გაილამაზეთ კარმიდამო-პალმა Parajubaea torallyi და მისი გამრავლება

1584 Views Comment Off

Parajubaea torallyi სამხრეთ ამერიკის ერთერთ ყველაზე ლამაზ და გამძლე პალმას წარმოადგენს.

ბუნებაში ის გვხვდება ბოლივიის ანდების მშრალ ველებში ზღვის დონიდან 2700–3400 მეტრის სიმაღლეზე, ამიტომაც არის მსოფლიოში ყველაზე მაღლა ზრდადი პალმა.

აქ ტემპერატურა იშვიათად ადის 20 °C–ზე მაღლა, ღამის ყინვები კი იშვიათობას არ წარმოადგენს. ზამთრის თვეებში (ივლისი, აგვისტო) ტემპერატურა ხშირად ვარდება –7 °C–ზე დაბლა. წლიური ნალექების რაოდენობა იშვიათად აღწევს 550 მმ–ს, რაც უფრო ნაკლებია, ვიდრე სამხრეთ მორავიის ყველაზე მშრალ ადგილებშიც კი.

ბუნებრივი არეალის მაღალმთიანი კლიმატის გამო ეს პალმის ყინვაგამძლე სუბტროპიკული ჯიშია, ამიტომ ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში მისი გაზრდა შესაძლებელია ხმელთაშუა ზღვისპირეთში მთელი წლის განმავლობაში ღია ცის ქვეშ. ჩვენთან ზამთრის თვეებში აუცილებელია პალმის გადატანა არაყინვამდგრად შენობაში, სადაც მას 0 °C–ის გადატანა უპრობლემოდ შეუძლია. ყინვამდგრადობა ევროპაში უდრის 3 °C–ს. ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რომელიც ამ პალმას კულტურაში გადაუტანია, –8 °C –ია. მართალია, მცენარეს ფოთლები ჩამოცვივდა, მაგრამ თავად არ დაიღუპა და გაზაფხულზე ახალი ფოთლები გამოიტანა.

ბოლივიაში პალმა 14 მეტრ სიმაღლემდე იზრდება, ტანის დიამეტრი – 25–35 სმ–ია. ასწლოვანი ეგზემპლიარები 30 მეტრ სიმაღლეს აღწევენ 50 სმ დიამეტრის გარშემოწერილობით. მომხიბლავი ვარჯი დაახლოებით 20 ფოთლისგან შედგება, რომელთა სიგრძე 5 მეტრს აღწევს. კულტურაში, მშობლიური გარემოს გარეთ, პალმა ნაკლები სიდიდისა იზრდება.

ბუნებაში ის იზრდება 2 ცალკეულ პოპულაციაში, რომლებიც თესლების ზომით განსხვავდებიან. Parajubaea torallyi ვარ. torallyi–ს აქვს თესლები, რომლებიც 7 სმ–მდე იზრდება, მაშინ როცა მისი ვარიანტი უფრო მცირე სიდიდის თესლებით Parajubaea torallyi ვარ. Microcarpa თითქმის სამჯერ უფრო პატარაა და თუმცა ვიზუალურად ისინი მინიმალურად განსხვავდებიან, ბუნებაში მომცრო ვარიანტი ვერ აღწევს თავისი ნათესავის სიმაღლეს, რომელსაც უფრო დიდი თესლები გააჩნია.

ბოლივიაში Parajubaea torallyi ფავორიტ მცენარეს წარმოადგენს, რომელიც ქალაქის პარკებსა და ქუჩების ნაპირებზე ირგვება. ეკვადორსა და სამხრეთ კოლუმბიაში ზღვის დონიდან 2500–3000 მეტრ სიმაღლეზე არსებულ ქალაქებში ამრავლებენ Parajubaea cocoides–ს, რომელიც ნაკლებად ყინვაგამძლეა და უფრო ნელა იზრდება. Parajubaea torallyi–თან მსგავსების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებაში ის უცნობია, ვარაუდობენ, რომ იგი Parajubaea torallyi–ს კულტურულ ფორმას წარმოადგენს.

1996 წელს აღწერილი იქნა Parajubaea sunkha, რომელიც მოცემული გვარის ყველაზე პატარა წარმომადგენელია. ის 8 მეტრამდე სიმაღლისა იზრდება, და ხარობს ბოლივიაში სანტა–კრუსის ოლქში, ვალეგრანდის ანდების ზოგიერთ ველზე ზღვის დონიდან 1700–2200 მეტრის სიმაღლეზე. ზუსტ ტაქსონომიურ შემოწმებამდე იგი Parajubaea torallyi–ში ეშლებოდათ.

Parajubaea–ს გვარის პალმების გახარება

Parajubaea–ს გვარის პალმების გახარება თესლებიდან არ არის რთული, მაგრამ ამისათვის აუცილებელია მოთმინება. ბუნებაში თესლები არარეგულარულად აღმოცენდება, ჩვეულებრივ, ეს პროცესი 1,5 წლის განმავლობაში გრძელდება. ზოგიერთი თესლი კულტურაში ერთი თვის, ზოგის ნახევარი წლის, ზოგიც კი ორი წლის განმავლობაშიც კი აღმოცენდება. თუ საქმე პალმის სუბტროპიკულ სახეობას ეხება, მაღალი ტემპერატურა აღმოცენებას კი არ დააჩქარებს, არამედ პირიქით, დააყოვნებს.

თესლები დათესვამდე აუცილებლად უნდა დალბეს თბილ წყალში 5–7 დღით, დიდი ზომის თესლები კი 2 კვირითაც კი. წყალი ყოველდღე უნდა გამოიცვალოს, რათა თესლი არ დალპეს. თესლები (ძირითადად, დიდი ზომის თესლები) შეიძლება ცოტათი გაიხეხოს. წყალი ამ დროს შეაღწევს თესლში და შეამცირებს „ძილის“ პერიოდს (დასვენების ფაზა, რომელიც თესლს იცავს გვალვის დროს აღმოცენებისგან, რომელიც ბოლივიაში ზამთრის თვეებში დგება, ანუ ივნისიდან ოქტომბრამდე) და თესლები იწყებენ აღმოცენებას. ამით ტენიანი ფაზა სრულდება.

არ დაგავიწყდეთ, რომ საქმე სუბტროპიკულ სახეობას ეხება, რომელიც მშრალ ზონებში იზრდება, ამიტომ ზედმეტი წყალი მასზე უარყოფითად მოქმედებს. თესლი დალბობის შემდეგ გადარგეთ ყვავილის ან პლასტიკურ ქოთნებში ისე, რომ ისინი სანახევროდ იყოს მიწით დაფარული, ტემპერატურა 10–20 °C უნდა იყოს (იდეალური ვარიანტია, როცა არსებობს განსხვავება დღის მაღალ და ღამის უფრო დაბალ ტემპერატურას შორის). უფრო დაბალი ტემპერატურა და შედარებით უფრო მშრალი სუბსტრატი ძირითადი განსხვავებაა პალმის მოცემული სახეობის გახარებაში პალმის სხვა სახეობებთან შედარებით.

დათესილი თესლები შეამოწმეთ 3–4 კვირაში ერთხელ, აღმოცენებული კი გადარგეთ ცალკე ქოთნებში. ზოგიერთი მოყვარული მებაღის გამოცდილებით, იმ თესლების მორწყვის შეწყვეტით, რომლებიც არ აღმოცენდნენ ერთი წლის განმავლობაში და სუბსტრატის ერთი–ორი თვის განმავლობაში გამოშრობით მათ წარმატებას მიაღწიეს. ამის შემდეგ თესლები უნდა გადაირჩეს, ერთი კვირით დალბეს წყალში და თავიდან დაითესოს. ნახევარი წლის განმავლობაში თითქმის ყველა მათგანი აღმოცენდება. თუ რომელიმე თესლი კვლავ არ აღმოცენდა, ამ შემთხვევაში ზემოთ აღწერილი პროცედურა მეორდება.

მოცემული სახეობის პალმის თესლების აღმოცენებადობა თითქმის 100%–ის ტოლია. მთავარია, იცოდეთ, როგორ მოუაროთ მას და შედარებით უფრო ნელა მზარდ მცენარეებს რამოდენიმე თვიანი გვალვის პირობები უნდა შეუქმნათ.

როგორც კი თესლი აღმოცენდება, მისი გაზრდა ძალზე იოლია, მაგრამ მორწყვის შეზღუდვა აუცილებელია. ნორჩ პალმებს ნახევრად ჩრდილიანი ადგილები ურჩევნიათ (ბუნებაში ისინი ზრდასრული ხეების ჩრდილში იზრდებიან), მაშინ როცა მოზრდილი მცენარეებისათვის აუცილებელია სრული განათება.

გვარი Parajubaea სამხრეთ ამერიკული პალმების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრებათ. ამ საფრთხის ძირითადი მიზეზი ბიოტოპების განადგურება, სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთების გაფართოება, ტყეების გაჩეხვა და საქონლის გადამეტებული მოშენებაა.

პალმები ძალიან პატარა ტერიტორიაზე გვხვდება, რაც კიდევ უფრო ზრდის მათი გადაშენების საფრთხეს. თესლების დიდი ზომის გამო მათი გადატანა ახალ ადგილებში შეზღუდულია, მათი ყველაზე მეტად გადამტანი დიდ ტერიტორიებზე სათვალიანი დათვია (Tremarctos ornatus), რომელიც ასევე გადაშენების ზღვარზე იმყოფება.

ბოტანიქსი

ჩვენ არ ვართ დაკავებული მცენარეთა ყიდვა-გაყიდვით 

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2330 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1286 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB