მუშმულა — დარგვა, მოყვანა, გამრავლება, ჯიშები

1409 Views Comment Off

მუშმულა — იაპონური ზღმარტლი ანუ ლოქვა (ლათ. Eriobothrja japolica)  – მარადმწვანე სუბტროპიკული ხეხილოვანი მცენარეა, რომლის სამშობლოა ჩინეთის სუბტროპიკული რაიონები, საიდანაც იგი გავრცელდა იაპონიაში, მე-19 საუკუნეში კი ევროპის ქვეყნებში.

ზოგადი ინფორმაცია

იაპონური ზღმარტლი მიეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს — ვაშლის ქვეოჯახს, რომლის სიმაღლე 6,0-9,0 მ აღწევს; მისი ნაყოფი ქიმიური შედგენილობით ვაშლს უახლოვდება. ეს სახეობა მეტნაკლებად ემსგავსება კომშს, მსხალს და კუნელს.

იაპონური ზღმარტლის დამახასიათებელ ბიოლოგიურ თავისებურებაა გვიან შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ყვავილობა (ნოემბერი-დეკემბერი-იანვარი), რის გამოც ხშირად მისი ყვავილები ზიანდება -50C -60C ტემპერატურის დროს, თვით მცენარე კი საკმაოდ ყინვაგამძლეა, იტანს _140C-160C ყინვას.

ნაყოფი მწიფდება ყველაზე ადრე გაზაფხულზე, მაის-ივნისში, როდესაც ხილი თითქმის არ არის შემოსული, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ კულტურისადმი ინტერესს. ნაყოფები მსხლისებრი ფორმისაა, ზომით 10 სმ დიამეტრით. მისი კანის ფერი ნარინჯისფერ-ყავისფერია, რბილობი წვნიანია, მომჟავო-მოტკბო გემოთი.

იაპონური მუშმულას თითეულ ნაყოფში 1-5 – მდე მსხვილი მუქი-ყავისფერი თესლია. გვხვდება ერთთესლიანი ნაყოფებიც. თესლი საკმაოდ დიდია, სიგრძით 20 მმ, ნაყოფი იწონის 50-70 გრამამდე.

მუშმულას ფოთლები დიდი ზომისაა, მუქი მწვანე ფერის, სქელი, ტყავისებრი, პრიალა ზედაპირით, ოვალური ფორმის. ფოთლის ქვედა მხარე შებუსული, მჯდომარე ან მოკლე ყუნწით, რომლის სიგრძე აღწევს 25 სმ-ს, სიგანე 7-8 სმ.

მუშმულას ყვავილების ზომა 1-2 სმ-ია, ყვავილები თეთრი, სურნელოვანი-მწარე ნუშის სუნის მქონე, შეკრებილი ფართო საგველა ყვავილედებად. ყვავილების სიგრძე 10-20 სმ, ისინი მოთავსებულია ყლორტების ბოლოებზე არსებულ ძლიერ შებუსვილ განშტოებებზე. კვირტის ბოლოებზე შეკრებილი სწორმდგომი საგველა ყვავილედებად. ყვავილები შედგება 5 გვირგვინი ფურცლისაგან, რომელიც თეთრი ან მოყვითალო ფერისაა.

ძირითადი აგროტექნიკა

ნიადაგის მიმართ მუშმულა არ არის დიდი მომთხოვნი, მაგრამ უკეთესად ვითარდება სტრუქტურულ, საკმაოდ ტენიან ნიადაგებზე. მუშმულას დასარგავად უნდა შეირჩეს თბილი და ქარისაგან დაცული ნაკვეთი.

დარგვის სქემა

რგავენ გაზაფხულზე _ მარტსა და აპრილის დასაწყისში. დარგვა წარმოებს 1,0 მ სიგანის და 40 სმ სიღრმის ორმოებში 6X6 მ კვების არით, ხოლო შემჭიდროებული ნარგავის სახით 6X3 და 7X3,5 მ დაცილებით, რაც შეადგენს 400-600 მცენარეს ჰექტარზე.

ვარჯის ფორმირება

ვარჯის ფორმირებისას შტამბს აძლევენ 50-80 სმ სიმაღლეს და ტოვებენ 5 ძირითად ტოტს. 2-3 წლის შემდეგ, როდესაც ვარჯი ფორმირდება, აწარმოებენ მსუბუქ გამოხშირვას, გარდა ამისა, აშორებენ დაზიანებულ ან ხმელ ტოტებს.

ნიადაგის დამუშავება

ნიადაგის დამუშავება და შემდგომი მოვლა სხვა ხეხილოვანი მცენარეების ანალოგიურია. კარგ შედეგებს იძლევა ნარგაობის განოყიერება გადამწვარი ნაკელით (15-20 კგ თითოეულ ძირზე).

წყლის მოთხოვნილება

მცენარის მიერ წყლის მოთხოვნილება განისაზღვრება ტრანსპირაციული კოეფიციენტით. კარგად განვითარებული ხეებისათვის ის უნდა უდრიდეს 400-ს, რაც ნიშნავს, რომ 1,0 გ მშრალი ნივთიერების შესაქმნელად მცენარემ უნდა დახარჯოს 400 გ წყალი.

ნიადაგში ტენის ნაკლებობისას მცენარე კარგავს ტურგორს და ჭკნება. მუშმულა ტენისმოყვარული მცენარეა, ამიტომ ტენიან სუბტროპიკულ ზონაში ნორმალური ზრდა-განვითარება მორწყვის გარეშე შეუძლია, ხოლო მშრალი სუბტროპიკული ზონის პირობებში აუცილებელია მელიორაციული ღონისძიებების ჩატარება.

ნაყოფის აღება

ნაყოფების აღება წარმოებს მთლიანი მტევნების კრეფით, ნაყოფების არათანაბარი მომწიფებისას აწარმოებენ მწიფე ნაყოფების შერჩევით კრეფას.

მუშმულას ინახავენ ბნელ, ცივ ადგილას, ისე, რომ ნაყოფები ერთმანეთს არ ეხებოდეს.

მოკრეფილი ნაყოფები ხარისხდება და იგზავნება სარეალიზაციოდ. ნაყოფი გამოიყენება უმად, მისგან ამზადებენ მურაბებს, ალკოჰოლიან სასმლებს, კომპოტებს და ა. შ.

მუშმულას გამრავლების თავისებურებები

მუშმულა მრავლდება როგორც თესლით, ასევე ვეგეტატიურად. თესლით გამრავლებისას მცენარე არაერთფეროვანია და მნიშვნელოვნად განსხვავდება დედა მცენარისაგან. ამიტომ თესლით გამრავლებისას არჩევენ ისეთ მცენარეებს, რომლებიც ხასიათდებიან საუკეთესო საგემოვნო თვისებებით.

თესვა წარმოებს ივნისის თვეში კვლებში, რომელთა შორის დაშორება უნდა იყოს 25 X8 სმ. თესლის აღმოცენებას 10-15 დღე სჭირდება. აღმოცენებული თესლი შემოდგომისათვის აღწევს სტანდარტულ ზომას — 40-50 სმ სიმაღლეს.

ნერგის დარგვა ხორციელდება გაზაფხულზე მარტი-აპრილში ან შემოდგომობით ოქტომბერში. დასარგავად უნდა შეირჩეს ქარისაგან დაცული და თბილი ადგილები.

დარგვა წარმოებს 1,0 მ სიგანისა და 40 სმ სიღრმის ორმოებში. მუდმივ ადგილზე დარგვისათვის კვების არედ მიღებულია 6X4 მ ან 5X4 მ ფართობი, რაც ჰა-ზე შეადგენს 400-500 მცენარეს.

მუშმულას ვეგეტაციური გამრავლებისას იყენებენ კვირტით ან კალმით მყნობას. უკეთეს შედეგს კალმით მყნობა იძლევა. კვირტით მყნობა ჩვეულებრივი წესით ტარდება – აგვისტოში.

საძირედ იყენებენ იმავე იაპონურ ზღმარტლს, ჩვეულებრივ ტყის ზღმარტლსა და კომშს. საძირის დიამეტრი უნდა იყოს 1,0-1,5 სმ-ის, კვირტი სამყნობად აიღება წინა წლის ტოტებიდან გაზაფხულზე, მისი ზომა უნდა იყოს არანაკლებ 3,0 სმ.

ნამყენის გამოშრობისაგან დასაცავად დამყნობილ მცენარეს ზედა კვირტამდე შემოეყრება ფხვიერი ნიადაგი, რომელსაც აცლიან ნამყენის ზრდის დაწყებისთანავე. გახარებული ნამყენი გაზაფხულზე ცერზე გადაიჭრება.

იაპონური მუშმულა მსხმოიარობაში შედის 2-3 წლის ასაკიდან, ხეების სიცოცხლის ხანგრძლივობა 60-70 წელია, მაქსიმალური რაოდენობის მოსავალს იძლევა 15 – დან 35 წლის ასაკამდე, შემდეგ მოსავლიანობა თანდათან მცირდება.

ზრდასრული მცენარეების საშუალო მოსავლიანობა 60-80 კგ-ია, ხოლო მაქსიმალური კი — 150 კგ. როგორც სხვა ხეხილოვანი კულტურების ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის, მაღალი მოსავლის მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარება, განსაკუთრებით ნარგაობის უზრუნველყოფას საჭირო საკვები ელემენტებით, ამიტომ მნიშვნელოვანია იაპონური მუშმულას განოყიერების სისტემა, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს მინერალურ და ორგანულ სასუქებს, რომელთა ნორმები ცვალებადობს მცენარეთა ასაკისა და ნიადაგის ნაყოფიერების დონის მიხედვით. განოყიერების საქმეში მნიშვნელოვანია აგრეთვე მწვანე სასუქების გამოყენება.

შემცველობა და სასარგებლო თვისებები

100 გრამი ნედლი ნაყოფი შეიცავს: 2,1გ ცილას, 0,8 გ ცხიმს, 14 გ ნახშირწყლებს, 80,5გ წყალს, 0,6გ ნაცარს, კალორიულობა 52,5 კკალ.

იგი შეიცავს აგრეთვე მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, იოდი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, სელენი თუთია და სხვა. ასევე შაქრებს — -ფრუქტოზა, საქაროზა. ორგანულ მჟავეებს-ლიმონმჟავას და ვაშლის მჟავას. ფიტონციდებს და მთრიმლავ ნივთიერებებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე; აწესრიგებს ნაწლავების ნორმალურ მუშაობას, ამსუბუქებს თირკმლებში და შარდგამომყოფ ორგანოებში კენჭოვანი დაავადებებისას გამოწვეულ ტკივილებს.

მუშმულას დაუმწიფებელი ნაყოფები აჩერებენ ნაწლავებიდან სისხლდენას და ხსნიან ანთებით პროცესებს. მწიფე ნაყოფების რბილობიდან ამზადებენ სპირტიან ნაყენს, რომლითაც მკურნალობენ ბრონქიალურ ასთმას და სხვა სასუნთქი გზების დაავადებებს.

არაა რეკომენდებული მუშმულას დაუმწიფებელი ნაყოფების მიღება ადამიანებისათვის, რომელთაც გააჩნიათ კუჭ-ნაწლავების პრობლემები, რადგანაც განაპირობებს კუჭის წვენის მჟავიანობის გაზრდას, წყლულების გაჩენას, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებითი პროცესების განვითარებას. ასევე სიფრთხილეა საჭირო მუშმულას ნაყოფების გამოყენებისას ბავშვების და ალერგიისადმი მიდრეკილ ადამიანთა მიმართ.

მუშმულას ჯიშები

იაპონელი მეცნიერის იკედას მიერ აღწერილია მუშმულას 45 ჯიში, რომელთაგანაც სამრეწველო მნიშვნელობა აქვს რვას. საუკეთესო ჯიშებია: ედვანსი, შამპანი, ადრეული წითელი, პრემიერი, ტანაკა, ფელასი და კომუნე.

ადვანსი

ნაყოფი მობრტყელო – მსხლისებრი ფორმისაა, საშუალო ან დიდი ზომის, წონით 30-60 გრამი. ნაყოფის წვერი ბრტყელია, შუა ნაწილში ოდნავ ჩაღრმავებული, კანი სქელია, უხეში, მუქი – ყვითელი ფერის, რბილობი თეთრი, უხვწვნიანი, ტკბილი ან მომჟავო-ტკბილი და სასიამოვნო გემოს მქონე. ნაყოფში 4-5 თესლია, მწიფდება ივნისში.

შამპანი

ნაყოფი ფორმით ოვალურიდან მომრგვალო მსხლისებრია, რომელიც ადვანსის ნაყოფზე უფრო პატარაა (30-40 გ), ფერით მუქი ყვითელი, ნათელი ფერის წერტილების დიდი რაოდენობით. კანი უხეშია, სქელი, რბილობი ნაზი, მოთეთრო, ოდნავ შეფერილი, მომჟავო, წვნიანი. ნაყოფში 3-4 თესლია, სათესლე კამერა პატარაა. მწიფდება მაისში.

ადრეული წითელი

ყველაზე ადრეული ნაყოფის მომცემი ჯიშია. მისი ნაყოფები ოვალური ან ოდნავ მსხლისებრი ფორმისაა, წონით 25-50 გ-მდე. ნაყოფის წვერი მომრგვალოა, პატარა ჩაღრმავებით ჯამთან. ნაყოფის ფუძე ფართო კონუსისებურია. ნაყოფი მუქი ნარინჯისფერია, წითელი ფერის ლაქებით და მოწითალო ელფერით კიდეებზე. კანი სქელია, რბილობი წვნიანი, მომჟავო სასიამოვნო გემოს, ფერით ღია ნარინჯისფერი. ნაყოფში 2-3 თესლია. სხვა ჯიშეთან შედარებით მისი ყვავილები უფრო ზიანდება ყინვებისაგან.

პრემიერი

მისი ნაყოფები მოყვითალო – ნარინჯისფერი, ოვალური ან ოდნავ კვერცხისებრი ფორმისაა, რომელთა მასა 30-50 გ-ის ფარგლებში მერყეობს. ნაყოფის კანი სქელია, მკვრივი. რბილობი ღია ყვითელი ფერის, წვნიანი, ოდნავ მომჟავო-ტკბილი გემოს. ნაყოფში 4-5 თესლია, რომელიც პატარა კამერაშია მოთავსებული. პრემიერი უხვმოსავლიანია. მისი ნაყოფები ადრე მწიფდება, ამასთან ძალიან ნაზია და ცუდად იტანს ტრანსპორტირებას.

ტანაკა

ტანაკას ნაყოფები ძალიან დიდია, ზომით 60-90გ. ფორმით კვერცხისებრ-მსხლისებრი. ნაყოფის წვერი ოდნავ ჩაზნექილია, ჯამი ნახევრად ღია, ნაყოფის ფუძე ფართო კონუსისებრი. ფერით მუქი ნარინჯისფერი, მოწითალო ლაქებით. კანი სქელი, მკვრივი, რბილობი ნაზი, წვნიანი, ვარდისფერი.

ფელასი

ფელასის ნაყოფებიც მსხვილია, მასით 45 გ-ის ოდენობით, ფორმით მსხლისებური, ფერით ყვითელი – ნარინჯისფერი. კანი ოდნავ შებუსული, სქელი, მკვრივი, რბილობი სასიამოვნო მომჟავო-მოტკბო გემოსი.

კომუნე

საშუალო ზომის 30-40 გ ზომის ნაყოფებიანი ჯიშია, ნაყოფების ფორმა სფერულია, შეფერილობა მუქი ყვითელი, რბილობი თეთრი, მოყვითალო, ელფერით, წვნიანი და ტკბილია, რაც ანიჭებს სასიამოვნო გემოს.

ავტორები:

რეზო ჯაბნიძე-საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ს.მ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ნუნუ ნაკაშიძე-სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი, პროფესორი;

გიორგი ჯაბნიძე-სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

აგროკავკასია გისურვებთ წარმატებებს!

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
324 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5325 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB