გარგარი — დარგვა, გასხვლა, მოვლა, ჯიშები

6510 Views Comment Off

1. ზოგადი ნაწილი

გარგარი (Prunus Armeniaca) — ხეხილოვანი ხეებისა და ბუჩქების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ხის სიმაღლე 15 მ აღწევს. ფოთოლი ელიფსური ან განიერკვერცხისებრია; ყვავილი თეთრი ან ვარდისფერი და ფოთოლზე ადრე იშლება. ნაყოფი კურკიანია, ხორცოვანი ან მშრალი; აქვს ხავერდოვანი, იშვიათად გლუვი კანი.

გარგარი კულტივირებულია ჩრდილოეთ ინდოეთში, ირანში, ჩინეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკასა , ავსტრალიაში, შუა აზიაში, ამიერკავკასიაში. გარგარის ნაყოფი შეიცავს შაქრებს (4-20%), ვაშლის, ლიმონისა და სხვა მჟავებს; პექტინოვან ნივთიერებებს (0,38 – 1,27%); კაროტინს (10 მგ%-მდე), თესლი — 29-58% ცხიმს. იყენებენ ნედლად, ჩირად და დაკონსერვებულს (კომპოტი, წვენი და სხვა).

2. გარგარის გამრავლება

გარგარს ვეგეტაციურად ამრავლებენ, გადაუბერებელ საძირეებზე მყნობის ყველაზე შედეგიანი ხერხია ოკულირება. გადაბერებულ საძირეებში შეიმჩნევა წვენის ძლიერი მოძრაობა და ოკულირებული კვირტების გამოსვლა.

კარგ შედეგებს გვაძლევს მყნობა გვერდითა ჭრილში, აგრეთვე ქერქიდან მყნობა.

მორწყვის პირობებში გარგარისთვის საძირედ იყენებენ საკუთრივ გარგარს, მშრალ პირობებში გამოიყენება ნუში, გარგარს ამყნობენ ალუჩაზეც.

3. ნიადაგი გარგრისთვის

გარგარი მომთხოვნია ნიადაგის მიმართ. ყველაზე უკეთ ხარობს ნაყოფიერ, დაუჭაობებელ და თბილ ნიადაგებზე. ქვენიადაგი კარგად უნდა ატარებდეს ჰაერსა და წყალს, არ უნდა იყოს კირქვა 2 მეტრამდე სიღრმეში.

გარგარი ვერ ეგუება მძიმე, მკვრივ თიხნარ და ჭარბტენიან ნიადაგებს.

4. რა მანძილი დავიცვათ გარგარის დარგვისას

გარგარის ვარჯს ფორმირებისას მომრგვალო ფორმას აძლევენ. ხეები ირგვება რიგებს შორის 5,5 მეტრის დაშორებით, ცალკეულ ხეებს შორის მანძილი 4,5-5 მეტრია.

5. გარგრის ბაღებში ნიადაგების მოვლა

გარგარი ცუდად რეაგირებს დაკორდებაზე. ნიადაგის დამუშავების ძირითადი ხერხია მზრალად ხვნა, რომელიც ტარდება 18-20 სმ-ის სიღრმეზე რიგთაშორისების შუა ნაწილიში და 12-15 სმ სიღრმეზე ხეთა რიგების მახლობლად.

ნიადაგს პირველად აფხვიერებენ ადრე გაზაფხულზე-კულტივირებით ან ბარით 10 სმ სიღრმეზე. მისი სხვაგვარი დამუშავება სავეგეტაციო პერიოდის დამთავრებამდე 6-8 სმ სიღრმეზე. ნიადაგის საზაფხულო დამუშავების სიმრავლე მორწყვის სიშირეზეა დამოკიდებული. სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ჩვეულებრივ მიმართავენ 4-5 მსუბუქ დამუშავებას.

გარგარის ბაღებში რიგთაშორისებში კულტურების მოყვანა შეიძლება მხოლოდ 6-7 წლის ასაკამდე. რიგთაშორისებში კულტურების მოყვანისას ხეთა რიგების გაყოლებით ყოველთვის ვთესავთ დაუთესავ ზოლს. ამ ზოლის სიგანე ხეთა ვარჯისა და ფესვთა სისტემების განვითარების კვალობაზე იზრდება.

ყველაზე შესაფერისი კულტურებია პარკოსნები, ძირხვენები, გოგრა, მარწყვი და ზოგიერთი ბოსტნეული (ისპანახი, სალათა, თავიანი ხახვი და სხვა).

6. გარგარის მორწყვა

უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, სავეგეტაციო პერიოდში რეკომენდირებულია გარგრის ხეების რამდენჯერმე მორწყვა.

პირველი მორწყვა ყვავილობის წინ უნდა ჩავატაროთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ პერიოდში საკმარისი ნალექი არ მოვიდა. ძალზედ სასარგებლოა ყვავილობიდან 2 კვირის შემდეგ მორწყვა-იგი ხელს უწყობს ყლორტების ძლიერ ზრდას. ნაყოფის დაკრეფამდე 2-3 კვირით ადრე კიდევ ერთი მორწყვა, კარგად მოქმედებს ნაყოფის სიდიდესა და ხარისხზე.

მოსავლის აღების შემდეგ ნარგავები კიდევ 1-2 ჯერ მოირწყვება. ტენდამაგროვებელი რწყვა ტარდება ფოთლის ჩამოცვენის შემდეგ, თუ შემოდგომა თბილი და მშრალია.

7. გარგარის ხის ფორმირება

პირველ ხანებში გარგარი იზრდება სწრაფად, იგი კარგად რეაგირებს სხვლაზე, რაც ხელს უწყობს ვარჯის სრაფ ფორმირებას.

გარგარის ხის ფორმირებისთვის საუკეთესოა გამჯობესებული იარუსული სისტემა, უნდა დავტოვოთ დაახლოებით 50-60 სმ-ის სიმაღლის შტამბი. თუ ნერგებს აქვთ ძლიერი მზარდი ტოტები ისინი უნდა დავამოკლოთ 1-2 კვირტზე.

მომავალი წლის გაზაფხულზე ამოვარჩევთ 4 ყლორტს, 3-ს ქვედა იარუსის ჩონჩხის ტოტების ფორმირებისთვის და 1-ს ვარჯის ღერძად. დანარჩენ ყლორტებს მოვაცილებთ. მეორე იარუსს ჩონჩხის ორი ტოტისგან ვაყალიბებთ. პირველ და მეორე იარუსს შორის მანძილი უნდა იყოს 30-60 სმ, ჩონჩხის პირველი განშტოება გამოგვყავს ძირიდან 60 სმ-ზე.

მეორე იარუსის ფორმირების დამთავრების შემდეგ, ვარჟის ღერძს გადავჭრით სუსტ ტოტზე, ჩონჩხის ტოტებს ვამოკლებთ დაახლოებით სიგრძის 1/3-ით, ასევე ვსხლავთ შემმოსავ ტოტებს სიგრძის 1/3-ით.

გარგარის ხეს სწორი და სწრაფი ფორმირებისთვის რეგულარულად უნდა წავაჭრათ, ღერძისა და ჩონჩხის ტოტების კონკურენტი ტოტები.

8. მსხმოიარე გარგარის გასხვლა

მსხმოიარობაში შესვლისას გარგარის ხის ზრდა ზომიერია 40-45 სმ.

სრული მსხმოიარობის პერიოდში ძლიერდება გამოხშირვის საჭიროება, ვაჭრით ძლიერ ტოტებს რომლებიც ხშირ ვარჯს ქმნიან, თუ ვარჯში არის თავისუფალი ადგილები ის უნდა შევავსოთ, ამისთვის გადავხრით ძლიერ საზრდელ ტოტებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მსხვილ სანაყოფე ტოტებად გარდაიქმნებიან. 30-35 სმ-ზე მეტი სიგრძის შერეული ტოტები უნდა დავამოკლოთ დაახლოებით 1/3-ით.

სუსტი ყლორტები მსხმოიარე ტოტებად რომ გადავაქციოთ, საჭიროა 4-5 ფოთლის დატოვება. უფრო მოზრდილ ხეებში, სხვლის მთავარი სახეობა გამოხშირვაა.

ვარჯის გამეჩხრების შემდეგ, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა-უფრო ეფექტურია შესხურებით, გარდა ამისა საყვავილე კვირტები წარმოიშობა არა მარტო კიდეებზე, არამედ ვარჯის შიგნითაც, რითაც ნაყოფიერების ხარისხი უმჯობესდება.

აგროკავკასია

9. საქართველოში გავრცელებული რამოდენიმე ჯიში

9.1 ჯიშის სახელწოდება: Prunus  armeniaca ‘Alioni’ —ალიონი

წარმოშობა:მიღებულია სკრის საცდელსადგურზე შალახისა და ალიპრიალას შეჯვარებით.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის.

ხის ფორმა:განიერი, გადაშლილი ფორმის ვარჯი.

ყვავილობის პერიოდი:საგვიანო.

ნაყოფის ფერი:კანი მკვრივია, თეთრი. მზის მხარეს ნაზი ვარდისფერი შეფერვით.

ნაყოფის ფორმა: განიერი, მომრგვალო, გულისებრი, მთელ სიგრძეზე გასდევს ღარი. ნაყოფის წვერი ნისკარტისებური.

ნაყოფის ზომა:საშუალო, მსხვილი  სიდიდის. მასა80-85 გრამი.

რბილობი:თეთრი, გამჭვირვალე,  ძალიან მკვრივი. კურკა – პატარა. ძნელად სცილდება რბილობს.

სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება ივნისის IIIდეკადიდან (ქართლის პირობებში).

დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო

საგემოვნო თვისებები: ტკბილი,ნაკლები მჟავიანობით.

დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით.

დამატებითი  ინფორმაცია:  მაღალმოსავლიანი ჯიშია. ხასიათდება  ტრანსპორტაბელურობით.

წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),

9.2 ჯიშის სახელწოდება: Prunus  armeniaca ‘Alipriala’ – ალიპრიალა

წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია. გამოავლინა შ. ნასყიდაშვილმა XX საუკუნის 40-იან წლებში.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.

ხის ფორმა:ფართო ვარჯი.

ყვავილობის პერიოდი:საშუალო.

ნაყოფის ფერი: კანი მკვრივი, სქელი, სუსტად შებუსული, კანის ძირითადი ფერიამოვარდისფრო-ყვითელი, ცალი მხარე წითელ–ალისფრად შეფერილია.

ნაყოფის ფორმა: მოგრძო, შებრტყელებულგვერდებიანი.

ნაყოფის ზომა: მსხვილი. ნაყოფის საშუალო მასა 65–80გრამი.

რბილობი:ნარინჯისფერი, წვნიანი, რბილი, გადამწიფებისას ფხვიერდება. კურკა ადვილად  სცილდება რბილობს, დიდია და  ბრტყელი, გული მწარე აქვს.

სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფებაივლისის პირველ დეკადაში (ქართლის პირობებში).

დაავადებების მიმართ გამძლეობა: ნაკლებად ზიანდება დაავადებებით.

საგემოვნო თვისებები: ტკბილია, მჟავიანობა გამოხატულია.

დღევანდელი მდგომარეობა:  გავრცელებულია ქართლის სამრეწველო მეხილეობის რაიონებში.

დამატებითი  ინფორმაცია:  ჯიშმასახელწოდება მიიღო ნაყოფის ცალი მხარის წითელ-ალისფრად შეფერილობის გამო. მსხმოიარობაში შედის მე-4–5 წლიდან. ახასიათებს რეგულარული მოსავლიანობა. კარგი სასუფრე და  საკომპოტე ჯიშია.

წყარო:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),

9.3 ჯიშის სახელწოდება:Prunus  armeniaca ‘Goruli’ —გორული

წარმოშობა: მიღებულია ჯიშების აღჯანაბადის და შალახის ჰიბრიდიზაციით შ. ნასყიდაშვილის  მიერ სკრის საცდელ სადგურში.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.

ხის ფორმა: განიერი, გადაშლილი ფორმის ვარჯი.

ყვავილობის პერიოდი: საგვიანო. აპრილის III დეკადა.

ნაყოფის ფერი:მუქი ყვითელი, ოდნავ შებუსული.

ნაყოფის ფორმა: კვერცხისებრ-ელიფსოიდური.

ნაყოფის ზომა: საშუალო სიდიდის. მასა 60გრამი.

რბილობი:ყვითელი, საშუალოდ მკვრივი. კურკა კარგად სცილდება რბილობს.

სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება ივლისის III დეკადიდან (ქართლის პირობებში).

დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო.

საგემოვნო თვისებები: მაღალი.

დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება  ერთეული ხეების სახით  შიდა ქართლში, მესხეთშიც კერძოდ, გორსა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში.

დამატებითი  ინფორმაცია: ახასიათებს ყოველწლიური, რეგულარული მსხმოიარობა. მაღალი ტრანსპორტაბელურობა და შენახვის უნარი.

წყარო:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978)

ჯიშები წყარო: საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

იხილეთ სხვა სტატიები რუბრიკაშიმებაღეობა 

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB