ხურმა – დარგვა, მოვლა-მოყვანა, ბაღის გაშენება

ხურმა

კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება

აღმოსავლური ხურმა (Diospyros kaki) ბოტანიკურად მიეკუთვნება აბანოზისებრთა (Ebanaceac) ოჯახს და დიოსპიროს (Diospyros) გვარს. სუბტროპიკული და ტროპიკული ხე და ბუჩქია. ცნობილია 200-მდე სახეობა.

იაპონური ანუ აღმოსავლური ხურმის (Diospyros kaki) სამშობლოა ჩინეთი, სადაც ხანგრძლივი კულტურის პირობებში 1000-ზე მეტი ჯიში წარმოიშვა, გავრცელებულია იაპონიაშიც.

ეს კულტურა დასავლეთ საქართველოში XIX საუკუნის 90–იან წლებში იტალიიდან შემოიტანეს, საიდანაც გავრცელდა საქართველოს სხვა რეგიონებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ კულტურის ველური მონათესავე სახეობა, კავკასიური ხურმა (Diospyros lotus) საქართველოში დიდი ხანია ცნობილია.

საქართველოსათვის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ სამ სახეობას: ვირჯინიის ხურმას, კავკასიურ ხურმას და აღმოსავლურ (სუბტროპიკულ) ხურმას. პირველ ორს იყენებენ საძირედ, მესამეს კი, როგორც ხეხილს.

საქართველოში გავრცელებული ხურმის ჯიშები შეიძლება შემდეგნაირად დაიყოს: მწკლარტე – ხაჩია, როხო ბრილიანტე, კაკი ტიპო; არამწკლარტე (დამტვერვაზე დამოკიდებულებით) – ხიაკუმე, ზენჯი-მარუ; მუდმივ არამწკლარტე – ფუიუ.

პირველი ჯგუფის ზოგიერთი ჯიშის ნაყოფის წარმოსაქმნელად დამტვერვა აუცილებელი არ არის.

მეორე ჯგუფის ზოგიერთი ჯიში მოითხოვს აუცილებლად დამტვერვას (ჰიაკუმე, ზენჯი–მარუ და სხვა). ამ ტიპის ხეებისათვის საჭიროა ბაღში დამამტვერიანებლების გამორგვა.

ხურმის ფოთლები დიდია, მოხაზულობით კვერცხისებრი ან მოგრძო ელიფსური, 70-100 მმ სიგრძისა და 25-40 მმ სიგანის, კიდემთლიანი, ზემოდან მუქი მწვანე.

ხურმა ბარის მცენარეა, მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელია ტენით უზრუნველყოფილი დაბლობები, ხევები და ნესტიანი ფერდობები.

ხურმის კვირტების დაბერვა აღინიშნება მარტის ბოლო დეკადაში, ჰაერის ტემპერატურის 10-120C -ზე. კვირტის გაშლა აღინიშნება აპრილის პირველ დეკადაში 11-130C – ზე.

სუბტროპიკული ხურმის ყვავილობა იწყება მაისის შუა რიცხვებიდან და გრძელდება მაისის დასარულამდე. ორი-სამი ყვავილი ჯგუფადაა განლაგებული ფოთლის იღლიაში. ნაყოფი მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებიდან და გრძელდება ნოემბრის დასაწყისამდე.

ხურმა, ბაღი, კულტურა, ხეხილი

დამოკიდებულება აგროკლიმატურ პირობებთან

აღმოსავლური ხურმა ვეგეტაციას იწყებს მარტში და ამთავრებს ოქტომბერ-ნოემბერში.

ბაღის გაშენებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტერიტორიის სწორად შერჩევას, რადგანაც იგი იტანს 18-200C ყინვას, სასურველია ნალექების რაოდენობა აღემატებოდეს 1000 მმ-ზე მეტს, ხოლო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი კი 3500-36000C. ვეგეტაციის პერიოდში.

იგი კარგად ხარობს ნოყიერ, წყალგამტარ, ნეიტრალურ და სუსტი მჟავე რეაქციის მქონე ნიადაგებში.

ხურმის ქიმიური შემადგენლობა

ხურმის ახლად დამწიფებული, უმი ნაყოფი შეიცავს 13-22% შაქარს, გლუკოზისა და ფრუქტოზის სახით, მთრიმლავ ნივთიერებებს 0.5-2.35%-მდე, ვიტამინ C-ს – 45 მგ-მდე, ვიტამინ A-ს მნიშნელოვანი რაოდენობით, კაროტინს 0.4%, პექტინოვან ნივთიერებებს 1.4% მდე, გარდა ამისა შედის ცილოვანი, ნაცროვანი და სხვა ნივთიერებანი.

ხმელ ნაყოფში შაქრის რაოდენობა 55-71%მდე აღწევს, რის გამოც მას ზოგჯერ ბუნებრივ შოკოლადსაც უწოდებენ.

ხურმის გავრცელებული ჯიშები

როგორც წესი ხურმის ჯიშები იყოფა სამ ჯგუფად დამტვერიანების შესაბამისად:

• მუდმივ მდედრობითი, რომლებიც ივითარებენ მხოლოდ მდედრობით ყვავილებს;

• მუდმივ მამრობითი, რომლებიც ივითარებენ მხოლოდ მამრობით ყვავილებს;

• ცვალებადი, რომლებიც იცვლიან გემოს დარბილობის ფერს დამტვერვის მიხედვით.

ძირითადად გავრცელებულია სამრეწველო და სამომხმარებლო დანიშნულების შემდეგი ჯიშები: ჰაჩია; ჰიაკუმე; ფუიუ; ჩინებული; როხო ბრილიანტი; ტანენეში; ზენჯი-მარუ; XX საუკუნე; ტამოპანი.

ამათგან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებული ჯიშებია: ჰიაკუმე ანუ კოროლიოკი და ჰაჩია.

ჰაიკუმე „კარალიოკი“

არამწკლარტე, დამოკიდებული დამტვერვაზე, ზოგჯერ ნახევრად ან მთლიანად მწკლარტე, ოვალური, მრგვალი, უნივერსალური მოხმარების, საშუალო ან მსხვილი. სიმწიფის პერიოდი სექტემბრის მეორე ნახევარი – ოქტომბერი.

ჰაჩია „იაპონური ხურმა“

ხე ძლიერი ზრდისაა, პირამიდული გადაშლილი ვარჯით. ჯიში დამტვერვას არ მოითხოვს, უხვმოსავლიანია. ნაყოფი ხეზე დიდხანს რჩება თითქმის დეკემბრის ბოლომდე. ნაყოფი საშუალო ზომისაა 250-300 გრ. წაგრძელებული კონუსური ფორმის, ხასხასა ნარინჯისფერი, წითელი ელფერით. ნაყოფში 1-3 ცალამდე თესლია, ზოგჯერ უთესლო.

ნაყოფი სრულ სიმწიფემდე მწკლარტეა, სრულ სიმწიფეში ტკბილი, სასიამოვნო გემოსი. საუკეთესო ნედლეულია გაყინული პროდუქციის, ცუკატების, წვენებისა და ჩირის დასამზადებლად. სიმწიფის პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევარი – ნოემბერი.

ფუიუ

ხე საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, ნაყოფი მსხვილია, ბრტყელი, დაკუთხული, მოსავალი იკრიფება ოქტომბერში, ნაყოფის შეფერვა ღია ყვითელი, რბილობი ღია ნარინჯისფერი, შებრტყელებული, გამოკვეთილი წიბოებით, არ ახასიათებს სიმწკლარტე, ტკბილი სასიამოვნო გემოსია. ჯიში ტრანსპორტაბელურია, გამოიყენება როგორც სასუფრედ, ასევე მაღალი ხარისხის ჩირის დასამზადებლად. მწიფდება ნოემბრის დასაწყისში.

როხო ბრილიანტე

ხე საშუალო ზრდისაა, ვარჯი გადაშლილი.

ნაყოფი მსხვილია, 220-270 გრამი წონის, ფორმა ოდნავ კონუსური, ტკბილია, რეგულარული მსხმოიარობისთვის საჭიროებს დამტვერვას. ძირითადად გამოიყენება სასუფრედ, მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.

ხურმის ზოგიერთი სხვა ჯიშის ზოგადი დახასიათება:

სიდლესი – ხე განიერია სიმაღლით 5 მ, არახშირი გადაშლილი ვარჯით, მსხმოიარობს დამტვერვის გარეშე, უხვმოსავლიანი ჯიშია, იკრიფება ოქტომბერში, ერთდროულად მწიფდება. ნაყოფი შედარებით წვრილია, ოთხკუთხა და ბრტყელი, მოყვითალო წითელი ფერისაა. ნაყოფს წვენების მისაღებად იყენებენ.

ჩინებული – ხე ძლიერი ზრდისაა, სფეროსებრი, კარგად შეფოთლილი ვარჯით. უხვმსხმოიარე ჯიშია. გვიან შედის სიმწიფეში. ნაყოფი მსხვილია 300-400 გრ, ბრტყელი, ნარინჯისფერ-წითელი, კანი საშუალო სისქის, მკვრივი, პრიალა. რბილობი ტკბილი, წვნიანი, გემრიელი, არ ახასიათებს სიმწკლარტე. ჯიში ტრანსპორტაბელურია,მისი ნედლეულისგან კარგი ხარისხის ჩირი მზადდება.

ხიაკუმე – ხე საშუალო ზრდისაა, ხშირი ვარჯით, უხვმოსავლიანი ჯიშია,მოსავალი შემოდის არაერთდროულად, იკრიფება ოქტომბერში, ნაყოფი ღია ნარინჯისფერია, მსხვილი და მრგვალი ფორმის. გამოიყენება როგორც ნედლ ხილად აგრეთვე საჩირედ.

გეილეი – ხურმის ბაღებში როგორც დამამტვერიანებელი საუკეთესო ჯიშად ითვლება. ნაყოფი პატარა ზომისაა,მოგრძო კონუსური ფორმის. რბილობი მკვრივი, წვნიანი, ნაყოფი თესლიანია დაბალი კვებითი ღირებულებით.

ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა

ხურმის ბაღის გასაშენებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნაკვეთის სწორ შერჩევას. ნაკვეთის შერჩევისას ყურადღება უნდა გამახვილდეს ადგილის რელიეფზე, სიმაღლეზე (ზღვის დონიდან), მცენარეულ საფარზე, გრუნტის წყლების არსებობაზე, ნიადაგის ტიპზე.

ხურმა კარგად ხარობს ნოყიერ, წყალგამტარ, ნეიტრალურ და სუსტი მჟავე რეაქციის მქონე ნიადაგებზე – ხურმისათვის საუკეთესოა ალუვიური, ნეშომპალა – კარბონატული, ნაკლებად მჟავე წითელმიწა და ტყის ყომრალი ნიადაგები.

ექსპოზიციის მიხედვით უკეთესია დასავლეთის და აღმოსავლეთის ფერდობები. ვაკე და მცირედ დაქანებულ ადგილებზე ბაღების გაშენებისას, ნიადაგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი დრენაჟით. არ არის რეკომენდებული ხურმის ბაღების გაშენება განსაკუთრებით მძიმე თიხნარსა და ცუდად დრენაჟირებულ ნიადაგებზე.

ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია, pH 5,0-7,0.

იმ შემთხვევაში, თუ ხურმის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის არე ხურმის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ხელოვნური რეგულირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება

ბაღის გაშენებამდე წლინახევრით ადრე უნდა ჩატარდეს საპლანტაჟე მოხვნა (ღრმა მოხვნა, ერთფრთიანი გუთნით). თუმცა, შესაძლებელია ამ დროის შემჭიდროვებაც და პლანტაჟის განხორციელება 6-9 თვით ადრე. საპლანტაჟე ხვნის სიღრმე შეადგენს 40-60 სმ-ს, ნაკლებად ნაყოფიერ ნიადაგებში კი – 70-80 სმ-ის სიღრმეზე.

პლანტაჟი არ არის რეკომენდებული 7-10 გრადუსი დახრილობის ფერდობებზე, ძლიერ კარბონტულ და ძლიერი თიხნარი ქვენიადაგის მქონე ფართობებზე. პლანტაჟის კარგი ალტერნატივაა ღრმა დიზელურ გამაფხვიერებლით ან რეპერით ქვენიადაგის ფენის დამუშავება 60-80 სმ სიღრმეზე.

პლანტაციის გასაშენებლად ვაკე და 15 გრადუსამდე დაქანებულ ფერდობებზე ტარდება ნიადაგის მთლიანი დამუშავება, ხოლო 15-30 გრადუსამდე დაქანებულ ფერდობებზე ეწყობა ტერასები. ვაკე  ადგილებსა და იმ ფერდობებზე, რომლის დაქანება15 გრადუსამდეა, ნიადაგის დამუშავება ხდება 45 სმ სიღრმეზე.

ნიადაგის ძირითადი დამუშავებისთანავე, ფერდობებზე ეწყობა წყალამრიდი ტერასები. წყალამრიდი ტერასები გაჰყავთ ერმანეთისაგან 30-40 მ. დაშორებით. წყალამრიდი ტერასების მოწყობა იწყება ნაკვეთის ზედა საზღვრიდან, წყალამრიდ ტერასებს ერთსა და იმავე დროს იყენებენ საცალფეხო გზად. 5-6-გრადუსიანი დაქანების წყალამრიდი ტერასის ზედაპირის სიგანე უნდა იყოს 2,5 მ. წყალამრიდი ტერასებიდან წყლის ვარდნის ადგილას ეწყობა წყალშემკრები თხრილი 30-50 სმ სიგანით და 15-20 სმ სიღრმით.

თუ ხურმის ბაღის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა ხურმა, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა ხურმის ახალი ბაღის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების გავრცელების რისკები.

ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება

პლანტაჟის შემოდგომით ღონისძიებებია: გადახვნა, კულტივაცია დისკოებიანი და როტაციული კულტივატორით, დასარგავი ორმოს მომზადება-განოყიერება. დამუშავებულ ნიადაგზე მონიშნავენ დასარგავ ადგილებს, ამოიღებენ 40 სმ. სიღრმის და 30 სმ. სიგანის ორმოებს, შეაქვთ მასში ორგანული (ნაკელი 10-15კგ) და მინერალური სასუქი (PK10-12/7-8 გრ) და ნიადაგთან ერთად კარგად აურევენ.

ხურმის პლანტაციის გაშენება და მოვლა

დასარგავი ორმოების ამოღების დრო და ზომა დამოკიდებულია ნიადაგის დარგვის წინა დამუშავების წესსა და დროზე. თუ დარგვას ვატარებთ პლანტაჟის ჩატარების წელს, მაშინ ორმოები უნდა ამოვიღოთ უშუალოდ დარგვის წინ 50-სმ სიღრმესა და სიგანეზე.

თუ ნამყენს ვრგავთ ისეთ ადგილზე, სადაც რაიმე მიზეზის გამო პლანტაჟის მაგივრად ხვნა ჩატარებულია 25-30სმ სიღრმემდე, ან ბაღს ვასვენებთ წინა წლის პლანტაჟირებულ ნიადაგზე, ორმოები უნდა ამოვიღოთ 100X50სმ.

ხურმის დარგვისას სასუქები შეაქვთ ორმოებში. მინერალური სასუქები შეიტანება ორმოს ფსკერზე და ეყრება 10-12 სმ სისქის მიწის, ე. წ გამყოფი ფენა, ორგანული სასუქები კი მთლიანად უნდა აურიოთ ორმოში ჩასაყრელ მიწასთან ერთად. ორმოში შესატანი სასუქების დოზებია: გადამწვარი ნაკელი 10-12კგ; ფოსფორი 10-12გრ და კალიუმი 7-8გრ.

ხურმის ნერგის დარგვისას უნდა შევინარჩუნოთ ცენტრალური (გამგრძელებელი) ღერო, სუსტად დატოტვილ ერთწლიან ან ორწლიან ნერგის ქვედა ტოტებს ამოკლებენ სამ-ოთხ კვირიტამდე, ხოლო ზედა ტოტს ხელუხლებლად ტოვებენ. შემდგომი წლების განმავლობაში გასხვლის მიზანია მივიღოთ ცენტრალურ-ლიდერიანი, იარუსიანი ან უიარუსო ფორმის მცენარე.

ცენტრალური ლიდერის გარშემო იარუსებად განვითარებული უნდა იყოს 6-10 ტოტი, რომლის დამოკლება არ შეიძლება, ამასთანავე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ ლიდერი ტოტი უნდა იყოს სქელი და გრძელი, ვიდრე მისგან გამომავალი გვერდითი ტოტები. შემდგომ წლებში რეგულარულად ხდება კონკურენტი ტოტების მოცილება (გამოჭრა), ხოლო ლიდერს არ ეხებიან.

გვერდითი ტოტებიდან ამოიჭრება გახშირებული, გამხმარი, ქვევით მიმართული და გადახლართული ტოტები, ხოლო შემოსავი ტოტები საჭიროებისამებრ გამეჩხერდება ნერგების დარგვის საუკეთესო დროა გვიანი შემოდგომა (ნოემბერი) და ადრე გაზაფხული (15 აპრილამდე).

ამ პერიოდში ნიადაგის ტენიანობა უნდა იყოს 50-60%, ტენიანობის ეს პირობები  ხელს უწყობს ნიადაგში მიკრო ორგანიზმების ცხოველმყოფელობას, რომელიც გარკვეულწილად აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას. ნერგების ორმოში დარგვის წინ უნდა შეიკვეცოს ფესვები, ამოივლოს წუნწუხში და ჩაირგოს ორმოში ისე, რომ ფესვის ყელი ან ნამყენი ადგილი მიწის ზედაპირიდან 7-10 სმ-ის ზევით დარჩეს. ახალ ჩარგული ნერგი აუცილებლად უნდა მოირწყოს და აიკრას ჭიგოზე.

მასიური პლანტაციის (1 ჰა-ზე მეტი) გაშენებისას აუცილებელია ქარსაცავი ზოლების მოწყობა.

დარგვა – ნამყენი ადგილი დარგვისას უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ. სიმაღლეზე. ნერგი ირგვება ფრთხილად, იტკეპნება და მოირწყვება.

იმ ჯიშებისათვის, რომელთაც ესაჭიროებათ დამამტვერიანებელი, ყოველი მე-8 მე-10 ხის შემდეგ რიგში დარგული უნდა იქნას დამამტვერიანებელი მამრობითი ჯიშები (გეილი, ზენჯი-მარუ). დარგვის დროს მცენარეები იჭრება 90-100 სმ სიმაღლეზე.

ნერგი – ბაღის გაშენებისას ნერგის ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, ამიტომ მის შერჩევას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ნერგი უნდა იყოს ერთწლიანი ან ორწლიანი, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით, კარგად შეხორცებული ნამყენი ადგილით და არანაკლებ 140- 160 სმ-ის სიგრძის სწორი ღეროთი.

დარგვის სქემები – მცენარეები ირგვება 6 X 6, 6 X 7, 6 X 8 მეტრის დაშორებით. შემჭიდროებული წესით ან სადედე ბაღის გასაშენებლად მცენარეები ირგვება 5 X 4, 5 X 5 მეტრი კვების არით. ყველაზე გავრცელებული დარგვის სქემაა: მცენარეთა შორის 5-6 მ-ის, მწკრივთაშორის კი 4-5 მ-ის დაშორება.

დარგვის დრო. შემოდგომით, ან გაზაფხულზე.

ნერგების გამოყვანა – როგორც წესი ხურმა მრავლდება კალმებით, თესლითა და კვირტის მყნობით. ამათგან გამრავლების ყველაზე მიღებული და გავრცელებული ფორმაა ოკულირება (კვირტით მყნობა).

საძირედ ძირითადად იყენებენ კავკასიური ხურმის, იშვიათად ვირჯინიის ხურმის თესლნერგებს. კავკასიური ხურმის საძირე ივითარეს მძლავრ ფუნჯა ფესვთა სისტემას, რაც შემდგომში ხელს უწყობს ნერგების ადვილად გახარებას და სწრაფ ზრდას, ხოლო ვირჯინიის ხურმის საძირე ივითარებს მთავარღერძიან სუსტად განვითარებულ ფესვთა სისტემას, რის გამოც ის ცუდად იტანენ გადაარგავს და ნამყენი ნელა იზრდება.

მყნობას აწარმოებენ გამოზრდილ სტანდარტულ საძირეებზე, აგვისტო-სექტემბერში, თუმცა მყნობა შეიძლება განვახორციელოთ ადრე გაზაფხულზეც, მაგრამ ამისათვის საჭიროა საკვირტე კალმები ავიღოთ თებერვლის პირველ ნახევარში და შევინახოთ გრილ, ტენიან ადგილას – სილაში.

მოვლა-მცენარის განვითარების საწყის ეტაპზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვარჯის ფორმირებას. ამიტომ შტამბის ქვედა ზოლში უნდა მოცილდეს ზედმეტი ყლორტები და დატოვებული იქნას სხვადასხვა მხარეს 4-5 ყლორტი, რომელთაგან ერთს უნდა მიეცეს ლიდერის მნიშვნელობა. მომდევნო წლებში, როგორც წესი, ადრე გაზაფხულზე საჭიროა გასხვლითი ოპერაციების ჩატარება – მცენარეს უნდა მოცილდეს ზედმეტი და გამხმარი ტოტები.

ნერგვის დარგვის შემდეგ, საჭიროა ნიადაგის გაფხვიერება, სარეველების და მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება პრაქტიკაში დანერგილი აგროწესების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში ფართობის მოირწყას.

ახალგაზრდა ნარგავების ქვეშ 8-10 წლამდე შეაქვთ მინერალური სასუქები ერთ ჰა-ზე გაანგარიშებით – აზოტოვანი 90-100 კგ. ფოსფოროვანი 70-80 კგ. და კალიუმიანი 30-40 კგ. მოზრდილი ხეების ქვეშ შესატანი სასუქების რაოდენობა უნდა გაიზარდოს 30-40 %-ით. ფოსფოროვან-კალიუმიანი სასუქები შეტანა ხდება ადრე გაზაფხულზე ნიადაგის დამუშავების წინ, ხოლო აზოტოვანი სასუქები სასურველია შეტანილ იქნას ორჯერადად.

ბაღის  ადგილმდებარეობიდან გამომდინარე სასურველია მოეწყოს წვეთობრივი მორწყვის სისტემა, თუ ამის შესაძლებლობა არ არის ზაფხულის (ვეგეტაციის) პერიოდში სასურველია მცენარეების მორწყვა ორჯერ მაინც.

გასხვლა-ახალგაზრდა მცენარის ვარჯის ფორმირებისას ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ცენტრალურ ღერძზე (შტამპზე) უნდა იყოს 5-7 ჩონჩხის იარუსებად განვითარებული გვერდითი ტოტები.

გაზაფხულზე მცენარეთა გასხვლითი ოპერაციების ჩატარების დროს მცენარეს უნდა მოცილდეს გამხმარი, გადატეხილი და მსხმოიარობა დამთავრებული ყლორტები, რადგანაც, როგორც წესი შემდგომ წლებში ისინი უნაყოფოა.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება

ნიადაგის განოყიერება. ხურმის პლანტაციაში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით.

ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:

• აზოტი N—1,6-2,6%/მშრალ ნივთიერებაზე;

• ფოსფორი P—0,10-0,20%/მშრალ ნივთიერებაზე;

• კალიუმი K—1,9-3,7%/მშრალ ნივთიერებაზე;

• მაგნიუმი Mg—0,17-0,46%/მშრალ ნივთიერებაზე;

• კალციუმი Ca—1,4-3,2%/მშრალ ნივთიერებაზე.

საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა ხურმის ბაღში შეტანილი იქნას 70-90 კგ. აზოტი, 80- 100 კგ. ფოსფორი და 80-100 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები).

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

• აზოტი N — ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შეტანა კვირტების დაბერვის პერიოდში, მეორე შეტანა დანორმების შემდეგ, ხოლო მესამე შეტანა კი მოსავლის აღების შემდეგ;

• ფოსფორი P — ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში;

• კალიუმი K — იგივე, რაც ფოსფორის შემთხვევაში.

ორგანული სასუქები: შეიტანება 3-4 წელიწადში ერთხელ, 20-30 ტონა 1 ჰა-ზე შემოდგომით, ან ადრე გაზაფხულზე.

ხურმის ნარგაობის ორგანული და მინერალური სასუქებით გამოკვების სქემა
(მცენარის ასაკის მიხედვით)

ხურმა, ბაღი, კულტურა, ხეხილი

ხურმის ტენით უზრუნველყოფა

ხურმა ტენისადმი ყველაზე მომთხოვნია ნაყოფების დამსხვილებისას, ზაფხულის მეორე ნახევარში. მორწყვა წვეთოვანი სისტემით. ერთი მორწყვის ნორმა: 60-80 კუბ./მ 1 ჰა-ზე.

მორწყვა მოღვარვით, ან კვლებში მიშვებით. ერთი მორწყვის ნორმა: 500-700 კუბ./მ 1 ჰა-ზე.

მორწყვის საორიენტაციო რაოდენობა/ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე.

მოსავლის აღება-შენახვა

მოსავლის აღება ჯიშების მიხედვით ხდება დამახასიათებელი ფერის, ზომის და გემოს მიღწევის შემდეგ.

ხურმის ნაყოფის კრეფის დრო დამოკიდებულია, როგორც ჯიშზე, ისე მათი გამოყენების პირობებზე, მაგალითად: ჰაჩია იკრიფება მაშინ, როდესაც ნაყოფის ზედაპირის ორი მესამედი შეწითლდება. ხიაკუმეს ნაყოფის კრეფა დასაშვებია მათი სრული გაყვითლების შემდეგ. ფუიუს გასაგზავნად ან შესანახად გამიზნული ნაყოფები იკრიფება უფრო ადრე, სრულ სიმწიფეში შესვლამდე. ნაყოფის ტრანსპორტირების დროს უნდა ვერიდოთ მაღალ ტემპერატურას.

ხურმა ეთილენის მიმართ მგრძნობიარე ხილია, ამიტომ მისი შენახვისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას საწყობის ეთილენისგან გაწმენდის აუცილებლობა. საწყობში მოწყობილი უნდა იყოს ჰაერის ვენტილაციის სისტემა.

შენახვისათვის საჭირო პირობებია:

• აერის ოპტიმალური ტენიანობა – 85-95%;

• შენახვის ოპტიმალური ტემპერატურ: – 0-1°С;

• შენახვის ვადა მოცემულ პირობებში – 30-დან 80 დღემდე.

ჩირის დამზადება

ჩირის დასამზადებლად გამოსაყენებელია ყველა ჯიშის ხურმის ნაყოფი თუმცა საჩირედ უკეთეს მასალად ითვლება ის ჯიშები, რომლებიც თესლს არ შეიცავენ ან მცირე თესლიანობით გამოირჩევიან. ჩირის ხმობის პერიოდი დამოკიდებულია კლიამატურ პირობებზე. მშრალ, მზიან და ქარიან ამინდში ხმობა გრძელდება 7-10 დღეს, ტენიან ამინდში კი ეს პერიოდი გრძელდება 15-25 დღის განმავლობაში.

ხელოვნურად ხმობის დროს ტემპერატურა სასურველია იყოს 50-60°C და თანდათანობით უნდა ავიდეს 70-75°C-მდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაყოფს უმაგრდება გარეთა ქერქი, ხოლო გული რჩება ტენიანი, რაც შემდგომში მის დაობებას იწვევს. ერთი კგ. ჩირის მისაღებად საჩიროა 5-7 კგ. ნაყოფი.

მზა ჩირი იფუთება და ინახება ყუთებში, რომლის შიგნით ჩაფენილი უნდა იყოს პერმანგანატის ქაღალდი. შეფუთვა უნდა მოხდეს მჭიდროდ და ჰერმეტიულად.

ხურმის წარმოების აგროტექნოლოგიური რუკა

ფართობი 1ჰა; დაგეგმილი მოსავალი 20 ტ.

ხურმა, ბაღი, კულტურა, ხეხილი

შენიშვნა: *ორგანული სასუქები (ნაკელი) შეიტანება 3-4 წელიწადში ერთხელ.**ფასები ცვლადია, შესაბამისად ცხრილში ისინი ჩაანაცვლეთ, თქვენთვის მიმდინარე პერიოდის ფასებით.

შემდგენლები:

ნოდარ ბერიძე; შოთა ლამპარაძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორები.
ლევან შავაძე – აგროეკოლოგიის მაგისტრი.

მომზადებულია USAID/REAP პროექტის ფარგლებში.

თქვენი რეკლამა