მაყვალი – დარგვა, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

მაყვალი, მაყვლის, ბაღი, აგროტექნოლოგია

მაყვალი (Rubus-ის სახეობა) მაღალი ღირებულების მქონე კენკროვანი კულტურაა, რომლის მოყვანა საქართველოს მრავალფეროვან აგრო-კლიმატურ პირობებში თავისუფლად შესაძლებელია.

მაყვლის წარმოების მდგრადი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია მოყვანისა და მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მუდმივი გაუმჯობესება.

მოთხოვნა ეკოლოგიურ-ნიადაგობრივი პირობებისადმი

მაყვლის კულტურული ჯიშები (ძირითადად უეკლო) დიდ მოთხოვნებს არ უყენებს გარემო პირობებს, თუმცა საკმაოდ მგრძნობიარეა ზამთრის ყინვებისადმი. ტემპერატურის დაცემა – 14 -160C გრადუსი ტემპერატურა მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ერთწლიან ნაზარდებს, ხოლო – 20-230C-მდე ტემპერატურა მთლიანად აზიანებს მცენარეს.

აქედან გამომდინარე, მაყვლის კულტურის გაშენების გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია შესაბამისი რეგიონის კლიმატური პირობების გამოკვლევა.

მაყვლის მაღალი მოსავალი ნაყოფიერ, ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებზე მიიღება. ნიადაგის ოპტიმალური რეაქცია 6,0 – 7,0 pH-ის შორის მერყეობს. მძიმე თიხნარ და მაღალკარნობატულ ნიადაგებზე მაყვლის მოსავლიანობა კლებულობს.

მაყვლის ტიპები

მაყვლის სამრეწველო ჯიშებს შორის განასხვავებენ როგორც ეკლიან, ასევე უეკლო ფორმებს. უკანასკნელ პერიოდში დიდი პოპულარობა მაყვლის უეკლო ჯიშებმა მოიპოვა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ეკლიანი მსხვილნაყოფა ჯიში (კაიოვა, დაროუ) საუკეთესო ხარისხისა და საგემოვნო თვისებების ნაყოფს იძლევა.

ღეროს ზრდის თავისებურებების მიხედვით განასხვავებენ მაყვლის სამ ფორმას: სწორმდგომი, ნახევრად სწორმდგომი და მხვიარა.

მსხმოიარობის მახასიათებლების საფუძველზე მაყვლის ჯიშები ჯგუფდება ორ ნაწილად: მეორე წლის ტოტებზე მსხმოიარე (floricane) და პირველი წლის ტოტებზე მსხმოიარე (Primocane).

მეორე წლის ტოტებზე მსხმოიარე ტიპის მაყვლის ტოტები იზრდება პირველი წლის განმავლობაში, ხოლო მოსავალს მეორე წელს იძლევა.

პირველი წლის ტოტებზე მსხმოიარე ტიპის მაყვალი ნაყოფს იმავე წლის ტოტების ზედა ნაწილში აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით ისხამს. ამ ტიპის მაყვალს ნაყოფის მოცემა მეორე წლის ყლორტების ქვედა ნაწილში ივნისისა და ივლისის პერიოდშიც შეუძლია.

დარგვის სქემები 

მაყვლის დარგვის სქემა და რიგებს შორის რეკომენდებული მანძილი განსხვავებულია მაყვლის ტიპისა და ფორმირების მეთოდების მიხედვით.

გაშენების ოპტიმალური სქემაა:

  • სწორმდგომი ჯიშებისთვის: 2,5 – 3,3 მ. X 0,6-1,0 მ.
  • ნახევრად სწორმდგომი ჯიშებისთვის: 2,5 – 3,3 მ. X 1,2–1,5 მ.
  • მხვიარა ჯიშებისთვის: 2,5 – 3 მ. X 1,2 -1,5 მ.

მაყვლის რიგის სიგანე უნდა შენარჩუნდეს 60-90 სმ-ის ფარგლებში, ხოლო ვეგეტატიური ამონაყარი, რომელიც ვითარდება მცენარეების რიგის სიგანის 90 სმ-ზე, უნდა მოიჭრას. გარდა ამისა, უნდა მოცილდეს დაზიანებული, გამხმარი ან სუსტი ღეროები.

გაშენებისათვის ნაკვეთი კარგად უნდა მომზადდეს, ნიადაგი უნდა იყოს კარგად დამუშავებული – მოხნული და დაფარცხული. აუცილებელია ნაკვეთის სარეველებისაგან წინასწარი გასუფთავება, რადგან გაშენების შემდეგ სარეველების სიჭარბე დიდ სირთულეებს ქმნის და ამცირებს მოსავლიანობას.

მაყვლის გაშენების ოპტიმალური პერიოდია გვიანი შემოდგომა (სავეგეტაციო პერიოდის დამთავრებიდან ყინვების დაწყებამდე) ან გვიანი ზამთარსა და ადრე გაზაფხულის პერიოდი (თებერვალი – აპრილის დასაწყისი).

დარგვა და ჯიშები

დარგვისას ნერგის ფესვთა სისტემა კარგად უნდა გაიშალოს ნიადაგში. ნერგი ირგვება 2-3 სმ-ით უფრო ღრმად, ვიდრე სანერგეში იზრდებოდა. დარგვისას ფესვების გარშემო ნიადაგი კარგად უნდა დაიტკეპნოს, შემდეგ კი, საფუძვლიანად მოირწყას.

დარგვის შემდეგ მცენარე გადაიჭრება 10 -15 სმ-ის სიმაღლეზე. დახურულ ფესვთა სისტემიანი ნერგები არ მოკლდება.

საქართველოში მსხვილნაყოფა მაყვლის ჯიშების შემოტანა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო.

სამრეწველო გამოცდის მიზნით პერსპექტიულია მაყვლის შემდეგი ჯიშები:

  • სწორმდგომი ჯიშები – არაპაჰო, ნავაჰო, აპაჩი, კაიოვა (ეკლიანი);
  • ნახევრად სწორმდგომი ჯიშები – ჩესტერი, ტრიპლ ქრაუნი, ბლეკ სატინი, ლოხ ნესი, ტორნ ფრი;
  • მხვიარა ჯიშები – მარიონი, ბლეკ დაიმონდი.

მაყვლის აღნიშნული ჯიშების უმეტესობა თვითდამტვერავია. ქვემოთ მოცემულია 2 ჯიშის მოკლე აღწერა:

ჩესტერი – ამერიკული (ილინოისის სასელექციო პროგრამა) ჯიშია, გამოყვანილია 1985 წელს. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაყვლის ჯიშია ჩრდილო ამერიკაში. საქართველოში 2005 წელს შემოიტანეს.

მცენარე საშუალო ან ძლიერი ზრდის, საშუალო-საგვიანო სიმწიფის ჯიშია (გურჯაანის პირობებში მწიფდება ივნისის დასასრულისთვის). ხასიათდება მსხვილი ნაყოფებით და კარგი საგემოვნო თვისებებით. სრულ სიმწიფემდე ცუდად იკრიფება, გამძლეა ზაფხულის სიცხეების მიმართ.

ტრიპლ ქრაუნი (სამმაგი გვირგვინი) – ამერიკული (ბელტსვილის სასელექციო პროგრამა) ჯიშია. საქართველოში 2005 წელს შემოიტანეს. მცენარე ძლიერი ზრდის, საშუალო-საგვიანო სიმწიფის ჯიშია. ხასიათდება მსხვილი ტკბილი ნაყოფებით, ადვილად იკრიფება, გამძლეა ზაფხულის სიცხეების მიმართ.

მცენარეთა გასხვლა, ფორმირება და განოყიერება

მაყვლის ფესვთა სისტემა მრავალი წლის განმავლობაში ცოცხლობს. თუმცა, მისი პროდუქტიული ნაწილები მხოლოდ 2 წლის განმავლობაში ცოცხლობენ. შესაბამისად, საჭიროა მათი ყოველწლიურად შეცვლა ახალი ამონაყარით.

მცენარის შიგნით ღეროების ოპტიმალური სიმჭიდროვის შენარჩუნებისთვის, აუცილებელია ამონაყრების მუდმივად გასხვლა და გამეჩხერება.

სწორმდგომი და ნახევრად სწორმდგომი მაყვლისთვის პირველ წელს შეირჩევა 6-7 ყველაზე ძლიერი ტოტი. იმავე წლის ახალი ტოტები უნდა გაისხლას მაშინ, როდესაც მათი სიმაღლე მიაღწევს დაახლოებით 1,4 – 1,6 მეტრს.

გასხვლისას საჭიროა მოხდეს წვერების გასხვლა-გადაჭრა ყლორტის მერქნიან მონაკვეთამდე, წვეროდან დაახლოებით 10 სმ-ით დაბლა.

ყლორტების წვერების გასხვლა ხელს უწყობს მეორადი გვერდითა ყლორტის ფორმირებას, რომელიც მომდევნო ზაფხულში ნაყოფს მოგვცემს. ყველა ორწლიანი, მოსავლის მომცემი ტოტი უნდა ამოიჭრას მოსავლის აღებიდან მალევე.

მცენარის განოყიერება ძალიან მნიშვნელოვანია მისი განვითარების, მოსავლიანობის და ნაყოფის ხარისხის ზრდისთვის.

მაყვლის დარგვამდე საჭიროა ნიადაგის ანალიზის ჩატარება, რათა დადგინდეს ყველა მაკრო და მიკრო საკვები ნივთიერების შემცველობა და ნიადაგის pH.

განოყიერების სისტემის შემუშავება ხდება ნიადაგის ანალიზის მიხედვით. მაყვალი საკმაოდ მომთხოვნია აზოტითა და კალიუმით განოყიერების მიმართ.

მორწყვა და მცენარეთა დაცვა

მაყვლის პლანტაციაში აუცილებელია დაცული იყოს დროული და სათანადო მორწყვის რეჟიმი. მაყვალს ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს და მისთვის მეტად სასარგებლოა ხშირი ზედაპირული მორწყვა. შესაბამისად, რეკომენდებულია წვეთოვანი მორწყვის შესაბამისი სისტემების გამოყენება.

მაყვალს აზიანებენ სხვადასხვა ტიპის მავნებლები, დაავადებები და ნემატოდები. პლანტაციაში სირთულეებს ქმნიან ტკიპები, თრიფსები, ბუგრები და მარწყვის ცხვირგრძელები. ასევე ნარგაობას აზიანებს დაავადებები-ანთრაქნოზი და ნაცარი.

აღნიშნული მავნებელ-დაავადებების კონტროლისთვის გამოიყენება ფართო სპექტრის მცენარეთა დაცვის საშუალებები.

სარეველების კონტროლი და საყრდენი სისტემის მოწყობა

სარეველები ხელს უშლის მაყვლის ნარგავებს სინათლის, წყლის და ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების მიღებაში. გარდა ამისა, სარეველები ხელს უწყობენ მწერების და დაავადებების გამრავლება-გავრცელებას, ამიტომ სარეველებთან ბრძოლა მეტად მნიშვნელოვანია.

რიგის სარეველებისგან დაცვის კარგი გზაა მცენარების გასწვრივ მულჩის ქსოვილის ან სხვა ორგანული ტიპის მულჩის გამოყენება. მაყვლის ნარგავებში უკვე ამოსული მარცვლოვანი სარეველები, შეიძლება ვაკონტროლოთ ქვემოთ შესაბამისი პრეპარატების გამოყენებით.

ყველა ტიპის მაყვლისთვის საჭიროა საყრდენი სისტემა. საყრდენი სისტემა ზრდის მოვლის ოპერაციების ეფექტურობა-ეფექტიანობას, ხელს უწყობს გასხვლის, მცენარეთა დაცვისა და მოსავლის აღების პროცესების განხორციელებას.

მაყვლის საყრდენის სისტემა უნდა მოეწყოს ნერგის დარგვისას, ან დარგვიდან მოკლე ხანში. საყრდენი სისტემა, როგორც წესი, შედგება 1,6 – 1,8 მეტრი სიმაღლის (მიწიდან) ხის ან ლითონის ბოძებისგან, რომლებიც განთავსებულია ყოველ 5-7 მეტრში.

მავთულების მოწყობა ხდება 2 ან 3 იარუსად. ქვედა საყრდენი მავთულები უნდა მიემაგროს რიგის ბოძებს ნიადაგიდან 70 – 75 სმ-ზე. სამ მავთულიანი საყრდენი სისტემის შემთხვევაში, მავთულებს შორის მანძილი 50 – 60- სმ-ია.

თითოეული რიგის ბოლოს საჭიროა უფრო მძლავრი ბოძების მოწყობა, რათა საყრდენი სისტემა მდგრადი იყოს.

კრეფა და მოსავლიანობა

ნაყოფის სიმწიფის ძირითადი მახასიათებელი მისი შეფერილობაა. მაყვლის კრეფა უნდა მოხდეს როდესაც ნაყოფები მთლიანად შავია. მაყვალი არ უნდა მოიკრიფოს, ვიდრე ცალკეული მარცვლები წითელი ან ალისფერია, ვინაიდან ისინი დაკრეფის შემდეგ არ გაშავდება. გარდა ამისა, ნაყოფში შაქრის შემცველობა არ იზრდება მოსავლის აღების შემდეგ შესაბამისად, მაყვალს არც არომატი და სიტკბო არ ექნება.

მაყვლის მოსავლიანობა დამოკიდებულია ნიადაგობრივ პირობებზე, მოვლის აგროტექნიკურ ღონისძიებებზე და ჯიშურ თავისებურებებზე. შესაბამისი მოვლის პირობებში, შესაძლებელია 1 ჰექტარზე საშუალოდ 7 – 9 ტონა მაყვლის მოსავლის აღება.

გაზეთი „ჩვენი სოფელი“

„აგროკავაკასია“ გირჩევთ: გამოიყენეთ მცენარეთა დაცვის ბილოგიური საშუალებები, თუ ეს შესაძლებელია!

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენი რეკლამა