კოწახური – გამრავლება, ჯიშები, ნედლეული, გამოყენება

https://agrokavkaz.ge/samkurnalo-mcenareebi/kotsakhuri-berberis-vulgaris-l-samkurnalo-mtsenare.html

I ზოგადი ნაწილი

1.1 ზოგადი დახასიათება

ჩვეულებრივი კოწახური – Berberis vulgaris L მიეკუთვნება კოწახურისებრთა  Berberidaceae ოჯახს. იგი ქსეროფიტული ბუჩქოვანი მცენარეა. ტოტები  სწორმდგომია, მრავალრიცხოვანი, დატოტიანებული. სიმაღლით  1,5-3 მეტრი.

ასაკოვანი ღეროების ქერქი რუხია, ახალგაზრდა ღეროები მურა-მოყვითალოა  ან მოყვითალო-რუხი. მერქანი ყვითელი ფერისაა. ყლორტებზე მრავლადაა 3 სმ-მდე სიგრძის ეკლები. ეკლები მაგარია, სამ ან ხუთგანყოფილებიანი, იშვიათად მარტივი. მოთავსებულია ფოთლების უბეებში.

ფოთლების სიგრძე 3-6 სმ-ია, სიგანე 2-3სმ; მარტივი, თხელი, ფოთლის ფორმა უკუკვერცხისებრი, მოგრძო-უკუკვერცხისებრი, ელიფსური ან მომრგვალოა, ოდნავ ტყავისებური, მკაფიოდ გამოხატული ძარღვების ქსელით. ფოთლის ნაპირები წვრილხერხკბილაა.

ყვავილედი 3-6 სმ სიგრძის მტევნებია. ყვავილები ოქროსფერ – ყვითელი, ერთეული ან შეკრებილი მტევნისებრ ყვავილედად. ჯვარედინად დამტვერვადი მცენარეა. ნაყოფი წაგრძელებული კენკრაა, წვნიანი. ნაყოფის სიგრძე 9-12 მმ-ია, მეწამულიდან მუქ-წითელ შეფერილობამდე.

ნაყოფი ზოგჯერ დაფარულია მკრთალი ცვილისებური ნაფიფქით. თესლები მოგრძოა, მუქი-ყავისფერი, ოდნავ გაბრტყელებული.

კოწახურის მიწისქვეშა ნაწილი წარმოადგენს ღეროს მსხვილ ფუძეს, საიდანაც გამოდის წვრილი ჰორიზონტალური ფესურები; აგრეთვე, მძლავრად განვითარებული მთავარი ფესვი და გვერდითი ფესვები. კოწახურის გვერდითი ფესვები აღწევს 10-30 სმ-ს. ფესურაზე მრავალრიცხოვანი კვირტებია, რომლებიც მცენარის ვეგეტატიური გამრავლებისათვის ძალზედ ხელსაყრელია.

კოწახური ყვავის აპრილ-მაისში. ნაყოფი მწიფდება ივლისში. მტევნები ბუჩქებზე შუა ზამთრამდე ჰკიდია.

1.2 გავრცელება

კოწახური იზრდება ქვიან ადგილებზე ბუჩქოვანთა შორის; იგი გავრცელებულია ზღვის დონიდან 1000მ-მდე; გავრცელებულია მთელ ევროპაში, ჩრდილოეთ სკანდინავიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში. ჩვენში გვხვდება მთის შუა სარტყლამდე, ტყის პირებზე, მდინარის ნაპირებზე, რიყეზე თითქმის ყველა რაიონში, ჯავახეთისა და მესხეთის გარდა.

1.3 ჯიშები

კოწახური თითქმის ყველა ქვეყანაშია კულტურაში შეტანილი. სხვადასხვა მიზნით გამოყვანილია კულტურული ჯიშები. რამდენიმე ჯიშის აღწერა მოგვყავს თეა ელერდაშვილის სტატიიდან “კოწახური”:

Berberis buxifolia ,,Nana” – დაბალი, მკვრივი, ეკლიანი ბურთისებური ფორმის 50სმ სიმაღლის ბუჩქია. მუქი მწვანე შეფერილობის ფოთლები შედარებით თბილ ზამთაში ღეროზე რჩება და არ ცვივა. ყვავილები ყვითელია. კარგად იზრდება მშრალ, ქვიშნარ ნიადაგზეც კი, კარგად უძლებს ზაფხულის გვალვებს. მკარცრ ზამთარში საჭიროებს თავშესაფარს. გამოიყენება დაბალ ღობეებად და ალპინარიუმისთვის.

Berberis ,,indian summer” – დიდი ბუჩქია სწორი ღეროებით, აღწევს როგორც სიმაღლეში ისე სიგანეში 2მ-ს. მისი მწვანე ფოთლები უკუ კვერცხისებრი ფორმისაა და შემოდგომაზე მკვეთრად იცვლის ფერს და მუქი წითელი ხდება. ნიადაგის მიმართ არ არის ძალიან მომთხოვნი. გამოიყენება როგორც ერთეულ ფორმებად, ისე ჯგუფურად დასარგავად. აღსანიშნავია, რომ ზამთარგამძლეა.

Berberis julianae -მარადმწვანე სწორმდგომი ბუჩქია, სიმაღლეში აღწევს 2-3 მ-ს. ღრეოები დაფარულია წვეტიანი ეკლებით. მისი მუქი მწვანე ფოთლები 10სმ სიგრძისაა, შემოდგომაზე ლამაზად იფერება წითლად, ყვავილები კი ყვითელი შეფერილობის აქვს. ნიადაგის მიმართ ნაკლებად მომთხოვნია, იზრდება როგორც ძალიან მშრალ ისე ტენიან ნიადაგზე, უძლებს მჟავიანობასაც. თავის ზომების მიხედვით რეკომენდირებულია დიდი ბაღებისთვის და საქალაქო პარკებისთვის. რგავენ ქარისგან დაცულ ადგილებში. მკაცრ ზამთარში შესაძლებელია მოიყინოს.

Berberis koreana – 1,5-2 მეტრი სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია. კვერცხისებრი ფართე და დიდი ზომის (7-9სმ) ფოთლებით, რომლებიც შემოდგომაზე წითელ ფერს იღებს. ყვითელი ყვავილები ყუნწულებადაა შეკრებილი.აქვს წითელი ნაყოფები. ნიადაგის მიმართ არ არის მომთხოვნი. არაჩვეულებრივია ეკლიან ღობედ. იზრდება ფესვის ნაზარდით.

Berberis x media ,, parkjuweel” – ეკლიანი, დიდი ზომის 1,5-2 მეტრი სიმაღლისა და სიგანი ბუჩქია მუქი მწვანე პრიალა ფოთლებით. უმეტესად ზამთარში რჩება ღეროზე.ყვითელი ყვავილები ფუნჯისებურადაა 5-6 ცალი ყუნწზე. აქვს შავი წვრილი ნაყოფი, რომელიც დიდხანს რჩება ღეროზე. ნიადაგის მიმართ არ არის მომთხოვნი, ყინვაგამძლეა, ასევე გამძლეა გამონაბოლქვების მიმართაც.

Berberis x media ,,Red Jewel” – ნახევრად მარადმწვანე ბურთისებური ფორმის ბუჩქია. სიმაღლე და სიგანე 1მ-მდე აღწევს. ფოთლები მოყავისფრო- წითელია, შუა ზაფხულში კი მოელვარე მწვანე-მეწამული. გვიან შემოდგომამდე ან ადრეულ ზამთარში ფოთლები ისევ ღეროზე რჩება. ყვითელი ყვავილები და შავი ნაყოფები საკმაოდ წვრილია. ღეროზე აქვს 3სმ სიგრძის ეკლები. ნიადაგის მიმართ მეტნაკლებად მომთხოვნია. ნაკლებად აქვს ყინვაგამძლეობის თვისება, საჭიროებს ,,თავშესაფარს”.

Berberis x ottawensis ,,Silver Miles” – მაღალი, ეკლიანი ბუჩქია დაშვებული ტოტებით, მისი ფოთლები ჭრელი მწვანე-მეწამულ ფერებში არის მონაცრისფრო-მოვერცხლისფრო ლაქებით და არარეგულარული თეთრი არშიით.ყვავილები ყვითელ-წითელი, ნაყოფები წითელი. არ არის მომთხოვნი ნიადაგის მიმართ. რეკომენდირებულია პარკებისა და ბაღებისთვის.

Berberis x ottawensis ,,Superba” – მაღალი ეკლიანი ბუჩქი გასწორებული ღეროებით და აღწევს 4 მ სიმაღლეს. და ასეთივე ფართეა სიგანეშიც. ფოთლები ეფექტური მთელი სეზონის განმავლობაში, მუქი წითელიდან მწვანე ელფერში. გრძელ ტოტებზე ვითარდება ყვითელი ყვავილები. მკვეთრი ალისფერი ნაყოფები ტოტებზე რჩება მთელი ზამთრის განმავლობაში. ნიადაგის მიმართ არ არის მომთხოვნი. იდეალურია ღობედ.

Berberis thunbergii –გუმბათისებრი ფორმის ეკლიანი ბუჩქია. სიმაღლე არის 1,5 -2 მეტრი სიმაღლის. მწვანე ფოთლები შემოდგომაზე იღებს მეწამულ-ნარინჯისფერ ფერს. ყვავილები ყვითელია, ყვავილობას იწყებს მაისში. ნაყოფები წითელია. ნიადაგი ძალიან მჟავედან საკმაოდ გამოფიტულამდეც კი. ყინვაგამძლეა და ასევე კარგად ეგუება გვალვას.

Berberis thunbergii ,,Admiration” – ნელამზარდი, ჯუჯა, ბურთისებური ფორმის ბუჩქია. სიმაღლე 0,5 მ-ია. ყვავილები ყვითერლია და სილამაზით არ გამოირჩევა, უშნოა. ყვავილობას იწყებს მაისში. ფოთლები მუქი ნარინჯისფერია, ყვითელი არშიით. ნიადაგი – უკიდურესი მჟავედან – ტუტემდე. გამოიყენება ყვავილნარებში, როგორც ბორდიური , ასევე ალპურ გორკებზე.

Berberis thunbergii ,, Atropurpurea” – ეკლიანი, გუმბათისებრი ფორმის ფოთოლმცვენი ბუჩქია. ფოთლები მეწამულ-წითელია, ყვავილები ყვითელია და არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება. ყვავილობს მაისში, ნაყოფები წითელია. ეგუება როგორც მჟავე, ისე ტუტე ნიადაგს. ყინვაგამძლეა და ადვილად იტანს გვალვას. ძალიან ლამაზია მწვანე ღობედ და სხვადასხვა ყვავილნარში.”

1.4. ეკოლოგიური მდგომარეობა

კოწახურის ოფიცინალურ სახეობასთან ახლოს დგას კოწახურის სახეობა Berberis iberica Stev et Fisch.

იგი გადაშენების პირას მდგომი კავკასიის ენდემია. გვხვდება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ჯგუფების სახით. შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და განსაკუთრებული დაცვის ობიექტია.

ჩვეულებროვო კოწახურისაგან ამ სახეობის გარჩევა რამდენიმე ნიშნით შეიძლება:
–  Berberis iberica Stev. et Fisch. ფოთლები კიდემთლიანია, ხოლო ჩვეულებრივი კოწახურის ხერხკბილა
–   Berberis iberica Stev. et Fisch. ტოტები ოდნავ წიბოებიანი, მომურო-მოწითალო ფერისაა.

ჩვეულებრივი კოწახურის ასაკოვანი ღეროების ქერქი რუხია, ახალგაზრდა ღეროებისა კი,  მურა-მოყვითალოა  ან  მოყვითალო-რუხი.
– Berberis iberica Stev. et Fisch. ნაყოფი მოგრძო-ცილინდრულია ჩვეულებრივი კოწახურისა კი სფეროსებრი.

ამ სახეობის შემცირების  ძირითადი მიზეზია ის, რომ კოწახურის კულტივირება საქართველოში არ წარმოებდა თუმცა მისი გამოყენება ხდებოდა და სამწუხაროდ დღესაც ხდება ბუნებაში ეკოლოგიური ნორმების დაცვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე მასივში ნედლეულის დამზადება მიზანშეწონილია 10 წელიწადში ერთხელ, რათა მოხდეს მცენარის თვითაღდგენა.

ამასთან ფესვების შეგროვებისას ყოველ 10 მ2-ფართობზე ერთი ბუჩქი ხელუხლებელი უნდა დარჩეს. კარგი იქნება თუ ამოთხრილი ეგზემპლარის ადგილას 10-15 სმ სიგრძის ფესვიან ყლორტს დარგავთ. ეს დააჩქარებს მასივის თვითაღდგენას.

1.5 ნედლეული

გარდა კოწახურის ნაყოფისა, ოფიცინალური ნედლეულია:
– კოწახურის ფოთოლი – Folium Berberidis
– კოწახურის  ფესვი – Radix Berberidis

კოწახურის ყველა ორგანო შეიცავს ალკალოიდებს. ფოთლებში ალკალოიდების შემცველობა უნდა იყოს არანაკლებ 0,15%, ფესვებში – 0,4%.ფესვების ქერქიდან და ფოთლებიდან გამოყოფილია ალკალოიდები ბერბერინი, ბერბერუბინი, კოლუმბამინი, ასევე პალმატინი, იატრორიზინი; ბერბამინს, იზოტეტრანდრინს და ოქსიაკანთინს აქვთ ბისბენზილ-იზოქინოლინური სტრუქტურა; მაგნოფლორინს გააჩნია აპორფინული სტრუქტურა; განსხვავებული სტრუქტურა გააჩნია ბერვულცინსა და ვულრაცინს.

კოწახური შეიცავს ასევე ორგანულ მჟავებს: ვაშლის, ღვინის და ლიმონმჟავას, ასევე C ვიტამინს და კაროტინოიდებს.

II გამრავლება

2.1 ნიადაგის შერჩევა და გამრავლება

კოწახური ნიადაგის ნაყოფიერებისა და სიმშრალის მიმართ დიდად მომთხოვნი არაა. იზრდება მშრალ, თხელ ნიადაგებზე, მაგრამ ოპტიმალური ზრდით ნოყიერ კირნარ ნიადაგებზე გამოირჩევა. კარგი მარილამტანია. ვერ ეგუება დამდგარ წყლიან ჭარბტენიანობას; სინათლის დიდად მომთხოვნია.

გვალვა და ყინვაგამძლეა. კარგად იტანს მცხუნვარე მზის სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას.

კოწახური კარგად ვითარდება ქვიან ადგილებში, მთებში, აგრეთვე მდინარეებსა და ნაკადულების გაყოლებაზეც.

კოწახურის გამრავლება შესაძლებელია ვეგეტატიურად – მიწისზედა ყლორტების ჩაფესვიანების ხერხით. ვეგეტატიურად გამრავლება ძალზე ხელსაყრელია მასივის გაზრდისა და კულტურაში შემოტანის მიზნით.

გამრავლება შესაძლებელია დათესვით და ვეგეტატიურად. დათესვა უმჯობესია შემოდგომით, ახალ შეგროვილი თესლით. საგაზაფხულო თესვისათვის გამოიყენება სტრატიფიცირებული თესლები. დათესვით გამრავლებას,თუკი ნაყოფის მიღებაც სურთ, ნაკლებად მისდევენ,რადგან ჯიშობრივ–საგემოვნებო თვისებებს მცენარე კარგავს.

2.2 ნედლეულის შეგროვება

კოწახურის ფესვების შეგროვება შესაძლებელია მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში. დამზადებისას თავდაპირველად ბუჩქს მოაშორებენ მთლიანად მიწისზედა ყლორტებს და შემოუბარავენ 0,5მ რადიუსზე 0,5-0,6მ სიღრმეზე. შემდეგ ფესვების ზედა ნაწილს ხელით მოაშორებენ ნიადაგს და მასზე თოკს ამაგრებენ, რომელიც მანქანის ძალის გამოყენებით ამოგლეჯს ფესვთა სისტემას.

ნედლეულის შეგროვებისას გულმოდგინეთ უფრთხილდებიან წვრილ ფესვებსა და ქერქს, რადგანაც მათი დანაკარგი მნიშვნელოვნად ამცირებს ნედლეულში ბერბერინის შემცველობას.

კოწახურის ფესვებს დაფერთხავენ მიწას და მოაშორებენ სხვა მინარევებს, ასევე გაშავებულ და დამპალ ნაწილებს. არ არის მიღებული ფესვების წყალზე გარეცხვა, ვინაიდან ბერბერინი წყალში კარგად იხსნება და გარეცხვით მოსალოდნელია მისი დაკარგვა. 6სმ-ზე სქელ ფესვებსა და ფესვის გვერდით ნაწილებს ჩაჭრიან სიგრძეზე. ჩაჭრისას ქერქის დანაკარგი რომ არ მოხდეს, ქვემოთ უფენენ ბრეზენტს ან ტომარას.

ნედლეულს აშრობენ კარგი ვენტილაციის პირობებში 40-50 ტემპერატურაზე, დროდადრო ურევენ.

ფოთლებს კრეფენ მცენარის ბუტონიზაციის და ყვავილობის ფაზაში. აშრობენ კარგი აერაცისს პირობებში. ნედლეულის ფარმაკოპეული აღწერა [9]–დან: “ჩვეულებრივი კოწახურის ფოთლები 4 სმ სიგრძისაა, ზევიდან მუქი-მწვანე, ქვედა მხარეზე ბვერად უფრო ღია. ორივე მხარეს ცვილის ნაფიფქით დაფარული”.

2.3 ნედლეულის მაჩვენებლები

კოწახურის ნედლეულს წარმოადგენენ მერქნიანი ფესვების ცილინდრული, სწორი ან მოხრილი ნაჭრები, რომელთა სიგრძე 2 სმ-დან 20სმ-მდეა, სისქე 6სმ. ფესვები ჭრილში უხეშბოჭკოვანია. ფესვის ფერი გარედან რუხი-მურაა ან მურა, ჭრილში – ლიმონისფერ-ყვითელი.

ნედლეულს აქვს სუსტი, თავისებური სუნი; გემო მომწაროა.

გამშრალ ნედლეულს საბოლოოდ ასუფთავებენ და ფუთავენ 30კგ-იან ტომრებში. ნედლეულის შენახვის ვადაა 3 წელი.

III გამოყენება

3.1 გამოყენება ოფიცინალურ მედიცინაში

კოწახურისაგან ფარმაცევტული მრეწველობა უშვებს სხვადასხვა პრეპარატებს, რომლებიც ნაჩვენებია ჰეპატიტის, ჰეპატოქოლეცისტიტის, ნაღვლკენჭოვანი დაავადებების დროს. ბერბერინის შემცველი პრეპარატები უპირატესად გამოიყენება ნაღვლისა და სანაღვლე გზების დისკინეზიის ჰიპერტონული ფორმის დროს.

კოწახურის ნაყენს ღებულობენ სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ატონიური სისხლდენის შემთხვევაში, რომელსაც ადგილი აქვს მშობიარობის შემდგომ პერიოდში და საშვილოსნოს სუბინვოლუციის დროს, ანთებითი პროცესებით გამოწვეული სისხლდენის დროს და სხვა.

ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ბერბერინს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აქვს, მაგრამ უშუალოდ კვლევის მონაცემებს–სამეცნიერო პირველწყაროს ვერ მივაკვლიეთ.

3.2 ემპირიული გამოყენება

კოწახურს ფართოდ იყენებენ ხალხურ მედიცინაში გულის დაავადებების დროს, ასევე C – ავიტამინოზის დროს. უძველეს ქართულ ხელნაწერებში არის მინიშნება კოწახურის სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების შესახებ.

ციტატა ,,იადიგარ დაუდიდან”: ,,კოწახური, მესამე წილშიგა გრილი და ხმელი არის გულისა, ღვიძლისა და სტომაქსა სამსავე მწოედ არგებს და აძალიანებს, და სიცხესა და სიმხურვალეს გაუგდებს კაცსა წყურვილსა მოუკლავს, რწყევას უკუუგდებს, კაცსა მუცელშიგა შეკრავს.

კაცმან რომე ესე კოწახური ერთსა ღამესა წყალშიგა დაალბოს და უშაქროთ ამისი კულაბი სვას ვითამცა და ამისი წვენი სვასო, ყოვლის სისხლისა და სიმხურვალის სენსა, ყოვლის საფრისა და ვარამის სენსა კარგად მოუხდების. სნებასა, ცხელებასა, იარაყანსა, თავისა და საფეთქლების ტკივილსა და ღვიძლისა და თირკმლების ტკივილსა მწოედ არგებს, სიცხესა და სიმხურვალეს დაავსებს, რომე კაცმან ან ამისი შარბათი ან ამისი ჯულაბი სვას ან ამით საჭმელი ჭამოს.

ვინცა კოწახური დაღეჭოს და ვარდის შიაფრქვიოს, რაც კაცისა სტომაქშიგა საფრა იყოს, ყველა გააქარვოს და რაც კაცის წელშიგა ტკივილი აქუს ყოვლას გაუგდებს და კაცი რომე სისხლზედა იარსებოდეს, იმას დასწყუეტს და უშველის”. (გვ. 196)”.

იადიგარ დაუდი” იცნობს კოწახურის მურაბას.

3.3 ზოგიერთი ემპირიული რეცეპტი

კოწახურის ფოთლის ნაყენს 40 პროცენტ სპირტზე, შეფარდებით 1:10-ზე იღებენ ღვიძლისა და ნაღველსადინარების დაავადებებისას (25-30 წვეთი დღეში სამჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში).

ნახევარი ჩაის კოზ დაქუცმაცებულ ქერქს ან ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს. სვამენ დღეში 2 ჭიქა გამონაწვლილს ღვიძლის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, სიყვითლის, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის ანთების, განსაკუთრებით ნიკრისის ქარის, რევმატიზმის და წელკავის დროს.
ნაყოფის გამონახარს სვამენ ელენთის დაავადების და კუჭის სპაზმების დროს.

ფოთლების გამონახარშს სვამენ სურავანდის, კუჭაშლილობის და დიზენტერიის დროს.

3.4 გამოყენების სხვა სფეროები

– კოწახურის ნაყოფს ფართე კულინარული გამოყენება აქვს. ცნობილია აზერბაიჯანული საწებელი.
– მწვანე ნაყოფები შაბთან ერთად მატყლის, სელის ქსოვილსა და ქაღალდს ვარდისფრად ღებავს.
– ფესვები მატყლსა და ტყავს ყვითლად ღებავს.
– კარგი თაფლოვანია.
– დეკორატიულია.

დარგვა არ შეიძლება პურეულის ნათესებთან ახლოს, რადგან ხელს უწყობს პურეულის პარაზიტის – ჟანგა სოკოს გავრცელებას.

ავტორები: ლალი დათეშიძე, ვასილ  შენგელია
წყარო: www.medgeo.net

თქვენი რეკლამა