანად უნდა მოირწყას. ღერო უნდა დამოკლდეს 10-15 სმ სიგრძემდე.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება

მინერალური და ორგანული სასუქების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა მოხდეს ნიადაგის ლაბორატორიული აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

ნიადაგის ანალიზის ჩატარება საჭიროა დარგვამდე, რათა დადგინდეს ყველა მაკრო და მიკრო საკვები ნივთიერების შემცველობა და ნიადაგის pH. გარდა ამისა, პერიოდულად, სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ფოთლის ანალიზი.

მაყვლის განოყიერება შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით, მათ შორის: 1) ნაკელი, 2) გრანულირებული სასუქი, 3) თხევადი სასუქის შეტანა წვეთოვანი სარწყავი სისტემით და 4) მიკროელემენტების ფოთლებზე შეფრქვევა.

თითოეული მეთოდის გამოყენებისას დამატებული მთლიანი სასუქის მოცულობა დამოკიდებულია კონკრეტულ საკვებ ნივთიერებაზე, ნიადაგის ბუნებრივ ნაყოფიერებაზე და წვეთოვანი სარწყავი სისტემის არსებობაზე.

წვეთოვანი სარწყავის გარეშე, სასუქის დამატება შეიძლება შემდეგი კომბინაციით: ნაკელი, მარცვლოვანი ფორმები და ფოთლებზე შეფრქვევა.

მაყვლის ნარგავებისთვის ყველაზე მეტად საჭიროა სამი ძირითადი ელემენტი აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. ზრდის პირველ წელს (როცა მცენარე ზრდას დაიწყებს) უნდა დაემატოს ფაქტობრივი აზოტი 35კგ/ჰა-ზე, შემდგომ წლებში 75-110 კგ/ჰა-მდე. ამასთანავე პლანტაციაში ყოველწლიურად უნდა შევიტანოთ ფაქტობრივი ფოსფორი 30კგ/ჰა-ზე და კალიუმი 50-60 კგ/ჰა-ზე.

მარცვლოვანი სასუქების შეტანა ხდება 3-ჯერადად. პირველი ადრე გაზაფხულზე, როცა მცენარე იწყებს ზრდას, მეორე მაისის ბოლოს და მესამე ივლისის შუა რიცხვებში. თუ პლანტაციაში შეგვაქვს ნაკელი, მაშინ გასათვალისწინებელია ნაკელში აზოტის შემცველობა და შესატანი რაოდენობა უნდა დაკორექტირდეს.

წვეთოვანი სისტემის გამოყენების შემთხვევაში უმჯობესია აღნიშნული ელემენტების სრული მოცულობა შევიტანოთ მცირე დოზებით ყოველ 15-20 დღეში გაზაფხულიდან ზაფხულის შუა რიცხვებამდე. ასევე კარგ შედეგს იძლევა ფოთლოვანი გამოკვება კონკრეტული მიკროელემენტების დეფიციტის დადასტურების შემთხვევაში.

ფოთლებზე რამდენჯერმე დამატება საკმარისი უნდა იყოს სიმპტომების მოსახსნელად. სიდამწვრის თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება ფოთლოვანი კვება მცენარის ყვავილობის დროს.

სასუქებიდან მიზანშეწონილია გროგრინ ვეგეტაცია NPK-27-27-27, გროგრინ ვეგეტაცია NPK19-19-19, გროგრინ ნაყოფი NPK-10-5-40, ფოთლოვანი კვებისთვის გროგრინ მიკრო -გელი, ამონიუნის ნიტრატი, ამონიუმის სულფატი, კარბამიდი, კალიუმის ნიტრატი, კალციუმის ნიტრატი, ამონიუმის ფოსფატი

მაყვლის პლანტაციაში ერთ ჰექტარზე ყოველწლიურად სასუქის საორიენტაციო ნორმის შეტანა

მინერალური და ორგანული სასუქების შემდეგი რაოდენობები, სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები

შეტანილი იქნას მინერალური და ორგანული სასუქების შემდეგი რაოდენობები:

• პირუტყვის ნაკელი: 10-20 ტ/ჰაზე.

• ფრინველის ნაკელი: 5-10 ტ/ჰაზე.

• აზოტი N: გაშენების პირველ წელს 35 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერება) და ორწლიან პლანტაციაში კი 75-90 კგ/ჰაზე (სუფთა ნივთიერება).

• ფოსფორი P: 25-30 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერება).

• კალიუმი K: 50-60 კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერება).

სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

• პირუტყვის ნაკელი: შეიტანება გასხვლის შემდეგ.

• ფრინველის ნაკელი: შეიტანება გასხვლის შემდეგ.

• აზოტი N: შეიტანება სამჯერადად 33-33 კგ-ის ოდენობით პირველად -მაისში, მეორედ – ივნისში და მესამედ ივლისში.

• ფოსფორი P: მთლიანი დოზა იყოფა სამ ნაწილად და შეიტანება წილადობრივად: პირველი შეტანა ხდება აპრილში, მეორედ შეაქვთ მაის-ივნისში და მესამე შეტანა კი საჭიროა განხორციელდეს ივლისში.

• კალიუმი K: მთლიანი დოზა იყოფა სამ ნაწილად და შეიტანება წილადობრივად: პირველი შეტანა ხდება აპრილში, მეორედ შეაქვთ მაის-ივნისში და მესამე შეტანა კი საჭიროა განხორციელდეს ივლისში.

ნაკვეთში შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით.

მაყვლის ტენით უზრუნველყოფა

მორწყვის ინტენსივობა და ნორმები დამოკიდებულია უშუალოდ ფართობში არსებულ სიტუაციაზე. ზოგადად კი, მაყვალი უნდა მოირწყას ყოველ 5-10 დღეში ერთხელ.

მორწყვის ოპტიმალური ვარიანტია წვეთოვანი სისტემის გამოყენება, კომპენსირებული დრეკადი მილებით მთიანი ადგილებისთვის და არაკომპენსირებული დრეკადი მილებით ვაკეზე გაშენებული ნაკვეთებისთვის.

მაყვლის მოსარწყავად სასურველი მეთოდია წვეთოვანი სისტემით მორწყვა. მისი უპირატესობებია წყლის და ენერგიის მოხმარების დაბალი მაჩვენებელი, ტენიანობის სტანდარტული დონე, რომელიც არ უწყობს ხელს ნაყოფის სიდამპლის განვითარებას.

ნაკლოვანებები მოიცავს სუფთა წყლის წყაროს საჭიროებას, პერიოდული გამოცვლის საჭიროებას, კულტივაციის შედეგად საირიგაციო სისტემის შესაძლო დაზიანებას და მღრღნელების მიერ დაზიანებისადმი დაუცველობას.

ზემოდან შესხურებით ირიგაციის სისტემის გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ფოთლების დაავადებების და ნაყოფის სიდამპლის წარმოქმნას.

ვარჯის ფორმირება

მოსავლის აღების შემდეგ მეორე წლის ღეროები კარგავენ სიძლიერეს და იწყებენ ბიოლოგიურად დაბერებას. ყველა 2 წლის ღერო, რომლებზეც გამოსხმული იყო ნაყოფი, უნდა გაისხლას ვარჯამდე ან ნიადაგის დონეზე მოსავლის აღებიდან ცოტა ხანში.

ეს ამცირებს ნაკვეთში დაავადების გავრცელებას. ამას გარდა, გასხვლა აუმჯობესებს ჰაერის მოძრაობას და მზის შუქის შეღწევას მცენარის შიგნით და დარჩენილ პირველი წლის ღეროებს აძლევს უკეთ განვითარების საშუალებას.

როდესაც გაისხვლება 2 წლის ღეროები, რომლებიდანაც მოსავალი უკვე აღებულია, ეს ხელს შეუწყობს მცენარის საბურველის გაშრობას და იმ დაავადებების შემცირებას, რომლებისთვისაც ხელსაყრელია ტენიანი პირობები. ამას გარდა, საჭიროა ზამთარის ბოლოს მოსვენებული ორი წლის ტოტების გასხვლა.

თებერვლის შუა პერიოდიდან ბოლომდე საჭიროა ვარჯიდან ან ფესვთა სისტემიდან ამოსული ჭარბი ამონაყრების შეთხელება, რათა შემცირდეს მცენარეთა შორის ან შიგნით კონკურენცია.

სასურველია ამ პროცედურის გადადება თებერვლამდე, როდესაც შესაძლებელი იქნება ზამთრის დაზიანების განსაზღვრა. თითოეული მცენარე უნდა გაისხლას ისე, რომ დარჩეს 6-7 ძირითადი ყლორტი ანუ ღერო, დაახლოებით 1,5 მეტრზე.

გარდა ამისა, მეორადი გვერდითი ტოტები უნდა გაისხლას დაახლოებით 30 სმ-ზე. მეორადი გვერდითი ტოტები უნდა გაისხლას ასევე სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, 30 სმ-ზე. ზამთრის დაზიანების შემთხვევაში საჭიროა ყველა ღეროს მოჭრა ზამთრის დაზიანების წერტილის ქვემოთამდე.

ღეროების დამოკლება არ არის რეკომენდებული საქართველოს შედარებით გრილ რეგიონებში, ვინაიდან ეს დაახლოებით 3 კვირით შეაფერხებს აყვავილებას და ნაყოფის წარმოებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მოსავლის მნიშვნელოვანი დანაკარგი შემოდგომით ყინვით დაზიანების გამო.

რეკომენდებული არ არის ზაფხულში ყლორტების წვერების დამოკლება; წვერზე ყვავილების განვითარების შემდეგ,\ ან თუ სასურველია საადრეო მოსავალი. ზაფხულში თბილ რეგიონში რეკომენდებულია წვერების დამოკლება. ამან შეიძლება გაზარდოს მოსავლიანობა 2-3-ჯერ. მიმდინარე ნაზარდზე მსხმოიარე ჯიშებისთვის რიგის ყოველ მეტრში დაახლოებით 3-4 ყლორტი უნდა შენარჩუნდეს ნაყოფის გამოსასხმელად. ყველა სხვა ყლორტი უნდა მოცილდეს.

საყრდენი სისტემა

ყველა ტიპის მაყვლისთვის საჭიროა საყრდენი სისტემა. საყრდენი სისტემა ზრდის მოვლის ოპერაციების ეფექტურობა-ეფექტიანობას, ხელს უწყობს გასხვლის, მცენარეთა დაცვისა და მოსავლის აღების პროცესების განხორციელებას.

გართხმულღეროიანი მაყვლის ჯიშებისთვის უნდა გავაკეთოთ შპალერი.

ყველაზე უფრო გავრცელებულია მარტივი ტიპის I—სებრი შპალერული საყრდენი სისტემა და ან T-სებრი საყრდენი სისტემა.

I—სებრი შპალერული საყრდენი სისტემა

უეკლო, მაყვალი, ბაღი

ორმავთულიანი I სახის საყრდენი სისტემა გამოიყენება მაყვლის მისამაგრებლად. საყრდენი სისტემა უნდა მოეწყოს ნერგის დარგვისას ან დარგვიდან მოკლე ხანში.

საყრდენი სისტემა, როგორც წესი, შედგება 2 მეტრი სიმაღლის ხის ან ლითონის საყრდენი ბოძებისგან, რომლებიც განთავსებულია ყოველ 4-5 მეტრში და ორიარუსიანი სქელი მოთუთიებული მავთულების (10 ან მეტი) ბოძისგან, რომელიც რიგის სიგრძეს გასდევს.

თითოეული ბოძი ჩასმულია ნიადაგში, დაახლოებით, 30 სმ სიღრმეზე, ხოლო მიწისზედა სიმაღლე მთლიანად, დაახლოებით, 1,7 მეტრია. ქვედა საყრდენი მავთულები უნდა მიემაგროს რიგის ბოძებს ნიადაგის დონიდან 75 სმ-ზე.

ზედა საყრდენი მავთულები ნიდაგის დონიდან 135 სმ-ზე უნდა იყოს. თითოეული რიგის ბოლოს საჭიროა უფრო მძლავრი ბოძების ჩადგმა, რათა საყრდენი სისტემა დამატებითი სიმძლავრით იყოს უზრუნველყოფილი.

T –სებრი შპალერი

უეკლო, მაყვალი, ბაღი

T – სებრ საყრდენ სისტემაში ნერგები ინდივიდუალურადაა მიბმული ორივე მავთულზე, მათ ზრდასთან ერთად. ზრდის პირველ წელს მაყვლის მთავარი მცენარის ვარჯიდან უნდა შეირჩეს, დაახლოებით, 6-7 მთავარი ყლორტი ანუ ღერო, მეორე წელს მსხმოიარობისთვის მცენარის სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად.

ეს 6-7 მთავარი ღერო უნდა მოეწყოს მარაოს ფორმით, რათა შეავსონ სივრცე მიმდებარე მცენარესთან და ჩამოყალიბდეს უწყვეტი რიგი. ყლორტების ზრდა-წაგრძელებასთან ერთად საჭიროა მათი მიბმა ქვედა და ზედა მავთულებზე, შესაბამისად საჭიროა გასხვლა, ცალკეული ყლორტები უნდა გაისხლას ზედა ნაწილში, როდესაც მათი სიმაღლე მიაღწევს, დაახლოებით, 1.8 მეტრს. საჭიროა ბოლოების გასხვლა ყლორტის მერქნიან მონაკვეთამდე, წვეროდან, დაახლოებით, 10 სმ-ით დაბლა.

ყლორტების კენწეროების გასხვლა ხელს უწყობს მეორადი გვერდითა ყლორტის ფორმირებას, რომელიც მომდევნო ზაფხულში გამოისხამს ნაყოფს.

მაყვლის წარმოების ტექნოლოგიური რუკა

1 ჰა – გაშენები სქემა 2,5 x 1,5, საშუალო მოსავლიანობა 8-9 ტონა/ჰა-ზე.

მაყვალი, უეკლო

*ფასები ცვლადია, შესაბამისად ცხრილიც

შემდგენლები:

ვახტანგ გოლიაძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
ცისანა ცეცხლაძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
ნინო ყიფიანი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
მანანა შალამბერიძე – ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

მომზადებულია USAID/REAP პროექტის ფარგლებში.

444Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრომარკეტი
აგროკავკასია FB