საბაღე ადგილის შერჩევა და ტერიტორიის ორგანიზაცია ბაღის გასაშენებლად

658 Views

სამრეწველო მიზნით ბაღების გაშენების გადაწყვეტილების მისაღებად ერთერთი მთავარი და გადამწყვეტი როლი საბაღე ადგილის შერჩევას და გაშენების წესების დაცვას ენიჭება.

სწორად შერჩეული საბაღე ადგილი, შესაბამისად შერჩეული ხეხილოვან კულტურათა ჯიშური სორტიმენტი, გაშენების დროის და წესების დაცვა განაპირობებს მცენარეთა დროულ განვითარებას, რაც მაღალხარისხოვანი და სტაბილური მოსავლის წინაპირობაა.

ადგილის შერჩევის დროს გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები: კლიმატური პირობები, ნიადაგური მახასიათებლები, სიმაღლე ზღვის დონიდან, რელიეფი, გრუნტის წყლების დგომის დონე, მოცემულ ზონაში გავრცელებული ქარების მიმართულება და სიძლიერე.

დადგენილია, რომ განსხვავებული ექსპოზიციის ფერდობებზე დღეღამური ტემპერატურული რეჟიმი სხვადასხვაა, შედარებით თბილია სამხრეთის ფერდობები, აქედან გამომდინარე, ბაღების გაშენებისას სასურველია, სამხრეთის ან სამხრეთ-დასავლეთის ექსპოზიციის შერჩევა.

ხშირ შემთხვევაში, მასივების ცალკეულ მონაკვეთზე ადგილი აქვს ტემპერატურის რყევას, რომელთა გათვალისწინება ნაკვეთში კულტურების შიდასახეობრივი გაადგილებისას მეტად მნიშვნელოვანია.

რელიეფური პირობები გავლენას ახდენს ნიადაგში არსებულ ტენის რეჟიმზე. ცნობილია, რომ ფართობის ზედა და ქვედა ნაწილზე ტენიანობა განსხვავებულია და ამ მომენტის გათვალისწინებაც აუცილებელია ბაღის გაშენების დროს.

რელიეფური განსხვავების გათვალისწინებით, საქართველოს მეხილეობის სხვადასხვა ზონაში ხეხილის გასაშენებლად რეკომენდებულია:

→ მთიან რაიონებში, სადაც ხეხილის განვითარებისათვის სითბოს რეჟიმი არასაკმარისია, უპირატესობა უნდა მიეცეს სამხრეთის დაქანების მთის კალთებს. ამასთან, ნიადაგის ჭარბტენიანობის პირობებში, ყველაზე ხელსაყრელია ფერდობის შუა და ზედა მესამედი ნაწილი.

→ აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალური მეხილეობის ზონებში ყველაზე ოპტიმალურია ბაღის განლაგება მცირე დაქანების (3-50) ფერდობებზე. სამხრეთ-აღმოსავლეთისა და დასავლეთის კალთები უფრო ტენიანია და საუკეთესოდ ითვლება. ასევე უპირატესობა ეძლევა მთის კალთების შუა ნაწილს.

→ დასავლეთ საქართველოში, სადაც ტენის და სითბოს დეფიციტი არ შეინიშნება, გასაშენებლად გამოდგება ყველა მიმართულების დაქანება, თუმცა, უფრო ხელსაყრელია დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის დაქანებები.

ბაღის გაშენება შესაძლებელია 10-120-ზე მეტი დაქანების პირობებშიც, თუმცა მხოლოდ ტერასების მოწყობისა და სპეციალური ღონისძიებების (ხელოვნური დაკორდება, ნარგაობის სქემებისა და კონფიგურაციის შესაბამისი შერჩევა) გამოყენების გზით, რაც ხელს შეუწყობს ნიადაგში ეროზიული პროცესების განვითარების შეჩერებას.

საბაღე ფართობის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს გრუნტის წყლის დგომის დონის შესწავლას – სხვადასხვა კულტურის ფესვთა სისტემის ნიადაგში გავრცელების ინტენსივობიდან გამომდინარე. 1,5-3,0 მეტრზე მაღლა დგომის შემთხვევაში, რომელსაც ადგენენ ყველაზე დიდი ნალექების მოსვლის დროს სპეციალური ჭრილების გაკეთებით, აუცილებელია, მოეწყოს სადრენაჟო ქსელი.

იმ შემთხვევაში, თუ გრუნტის წყლები გამდინარეა, იქ შესაძლებელია, კულტურათა შერჩევით, 60-70 სმ სიმაღლეზე ამოსვლის დროსაც, ბაღების გაშენება.

ხეხილოვანი კულტურებისათვის საუკეთესოა: კარგი ფიზიკური, თბური, ტენიანი, კარგი აერაციის, ღრმა სტრუქტუროვანი ნიადაგები. რაც შეეხება ქვენიადაგებს, მათ ხელი უნდა შეუწყონ მცენარის ფესვთა სისტემის ნორმალურ განვითარებას და უნდა ხასიათდებოდნენ ტენშეკავებისა და წყალგამტარიანობის უნარით, რაც უნდა დადგინდეს ნიადაგის სპეციალური ანალიზის ჩატარების შედეგად.

საბაღე ნიადაგის სწორად შესარჩევად აუცილებელია მისი დეტალური გამოკვლევა. ხეხილოვანი კულტურების გაშენება უმჯობესია მდელოს ყავისფერ, ტყის ყომრალ, რუხ ყავისფერ, შავმიწისებრ და შავმიწა ნიადაგებზე.

საბაღე ფართობის შერჩევის დროს გასათვალისწინებელია ზონის ეკოკლიმატური პირობები: ტემპერატურის მინიმუმი და მაქსიმუმი, წლის ცალკეული თვეების მიხედვით ნალექების რაოდენობა, უყინვო ამინდების ხანგრძლივობა, ქარების ინტენსივობა, სიძლიერე და მიმართულება.

ზღვის დონიდან სიმაღლე დიდ გავლენას ახდენს ხეხილოვან მცენარეთა გავრცელებაზე. ხშირ შემთხვევაში, ვერტიკალური ზონალობის მიხედვით ნაყოფისმომცემი კულტურული მცენარეები 2000 მეტრ სიმაღლემდეც აღწევს. მეხილეობის კლასიკურ ზონად მიღებულია 400—დან 800 მეტრამდე. თუმცა, სამრეწველო მიზნით ბაღების გაშენება შესაძლებელია ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე.

საბაღე ფართობის შერჩევის დროს აუცილებელია სარწყავი წლით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება, რისთვისაც უნდა მოეწყოს სპეციალური სარწყავი სისტემა, მორწყვის თანამედროვე წესების გათვალისწინებით.

მნიშვნელოვანია რეგიონში გავრცელებული ქარების მოქმედების ხასიათი, ვინაიდან მათი მოქმედება შეიძლება უარყოფითად აისახოს ნიადაგში ტენის დაგროვება-შენარჩუნებაზე, ბაღში ნარგავების დგომის სისწორეზე, ინტენსივობაზე და აგროტექნიკური მოვლის ისეთ სახეებზე, როგორიცაა მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.

ამიტომ, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საბაღე ფართობი უმჯობესია შეირჩეს ქარებისაგან შედარებით დაცულ ადგილებზე. ასეთი ადგილების არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, მიმართავენ სპეციალური ბაღსაცავი ზოლების გაშენებას, რაც მნიშვნელოვნად არეგულირებს ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების უარყოფით ზეგავლენას და ხელს უწყობს რეგულარულად მაღალი და ხარისხოვანი მოსავლის მიღებას.

ტერიტორიის ორგანიზაცია ბაღის გასაშენებლად

ტერიტორიის ორგანიზაცია გულისხმობს ბაღის გასაშენებლად შერჩეული ფართობის მაქსიმალურად ათვისებას, რაც ხელს შეუწყობს პროდუქციის წარმოების რენტაბელობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებას.

ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია ტერიტორიის მოწყობის საწარმოო და სამეურნეო ორგანიზაციული საკითხების მიზანმიმართულად გადაწყვეტა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, დაშვებული შეცდომების გამოსწორება შემდგომ დიდ კაპიტალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ტერიტორიის ორგანიზაციის დროს გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები: შერჩეული ფართობის დაყოფა საწარმოო ერთეულებად; უბანი, კვარტალი, თარგი და სხვა.

ბაღების სამეურნეო საქმიანობის ეფექტურად წარმართვას უზრუნველყოფს ქარსაფარი ზონების მოწყობა, გზების მიზანმიმართული განლაგება, მოცემული ზონისათვის რეკომენდებულ კულტურათა ჯიშებისა და ჯურების ოპტიმალური შერჩევა.

საბაღე ფართობის ორგანიზაცია გულისხმობს მთლიანი ფართობის კვარტლებად დაყოფას და შესაბამისად – საგზაო, სამელიორაციო ქსელებისა და ბაღსაცავი ნარგაობების მოწყობას.

დიდ სამრეწველო ბაღებში, ფართობის სიდიდის მიხედვით, კვარტლები შეიძლება იყოს 10-ჰექტრამდე, ამ შემთხვევაში, სასურველია კვარტლის სიგრძე სიგანესთან იყოს ½1/1.5 პროპორციით, ანუ თუ ბაღის სიგრძეა 400 მ, სასურველია, სიგანე 250 მ იყოს.

ამ პარამეტრების რეგულირება შესაძლებელია ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. ინტენსიურ ბაღებში, სანერგეებსა და კენკროვანთა პლანტაციებში კვარტალი იყოფა 100 მეტრიან უჯრედებად, რომელთა შორის ტოვებენ 3-4 მეტრის სიგანის გზებს.

ტერიტორიის ორგანიზაციის დროს გასათვალისწინებელია შემდეგი პირობები:

ა) კვარტლები უმჯობესია განლაგებული იყოს გავრცელებული ქარების პერპენდიკულარულად (საქართველოს პირობებისათვის ეს არის ჩრდილო-სამხრეთის განლაგება);

ბ) ფართობის 40-ზე მეტი დაქანების შემთხვევაში კვარტლები უნდა განლაგდეს სიგანეზე ისე, რომ ნიადაგის დამუშავება და სხვა სახის ღონისძიებები ჩატარდეს დახრილობის გარდიგარდმო მიმართულებით.

თუ საბაღედ შერჩეული ტერიტორია მოიცავს დიდ მასივებს, ფართობზე გაჰყავთ მთავარი ანუ მაგისტრალური გზები, რომლებიც მთელ ტერიტორიას ჰყოფს თანაბარ თარგებად. ამ შემთხვევაში, მთავარი გზები გაჰყავთ მისი მოხაზულობის მიხედვით და მათი სიგანე 8-10 მეტრს შეადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ საწარმოო ძალების უკეთ გამოყენებისა და აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ბაღში კულტურების და ჯიშების სიჭრელეს არ უნდა ჰქონდეს ადგილი და გათვალისწინებული იყოს მათი მოვლისა და მოსავლის აღების თანხვედრი პირობები. ამ ნიშნით, კულტურებისა და ჯიშების გაადგილება ხელს შეუწყობს მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს შესხურების და მოსავლის აღების ორგანიზებულად ჩატარებაში.

ქარსაფრების გასაშენებლად უნდა შეირჩეს ადგილობრივ პირობებს კარგად შეგუებული ხე-მცენარეები. ამ დროს გასათვალისწინებელია გაბატონებული ქარების სიძლიერე და ხასიათი, რის მიხედვითაც შეირჩევა ოპტიმალური დაშორება ქარსაფრებს შორის: ძლიერი ქარების შემთხვევაში ქარსაფარები მოეწყობა ერთმანეთისგან 200 მეტრის დაშორებით, ხოლო სუსტი ქარების არსებობის შემთხვევაში – 300 მეტრის დაშორებით. საჭიროების შემთხვევაში მანძილი ქარსაფრებს შორის შეიძლება შემცირდეს 150 მეტრამდეც.

ქარსაფრების ზოლების დაშორება ძირითადი ნარგაობიდან უნდა იყოს ისეთი, რომ არ გამოიწვიოს დაჩრდილვა. ეს მანძილი საშუალოდ 12-15 მეტრით განისაზღვრება.

გასაშენებლად გამოიყენება ძირითადი დამცავი ზოლებისათვის 4-6 რიგი, (ზოგ შემთხვევაში – 6-8 რიგი), ხოლო განივი ზოლებისათვის 2 რიგი. რიგებს შორის მანძილი უნდა იყოს 2-2.5 მეტრი, ხოლო რიგში მცენარეთა შორის მანძილი 1-1.5 მეტრი. გაშენების სქემად ირჩევა ჭადრაკული წესი.

ბაღსაცავ ზოლებში, აღმოსავლეთ საქართველოს ზონებში, რეკომენდებულია ხისა და ბუჩქნარი მცენარეების შემდეგი ჯიშები: ალვის ხე, კანადური ვერხვი, შავი ფიჭვი, ევროპული ნაძვი. დამატებით შეიძლება გამოყენებული იყოს ტყემალი, თუთა, კომში, შინდი. წიწვიანი მცენარეები უნდა დაირგოს გაზაფხულზე, ხოლო ფოთლოვანის დარგვა შეიძლება შემოდგომითაც.

ავტორები: კუკური ძერია, სმ მეცნიერებათა დოქტორი;
ზვიად ბობოქაშვილი, სმ მეცნიერებათა დოქტორი. /მებაღეობა/

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB