თხილის კვირტის ტკიპა – ნიშნები და ბრძოლის ღონისძიებები

თხილი, კვირტის, ტკიპა

საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგთა შორის,მეხილეობას ყოველთვის, წამყვანი ადგილი ეკავა.  ხეხილის კულტურები საქართველოს ცალკეულ _ აგროეკოლოგიურ ზონებში მისი აგრობიოლოგიური თავისებურებების, მცენარეთა გავრცელების ხელსაყრელი ნიადაგურ_კლიმატური პირობების მიხედვით ნაწილდებოდა.

აქედან გამომდინარე საქართველოს რეგიონებისათვის გამოკვეთილი იყო პრიორიტეტული მიმართულებები და კულტურები, რომელთა წარმოება კონკრეტულ ზონაში, მათი ხარისხობრივი და სასაქონლო მაჩვენებლებით სხვა კულტურებთან შედარებით მომგებიანი იყო.

ბოლო 10_15 წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე თხილის ნაყოფზე მოთხოვნილება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მიუხედავად (საქართველოში) კულტურის დაბალმოსავლიანობისა (საშ. 1 ჰა_ზე 1,5_2 ტ), მოსახლეობის გარკვეული ნაწილის საოჯახო ბიუჯეტში თხილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. საბაზრო მოთხოვნილებიდან გამომდინარე, დღეს საქართველოს სუბტროპიკული ზონის წამყვან კულტურათა შორის, თხილს (თავისი აგრობიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, სწორად  გადადგილებისა და მოვლის სათანადო პირობების შექმნის ფონზე), ერთ_ერთი პრიორიტეტული ადგილი უჭირავს.

დამწყებ წვრილ ფერმერებისათვის კონსულტაციებთან ერთად აუცილებელია ეკონომიკური ხელის შეწყობა, რაც გამოიხატება სუფთა, დარაიონებული ჯიშების სარგავი მასალითა და ხარისხიანი მცენარეთა დაცვისა თუ მინერალური სასუქებით უზრუნველყოფაში.

რეალურად თხილის კულტურას საქართველოში უდიდესი საშიშროება ემუქრება (სხვა მავნებელ-დაავადებებთან ერთად) კვირტის ტკიპას მავნებლის გამო. კვირტის ტკიპა ამ კულტურას ყოველთვის აზიანებდა, მაგრამ მაშინ თხილი, ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთებზე მცირე რაოდენობით მოჰყავდათ. მავნებლის მიერ მიყენებული ზარალიც, შესაბამისად ლოკალური იყო და მისი ფართო მასშტაბით გავრცელების საშიშროება არ არსებობდა. დღეს კი ამ კულტურის სამრეწველო ნარგაობებად გაშენების შემდეგ, ეს საშიშროება ერთიათად გაიზარდა და თუ პრევენციული ღონისძიებები დაუყონებლივ არ გატარდება, იგი ფერმერებს აუნაზღაურებელ ზარალს მიაყენებს.

ჩვენი ექსპედიციური დაკვირვებებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მავნებელი დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში ფართო მასშტაბებითაა გავრცელებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამეგრელოს რაიონები, სადაც, თითქმის არ არსებობს ბაღები, სადაც თხილის ნარგავებში სანაყოფე კვირტების 25-30% დაზიანებული არ იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსავალი ამდენივე პროცენტითაა შემცირებული. ის ტოტები რომელზედაც მავნებელი ინტენსიურადაა დაფიქსირებული, იწყებს ვეგეტაციის შენელებას და მომდევნო წელს მთლიანად ხმება. ასეთი ფართობებში თუ დროულად არ შესრულდება ქიმიური და მექანიკური პროფილაქტიკური ღონისძიებები, 3_4 წლის შემდეგ მცენარე შეიძლება მთლიანად გახმეს.

მავნებლის სიმპტომები მცენარეზე ადვილი შესამჩნევია.

თხილის კვირტის ტკიპა გავრცელებულია საქართველოს ყველა რეგიონში, განსაკუთრებით ინტენსიურად გვხვდება დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში, სადაც თხილის ნარგაობა სამრეწველო მნიშვნელობით არის წარმოდგენილი. ის სახლდება  მხოლოდ თხილის მცენარის კვირტებზე. რის შედეგადაც კვირტები არანორმალურად ვითარდება ან საერთოდ ვერ იშლება.

ტკიპა მჩხვლეტავი ხელიცერებით ძლიერ აზიანებს გენერაციული მდედრობით და საფოთლე კვირტების ქსოვილის ზედაპირს, იშვიათად მჭადა ყვავილედს. წუწნის შედეგად კვირტის შიდა მხრიდან წარმოიქმნება გალის მსგავსი ღუდუდოები, რომელიც თავდაპირველად ღია მწვანე ფერისაა, შემდეგ ყვითლდება და ბოლოს, გაზაფხულზე მარტისა და აპრილის პერიოდში მოყავისფრო, მოწითალო, შინდისფერს ღებულობს. კვირტის ქერქლები ხდება ქეჩისებრი. საბოლოოდ დაზიანებული კვირტები განიცდის დეფორმაციას და გაფურჩქნულ ყვავილს მოგვაგონებს. მათი ზომა საღთან შედარებით მოცულობით 4-5 ჯერ, ზოგჯერ 8-ჯერაც კი მატულობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაზაფხულზე დაზიანებული საფოთლე კვირტები საგრძნობლად არის გაფურჩქვნილი, დაახლოებით 15-20 ჯერ დიდია, საღ კვირტებთან შედარებით, ხოლო მისგან განვითარებული დამახინჯებული, გოფრირებული ფოთლების ზომა საღ ფოთლებთან  შედარებით შემცირებულია. დაზიანებული დეფორმირებული კვირტები კარგავს ნაყოფის განვითარების უნარს, რის შედეგად მოსავლის დონე საგრძნობლად ეცემა. ზაფხულის დადგომისთანავე საყვავილე კვირტები ხმება, ცვივა და პერიფერიულ ნაწილებში ჩნდება გამხმარი ტოტები.

ტკიპების მიგრაცია ძველი კვირტებიდან იწყება აპრილში (ტემპერატურა 13-140C და შეფარდებითი ტენიანობა 50-60%), ხოლო ინტენსიურად მიმდინარეობს მაისის თვეში. ისინი კვირტის გარეთ არიან მოფენილი და თეთრი ფიფქის შთაბეჭდილებას ტოვებენ, რაც შეიარაღებული თვალით ადვილად შეიმჩნევა. მიგრაცია მიმდინარეობს დილის და საღამოს საათებში თბილ და მზიან ამინდებში, ხოლო წვიმიან ამინდში შეჩერებულია. დაზიანებულ კვირტებში ზრდასრულ ტკიპებთან ერთად გვხვდება კვერცხებიც, საიდანაც მავნებელი იჩეკება და საღ კვირტებზე ვრცელდება.

ბრძოლის ღონისძიებები: ეფექტური ღონისძიებაა ადრე გაზაფხულზე მოზამთრე ტკიპების წინააღმდეგ დაზიანებული, დეფორმირებული, გაწითლებული კვირტების შეცლა და დაწვა.

ბრძოლის ქიმიური ღონისძიებებიდან  ყველაზე ხელსაყრელი  პერიოდი (თხილის საფოთლე კვირტების გაშლა, ნაყოფების გამონასკვა)  არის  ტკიპების მიგრაციის დრო, აპრილის ბოლოდან მაისის ჩათვლით.  I-წამლობა უნდა ჩატარდეს 0,04% ენვიდორით, შემდეგი მე-II  – III წამლობა 0,2% ნეორონით, ომაიტით ან მასაით ინტერვალი 12-14 დღე.

ავტორები: კუკური ძერია, სმმ/აკადემიური დოქტორი;
ნატო მიქაძე, სმმ/აკადემიური დოქტორი;
ლუდმილა ცხვედაძე, სმმ/აკადემიური დოქტორი.

თქვენი რეკლამა