კივი, კივის (აქტინიდიის) დარგვა-მოვლა, პლანტაციის გაშენება

8715 Views Comment Off

კივის სამშობლო ჩინეთია. საქართველოში კივის მოშენება საკმაოდ გვიან, მას შემდეგ დაიწყეს, რაც მსოფლიოს მოსახლეობას ეს ხილი კარგა ხნის დაგემოვნებული ჰქონდა. კივი ერთნაირად კარგად ხარობს როგორც შავი ზღვისპირეთში, ისე კახეთში, თუმცა, ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, ამიტომ იგი დიდი რაოდენობით შემოდის უცხოეთიდან.

კივის რბილობი საკმარისი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელიც ამაგრებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას, თავიდან გვაცილებს გაციებას; C და PP ვიტამინებს, B ჯგუფის ვიტამინებს, პროვიტამინ A-ს; აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

კივის თვისებებზე, მისი გაშენების და მოვლის გზებზე, საქართველოს აგრარიკოსთა კავშირის თავმჯდომარე, ანდრო ხეთერელი გვესაუბრება:

_ სუბტროპიკულ ხეხილოვან კულტურათა შორის, აქტინიდიას (კივი) ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს, რაც განპირობებულია მისი ნაყოფის სამკურნალო და დიეტური თვისებებით. აქტინიდიის აგრობიოლოგიური და აგროტექნიკური თავისებურებანი, კერძოდ მისი მაღალი (15 გრადუსამდე) ყინვაგამძლეობა, ჰაერის შედარებით მაღალი ტენიანობისკენ მიდრეკილება, ფესვთა სისტემის უფრო მეტად ზედაპირული (25-30 სმ სიღრმეზე) განვითარება, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ მდგრადობა და სხვა, საშუალებას იძლევა, ეს კულტურა მოყვანილი იქნას საქართველოს უმეტეს რაიონებში, უფრო მეტად კი, დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, სადაც ხელსაყრელი ნიადაგურ-კლიმატური პირობები არსებობს.

აქტინიდიის (კივი) პლანტაციის გასაშენებლად არჩევენ ფხვიერ, კარგად დრენირებულ, ჭარბი ტენის სწრაფი წრეტის უნარის მქონე, ორგანული ნივთიერებებით მდიდარ, სუსტი მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის (5,0-7,5) ნიადაგებს. დაუშვებელია პლანტაციის გაშენება ისეთ ნიადაგებზე, რომლებიც შეიცავენ 5 პროცენტზე მეტ აქტიურ კირქვას. იგი ვერ იტანს ნიადაგის ჭარბ ტენიანობას. გასაშენებლად შერჩეული უნდა იქნას ქარებისაგან დაცული ფართობი, _ აღნიშნავს ხეთერელი.

პლანტაციის გასაშენებლად შერჩეული ფართობი წინასწარ უნდა იქნას განთავისუფლებული სხვადასხვა ნარჩენებისაგან: _ ნიადაგის დამუშავების წინ, შეაქვთ ორგანული სასუქები 1 ჰექტარზე 50-70 ტონის ოდენობით, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები _ შესაბამისად 150-200 _ 80-120 კგ/ჰა მოქმედ ნივთიერებაზე გაანგარიშებით.

პლანტაჟი ტარდება 30-40 სმ სიღრმეზე, რასაც მოჰყვება ნიადაგის შემდგომი დამუშავება, გადახვნა და გაფხვიერება. ნიადაგის მოსამზადებლად საუკეთესო ვადად ითვლება ზაფხული. 1 ჰექტარზე თავსდება 500 მცენარე. დარგვის შემდეგ მცენარის ირგვლივ მიწა იტკეპნება, უხვად ირწყვება (10-15 ლიტრი წყალი 1 მცენარეზე) და დაიფარება მშრალი მიწით.

დარგვიდან რამდენიმე დღის შემდეგ მორწყვა უნდა განმეორდეს, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში, განსაკუთრებით გვალვებისას, მცენარის ასაკის მიუხედავად, საჭიროა სისტემატური მორწყვა, ოღონდ იმ ანგარიშით, რომ ნიადაგი ზედმეტად არ დატენიანდეს. მორწყვის დროს გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მცენარე ივითარებს ზედაპირულ ფესვთა სისტემას, ამიტომ, მორწყვა მცენარეების ასაკში შესვლასთან ერთად, უნდა წარმოებდეს მორწყვის ფართობის გადიდებით.

დარგვის საუკეთესო ვადად ითვლება შემოდგომაზე _ ოქტომბერ-ნოემბერი, გაზაფხულზე _ მარტი, წვენთა მოძრაობის დაწყებამდე. იმ რეგიონებში, სადაც შედარებით მკაცრი ზამთარი იცის, დარგვა უმჯობესია გაზაფხულზე.

იმის გამო, რომ კივი ორსახლიანი მცენარეა, დარგვის დროს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული მდედრობითი და მამრობითი მცენარეების თანაფარდობა, დამტვერიანების პროცესის მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით. ყველაზე უკეთეს შეფარდებად შეიძლება ჩაითვალოს 8 მდედრობით მცენარეზე 1 მამრობითი.

ვინაიდან კივი ხვიარა ტიპის მცენარეს წარმოადგენს, მიწაზე გართხმის თავიდან აცილების მიზნით, დარგვისთანავე თითოეულ მცენარესთან დასობილი უნდა იქნას 2 მეტრის სიმაღლის ჭიგო. ზრდის შესაბამისად მცენარეები უნდა აიკრას ჭიგოზე. ამასთან, არ უნდა იქნას დაშვებული მათი ჭიგოზე შემოხვევა.

მსხმოიარე პლანტაციის ჩამოყალიბებისთვის, აუცილებელია მცენარეთა ფორმირება ჩატარდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას მათი ნორმალური ზრდა-განვითარება და ნაყოფის მომცემი ერთწლიანი ტოტების ოპტიმალური რაოდენობით შენარჩუნება. დარგვის შემდეგ, პირველ გაზაფხულზე, მცენარე იჭრება ორ კვირტზე. მათგან წარმოიქმნება ორი ყლორტი. შემდგომში ტოვებენ იმ ყლორტს, რომელიც უკეთ ვითარდება, მეორე ყლორტს კი აცლიან. დატოვებულ ყლორტს, ზრდის მიხედვით, აკრავენ ჭიგოს, მისგან ფორმირებული უნდა იქნას ძირითადი ღერო. ძირითად ღეროს პირველ იარუსამდე ზრდის პერიოდში უნდა მოსცილდეს გვერდითი ყლორტები.

პირველ წელიწადს ძირითადი ღერო შეიძლება გაიზარდოს პირველ იარუსამდე. ამ იარუსიდან 15-20 სმ-ის სიმაღლეზე ის უნდა გადაიჭრას. წარმოქმნილი ტოტებიდან დატოვებული უნდა იქნას მხოლოდ სამი, საიდანაც ორი ყლორტი განკუთვნილია პირველი იარუსის ფორმირებისათვის, ერთი-ერთი მიმართულებით, ხოლო მეორე _ მეორე მიმართულებით. მესამე ყლორტი უნდა გაიზარდოს მეორე იარუსამდე. როდესაც პირველი იარუსის ფორმირებისათვის განკუთვნილი ორი ყლორტი დაახლოებით 1 მეტრის სიგრძეს მიაღწევს, მათ გააწვენენ მავთულზე და მიამაგრებენ.

შემდგომი მათი ზრდა უნდა მოხდეს მავთულის გასწვრივ _ თანდათანობით მავთულზე დამაგრებით. როდესაც ნაზარდი 2,5 მ სიგრძეზე გაიზრდება და ბოძს მიაღწევს, მისი ზრდა უნდა შეწყდეს კენწეროს წაჩქმეტით, რათა მეზობელი მცენარეების ტოტები ერთმანეთში არ გადაიხლართოს და განვითარებაში ხელი არ შეეშალოთ.

როდესაც მეორე იარუსისკენ მიმართული ყლორტი ასცდება მავთულს, ის უნდა გადაიჭრას მავთულიდან 5-10 სმ-ის სიმაღლეზე. წამოსული ყლორტებიდან დატოვებული უნდა იქნას მხოლოდ ორი, რომლებიც გამოყენებული იქნებიან მეორე იარუსის ფორმირებისათვის _ პირველის ანალოგიურად.

ყლორტს მეორე იარუსამდე ზრდის პერიოდში, უნდა ჩამოსცილდეს ყველა გვერდითი კვირტი. არ არის გამორიცხული, თავიდანვე ერთის ნაცვლად სამი ცენტრალური ტოტის ფორმირების შესაძლებლობა. ორი მათგანი გამოყენებული იქნება პირველი, ხოლო ერთი _ მეორე იარუსის ფორმირებისთვის. გარდა ამისა, როდესაც მეორე იარუსის ფორმირებისთვის განკუთვნილი ყლორტი, დაახლოებით, 1 მეტრის სიგრძის გახდება, არ არის აუცილებელი მისი გადაჭრა _ ის შეიძლება გაყოლებული იქნას მავთულის ერთ მხარეზე, ხოლო მეორე მხარეზე მივმართოთ უკეთესად განვითარებული ერთ-ერთი გვერდითი ყლორტი.

სავეგეტაციო პერიოდში, ტოტების ზრდის შესაბამისად, ტოვებენ მხოლოდ გვერდისკენ მიმართულ ყლორტებს, ხოლო ზევით და ქვევით მიმართულს კი აცლიან. გვერდითი ყლორტები ერთმანეთისგან დაცილებული უნდა იყოს 20-25 სმ-ით. ძირითად ტოტზე ყველა ახლად წარმოქმნილი კვირტები და ყლორტები მოცილებული უნდა იქნას.

პირველ ორ წელიწადს, ხოლო მეორე იარუსისთვის მესამე წელიწადსაც, მავთულზე გადაწვენილ ძირითად ტოტებზე წარმოქმნილი გვერდითი ყლორტების გასხვლა არ ხდება. მესამე-მეოთხე წელიწადს, ზამთრის პერიოდში ან ადრე გაზაფხულზე (თებერვალი-მარტის დასაწყისი), ხდება გვერდითი ყლორტების პირველი გასხვლა. ამისათვის ყლორტებზე ტოვებენ ორ კვირტს, დანარჩენ ნაწილს კი აცლიან.

დატოვებული კვირტებიდან წარმოიქმნება ორი ყლორტი, რომელთაგან ტოვებენ ერთს _ უკეთესად განვითარებულს. ეს სწორედ ის ერთწლიანი ყლორტია, რომელიც ნაყოფს ისხამს. როდესაც ერთწლიანი ტოტი ნაყოფს გამოიღებს, ზრდის შესაბამისად, ხდება მისი საზაფხულო გასხვლა. ამისათვის მას აცლიან უკანასკნელი ნაყოფიდან მე-7-8 ფოთლის შემდგომ ნაწილს.

შემდგომი წლის ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე, წინა წლის სანაყოფე ტოტი უნდა გაისხლას. ამისთვის ტოტზე დარჩენილი ყლორტებიდან ტოვებენ პირველს, დანარჩენი ნაწილი კი ისხლება. წარმოიქმნება ორი ყლორტი, რომელთაგან ტოვებენ უკეთ განვითარებულ ერთ ყლორტს. ამგვარი გასხვლა უნდა ჩატარდეს ყოველწლიურად.

წლების განმავლობაში ჩატარებული გასხვლის შედეგად, სანაყოფე ერთწლიანი ტოტები თანდათან სცილდებიან ჩონჩხის ტოტს, რაც უარყოფითად მოქმედებს მოსავლიანობაზე. ამიტომ, მსხმოიარობის დაწყებიდან 4-5 წლის შემდეგ, იწყება მცენარის მსხმოიარე ნაწილების განახლება-გაახალგაზრდავება.

ამისთვის, ყოველწლიურად, მავთულზე გადაწვენილ ჩონჩხის ტოტებს, თანმიმდევრობით, ძირში სცილდება მსხმოაირე ტოტების ერთი მესამედი ან ნახევარი. მოცილებული ტოტების ადგილებზე წარმოქმნილი ყლორტებიდან ტოვებენ მხოლოდ თითო-თითოს, რომლებიც პირველ წელს არ მსხმოიარობენ. შემდგომში მათი გასხვლა-ფორმირება ხდება ჩვეულებრივად.

ვინაიდან აქტინიდიის (კივი) მცენარე ზედაპირულ ფესვთა სისტემას ივითარებს, დარგვიდან პირველი ორი წლის შემდეგ, რიგთაშორისებში ნიადაგის ღრმად დამუშავება მიზანშეუწონელია. მსხმოიარე პლანტაციაში, სავეგეტაციო პერიოდში, უნდა წარმოებდეს ნიადაგის მხოლოდ ზედაპირული დამუშავება, როგორც ხელით, ასევე, მექანიზებული წესით.

შემოდგომაზე მოსავლის აღების შემდეგ, ხდება ნიადაგის საბოლოო დამუშავება პლანტაციაში, რომლის დროსაც შეაქვთ ორგანული ფოსფოროვანი და კალიუმიანი (მხოლოდ კალიუმის სულფატის სახით) სასუქები. აზოტიანი სასუქები შეაქვთ სავეგეტაციო პერიოდში (ფიზიკური წონით) _ პირველ წლებში 60 გრამი ერთ მცენარეზე (ორჯერადი შეტანით 30-30 გრამი), მეოთხე-მეექვსე წელიწადს _ 150-180 გრამი 1 მცენარეზე.

ნათია დოლიძე
გურია news

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
236 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB