მსხლის დარგვა, მოვლა, ბაღის გაშენება, ჯიშები

მსხალი, ბაღი, დარგვა, ხეხილი

1. ზოგადი ნაწილი

მსხალი  (Pyrus communis).  ერთ-ერთი უძველესი, პოპულარული ხეხილოვანი კულტურაა, ზომიერ სარტყელში გავრცელების მიხედვით მეორე ადგილი უკავია ვაშლის შემდეგ.

ბუნებრივად მსხლის ვარჯი უფრო კარგად ყალიბდება, იგი ნაკლებად ჩახშირებული, განათებული და მტკიცეა, ვიდრე ვაშლის ვარჯი.

ზრდისა და მსხმოიარობის თავისებურებით წააგავს ვაშლს. მეწლეობა მსხლის ჯიშებში უფრო ნაკლებად არის გამოხატული ვიდრე ვაშლის ჯიშებში. მაღალი აგროტექნიკის ფონზე ყოველწლიურად შეიძლება უხვი მოსავლის მიღება.

მსხლის მსხმოიარობის დაწყება დამოკიდებულია საძირეებზე, ჯიშების უმეტესი ნაწილი იწყებს მსხმოიარობის დარგვიდან მე-3-5 წელს. საშუალო მოსავლიანობა შეადგენს  18  – 25  ტონა/ჰა. ნარგაობის საექსპლუატაციო ხანგრძლივობა 25-30 წელია.

2. სად შეიძლება მსხლის გაშენება

საქართველოში მსხლის გაშენება ჯიშების მიხედვით, უმეტეს რაიონებშია შესაძლებელი ყველაზე უკეთესად-სათანადო ნალექიან, ძლიერი ქარებისგან დაცულ ნაკვეთებში ხარობს. ასეთ ადგილებში სწრაფმზარდ სათესლე საძირეებზე დამყნობილი მსხალი შეიძლება ურწყავ ნაკვეთშიც გავაშენოთ.

ზამთრის ჯიშების მსხლის გასაშენებლად უნდა შევარჩიოთ თბილი და ქარისგან დაცული ადგილები.

მსხლის ჯიშებს ამყნობენ სათესლე და კლონურ საძირეებზე. სათესლე საძირეებს ძირითადად გარეული მსხლის თესლისგან იღებენ.

3. ნიადაგი მსხლისთვის

მსხალი კარგად იზრდება და მსხმოიარობს ყავისფერ, მუქ და რუხი ტყის ნიადაგებზე. ყველაზე უკეთესად ვითარდებიან ღრმა თიხნარ, საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე. ქვიშიან ნიადაგებზე მსხალი ცუდად ხარობს, გრუნტის წყლები შორს უნდა იყოს მისი ფესვებისგან.

მსხლის ხისთვის ოპტიმალურია pH=6.5-7.0 (მისაღებია pH=6.0-7.5)

მსხლის ხე საკმაოდ მგრძნობიარეა ყინვასთან მიმართებაში.

4. მსხლის დარგვა

მსხლის დარგვისას დაშორება დამოკიდებულია საძირეზე, ჯიშის ზრდის სიძლიერეზე და ნიადაგის ნაყოფიერებაზე.

მაგ. მრგვალი ფორმის ვარჯიანი ხეებისათვის
ა) ძლიერმზარდი საძირეებისათვის:
დაშორება რიგებს შორის 7-8 მეტრი, მცენარეთა შორის რიგში 5-6 მეტრი.
ბ) საშუალოდმზარდი საძირეებისთვის:
დაშორება რიგებს შორის 4-5 მეტრი, მცენარეთა შორის რიგში 2-3 მეტრი.
გ) მსხლის ზოგიერთი ტიპისთვის (ნაგალა) მისაღებია:
რიგებს შორის 4 მეტრი, მცენარეთა შორის რიგში 1,5-2 მეტრი.

დარგვა შეიძლება როგორც შემოდგომით ასევე გაზაფხულზე. ამისთვის საჭიროა სწორედ მოვამზადოთ ორმო. გაზაფხულზე მსხლის ხის დასარგავ ორმოს ამზადებენ შემოდგომით, ხოლო შემოდგომით დარგვისთვის რამდენიმე კვირით ადრე.

მნიშვნელობანია ორმოს მოცულობა, მისი სიღრმე და სიგანე. თუ დავრგავთ პატარა ორმოში ის არ განვითარდება კარგად და გაიზრდება ძალიან ნელა. მსხლის სხვადასხვა ჯიშებისთვის სხვადასხვა ზომის ორმოა რეკომენდირებული.

ორმოს თხრის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწის ზედა, სასარგებლო ნაწილი გადავდოთ ერთ მხარეს, ხოლო ქვედა შედარებით ღარიბი ნაწილი მეორე. თუ თქვენ გიხდებათ მსხლის დარგვა ღარიბ ნიადაგზე, საჭიროა მას შეურიოთ ტორფი, თიხა ან კომპოსტი მოცულობით 1/2-1/3. ასევე არ დაგავიწყდეთ სასუქის შეტანა.

უკვე გამზადებულ ორმოში შეაქვთ ორგანული სასუქი, დაახლოებით 25-30 კგ, ასევე მინერალური სასუქები. მათ ამატებენ გამზადებულ ორმოში ასეთი შეფერდებით: 0,1-0,5 კგ კალია, 0,8-1 კგ სუპერფოსფატი. აზოტის სასუქი გამოიყენება მხოლოდ გაზაფხულზე.

ნერგები დარგვის წინ ყურადღებით უნდა შევამოწმოთ, თუ აღმოვაჩენთ ფესვების ან ტოტების დაზიანებას, უნდა მოვაჭრათ, მაგრამ ვეცადოთ რაც შეიძლება ბევრი ფესვი შევინარჩუნოთ. თუ ნერგი მომხმარია, მაშინ დარგვის წინ 10-12 საათით ჩავდოთ წყალში.

დარგვისას ნერგს ათავსებენ ორმოს შუაგულში, შემდეგ არჭობენ მის გვერდით სარს და აყრიან მიწის ზედა ფენას ისე, რომ წარმოიქმნას ბორცვი. მიწის მიყრის შემდეგ ნიადაგი უნდა დაიტკეპნოს, ამის შემდეგ უნდა მოირწყას. ნერგზე გათვლილია 2-3 ვედრო წყალი. არ უნდა დაგვაგიწყდეს მიწის გაფხვიერება, რაც დაეხმარება ნიადაგს ტენიანობის შენარჩუნებაში.

5. მსხლის ბაღებში ნიადაგების მოვლა

მსხალი ცუდად რეაგირებს დაკორდებაზე, ამიტომ უნდა მოვერიდოთ დაკორდებას განსაკუთრებით თუ საძირის ტიპის მიხედვით ფესვთა სისტემა თხლად არის განლაგებული. ნიადაგის დამუშავების ძირითადი ხერხია მზრალად ხვნა.

ნიადაგის საზაფხულო დამუშავების სიმრავლე მორწყვის სიხშირეზეა დამოკიდებული. სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ჩვეულებრივ მიმართავენ 4-5 მსუბუქ დამუშავებას.

რიგთაშორისებში კულტურების მოყვანისას ხეთა რიგების გაყოლებით ყოველთვის ვტოვებთ დაუთესავ ზოლს. ამ ზოლის სიგანე ხეთა ვარჯისა და ფესვთა სისტემების განვითარების კვალობაზე იზრდება.

6. მსხლის მორწყვა

ხილკენკროვან მცენარეთა ვეგეტაციურ პერიოდში ჩატარებულ მორწყვას ვეგეტაციური ეწოდება, ხოლო  მოსვენების პერიოდში მორწყვას ტენდამაგროვებელი.

პირველი მორწყვა ყვავილობის წინ უნდა ჩავატაროთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ პერიოდში საკმარისი ნალექი არ მოვიდა. 

ყვავილობის შემდეგ მორწყვა სასურველ გავლენას ახდენს, ნაყოფის ზომასა და ხარისხზე, ნაყოფის დაკრეფამდე 2-3 კვირით ადრე კიდევ ერთი მორწყვა, ასევე კარგად მოქმედებს ნაყოფის სიდიდესა და ხარისხზე.

მოსავლის აღების შემდეგ ნარგავები კიდევ 1-2 ჯერ მოირწყვება. ტენდამაგროვებელი რწყვა ტარდება ფოთლის ჩამოცვენის შემდეგ, თუ შემოდგომა თბილი და მშრალია.

6. მსხლის გასხვლა და ფორმირების ძირითადი პრინციპები

ვარჯის აგებულებით, ზრდითა და მსხმოიარობით მსხალი მნიშვნელოვნად ჰგავს ვაშლს. მსხლისთვის დამახასიათებელია ვარჯის ღერძზე ჩონჩხის ტოტების უფრო მაგრად შეზრდა.

მსხლისთვის მოსახერხებელია იარუსული და გაუმჯობესებული იარუსული ვარჯები.

მსხლის ჯიშების უმრავლესობის ერთწლიან ნაზარდებზე კვირტები შედარებით სუსტად იღვიძებს, ამიტომ მსხლის ვარჯის ფორმირებისას ისინი აუცილებელია ძლიერად გადავჭრათ. ამით თავიდან იცილებენ მსხლის ვარჯში ტოტებისა და განშტოებების გაშიშვლების საშიშროებას.

პირველ და მეორე იარუსს შორის მანძილი უნდა იყოს 80-100 სმ, ხოლო მეორე და მესამე იარუსს შორის მანძილი 65-80 სმ. ჩონჩხის პირველი განშტოებები გამოგვყავს ძირიდან 60 სმ-ზე.

გასხვლის ხარისხი დამოკიდებულია ტოტის ზრდის ძლაზე, რაც უფრო ძლიერია საზარდი ტოტის ტიპი, მით უფრო ნაკლებად ამოკლებენ.

7. მსხმოიარე მსხლის გასხვლა

მსხმოიარე მსხლისთვის ხდება ვარჯის რეგულარული გამეჩხრება, ყოველი 3-4 წლის შემდეგ გაახალგაზრდავების მიზნით ამოკლებენ ჩონჩხის ტოტებს, განშტოებებს და გარეშემოზრდილ ტოტებს. მსხმოიარე მსხლის ვარჯში წარმოიქმნება ბევრი განშტოებული გარეშემოზრდილი ტოტი, რომელთა უმრავლესობა სწრაფად ბერდება და კვდება.

მსხმოიარე მსხლის გასხვლისას აცლიან ყველაზე სუსტ, გამხმარ და დაზიანებულ გარეშემოზრდილ ტოტებს, ხოლო დანარჩენებს გაახალგაზრდავების მიზნით ამოკლებენ.

მსხალი დადებითად რეაგირებს გამაახალგაზრდებელ სხვლაზე.

აგროკავკასია

8. საქართველოში გავრცელებული რამდენიმე ჯიში

საზოგადო სახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.

ჯიშის სახელწოდება: Pyrus communis ‘Akhiro’ – აყირო
წარმოშობა:   ადგილობრივი ჯიშია იმერეთის რეგიონიდან.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი  ზრდის.
ხის ფორმა: განიერ-პირამიდული ფორმის.
ყვავილობის პერიოდი: ადრეული.
ნაყოფის ფერი: მომწვანო-მოყვითალო, სიმწიფეში – ღია  ყვითელი.
ნაყოფის ფორმა: ოვალური, მორგვალო მსხლისებური. ყუნწი – მსხვილი, გრძელი.
ნაყოფის ზომა: საშუალო სიდიდის,  150 – 170 გრამი.
რბილობი: თეთრი, წვრილმარცვლოვანი, ნაზი,  წვნიანი.
სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი: იკრიფება ივლისის პირველ ნახევარში. ინახება  1 კვირას.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: დამაკმაყოფილებელი.
საგემოვნო თვისებები: ტკბილი, სუსტი არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: ცალკეული ხეების სახით გვხდება  ზემო იმერეთში – საჩხერის, ჭიათურისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.
დამატებითი  ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია,ნაკლებტრანსპორტაბელურია.

წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973)

საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.

ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis ‘Gulabi’ – გულაბი
წარმოშობა:  მსხლის ადგილობრივი წარმოშობის კლონების ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია გულაბის სახელწოდებით.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი  ზრდის.
ხის ფორმა: პირამიდული ან მომრგვალო ვარჯით.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო.
ნაყოფის ფერი: ძირითადი ფერი მოყვითალო-ლიმონისფერი, კანქვეშა მწვანე წერტილები კარგად ემჩნევა.
ნაყოფის ფორმა: ტიპიური მსხლის ფორმის.
ნაყოფის ზომა: საშუალო.
რბილობი:თეთრი, წვრილმარცვლოვანი კონსისტენციის, მდნარი, წვნიანი, სიმჟავე არ ახასიათებს, იშვიათად აქვს გამერქნებული უჯრედები.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი: მწიფდება აგვისტოს პირველ ნახევარში. ნაყოფი მოიხმარება, როგორც ზაფხულის ხილი.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: ნაყოფიც და ფოთოლიც ავადდება ქეცით.
საგემოვნო თვისებები: საუკეთესო.
დღევანდელი მდგომარეობა:ფრაგმენტულად  გავრცელებულია საქართველოს მეხილეობის რაიონებში. არჩევენ კახურ, ქართლურ,ახალციხურ, ლეკურ, თბილისურ და სხვა სახის გულაბებს.
დამატებითი  ინფორმაცია:  უხვმოსავლიანია, გამოირჩევა მიმზიდველი გარეგნობით, ვერ იტანს ტრანსპორტირებასდა ნაკლებად გამოსადეგია გადასამუშავებლად.

წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973).

საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება:  Pyrus communis L.

ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis ‘TsitelGverda’ – წითელგვერდა (გვრდწითელა)
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, გავრცელებულია ქართლში.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი  ზრდის.
ხის ფორმა: ივითარებს მაღალი შენების, ხშირი დატოტვის ვარჯს.
ყვავილობის პერიოდი: ადრეული.
ნაყოფის ფერი: ძირითადი ფერი მწვანეა,, სიმწიფეში ყვითლდება, მზის მხარეს გვერდი შეფერილია სისხლისებრ-წითლად.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო, ყუნწი სწორი და გრძელია.
ნაყოფის ზომა: წვრილი.
რბილობი: თეთრი, წვნიანი, ახასიათებს გამერქნებული უჯრედები.
სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს, კარგად ინახება ოქტომბრის ბოლომდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალოდ გამძლე.
საგემოვნო თვისებები: ტკბილი.
დღევანდელი მდგომარეობა: ფრაგმენტულად  გვხვდება  შიდა  ქართლში.
დამატებითი  ინფორმაცია:  მაღალმოსავლიანი ჯიშია, ხასიათდება მეწლეობით. გამოირჩევა ტრანსპორტაბელურობით.

წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973).

საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.

ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis ‘Mephis  mskhali’ – მეფის მსხალი
წარმოშობა:აჭარული წარმოშობის ადგილობრივი ჯიშია, მიეკუთვნება ხეჭეჭურების  ჯგუფს.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი.
ხის ფორმა: განიერ-პირამიდული.
ყვავილობის პერიოდი: ადრეული.
ნაყოფის ფერი: ძირითადი ფერი მწვანეა, მზის მხარეს – ვარდისფერი.
ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო, ბორცვიანი, ყუნწი – მსხვილი, მოკლე.
ნაყოფის ზომა: მსხვილი, 200-220 გრამი.
რბილობი:თეთრი, მსხვილმარცვლოვანი, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი: იკრიფება აგვისტოს დასაწყისში და ინახება  1-2 კვირა.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: დამაკმაყოფილებელი.
საგემოვნო თვისებები: კარგად შეხამებული მომჟავო-მოტკბო, ოდნავ მწკლარტე, ხეჭეჭურებისათვის დამახასიათებელი.
დღევანდელი მდგომარეობა:ფართოდაა გავრცელებული აჭარასა და გურიაში საკარმიდამო ნაკვეთებზე.
დამატებითი  ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, გადამწიფებისას რბილობი უმუქდება.

წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973).

საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება:  Pyrus communis L.

ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis ‘Khechechuri’ – ხეჭეჭური
წარმოშობა: მსხლის კლონების ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია ხეჭეჭურის სახელწოდებით

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: ძალიან ძლიერი  ზრდის.
ხის ფორმა: პირამიდული.
ყვავილობის პერიოდი: ადრეული.
ნაყოფის ფერი: ძირითადი ფერი მომწვანოა, სრულ სიმწიფეში ზოგიერთი კლონის ნაყოფი მოყვითალო ფერს ღებულობს, კარგად ემჩნევა მომწვანო-მოთეთრო ფერის კანქვეშა წერტილები, ნაყოფს ზედაპირზე ახასიათებს ჟანგიანი ლაქები.
ნაყოფის ფორმა: მსხლისებრი, ოდნავ წახნაგოვანი და ბორცვიანი.
ნაყოფის ზომა: მსხვილი ან საშუალო.
რბილობი: თეთრი,  მსხვილმარცვლოვანი, წვნიანი, მარახოში, შუშხუნა გემოსი, გამერქნებული უჯრედები უფრო მეტად თესლბუდის ირგვლივაა.
სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი: იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში და კარგად  ინახება გაზაფხულამდე.  ტრანსორტირებას კარგად იტანს.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვანი დაავადებების მიმართ კარგი გამძლეა
საგემოვნო თვისებები: გემრიელი, სუსტი არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდაა  გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში. ხეჭეჭური ყველაზე პოპულარული ჯიშია.
დამატებითი  ინფორმაცია: ნაყოფი იხმარება ნედლად, როგორც ზამთრის ხილი.

წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973).

საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება:  Pyrus communis L.

ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis ‘ShaviMskhali’ –  შავი მსხალი
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია,  მიღებულია  ხალხური სელექციის გზით

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა: ივითარებს პირამიდულ ვარჯს.
ყვავილობის პერიოდი: ადრეული.
ნაყოფის ფერი: მუქი მწვანე, სრულ სიმწიფეში ბაცი მწვანე. კანი საშუალო სისქისაა, მკვრივი, უხეში, მცირედ ხაოიანი.
ნაყოფის ფორმა: მსხლისებრი,სიმეტრიული, საკმაოდ გლუვი ზედაპირით.
ნაყოფის ზომა: მსხვილი ან  საშუალო ზომის (130 გრ) .
რბილობი: თეთრი მსხვილმარცვლოვანი, მკვრივი, წვნიანი.
სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი: საკრეფი და მოსახმარი სიმწიფე უდგება ერთდროულად,სექტემბრის მეორე ნახევარში.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: სოკოვანი ავადმყოფობით თითქმის არ  ზიანდება.
საგემოვნო თვისებები: ტკბილი, მცირედი სიმწკლარტით, სურნელოვანი, კარგი გემური ღირსების.
დღევანდელი მდგომარეობა: საკმაოდ ფართოდ  გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში.
დამატებითი  ინფორმაცია: რეგულარული,მაღალმოსავლიანი ჯიშია,  გამოირჩევა კარგი გემოთი და ტექნოლოგიური ღირებულებებით.

წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973).

საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.

ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis ‘Tavrejuli’ – თავრეჯული
წარმოშობა:მესხური   წარმოშობის ადგილობრივი ჯიშია. აღწერილია ნ. ხომიზურაშვილის და ელ. ერისთავის მიერ  1934 წელს.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ან ძალიან ძლიერი  ზრდის.
ხის ფორმა:ივითარებს ცოცხისებრ ვარჯს, არახშირი  დატოტვით.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო.
ნაყოფის ფერი: ნაყოფის კანი მკვრივია, მოკრეფისას მოყვითალო – მწვანეა, სრულ სიმწიფეში ყვითლდება.
ნაყოფის ფორმა: მსხლისებრი ფორმის, სწორი ზედაპირით.
ნაყოფის ზომა: საშუალო, 140 – 155 გრამი, (6.7 X 5.5 სმ).
რბილობი: თეთრი ფერის, მკვრივი, მსხვილმარცვლოვანი, ხეჭეჭურისებრ–ხრაშუნა, ძალიან წვნიანი.
სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი: იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში,ინახება აპრილამდე, მოიხმარება როგორც ნედლი ხილი.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: მავნებლებ–დაავადებათა მიმართ კარგი გამძლეა.
საგემოვნო თვისებები: ნაკლებად ტკბილი, თავისებური არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: ფრაგმენტულად   გავრცელებულია მესხეთში,  ერთეული ძირების სახით   გვხვდება საქართველოს ყველა კუთხეში.
დამატებითი  ინფორმაცია:  ხასიათდება დაბალი საგემოვნო თვისებებით ,   გამოირჩევა ხანგრძლივი შენახვისუნარიანობით.

წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973).
ჯიშების წყარო: საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება “ელკანა”.

იხილეთ გარეთვე: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები

თქვენი რეკლამა