ცირცელი (ჭნავი) დახასიათება, მოშენება, გამოყენება

2096 Views Comment Off

I ზოგადი ნაწილი

1.1 ზოგადი დახასიათება

ცირცელი — Sorbus aucuparia L. (=S. boissierii Sneid) მიეკუთვნება ვარდისებრთა — Rosaceaes-ს ოჯახს. იგი უეკლო ხეა,  რომლის სიმაღლე 4-6 მ-ია, იშვიათად ბუჩქის სახით გვხვდება. ღეროების ქერქი გლუვია, რუხი ფერის. ნორჩი ტოტები მურა-წითელია, თავიდან ბეწვებითაა შემოსილი, შემდეგ შიშვლდება.

ფოთლები მოგრძო ან მოგრძო-ლანცეტისებური. ფოთლის ზედაპირი მკრთალი-მწვანეა, ზემოდან რუხი-მწვანეა. ფოთლები 13-25 სმ სიგრძისაა, 11-15 ფოთოლაკით. ფოთოლაკები ზედა მხარეზე ღია მწვანეა, ქვედაზე კი მოთეთრო, ზემო ნაწილში დაკბილულია. ზოგი ფოთოლაკის ძირში ჯაგრებია წამოზრდილი. კენწრული ფოთოლაკი ასიმეტრიულ-ელიფსურია, ძირისკენ თანდათან ვიწროვდება და ყუნწში გადადის.

ყვავილები 10 სმ დიამეტრის ,შიშველია ან თითქმის შიშველი ფარისებური საგველაა. ყვავილები ნუშისმაგვარი სპეციპიკური სუნისაა. მათი დიამეტრი 8-15 მმ-ია. ჯამი 5 განყოფილებიანია; ბუსუსოვანი გვორგვინი თავისუფალფურცლიანია და შედგება 5 თეთრი ფერის მომრგვალებული ფურცლებისაგან. მტვრიანების რაოდენობა 20-ია, ბუტკო -1, ნაყოფი წვნიანია, ღია-ნარინჯისფერ-წითელია ან მოყვითალო-ნარინჯისფერი.  კვირტები თითისტარისებრია, გლუვი ან ოდნავ წიბოვანი.

ნაყოფი კენკრისებრია, მომრგვალი-ოვალური, წვნიანი, ხორცოვანი. დიამეტრი 8-10 მმ-ია. შიგნით 2-7 თესლია. ნაყოფს თავში შერჩენილი აქვს ყვავილის ჯამი ვაშლისა და ვარდოსანთა ოჯახის სხვა სახეობების მსგავსად.

თესლი ვარდისფერია, ნახევარმტავარის ფორმის. 1000 ც თესლი დაახლოებით 4 გრამამდე იწონის. ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ცირცელის სხვადასხვა სახეობების სიცოცხლისუნარიანობა 60-100 წელია.

1.2 გავრცელება

ცირცელი გავრცელებულია ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში. დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ცირცელის 84 სახეობაა გავრცელებული. საქართველოში გავრცელებული სახეობებია: Sorbus caucasigena Kom, S. boissieri C. K. Schueid.

პირველი სახეობა გავრცელებულია სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, იმერეთში, ქართლში, მთიულეთში, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, კახეთში, თრიალეთში, ჯავახეთში, მესხეთში.

საქართველოში გავრცელებულია მეორე სახეობა. იგი ძირითადად გვხვდება აჭარასა და გურიაში, სამეგრელოში.

ცირცელი ფართო ეკოლოგიური დიაპაზონის მცენარეა. ძირითადად გვხვდება 700-დან 1500-2300 მ.მდე ზღვის დონიდან.

1.3 ქიმიური შემადგენლობა

ცირცელის ნაყოფები მდიდარია ვიტამინებით C  (40-200 mg%), B2, E და P. იგი შეიცავს ბეტაკაროტინს, P, C ვიტამინებს, შაქრებს, ღვინის, ვაშლის, ლიმონის, სორბინის მჟავებს, მწარე და მთრიმლავ ნივთიერებებს, სპირტ სორბიტს და კეტოშაქარ სორბოზას. მდიდარია მიკროელემენტებით.

თესლი შეიცავს გლუკოზიდ ამიგდალინს და ცხიმოვან ზეთს. ფოთოლი შეიცავს ვიტამის C -ს, ბიოლოგიურად აქტიურ შენაერთთა რამდენიმე ჯგუფია დადგენილი ცირცელის ქერქში, მერქანში, ფოთლებში და ყვავილებში.

II კულტივირება

2.1 ადგილის შერჩევა

ცირცელი ვერ ეგუება ინდუსტრიული ცენტრების და საწარმოების მიერ დაბინძურებულ ეკოგარემოს. გარდა იმისა, რომ მსგავს პირობებში მოზარდი მცენარეები სამკურნალო ნედლეულად უვარგისია, ცირცელის შემთხვევაში თვითონ მცენარე ამბობს უარს არსებობაზე.

ცირცელი ვერ იტანს ნესტიან და დაჭაობებულ ადგილებს. იგი უპირატესად კარგად ვითარდება საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე.

2.2 გამრავლება

ცირცელის გამრავლება შესაძლებელია როგორც თესლებით, ასევე ვეგეტაციურადაც.

დათესვა შესაძლებელია გაზაფხულზე და შემოდგომაზე. საგაზაფხულო თესვისას საჭიროა თესლის წინასწარი სტრატიფიკაცია. სტრატიფიკაციამდე თესლს 3-4 სთ-ით წყალში შეასველებენ.

ადრე გაზაფხულზე ნიადაგს გაანოყიერებენ; გადარგვის ან გასხვლის საჭიროების შემთხვევაში მიზანშეწონილია იგი მოხდეს ადრე გაზაფხულზე და მოკლე ვადაში. გასხვლის ერთ-ერთი მიზანია ვარჯის ისეთი ფორმის შერჩევა, რომ ნაყოფი შესაგროვებლად იოლი იყოს და შეგროვებისას ტოტები არ დაზიანდეს. დარგვისთვის საუკეთესო პერიოდია შემოდგომა.

კულტურაში ცირცელი უფრო უხვმოსავლიანია, ვიდრე ბუნებაში.

2.3 ნედლეულის დამზადება

ოფიცინალური ნედლეულია ცირცელის ნაყოფი — Fructus Sorbi. ნაყოფი მომრგვალო ან ოვალურ-მომრგვალოა.ნაყოფის სუნი სუსტი თავისებურია, გემო მომჟავო-მწარე, ოდნავ ძელგი.

ცირცელის მწიფე ნაყოფებს აგროვებენ ჩვეულებრივ საქტემბერ-ოქტომბერში. შეგროვებისას საყურადღებოა მცენარის ტოტები არ დაზიანდეს. შეგროვებულ ნაყოფებს აწყობენ კალათებში, ვედროებში ან ტომრებში, 16-20 კგ ოდენობით. იგი გამოიყენება როგორც ნედლი, ასევე გამხმარი სახით. გაშრობამდე ნედლეულს დაახარისხებენ, გაასუფთავებენ ნაყოფებს სხვადასხვა მინარევებისაგან (ყუნწი, ფოთოლი, ტოტის ნაწილები) და გაფუჭებული ნაყოფებისაგან. შრობა შესაძლებელია ხელოვნურ საშრობებში, 60-800C ტემპერატურაზე. კარგ ამინდში შესაძლოა ჰაერზე გამოშრობა. ამისათვის ნაყოფებს გაშლიან თხელ ფენად ქაღალდზე ან ქსოვილზე და დროდადრო აურევენ.

კეთილხარისხოვან ნედლეულში არ უნდა ერიოს გაშავებული ნაყოფები, აგრეთვე ისეთი ნაყოფები, რომლებიც ზეწოლისას ნაფშვენებად იქცევა.

იგი ნარინჯისფერ-წითელი ან წითელი ფერისაა. ნაყოფი ყუნწმოცილებულია, მომრგვალო ან ოვალ-მომრგვალოა. მისი სიგანე 9 მმ-მდეა, მბზინავი, ძლიერდანაოჭებული. ნაყოფის წვერზე შეიმჩნევა ჯამის ნარჩენი. ნაყოფში 2-7 თესლია. ნაყოფს აქვს სუსტი დამახასიათებელი სუნი, გემო მომჟავო-მწარეა.

გამზადებულ ნედლეულს ფუთავენ 30-40 კგ-ობით ტომრებში. მას ინახავენ მშრალ ადგილას, კარგი განიავების პირობებში. ნედლეულის შენახვის ვადაა 2 წელი.

III. გამოყენება

ცირცელის ნაყოფები თავისი შესანიშნავი შემადგენლობის გამო სასიამოვნო საჭმელია და მეტად სასარეგებლოა. ცირცელის ნაყოფების გამოყენება რეკომენდირებულია ავიტამინოზისა და გაცივების დროს. იგი შედის ვიტამინური ნაკრებების შემადგენლობაში.

ბულგარულ ხალხურ მედიცინაში ცირცელის ნაყოფებისაგან მომზადებულ სიროფს იყენებენ რევმატიული ტკივილების მოსახსნელად. პოლონელები კი თვლიან, რომ იგი არეგულირებს მარილოვან ცვლას ორგანიზმში. რუსულ ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, კუჭის დაბალი მჟავიანობის დროს. მშრალ ნაყოფებს და ნედლი ნაყოფების წვენს იყენებენ დიზენტერიის დროს, კენკრის ნახარშს იყენებენ ჰემოროის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, რევმატიზმის დროს. წყლიანი ნახარშები ცნობილია როგორც შარდმდენი და სისხლდენის შემაჩერებელი.

ჩვენში ცირცელის ნაყოფებს იყენებენ კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის დროს, გაციების პროფილაქტიკისათვის. ვეტერინარიაში ნაყოფების ნახარშს იყენებენ საქონლის ფილტვების დაავადებების დროს. ცირცელის ნაყოფი ფართო გამოყენებას პოულობს საკონდიტრო ნაწარმში. მისგან ამზადებენ მურაბებს, ხილფაფას, მარმელადს და სხვა.

სახეობრივი შეჯვარებით გამოყვანილია სპეციალური ჯიშები, რომლებსაც უფრო წვნიანი და დიდი ზომის ნაყოფები აქვს.

მეტად ეფექტურია ცირცელის ნაყოფების გამოყენება ასკილთან ერთად, როგორც ვიტამინების კომპლექსის მიღების წყარო. ამისათვის 1/2 სუფრის კოვზ ასკილისა და ცირცელის ნაყოფების ნარევს დაასხამენ ორ ჭიქა მდუღარე წყალს, დგამენ წყლის აბაზანაზე 30 წთ-ით, გააციებენ, გაწურავენ. მიღებულ სითხეს გემოვნების მიხედვით დაატკბობენ და ღებულობენ ნახევარი ჭიქის ოდენობით სამჯერ დღეში.

თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების დროს ეფექტურია შემდეგი წესით მომზადებული ვაჟინის გამოყენება: 500 გრამ ნაყოფებს დააყრიან 50 გრამ შაქარს და ნელ ცეცხლზე წამოადუღებენ. წარმოქმნილ მასას ღებულობენ კოვზით დღეში რამდენიმეჯერ.

მარკეტინგული ნიშები

ცირცელი განსაკუთრებით პერსპექტიულია ჯავახეთში და სტეფანწმინდაში, შემდეგი ნიშნების მიხედვით: ხარობს 2400 მეტრ სიმაღლემდე ზღვის დონიდან, ადვილად იტანს სიცხესა და დიდ სიცივეს, მოსავალს 1-2 წლის შემდეგ იძლევა, სასურველია მისი გამოყენება მთიან პირობებში გამწვანებისა და გატყევებისათვის.

ცირცელი თაფლოვანი მცენარეა.

მერქანი გამოიყენება წვრილმანი ნაკეთობების დასამზადებლად.

ამ თვალსაზრისის გამო, ვვარაუდობთ, რომ ცირცელის გაშენება მომგებიანი იქნება ფოკაში. რაც შეეხება საბაზრო ნიშას ცირცელისათვის, იგი სავარაუდო პლანტაციის წარმადობის ფარდი, ფრიად სპეციფიკური და შეიძლება ვივარაუდოთ კონკურენციისაგან შედარებით დაცულია.

გამოყენება ოფიცინალურ მედიცინაში

ცირცელის ნაყოფი ოფიცინალური პოლივიტამინური ნედლეულია: შედის რამოდენიმე ნაკრებში, ხდიან ზეთს. ცირცელის ზეთს იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების საწინააღმდეგოდ, აჩქარებს წყლულის ეპითელიზაციას და ქსოვილების რეგენერაციას.

ავტორები: ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
წყარო: www.medgeo.net

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2330 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1285 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB