კინკანი ანუ კუმკვატი – ნარინჯოვანთა ჯგუფის მარადმწვანე მცენარე

კინკანი, კუმკვატი

კინკანები ძალიან საინტერესო მცენარეებია. მათ დიდი მორფოლოგიურ-ბიოლოგიური მსგავსება აკავშირებს ციტრუსის გვართან. ისხამენ შესანიშნავ ნაყოფებს, რომლებიც საუკეთესო ნედლეულია საკონდიტრო და საკონსერვო მრეწველობისათვის.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია დამზადდეს საუკეთესო ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა: მურაბა, ჟელე, მარმელადი და ცუკატები.

კინკანი ანუ კუმკვატი (Fortunella SW.) მჟავენაყოფიანი ნარინჯოვანთა ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელია. სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ჩინეთია, სადაც არის მისი როგორც ველური ასევე კულტურული ფორმები.

კინკანი ეკუთვნის Fortunella-ს გვარს, ნარინჯოვანთა (Aurantiodeae) ქვეოჯახს, მოიცავს ექვს სახეობას. მარადმწვანე ბუჩქოვანი ხეა, სიმაღლით იზრდება 2-3 მ, ხასიათდება ნელი ზრდით. ჩონჩხის ტოტები 3-6; ვარჯი ხშირი, ძლიერ შეფოთლილი. ხასიათდება მხოლოდ ერთი გაზაფხულის ნაზარდით.

ტოტები აქვს დაკუთხული, ან მრგვალი, ეკალი წვრილი ან სრულებით არა აქვს. ფოთლები სქელი, ტყავისებური, მუქი მწვანე შეფერილობის, მკვეთრად დაძარღვული, ოვალური ფორმის, ეთერზეთოვანი ჯირკვლებით.

ყვავილობს ზაფხულში, ივლისის ბოლოს აგვისტოში, ხასიათდება უხვი, ლამაზი, პატარა, თეთრი ფერის ყვავილებით, რომლებიც გვხვდება ერთეულებად ან კონებად.

ნაყოფი პატარა ზომის, ღია ნარინჯისფერი, კანი სწორი პრიალა, თესლი 3-5 ციტრუსის თესლის მსგავსი. ნაყოფი მწიფდება ზამთარში იანვარ-თებერვალში, აქვს სასიამოვნო მომჟავო გემო.

კინკანი, კუმკვატი

მჟავე ნაყოფიანი ნარინჯოვანებიდან კინკანები ერთ-ერთი ყველაზე ყინვების ამტანი მცენარეებია, რომელიც გამომდინარეობს მათი ბიილოგიური თავისებურებიდან, მიუხედავად იმისა, რომ შეგუებული არიან ტროპიკულ და თბილ სუბტროპიკულ კლიმატს.

მათ ახასიათებთ ხანგრძლივი შესვენება ზამთრის პერიოდში, იმ დროს როდესაც ყველა სხვა ციტრუსოვანები ადვილად იწყებენ ვეგეტაციის თბილი ამინდების დადგომის შემთხვევაში, კინკანები გვიან გაზაფხულამდე არ იღვიძებენ, ამიტომ კინკანები ყინვებისაგან არ ზიანდება. ისინი თავისუფლად უძლებენ -110C.

კინკანების გვარს, Fortunella-ს დიდი მორფოლოგიურ-ბიოლოგიური მსგავსება აქვს ციტრუსის გვართან მიზეზი ის არის, რომ კინკანი ციტრუსოვანთა შორეული წინაპარია.

მას დიდი მნიშვნელობა აქვს ციტრუსოვანთა სელექციაში, განსაკუთრებით ლიმონებში, ყინვაგამძლე ჰიბრიდების წარმოქმნაში. ასევე შესაძლებელია მათი გამოყენება საძირედ ნაგალა ფორმების მისაღებად.

კინკანი, კუმკვატი

კინკანი ძალიან ლამაზია მაშინ, როდესაც ყვავილობს თეთრი ფერის პატარა ლამაზი ყვავილებით.ლამაზია მაშინაც როდესაც ოქროსფერი ნაყოფებით დაიტვირტება. ამიტომ კინკანებს, როგორც ლამაზ მცენარეებს დიდი გამოყენება აქვთ დეკორაციულ მებაღეობაში.

კინკანის მცენარეს დეკორაციული მნიშვნელობას აქვს, როგორც ღია გრუნტის, ასევე ქოთნის კულტურისათვის საცხოვრებელი ბინების და ოფისების გასალამაზებლად, რადგანაც კარგად ხარობს ოთახის პირობებში.

კინკანის ნაყოფების ძვირფას პროდუქტს წარმოადგენს საკონდიტრო წარმოებისათვის. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია საუკეთესო ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ცუკატებისა, არომატული მურაბების, მარმელადების და ჟელეების დასამზადებლად.

კინკანი, კუმკვატი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, შავი ზღვის სანაპიროზე ძირითადად გავრცელებული მხოლოდ 3 სახის კინკანი: ნაგამი, მარუმი და მეივა.

ნაგამი ანუ ოვალური კინკანი (Fortunella margarita SW) ჩინური წარმოშობისაა. მისი სამშობლო სამხრეთ ჩინეთია. მცენარე საშუალო ზომის სიმაღლისაა. ხშირი დატოტვილი. ახალგაზრდა ტოტები მუქი მწვანეა, ხნიერი კი რუხი ფერის.

აქვს მუქი მწვანე, ქვევიდან უფრო ღია ფერის ლანცეტისმაგვარი ფოთლები. ყვავილები ძლიერ სურნელოვანი, თეთრი ფერის, მასიურად ყვავილობს ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე.

ნაყოფი ლამაზი, ოვალური, მოყვითალო ნარინჯისფერი, პრიალა ზედაპირით, დაფარულია ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. მწიფდება დეკემბერ-იანვარში. იჭმება კანიანად, აქვს მომჟავო-მოტკბო გემო წვნიანია სასიამოვნო არომატით. ძვირფასი პროდუქტია საკონდიტრო წარმოებისათვის.

გამოიყენება აგრეთვე, როგორც ლამაზი დეკორაციული მცენარე, რომელიც კარგად ეგუება ოთახის პირობებს, კასრის მცენარის სახით სახლებისა და ოფისების დასამშვენებლად.

დიდი გამოყენება აქვს სელექციაში, ნაგალა ფორმების მისაღებად, ციტრუსოვანთა საძირედ და საუკეთესო კომპონენტია ლიმონის ჰიბრიდიზაციაში ყინვაგამძლე ფორმების მისაღებად.

კინკანი, კუმკვატი

მრგვალი კინკანი ანუ მარუმი (Fortunella japonica) – მისი სამშობლო იაპონიაა. მორფოლოგიური ნიშნებით ძალიან ჰგავს ოვალურ კინკანს. განსხვავებაა მხოლოდ ნაყოფის ფორმით, შედარებით წვრილი ფოთლებით და მცირე ეკლიანობით. საკმაოდ ყინვაგამძლეა, დაავადებების მიმართ შედარებით იმუნური.

ნაყოფი მრგვალი, პრიალა კანით, ნარინჯისფერი. ნაყოფის ფუძე და წვერი ოდნავ ჩაზნექილია. ყუნწი ძალიან მოკლე. მწიფდება დეკემბრიდან, მომდევნო წლის მარტ-აპრილამდე. ამიტომ ნაყოფი ფასდება დამწიფების დროის მიხედვით.

იგივე გამოყენება აქვს საკონდიტო მრეწველობაში, როგორც ნაგამი კინკანს. მისი ხშირფოთლიანი და ნარინჯისფერი ნაყოფებით დატვირთული ტოტებით ლამაზი დეკორაციული მცენარეა სახლებისა და ოფისების დასამშვენებლად.

კინკანი, კუმკვატი

მეივა კინკანი (Fortunella crassifolia) – მისი სამშობლო სამხრეთ ჩინეთია. სქელფოთლიანი კინკანია, ძლიერდატოტვილი, გლუვი ან სუსტი ეკლიანი ტოტებით. ფოთლები წამახვილებელი ბოლოთი. ყვავილები თეთრი, ლამაზი. ნაყოფები მრგვალ-ოვალური, შედარებით დიდი ზომის (2-2,5 სმ), მუქი ნარინჯისფერი. კანი სქელი და ტკბილი.

რბილობი ნაკლებად წვნიანი. აქვს სასიამოვნო მომჟავო-მოტკბო გემო, იჭმევა კანიანად როგორც სადესერტო ხილი; მწიფობას იწყებს ნოემბრიდან და გრძელდება თებერვლამდე. დეკემბერში მოკრეფილი ინახება კარგად, მწიფდება და არ კარგავს გემოს. იგივე გამოყენება აქვს საკონდიტრო მრეწველობაში, როგორც მარუმსა და ნაგამს.

ჯიში ხასიათდება მაღალი ყინვაგამძლეობით (-110C), ნაყოფი კი უძლებს -4-60C ხანმოკლე ყინვებს. კინკანის აღნიშნული ჯიში ყველაზე უკეთესია და იმსახურებს გავრცელებას ფართო მასშტაბით დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რეგიონებში, როგორც სამრეწველო კულტურა.

კინკანი, კუმკვატი

ავტორი:  ც. ქაშაკაშვილი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი. საერთაშორისო კონფერენცია „კვების პროდუქტების წარმოების აქტუალური პრობლემები და თანამედროვე ტექნოლოგიები“.

თქვენი რეკლამა