თხილი-რეკომენდაციები სამრეწველო დანიშნულების ბაღის გასაშენებლად

743 Views Comment Off

საქართველოში გავრცელებული მრავალრიცხოვან კულტურათა შორის თხილი ერთერთი უძველესი და ძვირფასი კაკლოვანი კულტურაა.

თხილის სახეობა

ბუნებაში გვხვდება თხილის ხუთი სახეობა:

1. ჩვეულებრივი თხილი
2. მსხვილნაყოფა თხილი
3. პონტოს თხილი
4. დათვის თხილი
5. ამერიკული თხილი.

დღეს არსებული ყველა კულტურული თხილის საწყის ფორმად პირველი სამი სახეობაა მიჩნეული.

გავცელების არეალი:

1. ჩრდილოეთ ამერიკა
2. ევროპა
3. მცირე აზია
4. აღმოსავლეთ აზიის სამხრეთ აღმოსავლეთი ნაწილი.

თხილის გავრცელების პირველ კერად აღიარებულია შავი ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთი სანაპირო, კავკასია და მცირე აზია. პონტოდან და მისი მოსაზღვრე რაიონებიდან თხილი შეტანილი იქნა ძველ საბერძნეთში, საიდანაც იგი გავრცელდა სამხრეთ იტალიასა და სიცილიაში, აქედან კი საფრანგეთში, ესპანეთში, ინგლისში, გერმანიაში და აშშ-ში.

შავი ზღვის სანაპიროზე კი ეს კულტურა მკვლევართა აზრით ცნობილი იყო ჩვ. წ.აღ-მდე მეექვსე საუკუნეში.

გავრცელებული ჯიშები

საქართველოში გავრცელებული და დარაიონებულია თხილის შემდეგი ჯიშები:

1. გულშიშველა
2. ანაკლიური (ფუთქურამი)
3. შველისყურა (სკვერი)
4. ხაჩაპურა
5. ცხენის ძუძუ
6. ნემსა
7. დედოფლის თხილი (დამსკი პალჩიკი)
8.საივანებო
9.განჯა
10. ლომბარდიის თეთრი
11. ჩხიკვისთავა
12. ათა-ბათა და სხვა.

გაშენება

თხილის სამრწველო დანიშნულების ბაღის გასაშენებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნაკვეთის სწორად შერჩევას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ადგილის რელიეფზე, ზღვის დონიდან სიმაღლეზე, მცენარეულ საფარზე, გრუნტის წყლის დონის სიმაღლეზე და წინა პერიოდში ნაკვეთის დანიშნულებაზე. ამასთანავე უნდა ვიცოდეთ აქტიურ ტემპერატურათა ჯამი, ნალექების რაოდენობა, ჰაერის შეფარდებითი რაოდენობა, ქარის ქროლვის სიძლიერე და სიხშირე.

თხილის სამრეწველო ბაღის გაშენება რეკომენდირებულია იმ ადგილებში, სადაც ჰაერის მინიმალური ტემპერატურა არ ეცემა მინუს 23-25°C-მდე. ნერგები უნდა შეირჩეს დარაიონებული და აპრობირებული სადედე ბუჩქებიდან. თხილის კულტურა ეგუება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგს, გარდა მძიმე თიხნარი და დაჭაობებული ადგილებისა.

ყველაზე კარგად ხარობს კარგი აერაციის, ტენიან, ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე, ხოლო ნიადაგის მჟავიანობა უნდა იყოს pH 5,5-8-მდე. ვაკე ან 5-7° დაქანების მქონე ნაკვეთებზე შესაძლებელია მცენარეთა სხვადასხვა სიხშირით განლაგება, იგი იცვლება ნიადაგის თვისებების, ჯიშის ზრდის სიძლიერის, ბაღში ჩასატარებელ სამუშაოთა მექანიზაციია გამოყენების და სხვა ფაქტორების მიხედვით.

რიგის მიმართულება ვაკე ადგილებში ნებისმიერი შეიძლება იყოს, ხოლო ფერდობზე რიგების ჰორიზონტალური მიმართულება ეძლევა. უფრო დიდი დაქანების ფერდობებზე რეკომენდირებულია ტერასების მოწყობა. აღსანისნავია, რომ თხილს აქვს ძლიერი და ნიადაგის ზედა ფენებში ჰორიზონტალურად განლაგებული ფესვები, რითაც იგი ამაგრებს და იცავს ნიადაგს ჩამორეცხვიდან.

დასავლეთ საქართველოში თხილის ბაღში მიღებულია მცენარეთა განლაგება შემდგომი გაშენებისათვის იწყება აგვისტოს ბოლოს შემდეგი სქემით 5×3, 5×4, 5×5, 4×4 და 4×3 მ. ბაღის გასაშენებლად ნაკვეთის შერჩევის, ტოპო-გეო- დეზიური და საპროექტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ნიადაგის მომზადება, დამუშავება (პლანტაჟი, ჯვარედინი გადახვნა, დადისკვა, დაფარცხვა, დაგეგმარება)შემდგომი გაშენებისათვის იწყება აგვისტოს ბოლოს და მთავრდება ნოემბრის დასაწყისში.

მცენარის დარგვამდე დასარგავი ორმოს მომზადება ორი კვირით ადრე ტარდება. ორმოს სიდიდე 40x50x50 სმ-ია, სადაც შეტანილი უნდა იქნეს 10-15 კგ. ორგანული სასუქი (გადამწვარი ნაკელი, ტორფნაკელიანი, ტორფდოლომიტიანი და სხვა ორგანული წარმომავლობის გადამწვარი ორგანული მასა.), 100 გრ. ფოსფოროვანი და 60 გრ. კალიუმიანი სასუქი. თითოეულ ორმოში ირგვება კარგად განვითარებული ერთ ან ორ წლიანი სტანდარტული ნერგი. აუცილებელია ნერგის დარგვისთანავე მორწყვა.

სამრეწველო ბაღის გაშენება უნდა მოხდეს ორი-სამი ჯიშის ნერგებით, რათა დამამტვერიანებელი ჯიშის ფაქტორი იქნეს გათვალისწინებული. თხილის ბაღის გაშენებისას რეკომენდირებული აგრო ვადაა 15 ნოემბრიდან 15იანვრამდე. თხილის კულტურის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე სხვა მრავალწლიანი კულტურებიდან გამომდინარე ნერგის ფესვის ყელი უნდა დაიფაროს მიწით 7-10 სმ-ის სიმაღლეზე.

სამრეწველო ბაღის ფართობი 10 ჰა-ზე მეტია, უნდა დაიყოს კვარტლებად და გაშენდეს ქარსაფარი ზოლები. ახლად გაშენებული თხილის ბაღში მიზანშეწონილია რიგთაშორის სათოხნი პარკოსანი კულტურების თესვა (სოიო, ლობიო და სხვა) ან სასიდერაციო კულტურების თესვა, რომელიც ყვავილობის პერიოდში ჩაიხვნება ნიადაგში.

მოვლა ითვალისწინებს რიგთაშორისების პერიოდულ საგაზაფხულო და საშემოდგომო დამუშავებას: თხილის ძირების შემობარვას, ორ სამჯერ შემოთოხვნას და ორგანულ მინერალური სასუქების გამოყენებას (მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ ერთ ბუჩქზე შეიტანება 20-30 კგ ორგანული სასუქი, მინერალური სასუქების შეტანის ნორმაა N60 P60 K30 კგ/ჰა-ზე.), მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონიძიების სისტემატიურად ჩატარებას, ბუჩქის ფორმირებას, მორწყვას და ა.შ.

ახალგაზრდა ბაღში ნიადაგის დაკორდება პირველი სამი წელიწადი არ არის რეკომენდირებული, რადგან აერაციის შეზღუდვა ანელებს მცენარის ზრდა განვითარებას, განსაკუთრებით მცირდება ფესვთა სისტემაზე არსებულ კვირტებიდან გამონაყართა განვითარება. თხილის კულტურის გასხვლა-ფორმირების თავისებურებანი. თხილის ფორმირება შესაძლებელია განხორციელდეს ბუჩქის ან ერთ შტამბიანი ფორმის მიცემის მიზნით.

პრაქტიკაში გავრცელებულია ბუჩქისებური სახით ფორმირება. თხილისათვის ბუჩქის ფორმის მიცემა იწყება დარგვისთანავე. დარგული ნერგი იჭრება 20-25 სმ სიმაღლეზე, რომლებზეც ვეგეტაციის განმავლობაში წარმოიშვება ახალი ამონაყრები. დარგვიდან მეორე წელს ამოიჭრება მიწასთან გასული წლის ნერგი, დარჩება მხოლოდ გასული წლის ძლიერი ტოტები, რომლებიც არ მოკლდება.

დარგვიდან მესამე მეოთხე წელს ფესვის ყელიდან ამონაყარი ტოტები სისტემატიურად მეჩხერდება, მომდევნო წლებში სისტემატიურად იჭრება სუსტი ამონაყრები, ჩახშირებული გადახლართული ტოტები იმ გათვლით, რომ ბუჩქი შედგებოდეს 7-12 კარგად განვითარებული ძლიერი ტოტებისაგან. წლების მიხედვით ბუჩქზე ტოტები ბერდება და ის უნდა შეიცვალოს ახალი ჯანსაღი ნაზარდებით.

ამრიგად ბუჩქს ყოველწლიურად უტარდება გამაახალზრდავებელი გასხვლა სუსტი ყლორტებისა და ამონაყრების მოცილებით.

თხილის მავნებელ-დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები

თხილის კულტურაზე საქართველოში 100-ზე მეტი სახეობის მავნებელ დაავადებაა დაფიქსირებული. ამათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია შემდეგი მავნებელი: ცხვირგრ- ძელები, ჩრჩილები, ბუგრები, სხვადასხვა სახის ფთოლჭამიები, ხვატარები, მზომელები, აბრეშუმხვევიები, ხერხიები, ტკიპები, ფოთოლხვევიები, ხარაბუზები და ა.შ.

დაავადებებიდან გავრცელებულია: ნაცარი, ყავისფერი და ნაცრისფერი სიდამპლე, ხავსები, ლიქენები, რომლებიც აკნინებენ მცენარეს და იწვევენ მათ ნაადრევ ხმობას. თხილის მავნებლებიდან განსაკუთრებით დიდი ზიანის მომტანია, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში კვირტის ტკიპა, თხილის ცხვირგრძელა, თხილის ხარაბუზა, ამერიკული თეთრი პეპელა, თხილის ბუბრი, ხოლო დაავადებებიდან თხილის ნაცარი, თხილის ნაცრისფერი და ყავისფერი სიდამპლე და სხვა.

თხილის ზემოთ ჩამოთვლილი მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიება უნდა ჩატარდეს კომბინირებული მეთოდების (აგროტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური, ქიმიურის) კომპლექსურად გამოყენებით. ამასთან მათ წინააღმდეგ საბრძოლვევალდ ქიმიური პრეპარატების გამოყენება უნდა შეწყდეს 1-1.5 თვით ადრე მოსავლის აღებამდე.

ნებისმიერ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ჩასატარებელი ქიმიური ღონისძიებების თაობაზე უნდა მიმართონ შესაბამის ორგანიზაციებს და კვალიფიციურ სპეციალისტებს რჩევის მიღების თაობაზე.

მოსავალი და კრეფა

სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ კარგად ფორმირებული ერთი თხილის ბუჩქიდან სათანადო მოვლის პირობებში საშუალოდ ერთი ძირიდან 3.5 -7.5 კგ. მოსავლის მიღებაა შესაძლებელლი. ჩვენს პირობებში თხილის მოსავლის აღება, ჯიშების მიხედვით იწყება ივლისის მეორე ნახევარში და მთავრდება სექტემბრის ბოლოს.

აღებული მოსავალი თავსდება მშრალ შენობაში,სადაც მიმდინარეობს თხი- ლის ფერმენტაცია. საბურველი აძლევს ნაჭუჭს ლამაზ მიხაკისფერ შეფერილობას,ხოლო გულს სასიამოვნო გემოს. საბურველის მოშორების შემდეგ თხილს აშრობენ მზეზე ან საშრობებში და ინახავენ მშრალ შენობაში.

წყარო: აგროსერვის ცენტრი
agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
274 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6027 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB