თეთრი აკაცია (ცრუ აკაცია) კარგი თაფლოვანი მცენარე

აკაცია, თაფლოვანი, ეკალი

ცრუ აკაცია, თეთრი აკაცია (ლათ. Robinia pseudoacacia), პარკოსანთა ოჯახის, ფოთოლმცვივანი-კარგი თაფლოვანი მცენარეა. სიმაღლით აღწევს 25-30 მ-ს. გაშლილვარჯიანია. ჩვენთან შემოვიდა ჩრდილოეთ ამერიკიდან.

ცრუ აკაცია სწრაფმზარდი ხეა. ყვავილობს აპრილ-მაისში. მაგარი და გამძლე მერქანი აქვს. იყენებენ მინდორსაცავი ტყის ზოლების გასაშენებლად, ეროზიის საწინააღმდეგოდ.

სითბოს მომთხოვნი მცენარეა, მისი გაშენება ჩრდილოვან ადგილას არ შეიძლება. იგი მართალია იტანს სიმშრალეს, სრულყოფილ ზრდაში ხელი ეშლება. კარგად იზრდება ღრმა, ტენიან ნიადაგებზე. არის საუკეთესო საბიჯგე მასალა.

ცოტა რამ ისტორიიდან

თეთრი აკაციის თესლი ამერიკადან საფრანგეთში ჩაიტანა, ლუდოვიკო XIII-ის სამეფო კარის მებაღემ ვესპასიან რობინმა. 1635 წელს ისინი დარგეს სააფთიქო ნაკვეთზე. ეს ნაკვეთი შემდგომში გადაიქცა პარიზის ბოტანიკურ ბაღად, ხოლო მებაღის სახელი მცენარის ოჯახის სახელწოდებად (Robinia) დარჩა სამუდამოდ.

სამეფო ბაღიდან თეთრი აკაცია, პარიზის სკვერებში, ქუჩებში და მოქალაქეთა ბაღებში, შემდეგ კი მთელ საფრანგეთში გავრცელდა. საფრანგეთიდან აკაცია სხვა ევროპულ ქვეყნებში გაიტანეს.

რუბინიას (Robinia) ოჯახის სახეობებიდან, ყველაზე მეტი გავრცელება ჰპოვა თეთრმა აკაციამ, მისი სიმაღლე როგორც მოგახსენეთ 30 მეტრს აღწევს, დიამეტრი 30-60 სმ. თუმცა ცნობილია ეგზემპლიარები 1 მეტრის დიამეტრით. ძალიან გამძლე მასალაა (მაგ. თეთრი აკაციის პარკეტი მუხისაზე დიდხანს ძლებს!).

თეთრი აკაცია ადვილი მოსავლელია

თეთრი აკაცია იზრდება პრაქტიკულად ყველა სახის ნიადაგზე, ვერ იტანს დატბორვას (დიდი ხნის განმავლობაში-წყალში არ უნდა იდგეს). რეკომენდირებული მანძილი ხეებს შორის მინიმუმ 2,5-3,5 მეტრია.

დარგვის შემდეგ კარგად უნდა მოირწყას, განსაკუთრებით თუ ნაკვეთი მშრალია. ძალიან უხდება ბუნებრივი განოყიერება. კარგად იტანს გამაახალგაზრდავებელ გასხვლას, ნასხლევს აჭმევენ საქონელს, განსაკუთრებით თხებს.

მრავლდება ფესვის ამონაყრით (მხოლოდ მოზრდილი ხეებიდან-გაზაფხულზე ან შემოდგომით) და თესლით. თესლით გამრავლების შემთხვევაში, მას აგროვებენ ზამთარში ან გაზაფხულის დასაწყისში, 12 სმ-მდე სიგრძის პარკებში 3 დან 10 მდე მარცვალია. თესავენ მარტში ან აპრილში, ფხვიერ ნიადაგიან ქოთნებში ან ყუთებში, უნარჩუნებენ 18-20°С -ს ტემპერატურას.

ნერგები 7-12 დღეში ამოდის და მაისისთვის კარგად ვითარდება, საგაზაფხულო ყინვებს ნერგებმა შესაძლოა ვერ გაუძლონ, ამიტომ ღია სივრცეში ისინი გამოაქვთ ხეების შეფოთვლის პერიოდში.

ღია გრუნტში ახალგაზრდა მცენარეებს რგავენ 20×45 სმ სქემით, შემდეგ გაზაფხულზე მუდმივ ადგილსამყოფელზე ხდება მათი გადარგვა. პირველ 2-3 წელიწადში ხეები ნელა იზრდება, 5 წლის შემდეგ კი წლიურად ერთ მეტრამდე იმატებენ სიმაღლეში.

ყვავილობს აპრილ-მაისში 10-15 დღე, ნექტარი 1 ჰექტარზე 1000 კგ-მდე.

თქვენი რეკლამა