თხილი – დარგვა, გამრავლება – თხილის ბაღის გაშენება

თხილი, ბაღი

თხილი (Corylus) — ფოთოლმცვივანი ბუჩქების, იშვიათად ხეების გვარი თხილისებრთა ან ფართო გაგებით, არყისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ჩვეულებრივი (ტყის) თხილი ხშირად ბუჩქია, იშვიათად პატარა ზომის ხე. მერქანი რბილი, მჩატე და დრეკადი, ნაყოფი სქელნაჭუჭიანია.

ადამიანი თხილის ნაყოფს უხსოვარი დროიდან მოიხმარს, როგორც ძვირფას კვებით და სამკურნალო პროდუქტს, ამიტომ აქტიურად მიმდინარეობდა და ამჟამადაც მიმდინარეობს მისი სელექცია, ახალი ყინვაგამძლე ფორმების მისაღებად და მათი არეალის გაფართოების მიზნით. ამის გამო დიდია მათზე მოთხოვნილება, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

გავრცელება

ჩვეულებრივი თხილი გავრცელებულია თითქმის მთელ ევროპაში: სკანდინავიის ნახევარკუნძულზე, ადის ჩრ. განედის 760-ზე, გვხვდება დანიაში დიდ ბრიტანეთში, პირინეის ნახევარკუნძულზე, მცირე აზიაში კავკასიაში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში.

თხილი საქართველოში

საქართველოში ბუნებრივად თხილის ექვსი სახეობაა გავრცელებული, რომელთაგან ორი იმერეთის და კოლხეთის – საქართველოს ენდემებს წარმოადგენს.

ქართული ანუ დათვის თხილი ( (Corylus iberica) ტანმაღალი 25 მ-მდე სიმაღლის ხეა. 80 სმ – მდე დიამეტრით. აქვს სწორი ცილინდრული ღერო, მერქანი მოვარდისფრო გულით და თეთრი ცილით. ხასიათდება მკვრივი, მაგარი და ძალიან ლამაზი, ხავერდოვანი ტექსტურით იხმარება საავეჯო წარმოებაში და სამშენებლო მასალად.

ქართული თხილი გავრცელებულია მთის ქვედა და შუა სარტყლის ტყეებში. როგორც ამიერ, ისე იმიერ-კავკასიაში. ჩვენში იგი გვხვდება აფხაზეთის, რაჭა-ლეჩხუმში, ქართლში, კახეთსა და თრიალეთში, უმთავრესად, მთების შუა სარტყლის ტყეებში, აგრეთვე, მთების წინა კალთების მუხნარებსა და რცხილნარებში.

თხილის სასარგებლო თვისებები

თხილის ნაყოფი მაღალკალორიული პროდუქტია. მასში ცხიმიანობა 70%-ს აღწევს. შეიცავს 20% ცილას, 10 % ნახშირწყლებს, ვიტამინებს A და B4-ს. იგი კალორიულობით 3.5-ჯერ აღემატება ხორბლის  პურს. 400 გრ თხილი შეიცავს 3400 კალორიას, რაც დაახლოებით მოზრდილი ადამიანის დღიურ რაციონს უტოლდება.

მისი კულტურული საბაღო ფორმები მრავალია და უფრო მეტი რაოდენობით შეიცავენ ზეთებს, რომელსაც ფართოდ იყენებენ სახალხო და მეცნიერულ მედიცინაში. თხილისგული მდიდარია მინერალური მარილებით. ტყის თხილში არის სპილენძი, მაგნიუმი და თუთია, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნური სისტემის აქტივაციას, ამშვიდებს ნერვებს და სტრესის დაძლევაში ეხმარება ორგანიზმს.

თხილში შემავალი ტყვია, იოდი, მოლობდენი, გოგირდი ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას რადიაციისადმი და ხელს უწყობს ფარისებრი და სასქესო ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას. რკინა და სპილენძი კი სისხლწარმოქმნის პროცესებში მონაწილეობს.

დანაყილ თხილის გულს ხსნიან ცოტა წყალში და იღებენ თხილის რძეს, რომელიც ძალიან ყუათიანია და აძლევენ დასუსტებულ ადამიანს. ფოთლებსა და ღეროს ქერქს იყენებენ სისხლძარღვების შევიწროების, ვენების გაგანიერების, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის სამკურნალოდ და სხვა.

გურმანებისთვის თხილი საყვარელი ნუგბარია, ვეგეტარიანელებისა და იმ მორწმუნეთათვის კი, რომლებიც ხშირად მარხულობენ ის ერთ_ერთი ძირითადი საკვები გახლავთ.

თხილის სპეციფიკური მოთხოვნები

ჩვეულებრივი თხილი გარემო პირობების მიმართ დიდი შემგუობლობით ხასიათდება, რის გამო იგი გვხვდება თითქმის ყოველგვარ პირობებში, ზღვის დონიდან დაწყებული და სუბალპური სარტყლით დამთავრებული. აზონალური სახეობაა სიცივის ამტანი.

იგი გვხვდება, როგორც ღია ადგილებში ისე ტყეში, ქვეტყის სახით. ქვეტყეში გვხვდება, როგორც ჩრდილის ამტანი სახეობების (წიფელი, წაბლი, რცხილა) ისე სინათლის სახეობებთან (მუხა, ფიჭვი და სხვა) თხილი კარგად იზრდება საშუალო სინესტის პიობებში. ვერ იტანს ჭაობსა და ქვიშნარებს. მისთვის კარგია საშუალო სინესტის ნეშომპალით მდიდარი კირნარი ნიადაგი.

ადვილად მრავლდება: თესლით (აღმოცენების უნარი 75 %) ვეგეტატიურად: ძირკვის ამონაყრით, ფესურებით, დაკალმებით და გადაწვენით.

თხილის საბაღე ფორმების გარცელების ოპტიმალური პირობები

თხილის საბაღე ფორმების გარცელების ოპტიმალური პირობებია ზღვის დონიდან 600 მეტრ სიმაღლეზე და ყვავილობა-დამტვერვა იწყება ბუჩქების შეფოთვლამდე, როცა ჰაერის ტემპერეატურა დღისით 12 0 მიაღწევს ცელსიუსით.

იგი შეიძლება გაშენდეს როგორც სახნავ ისე სოფლის მეურნეობისათვის ნაკლებად ვარგის ფართობებზე. ამ დანიშნულებით ვარგისია: ხევები (არა ქვიშიანი), მდინარის ნაპირები, სარწყავი არხების განმხოლოების ზოლები. აგრეთვე დაბალი ღირსების ტყებუჩქნარებით დაკავებული ფართობები.

ჩვენთან ასეთი ფართობები უამრავია, რომელთა ამოძირკვა-გაწმენდისა და ნიადაგის მომზადების სრული ციკლის ჩატარების შემდეგ, ასობით ჰექტარზე შეიძლება თხილის პლანტაციის გაშენება, რაც დიდად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განმტკიცებას.

აღნიშნული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, თხილის სანაყოფე პლანტაციების გაშენების შესანიშნავი პირობები არსებობს: გურია-სამეგრელოს და საერთოდ დასავლეთ საქართველოს მთელრიგ რაიონებში. ასე მაგალითად: ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს,  ოზურგეთისა და ლანჩხუთის საშუალო წლიური ტემპერატურა თითქმის თანაბარია და 13.30 და 140-ს შორის მერყეობს.

ყვავილობისათვის ოპტიმალური პერიოდი იწყება მარტის მეორე ნახევარსა და აპრილის დასაწყისში. ამ რაიონების ჰაერის მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურები თხილის პლანტაციებზე არავითარ უარყოფით გავლენას არ მოახდენს.

ნალექების წლიური საშუალო რაოდენობა ზუგდიდში შეადგენს – 1700 მმ-ს, წალენჯიხაში – 2000 მმ-ს, ჩხოროწყუში – 1400 მმ-ს, ოზურგეთში – 2110 მმ-ს, ხოლო ლანჩხუთში 1980 მმ-ს. ასევე თითქმის თანაბარია ჰაერის ფარდობითი ტენიანობა: ზუგდიდში – 76%, წალენჯიხაში – 74 %, ჩხოროწყუში – 70 %, ხოლო ოზურგეთსა და ლანჩხუთში 75 %.

აღმოსავლეთ საქართველოში თხილის სანაყოფე პლანტაციების გასაშენებლად ოპტიმალურ პირობებად უნდა ჩაითვალოს მდ. ალაზნის მარცხენა სანაპირო, ყვარლისა და ლაგოდეხის ნახევრად სუბტროპიკული რაიონები და სხვა რაიონების ტენიანი და თბილი მიკრო ფართობები.

თხილის, როგორც გარეული, ისე საბაღო ფორმები, მრავლდება: თესლით და ვეგეტატურად, მაგრამ თესლით გამრავლების შემთხვევაში ადგილი აქვს შთამომავლობით ნიშანთვისებების ე.წ. “გათიშვას”.

იგი ადვილად კარგავს დედის თვისებებს, ამიტომ, საბაღე ფორმებით პლანტაციის გაშენება უკეთესია ვეგეტატიურად გამოყვანილი სარგავი მასალით. საამისოდ იყენებენ ნამყენ, გადაწვენით დაფესვიანებულ ნაბარტყს, დაკალმებისა და ბუჩქის დაყოფით მიღებულ ნერგებს.

მაღალხარისხოვანი ფორმების სარგავი მასალით უზრუნველყოფის მიზნით, სადედე პლანტაციები შედარებით კარგ ფართობებზე ეწყობა.

თხილის გამრავლება

თხილის, როგორც გარეული, ისე საბაღო ფორმები, მრავლდება: თესლით და ვეგეტატურად, მაგრამ თესლით გამრავლების შემთხვევაში ადგილი აქვს შთამომავლობით ნიშანთვისებების ე.წ. “გათიშვას”.

თესლით გამრავლება

თხილის თესლით გასამრავლებლად იყენებენ კარგად მომწიფებულ ნაყოფებს. თხილი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. მისი შეგროვება შეიძლება, როგორც ჩამობერტყვით-დარხვით, ისე მიწაზე დაცვენით. თხილის კაკლის ბუდის (გარეკანის) ადვილად მოცილების მიზნით, შეგროვებულ თესლს ყრიან კარგ ჰაერაციან სათავსოში.

თხილის თესლის დასათესად მომზადებას ანუ სტრატიფიკაციას ახდენენ სილაში ან ტორფში – 4 თვის განმავლობაში, ხოლო ზედმეტად გამომშრალისას – 5 თვეს. ამასთან პირველ 10-15 დღეს ჭარბტენიან პირობებში, 18-220C ტემპერატურაზე, ხშირად ურევენ. საერთოდ სტრატიფიკაციის პერიოდში თხილს ათავსებენ სარდაფში 1-50 C ტემპერატურაზე და ურევენ 7-8 დღეში ერთხელ, ხოლო სილასა და ტორფს საჭიროების მიხედვით ატენიანებენ. თესლისა და სილის (ტორფის) ნარევს ყრიან იატაკზე ან ფირფიცარზე, კარგად ურევენ, არჩევენ დამპალს და ისევ ყრიან ყუთებში.

თხილის დათესვა

თხილის დასათესად ნიადაგი იხვნება 25-27 სმ სიღრმეზე. თესვის წინ გადაიხვნება კულტივატორით ან დაიბარება 7-8 სმ სიღრმეზე. ასწორებენ და აწყობენ სათეს კვლებს.

იმ რაიონებში სადაც ნალექების წლიური რაოდენობა 500-800 მმ-ის ფარგლებშია, ამასთან თუ ნალექების ძირითადი რაოდენობა მოდის სავეგეტაციო პერიოდში, კვლები მოეწყობა ნიადაგის ზედაპირის დონეზე, ხოლო დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში კვლები კეთდება ნიადაგიდან 10-12 სმ – ით ამაღლებული (ნალექების რაოდენობისა და ნიადაგის წყალგამტარიანობის მიხედვით).

სათესლე კვლები უნდა გაკეთდეს 1.0-1.2 მეტრი სიგანის, იმ ანგარიშით, რომ ყველა სამუშაო შესრულდეს ბილიკიდან, კვალზე ფეხის დაუდგმელად. კვლის სიგრძე დამოკიდებულია სათესი ფართობის კონფიგურაციაზე.

კვლის საბოლოო დამუშავების შემდეგ ზედაპირი სწორდება ფოცხით ან იტკეპნება მსუბუქი საგორავით. კვლის ზედაპირი შეძლებისამებრ, უნდა იყოს ჰორიზონტალური, რომ მორწყვის დროს წყალმა ზედაპირი არ გადარეცხოს.

შემოდგომაზე თხილს თესავენ სტრატიფიკაციის გარეშე 7-8 – სმ, ხოლო გაზაფხულზე 5-6 სმ სიღრმეზე. ვეგეტაციის პერიოდში 6-7 – ჯერ გათოხნიან –გააფხვიერებენ. თესლნერგი სტანდარტული ხდება 1-2 წელიწადში, როცა სიმაღლეში მიაღწევს არანაკლებ – 15 სმ-სდა ფესვის ყელის დიამეტრიც არანაკლებ 3 მმ-ს.

თესლნერგების ამოღება შეიძლება, როგორც გაზაფხულზე, ისე შემოდგომაზე, 25 – სმ სიღრმეზე ამოთხრით.

თხილის გამრავლების ამ მეთოდს, თითქმის არ იყენებენ.

თხილის ვეგეტატიური გამრავლება

გადაწვენით გამრავლება, ფესურებით გამრავლება, ბუჩქის დაყოფით გამრავლება, დაკალმებით გამრავლება, მყნობით გამრავლება.

გადაწვენით გამრავლება

ბუჩქის ძირის ამონაყარს ან ტოტებს, მათი დაფესვიანების მიზნით ბუჩქიდან აუჭრელად აფესვიანებენ თხრილებში. დასაფესვიანებლად გადაწვენა შეიძლება მთელი ვეგეტაციის განმავლობაში. ყველაზე უკეთეს შედეგს იძლევა ვეგეტაციის დაწყების ან სრული შეფოთვლისთანავე გადაწვენა.

ბუჩქთან ახლოს თხრიან 10-15 სმ სიგრძისა და 40-50 სმ სიგანის თხრილებს. ამონაყრებს ან ტოტებს ხრიან თხილის ფსკერამდე და ამაგრებენ ხის კაუჭით. ამონაყრის (ტოტის) წვერს ამაგრებენ ამოსწევენ თხრილის მაღლა, არანაკლებ 10 სმ სიმაღლეზე, ამაგრებენ ვერტიკალურ ჩხირზე, თხრილს ავსებენ მიწით და რწყავენ. ჰორიზონტალური გრძელი ამონაყრიდან შეიძლება აღვზარდოთ 3-5 ნერგი.

ამისათვის შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე, ჰორიზონტალური ამონაყარი უნდა მივამაგროთ უმნიშვნელო (3-5 სმ) სიღრმის თხრილის ფსკერზე. მაგრამ, მიწით არ ფარავენ მას. ამონაყარი მიმგრდება ფრთხილად, რომ კვირტები არ დაზიანდეს. ორიზონტალურად დამაგრებული ამონაყარის თითქმის ყველა კვირტიდან წამოიზრდება ვერტიკალური ყლორტი. როცა ის სიმაღლეში 10-16 სმ-ს მიაღწევს, ძირზე რბილ მავთულს უჭერენ (2-3 გადაგრეხვით). თითოეულ ყლორტს სიმაღლის 2/3-ზე შემოეყრება მიწა.

ყლორტის ზრდის პარალელურად, ზაფხულის განმავლობაში 2-3-ჯერ ემატება მიწა. ყლორტების იმ ნაწილზე, რომელიც მიწაში უნდა მოექცეს აწყვეტენ ფოთლებს. დაფესვიანება ხდება მთავრდება 1-2 წელიწადში.

დაფესვიანებულ ჰორიზონტალურ ღეროს მთლიანად იღებენ და ჭრიან დაფესვიანებული კვირტების მიხედვით, ამასთან, ყლორტებს მოეხსენება დაფესვიანების ადგილზე შემოჭერილი მავთული.

ფესურებით გამრავლება

როგორ, ტყის ისე საბაღე ფორმების თხილის ბუჩქი დიამეტრში მატულობს, მიწის ქვეშ მოქცეული ძირითადი ღეროების მძინარე კვირტების ხარჯზე.

საბაღე ფორმებს, როგორც წესი, ნაბარტყის მძინარე კვირტებიდან დაფესვიანება ეწყება მეორე_მესამე წელს, რომელიც გადასარგავად ვარგისია, როგორც მუდმივ ფართობებზე, ისე სკოლაში სტანდარტულ ზომებამდე. აღსაზრდელად იშვიათად ერთწლიანი ნაბარტყიც ფესვიანდება, მაგრამ სუსტი და გადასარგავად უვარგისია.

არის შემთხვევები, როცა თხილის ხნიერ ბუჩქს აქვს 100-150 ნაბარტყი. როგორც ზევითაც იყო აღნიშნული, ეს არის ფესვის ყელთან არსებული კვირტებიდან მოცემული ფესურები.

ბუჩქის დაყოფით გამრავლება

ხშირად თხილის საბაღე პლანტაციაში, ბუჩქების პირველადი განლაგება ხშირია, რის გამოც იწყება ბუჩქების კალთის სწრაფი შეკვრა. აღნიშნული კი ამცირებს მოსავლიანობას. ამ შემთხვევაში, პლანტაციაში ბუჩქების ოპტიმალური რაოდენობის შენარჩუნების მიზნით ახდენენ ნარგაობათა გამოხშირვას.

მოთხრილი ან ამოძირკული ბუჩქების ოპტიმალური რაოდენობის შენარჩუნების მიზნით ახდენენ ნარგაობათა გამოხშირვას. მოთხრილი ან ამოძირკული ბუჩქი შეიძლება გამოყენებულ იქნას სარგავ მასალად. ამისათვის ბუჩქი იყოფა იმდენ ნაწილად, რომ თითოეულ ჩამონაცალს მოჰყვეს საკუთარი ფესვთა სისტემა, შემწოვი ფესურებით.

ღერო უნდა გაისხლას მჭრელი იარაღით, უკეთესია ვენახის მაკრატლით. ბუჩქის დაყოფით მიღებული სარგავი მასალა ჯობია დაირგას ამოღებისთანავე ან შეიკრას პატარ-პატარა კონებად და შეიხვიოს სველ ნაჭერში, ხავსში ან თივაში, რომ არ მოხდეს ფესვების გამოშრობა.

დაკალმებით გამრავლება

გამერქნებული კალმების დაფესვიანება ხდება თხილის ყვავილობის დროს, ანუ ადრე გაზაფხულზე. ახალგაზრდა ერთწლიანი ტოტებიდან იჭრება 20-25 სმ სიგრძის კალმები. მათი დარგვა-დაკალმება უკეთესია სადედე პლანტაციაში ბუჩქის საბურველქვეშ, მაღალიტენიანობის პირობებში. კალამი ნიადაგში ჩაისმება დახრილად.

მომდევნო წელს დაფესვიანებული კალმები აღსაზრდელად გადააქვთ სასკოლე განყოფილებაში. სკოლაში ნერგები ირგვება 30-60 სმ განლაგებით და რეგულარულად ირწყვება.

მყნობით გამრავლება

მყნობა შეიძლება, როგორც გაზაფხულზე, ისე ზაფხულში. გაზაფხულზე მყობა წარმოებს კალმებით: საძირის გაპობილში ქერქთან ჩასმით ან საძირის გაუპობლად ქერქთან ჩასმით, აგრეთვე კვირტით, რომელსაც მოჰყვება ქერქის ნაწილი.

საგაზაფხულო მყნობისათვის საკალმე მასალას ამზადებენ ზამთარში და ინახავენ თოვლში ან მაცივარში, ხოლო ზაფხულის მყნობისათვის კალმები მზადდება და მყნობა მიმდინარეობს ერთდროულად ან, უკიდურეს შემთხვევაში, მეორე დღეს მეორე დღისათვის კალამი ინახება საყინულეში, წყლის ჭურჭელში, დასველებული ტილოში ან სველ ხავსში გახვეული.

თხილის მყნობა უკეთეს შედეგს იძლევა გაზაფხულის წვენთმოძრაობის დროს, ძირითადად ივლისში. სჯობს სანამყენე კვირტები ავიღოთ ერთწლიანი, გამერქნებული ყლორტებისაგან. მყნობის წარმატებით ჩატარებისათვის მთავარია, საძირე აქტიური ზრდის პერიოდში იყოს და მას კანი ადვილად სცილდებოდეს.

ძლიერ ცხელ ამინდში მყნობა დილასა და საღამოს სჯობს. ღრუბლიან, გრილ ამინდში მყნობა შეიძლება მთელი დღის განმავლობაში. წვიმიან ან ქარიან ამინდში კი მყნობა დაუშვებელია, რადგან ჭრილში მოხვედრილი წვიმის წვეთი ხელს უშლის შეხორცებას. ხოლო ძლიერი ქარი ჭრილობას მალე აშრობს. მყნობის წინ უნდა შემოწმდეს საძირე: თუ კანი ცუდად ეცლება, სანერგე უნდა მოირწყას.

ნამყენს აუცილებლად ესმება ბაღის მალამო. შესახვევ მასალად გამოიყენება პოლიეთილენის აფსკი და ამ აფსკითვე კალამს უკეთდება ხუფი (ჩაჩი). ახალი ამონაყრის გარემოსთან შეგუების მიზნით: ამონაყრის ზრდის მე-7-8 დღეს იხსნება ჩაჩის თავი, ხოლო 10-15 დღის შემდეგ მთლიანად მოეხდება.

როგორც ზევით იყო აღნიშნული, სუსტი და არა სტანდარტული სარგავი მასალა აღსაზრდელად გადააქვთ „სასკოლე“ განყოფილებაში. განლაგებით 30-60 სმ-ზე. მექანიზირებული მოვლის შემთხვევაში რიგში 30 სმ, ხოლო რიგთაშორისების სიგანე დამოკიდებულია გამოყენებულ მექანიზმებზე.

თხილის სამრეწველო პლანტაციის გაშენება

როგორც ზევით იყო აღნიშნული თხილი განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს ნიადაგსა და ტენს, ამიტომ მისი სამრეწველო (სანაყოფე) პლანტაციები უნდა გაშენდეს, სპეციალურად შერჩეულ ნაყოფიერ ნიადაგებზე, სასურველია სარწყავში. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ გრუნტის წყლის დონე, რომელიც მიწის ზედაპირიდან ერთ მეტრზე ახლოს არ უნდა იყოს.

პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ კოლხეთის დაბლობზე, დაჯაგული მურყნარების ფართობებზე, სადაც ამოძირკვამდე გრუნტის წყალი ერთ მეტრზე დაბლა იყო, ამოძირკვიდან და თხილის პლანტაციის გაშენებიდან მე 5-6 წელს, როცა პლანტაციებმა ნაყოფმსხმოიარობა დაიწყეს გრუნტის წყალმა 40 სმ – მდე ამოიწია და თხილის პლანტაციები ასობით ჰექტარზე დაიღუპა. იგივე დაემართა ჭარბტენიან პირობებში მოწყობილ ე.წ “სფერულ კვლებზე” გაშენებულ პლანტაციებს. რადგან დროთა განმავლობაში მოხდა “სფერული კვლების” “ჩაძირვა” და ფართობების განმეორებით დაჭაობება.

თხილის პლანტაციების გაშენება შეიძლება, როგორც გაზაფხულზე ისე შემოდგომაზე.

პლანტაციების გასაშენებლად შერჩეული ფართობები დაცული უნდა იყოს ქარებისაგან, რადგან დამტვერიანების დროს ქარს მტვრიანები გააქვს ფართობიდან და საგრძნობლად მცირდება ნაყოფმსხმოიარობა.

თხილის პლანტაციებისათვის ნიადაგი 50-60 სმ სიღრმეზე მუშავდება. გაშენებამდე 1-2 წლის განმავლობაში უმჯბესია ფართობი გამოვიყენოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესად.

თხილის საგაზაფხულო დარგვა უნდა ჩატარდეს ადრე გაზაფხულზე, სასოფლო სამეურნეო სამუშაოების დაწყებამდე 3-5 დღით ადრე, ხოლო საშემოდგომო დაახლოებით 20 დღით ადრე უნდა უსწრებდეს ყინვების დაწყებას. პერიოდულობა ადგილობრივ მცხოვრებთა ან მეტეო სადგურების მრავალწლიანი დაკვირვებით დგინდება. მართალია იგი ყოველთვის ზუსტი არ იქნება, მაგრამ ხშირად გაამართლებს.

თხილის ნერგებს რგავენ 70X70X50 სმ ზომის ბაქნებსა და ორმოებში 2-4 ძირის ოდენობით. სამთო მეტყევეობის ინსტიტუტმა (ჯუმბერ ლომიძე) მიაკვლია, რომ ჩვენი წინაპრები, თხილის ბუჩქის დროულად ჩამოყალიბების მიზნით ბაქანზე რგავდნენ ორ ძირს, რომელთაც აწვენდნენ ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით მორკალვით.

ნიადაგზე დაწვენილ-დამაგრებული ნერგი კვირტებიდან იწყებდა დაფესვიანებას და ამონაყრის მოცემას. დაახლოებით ისე, როგორც ეს აღნიშნული იყო გადაწვენით გამრავლების დროს. ამ შემთხვევაში ბუჩქის ჩამოყალიბებასთან ერთად, შეიძლება აღზრდილი იქნას სარგავი მასალაც.

საგაზაფხულო დარგვისათვის ნიადაგს ამზადებენ შემოდგომით ხოლო დარგვისათვის დარგვამდე 1.5 – 2 თვით ადრე. გაზაფხულზე დარგული ნერგების გახარება, შემოდგომაზე მომზადებულ ორმოებში 5-6% – ით მაღალია, დარგვის პარალელურად მომზადებულ ორმოებთან შედარებით.

საერთოდ უკეთესია თხილის შემოდგომაზე გაშენება, რადგან მისი ვეგეტაცია გაზაფხულზე ძლიერ ადრე იწყება და ნერგის ამოღების ტრანსპორტირებისა და დარგვის დროს ადვილად ზიანდება და მცირდება გახარების უნარი.

ნერგები ირგვება იმდაგვარად, რომ ფესვის ყელი ნიადაგში 5-6 სმ-ზე დაბლა არ მოექცეს. აუცილებლად უნდა მოირწყოს 2-3 სათლი (ვედრო) წყლის ანგარიშით, რომ ფესვებზე ნიადაგი კარგად მიიტკეპნოს და დიდი იყოს კონტაქტი ფესვებსა და ნიადაგს შორის.

პლანტაციებში თხილის ნერგთა (ბუჩქების) განლაგება სხვა და სხვაა. მუდმივი რწყვის პირობებში 8X8 მეტრზე, ხოლო ურწყავში 6X6 მეტრი. რგავენ უფრო ახლოსაც 5X5 ან 4X4 მეტრზე, იმ ანგარიშით, რომ ვარჯის შეკვრის შემდეგ მოხდეს რიგთაშორისების გამოღება და საბოლოოდ, მსხმოიარე პლანტაციაში დარჩეს ნარგაობა 10X10 ან 8X8 მეტრი განლაგებით.

პლანტაცია შენდება აგრეთვე ე.წ. “შპალერის” მეთოდით, ერთეული ძირებად 5X2 მ-ზე განლაგებით ანუ 1000 ძირი ჰექტარზე. ამ დროს ძირთა რაოდენობასთან შედარებით, საჰექტრო მოსავლიანობა მცირე არ არის. ამასთან უფრო ადვილია ასეთი პლანტაციების მოვლა და მოსავალიც თითქმის მთლიანად შეიძლება მოიკრიფოს ხელით.

თხილი ჯვარედინი დამტვრიანებითი მცენარეა ამიტომ უკეთესი იქნება თუ პლანტაციაში 3-4 სახეობის ან ფორმის ნერგებს დავრგავთ, 3-4 რიგის მორიგეობით ეს ხელს შეუწყობს გაუმჯობესებული ნიშან-თვისებების მოსავლის მიღებას.

თხილის პლანტაციები ნიადაგიდან დიდი რაოდენობით იწოვენ კვებით ნივთიერებებს, ამიტომ საჭიროა მათი სისტემური განაყოფიერება ორგანული სასუქებით ან კომპოსტით, ჰექტარზე 30-40 ტონა ღრმა ჩაბარვით, ხოლო მინერალური სასუქები: აზოტოვანის – 120 კგ-მდე, ფოსფოვანის – 180 კალიუმიანის 60 კგ-მდე შეტანით.

თხილის მაღალი მოსავლის მისაღებად დიდი მნიშვნელობა ენიჭება პლანტაციების მოვლისა და თხილის ბუჩქების ფორმირების ღონისძიებებს. ფორმირების დროს ბუჩქში 8-12 ძირითად ღეროს ტოვებენ და სისტემური რწყვისა და მოვლის (სარეველებისგან გაწმენდა, გამოთოხნა, ჩაბარვა და სხვა) პირობებში, პლანტაციების მაღალი მოსავლიანობა 12 დან 35 წლამდე გრძელდება. ხოლო არადამაკმაყოფილებელ პირობებში უკვე 20-25 წლის ასაკში იწყებენ ხმობას.

კარგი მოვლის პირობებში ბუჩქის ზოგიერთი ღერო ცოცხლობს 50 წლამდე, მაგრამ გადაბერების პარალელურად საჭიროა ბუჩქების გაახალგაზრდავება, ბუჩქებში ძირითადი ღეროების თანდათანობით გამოჭრით 4-6 წლის განმავლობაში, ან პლანტაციის ჰყოფენ 4 ნაწილად და ყოველწლიურად ატარებენ ბუჩქნარების ერთად გამოჭრას ყოველ ნაწილზე ისე, რომ 4 წელიწადში პლანტაცია სრულად განახლდეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თხილის მოშენებას უხსოვარი დროიდან აწარმოებენ ჯერ კიდე შორსაა მათგან მაქსიმალური მოსავლიანობის მიღება. ჩვენთან იგი ჰექტარზე 1.5 2.0 ტონაზე მეტს არ შეადგენს. დაბალი მოსავლიანობის ძირითად მიზეზებად უნდა ჩაითვალოს: ან აგროწესების არასწორი ჩატარება, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ სრულყოფილი ღონისძიებების გაუტარებლობა, მოსავლის დატაცებისგან დაუცველობა და სხვა.

მიუხედავად აღნიშნულისა, თხილის პლანტაციური მეურნეობის წარმოება რენტაბელურად უნდა ჩაითვალოს. თხილი ნაყოფმსხმოიარობას 5-6 წლის ასაკში იწყებს და 10 წლისათვის (სრულმოსავლიანობის დაწყების) შემოსავალი უკვე თითქმის 2.5-ჯერ აჭარბებს დანახარჯებს. აღნიშნულს უნდა დაემატოს აგრეთვე 5-6 წლის განმავლობაში, რიგთაშორისი ნათესი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავალი.

ავტორი: ტრისტან ჩერქეზიშვილი

გამოყენებული ლიტერატურა:

1. აბაშიძე ი. დენდროლოგია;
2. ზედელაშვილი მ. – ჩვეულებრივი თხილის სარგავი მასალის გამოყვანის და პლანტაციების გაშენების აგრომითითებანი;
3. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტი, თბილისის სატყეო ინსტიტუტი _ მითითებანი თხილის სამრეწველო დანიშნულების პლანტაციების გაშენების და მოვლის ტექნოლოგიების შესახებ;
4. ჩერქეზიშვილი თ. ტყის გაშენების წესები საქართველოში;
5. ჩოდრიშვილი ი. კაკალი საქართველოში;

იხილეთ აგრეთვე: თხილი – დარგვა, გაშენება, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები

თქვენი რეკლამა