ცხრატყავა – კენკროვანი კულტურა

1045 Views

ცხრატყავას გვარი (lonicera L.) მცენარეულ სამყაროში ფართოდ არის წარმოდგენილი და 200-ზე მეტ სახეობას აერთიანებს.

საუკუნეების განმავლობაში სამხრეთაღმოსავლეთ აზიიდან, რომელიც მის სამშობლოდ ითვლება, მან ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკამდე გრძელი გზა განვლო. მრავალმხრივი გამოყენების გამო მსოფლიო ფლორის საოცრებათა ჩემპიონს ეძახიან.

ცხრატყავა სამკურნალო კენკროვანი კულტურაა. მისი ნაყოფები შეიცავს მიკრო და მაკრო ელემენტებს. მაგრამ მისი მთავარი ღირსება მასში ასკორბინის მჟავის ანუ C ვიტამინის (180 მგ/100გ) და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების — რუტინის, კატეხინების, ლეიკოანტოციანების, ანტოციანების დიდი რაოდენობით შემცველობაშია (850 მგ/100გ).

ასევე აღსანიშნავია მასში გლუკოზის, ფრუქტოზის, საქაროზის, გალაქტოზის და რამნოზას საკმაოდ მაღალი შემცველობა, აგრეთვე მჟავიანობა, რაც ლიმონის მჟავიანობაზე გადაყვანით 1,8-4,0%ია.

ცხრატყავა 0,5-1,2 მეტრი სიმაღლის ბუჩქია, აქვს მოგრძო, ლურჯი ფერის მომჟავო-ტკბილი და ძალზე არომატული ნაყოფები. მწიფდება ივნისში. საკვები ცხრატყავა (ლათ. Lonícera caeruléa)

ცხრატყავა

კარგად იზრდება საქართველოს მთისწინა ზონაში, განსაკუთრებით მდინარისპირა ჭალებში, მთის მდელოებზე, ტყისპირებში. (საქართველოში 7 სახეობა გვხვდება, აქედან 2 ენდემურია, ინტროდუცირებულია 10 ეგზოტიკური სახეობა, გავრცელებეულია ქართული ცხრატყავაც (ლათ. Lonicera Iberica) 0,5 — 1,5 მეტრი სიმაღლის ბუჩქი.)

მაქსიმალურად მსხმოიარობს მე-8 წლიდან, ამ პერიოდში ბუჩქი ყოველწლიურად 5 კილოგრამამდე ნაყოფებს იძლევა. 15 წლის ასაკში ბუჩქი მაქსიმალურ ზომას აღწევს და შემდგომ 10-12 წლის განმავლობაში თანდათან სუსტდება, მცირდება მოსავლიანობაც.

ცხრატყავა მრავლდება როგორც თესლით, ასევე ვეგეტატიურად. თესლს არჩევენ სრული სიმწიფის პერიოდში საუკეთესო ნაყოფებიდან, 1 კგ ნაყოფიდან შესაძლებელია 10 გ ანუ 78 ათასი ცალი თესლის დამზადება.

დათესვის წინ თესლს არ სჭირდება სტრატიფიკაცია, დათესვიდან მე-20 დღეს იწყება აღმოცენება. გადასარგავად ვარგისია ორწლიანი ნერგები, ვინაიდან პირველ წელს მცენარე ნელა ვითარდება.

ვეგეტატიური გამრავლების დროს მთლიანად ინარჩუნებს ჯიშობრივ თვისებებს, რისთვისაც იყენებენ დაკალმებას, ბუჩქის დაყოფასა და ჰორიზონტალურ გადაწვენას.

მწვანე დაკალმებისათვის საჭიროა დაცული გრუნტი _ სათბური, რომლის დროსაც დაფესვიანება 60%მდე აღწევს, თუმცა შერჩეული სტიმულატორების გამოყენებით დაფესვიანება 100%-მდე მიიღწევა.

ცხრატყავას სხვა კენკროვნებთან შედარებით ახასიათებს ძალიან ადრეული ვეგეტაცია და ამიტომ მისი გადარგვა შემოდგომით უფრო მიზანშეწონილია. მის ყვავილედზე უარყოფითად არ მოქმედებს ადრეულ გაზაფხულზე დაბრუნებული სიცივეები და ისინი არ ზიანდება.

ცხრატყავა, ლონიცერა

თვითდამტვერვის შემთხვევაში, ნაყოფები არ ვითარდება, ან იშვიათად ვითარდება უთესლო ნაყოფები, ხოლო ჯვარედინი დამტვერვის შემთხვევაში მიღებული ნაყოფები მსხვილი და მრავალრიცხოვანი გამოდის. ამიტომ, ცხრატყავას სამრეწველო ნარგავები უნდა გაშენდეს რიგებად, სადაც მონაცვლეობით 2-3 სხვადასხვა ჯიშის ნერგები დაირგვება.

ცხრატყავას ერთი ბუჩქი, ან ნაკვეთზე დარგული ერთი და იგივე ჯიშის რამდენიმე ბუჩქი მოსავალს არ იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ მცენარეები კარგად იზრდება და ყვავილობს კიდეც.

სამრეწველო ბაღის გასაშენებლად უნდა შეირჩეს ოპტიმალურად ტენიანი ფართობი, ვინაიდან ცხრატყავა მშრალ ან ტენიან ნიადაგებზე ცუდად ვითარდება. ნაკვეთი კარგად უნდა გასუფთავდეს მრავალწლოვანი ფესურიანი სარეველებისაგან და ტუტე ფონის შესაქმნელად მოკირიანდეს.

ორგანული სასუქების შეტანა უკეთესია უშუალოდ დარგვის წინ ორმოებში (60-60 სმ), აგრეთვე სასურველია ამავე დროს შევიდეს მინერალური სასუქები: 30-50 გ ამონიუმის გვარჯილა, 50-80 გრ. სუპერფოსფატი და 40-50 გრ. კალიუმის მარილი. ნერგების დარგვის საუკეთესო ვადად მიჩნეულია სექტემბრის ბოლო ოქტომბრის დასაწყისი.

ცხრატყავა

ცხრატყავას ნაყოფები ძირითადად ცოცხალ ხილად გამოიყენება, ვინაიდან ის ყველა ხილზე ადრე შემოდის იმ დროს, როცა ადამიანის ორგანიზმი ადრე გაზაფხულზე ვიტამინებისაგან გამოფიტულია.

ცხრატყავასაგან შეიძლება დამზადდეს მურაბები, გახეხილი სახით შეინახოს შაქართან ერთად, დამზადდეს წვენი (გამოსავალი 60×80%), კომპოტები, ჩირი და სხვა.

ნანა ჯაბნიძე სმმ  აკადემიური დოქტორი /სუბტროპიკული ზონის ზოგიერთი სასარგებლო მცენარის აგრო-ბიოლოგიური და ეკოლოგიური ეფექტიანობა./

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB