წაბლი — თესლნერგის გამოყვანა, გამრავლება, დარგვის სქემა

3412 Views Comment Off

წაბლის გვარი 12 სახეობამდეა (ზოგი ავტორის მიხედვით 30-მდე). საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა ჩვეულებრივი წაბლი (castanea sativa). იგი სიმაღლით 30-35 მეტრამდე ხეა.

გავრცელება

წაბლი გავრცელებულია ევროპის დასავლეთ საზღვრებიდან ხმელთაშუა ზღვის ნაპირებამდე, მცირე აზიაში და კავკასიაში, ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში – მცირე რაოდენობით, ხოლო ამიერკავკასიაში – გელენჯიკი – ტუაფსიდან, სურამ-ქვიშხეთსა და ყორნისამდე.

აქ წყდება მისი გავრცელება და იწყება შიდა კახეთში, ძირითადად, ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ახმეტიდან კუტკაშენამდე (აზერბაიჯანი), იგი გავრცელებულია ძირითადად მთის ტყეების ქვედა სარტყელში და მთაში ადის 1500 მ-მდე ზღვის დონიდან.

კულტურის სპეციფიკური მოთხოვნები

წაბლი სითბოსა და სინესტის მომთხოვნი მცენარეა. მშრალ ადგილებში ბუნებრივად წაბლი არსად გვხვდება, იგი ტიპური მეზოფიტია. მისი ნორმალური ზრდისათვის საჭიროა ისეთი ადგილები, სადაც წლიური ნალექები აღემატება 800-900 მმ-ს.

კავკასიის მთებში წაბლი გავრცელებულია უმეტესად ტენიან ნაწილში, ჩრდილოეთი დაქანების ხევების ნაპირა ფერდობებზე და სხვა.

წაბლი ნიადაგის მიმართ საკმაოდ მომთხოვნია. მისთვის საჭიროა ღრმა, უმეტესად, ალუვიური, ჰუმუსით მდიდარი ნიადაგი. იგი ვერ იტანს ნიადაგში კირის არსებობას – ტიპური კალკოფობია. საქართველოში წაბლი ძირითადად ტყის ყომრალ ნიადაგებზეა გავრცელებული.

წაბლი ჩრდილის ამტანი ჯიშია და კარგად აღმოცენდება საბურველის ქვეშ. იგი ქმნის როგორც სუფთა, ისე შერეულ კორომებს წიფელთან, თელასთან, ნეკერჩხალთან, ნაძვთან, სოჭთან და სხვა.

წაბლი სითბოს მოყვარული ჯიშია თუმცა კავკასიაში იგი შედარებით სიცივის ამტანია.

გამოყენება

წაბლი ძვირფასია მერქნის კარგი ღირსებისა და ნაყოფის კარგი საკვები თვისებების გამო. ამასთან წაბლის ქერქი შეიცავს საკმაო რაოდენობის მთრიმლავ ნივთიერებებს. იგი თაფლოვანი მცენარეა. ფოთლები K ვიტამინითა და ტანინებით სიმდიდრის გამო; ხალხურ მედიცინაში, შინაგან ორგანოებში სისხლჩაქცევების დროს გამოიყენება.

გამრავლება — წაბლის აგროტექნიკა

წაბლი მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყრით. ჩვენში წაბლის ტყეები წარსულში უდიდესი ექსპლუატაციისა და პარაზიტი სოკოს ენდოტეას გამო, დიდ ფერდობებზეა განადგურებული და მათი ხელოვნური აღდგენა-განახლება ერთ-ერთ გადაუდებელ ამოცანად უნდა ჩაითვალოს.

ამასთან ყურადღება უნდა მიექცეს როგორც სამერქნე ტყის კულტურების გაშენებას, ისე სანაყოფე პლანტაციების შექმნას დასახლებული პუნქტების ახლოს, სოფლის მეურნეობისათვის გამოუსადეგარ და წაბლის გასაშენებლად ვარგის ფართობებზე.

წაბლის კულტურების შესაქმნელად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სათესი მასალის წარმომავლობასა და მის ხარისხს. ამასთან მსხვილი თესლიდან გაზრდილი თესლნერგი ერთნახევარჯერ მეტია ზომით და უკეთესი ზრდით ხასიათდება წვრილი თესლიდან აღმოცენებულთან შედარებით.

წაბლის მწიფობა იწყება სექტემბერ – ოქტომბერში.

აღსანიშნავია, რომ მაღალხარისხოვანი წაბლის ხეებიდან შეგროვილი თესლებიდან აღზრდილი სარგავი მასალა, ხშირად არ იმეორებს დედის შთამომავლობით თვისებებს, ამიტომ მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები ვეგეტაციური ნამყენი სარგავი მასალის გამოსაყვანად და მათგან სათესლე და სადედე პლანტაციების მოსაწყობად.

წაბლის მყნობას აწარმოებენ შემდეგი მეთოდებით: ზამთრის ე.წ. “ვაზისებრი” მყნობა ორმაგპირიანი დანით, ე.წ. “ფანჯრით” მყნობა, მყნობა “გახლეჩვით”, “უნაგირით”, “ტესებური”.

იმის გამო, რომ წაბლის ღეროზე ჭრილობა სწრაფად იჟანგება და გართულებულია შეხორცება, წაბლის მყნობა და სარგავი მასალის აღზრდა ჯერჯერობით სამეურნეო მნიშვნელობისა არაა და წრმოადგენს სამეცნიერო კვლევის ობიექტს.

ჯერჯერობით წაბლის სარგავი მასალა თესლით იზრდება. როგორც ზევითაც იყო აღნიშნული, სათეს მასალად უნდა გამოვიყენოთ მაღალი სამეურნეო ნიშან-თვისებებისა და დაუზიანებელი ხეებიდან აღებული ნაყოფები.

თესვა

წაბლის თესლცვენა იწყება ოქტომბრის პირველ ნახევარში და გრძელდება მთელი თვე. მწიფე ნაყოფი ბუძგიდან ცვივა მიწაზე და იქიდან ხელით გროვდება. ამიტომ სათესლე ხეების ვარჯის ქვეშ ნიადაგი უნდა გასუფთავ-გაიწმინდოს. ქანობის შემთხვევაში, ქვედა კიდეზე კეთდება ნაყოფების შესაგროვებელი ღარი.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება თესლის სწორად შენახვას, რადგან უმნიშვნელო _ არასწორი შენახვის შემთხვევაში წაბლი სწრაფად კარგავს აღმოცენების უნარს.

ახლად შეგროვებული წაბლის ნაყოფი 50%-მდე ტენს შეიცავს, რომელსაც სწრაფად კარგავს, ტენის დაკარგვის პარალელურად კი ეცემა აღმოცენების ხარისხიც.

შედარებით თხელქერქიანი წაბლისათვის თითქმის შეუძლებელია შენახვის პირობების შექმნა, რადგან ან სწრაფად შრება ან ტენის დაუკარგავად ლპება. ამიტომ უკეთესია, შეგროვებისთანავე, 5-6 დღეში დაითესოს. მაგრამ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მღრღნელებისგან დაცვას და ნათესში წყლის ჩადგომის თავიდან აცილებას.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნიადაგის შერჩევას. საუკეთესო ნიადაგებად ითვლება: ღრმა სტრუქტურული, მცირემჟავა რეაქციის სუსტი თიხნარი, კარგად დრენირებული და ჰაერგამტარი, საკვები ნივთიერებებითა და ტენით მდიდარი ნიადაგები. გრუნტის წყალი არ უნდა იყოს 1.5 მ-ზე ახლოს.

სანერგისათვის უვარგისია მძიმე თიხნარი და ძლიერტენიანი ალუვიური ნიადაგები.

გადახვნამდე და გადაბარვამდე უკეთესია სათეს ფართობზე შეტანილი იქნას 30 ტონა ნაკელი ან 200 კგ სუპერფოსფატი ერტი ჰექტრის ანგარიშზე.

დაზიანებული და დაავადებული თესლის გამოსარჩევად კარგია თესლის წყლით გამორჩევა.წყლიან ჭურჭელში საღი თესლები იძირება, ხოლო დაზიანებულს იგდებს ზედაპირზე.

საღი თესლი მცირედ შეშრება კარგად ჰაერმოძრავ შენობაში და დაავადების თავიდან აცილების მიზნით შეეფრქვევა გრანოზანი 1 – 1.5 კგ ანგარიშით ტონაზე (ან სხვა დამცავი საშუალება)და კარგად აირევა, რომ პრეპარატი ყველა ნაყოფს მოხვდეს. შესაწამლად შეიძლება გამოყენებულ იქნას 0.2% — იანი კალიუმ-მარგანეცის ხსნარი 5-10 წუთის განმავლობაში.

თესვამდე 7_10 დღით ადრე ნიადაგის დეზინფექციას უკეთებენ ფორმალინით.

მღრღნელებისაგან დაცვის მიზნით, ნათესს გარშემო უკეთდება თხრილი ზომით 05X05 მ-ზე, რომელშიც ყრიან მოწამლულ სატყუარას. სიმინდის მარცვლები მუშავდება თუთიის ფოსფიდით. სატყუარა ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ უნდა განახლდეს.

თესვის დროს კვლებზე თესლი მწკრივში ლაგდება ჰორიზონტალურად, ფართო მხრით, ერთმანეთისგან 5 სმ დაცილებით, ხოლო მწკრივები განლაგებულია 20 – 25 სმ – ზე. შემოდგომის თესვისას სიღრმე 10 სმ – ია, გაზაფხულის 5 სმ. ერთ გრძივ მეტრზე ითესება 190 გრ, ჰექტარზე 5600 კგ.

შენახვის ყველა პირობის დაცვით წაბლი აღმოცენების უნარს 5-6 თვეს ინარჩუნებს; შენახვის ორიგინალურ მეთოდად მიჩნეულია ბუძგების გაშლამდე მათი ჩამოყრა და ნიადაგზე, დიდ გროვად, გაზაფხულამდე შენახვა. მღრღნელები და შინაური ცხოველები ეკლიანი ბუძგების გამო ვერ ეკარებიან. ფართობი უნდა შეირჩეს ქანობით, რომ გროვაში წყალი არ ჩადგეს.

დაბალ ზონაში თესლის შენახვა უკეთესია წიწვიანი ხის ნახერხში ან სილაში, მორიგეობით, ფენებად, მიწის ზედაპირზე ფარდულისა და ფარდულის გარეშე, მაღლა – ტყის ზონაში – მიწაზე გროვად, ტყის მკვდარი საფარის ქვეშ, ორმოში _ სილაში ან გვიმრაში.

ფართობიც და ორმოც ეწყობა წყალმარიდ, შემაღლებულ ფართობებზე. მღრღნელებისაგან დასაცავად გროვას უკეთდება ამრიდი თხრილი მოწამლული სატყუარით. გროვა იღობება მავთულის წვრილი ბადით ან ზევიდან ეყრება ეკლიანი ბუძგები.

შემოდგომის ნათესი აღმოცენებას იწყებს 15 _ 20 დღით ადრე და პირველ ხანებში ზრდით სჯობს გაზაფხულის ნათესარებს, მაგრამ შემოდგომისათვის განსხვავება უმნიშვნელოა. შემოდგომის ნათესის აღმონაცენი არათანაბარია, ხოლო გაზაფხულისა _ ერთდროული და თანაბარი.

მიუხედავად ამისა, როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, იმდენ სიძნელეებთან არის დაკავშირებული თესლის შენახვა, რომ უკეთესია, დაითესოს შემოდგომაზე, ოქტომბერ_ნოემბერში.

ნათესის მოვლა

ნათესის მოვლა იწყება აღმოცენებამდე, ნიადაგის 3 სმ-მდე სიღრმეზე, ფოცხით ან თოხით გაფხვიერებით ისე, რომ არ ამოიყაროს თესლი. ვეგეტაციის პერიოდში ტარდება 5-6 _ ჯერადი მოვლა. ნათესის ნახერხით მულჩირების შემთხვევაში (მულჩის სისქე 3_5 სმ) ნიადაგის მოვლა სამამდე მცირდება. უკეთესია მულჩის მოწყობამდე ნახერხი დამუშავდეს ფორმალინის 0.15% _ იანი ხსნარით.

თესლნერგები სტანდარტს (ფესვის ყელთან 3-4 მმ დიამეტრი) პირველსავე წელს აღწევენ.

თესლნერგები ამოიღება ბარით ან ნერგების სპეციალური სათხრელი გუთნით. გადარჩეულ-დახარისხებული თესლნერგები იკვრება 100 ცალიან კონებად და დროებით მიიფვლება 30 სმ სიღრმის თხრილში.

დარგვის სქემა

წაბლის სანაყოფე კულტურები შენდება 8X8; 10X10; 12X12 მეტრი განლაგებით. მსხმოიარობის დაწყებამდე რიგთაშორისები შეიძლება გამოყენებული იქნას სასოფლო-სამეურნეო კულტურების ან მცირე ტანიანი ნაყოფისმომცემი სახეობების გასაშენებლად.

კულტურების გაშენების წინ, უკეთესია თუ თესლნერგების ფესვებს დავამოკლებთ 15 სმ-მდე და ამოვავლებთ წუნწუხში, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: ორმოში ყრიან კარგ ჰუმუსიან, ერთ ვედრო მიწას უმატებენ ერთ ნიჩაბ გადამწვარ ნაკელს, შეავსებენ წყლით და გულდასმით ურევენ.

ავტორი: ტრისტან ჩერქეზიშვილი
მასალა მოგვაწოდა ჟურნალმა „აგრარული საქართველო“

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB