ბროწეული – დარგვა, მოვლა, მოყვანა

ბროწეული, ბაღი, დარგვა

ზოგადი ინფორმაცია

ბროწეული (Punica granatum) — ბროწეულისებრთა ოჯახის, ფოთოლმცვივანი ეკლიანი  ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა (სიმაღლით საშუალოდ 2-6 მ.).

ბროწეულს მცირე რაოდენობით აქვს ნორმალურად განვითარებული ნასკვი, ბუტკო და სამტვერე, რომელიც იძლევა ნაყოფს; უმეტესი მათგანი (85-95%) განუვითარებელი, მოკლებუტკოიანია და ცვივა.

ყვავილობს მაის-აგვისტოში. ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ნოემბერში. დამტვერვა ჯვარედინია.

ბროწეულის კულტურის წარმოშობის ცენტრად წინააზიის ქვეყნები, ავღანეთი, ირანი, ამიერკავკასია და სხვა ითვლება, აქ არის ბროწეულის ველური და კულტურული ფორმების დიდი მრავალფეროვნება. აქედან ბროწეული გავრცელდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის ჩათვლით, ხოლო დასავლეთით – ჩრდილოეთ აფრიკასა და ესპანეთში.

ამჟამად ბროწეულის კულტურის გავრცელება მსოფლიო მასშტაბით მოიცავს სუბტროპიკული ზონის თითქმის ყველა ქვეყანას. ზოგჯერ იგი ტროპიკულ ზონაშიაც აღწევს.

საქართველოში ხარობს როგორც დასავლეთ (ტენიანი ჰავის პირობებში), ისე აღმოსავლეთ (მშრალი ჰავის პირობებში) ნაწილში.

სასარგებლო თვისებები

ბროწეული მდიდარია A, C, E, B1, B2, PP ვიტამინებით, რკინით, იოდით, კალციუმით, კალიუმითა და სილიციუმით. მისი წვენი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას.

სამკურნალოდ ნაყოფის კანი, ღეროს, ტოტებისა და ფესვების ქერქი გამოიყენება პარაზიტი ლენტური ჭიების წინააღმდეგ. აგრეთვე შემკვრელ საშუალებად კუჭ-ნაწლავის აშლილობისას.

ბროწეულის ნაყოფის კანსა და ღერო-ტოტების ქერქს ტყავის შავად შესაღებად ხმარობდნენ. ნაყოფის კანისა და ძაღას (რკინის შაბიამანი) მეშვეობით შესაძლოა შავი მელნის დამზადება.

ჯიშები

საქართველოში ბროწეული გაშენებულია უმთავრესად კახეთში, ქართლში, იმერეთსა და აჭარაში. გავრცელებული ჯიშებია: „ვარდისფერი გულოშა“, „ყირმიზ-ყაბუხი“, „შაჰ-ნარი“, „სალავათური“.

ნიადაგი

ბროწეული ნიადაგისადმი ნაკლებმომთხოვნია, კარგად ხარობს ორგანული ნივთიერებებით მდიდარ, ღრმა თიხნარ ნიადაგებზე.

სავეგეტაციო პერიოდი

ბროწეული უხვ და მაღალხარისხოვან მოსავალს ცხელი და მშრალი ჰავის პირობებში იძლევა.

სავეგეტაციო პერიოდში იგი მოითხოვს აქტიურ ტემპერატურათა დიდ რაოდენობას.

მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევა იმ რაიონებში, სადაც აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 40000 აღემატება. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი დიდ გავლენას ახდენს არა მარტო მოსავლიანობასა და მის ხარისხზე, არამედ იგი წარმოადგენს ბროწეულის კულტურისათვის ადგილის შესარჩევ ერთ-ერთ ძირითად აგროკლიმატურ მაჩვენებელსაც.

აღმოსავლეთ საქართველოში – ვეგეტაციის დაწყებიდან ყვავილობის დაწყებამდე პერიოდი გრძელდება 60 დღემდე, ნაყოფის დამწიფებამდე პერიოდი შეადგენს 193 დღეს, ხოლო დასავლეთ საქართველოში შესაბამისად 56 და 208 დღე.

საშუალოდ ბროწეულის სავეგეტაციო პერიოდი შეადგენს 170-220 დღეს.

დარგვა

დარგვისას უნდა გაითვალისწინოთ, რამდენად შეესაბამება ჯიშობრივი მონაცემები – თქვენი ნაკვეთის ნიადაგურ და კლიმატურ პირობებს.

ბროწეული სინათლის მოყვარულია, არ უყვარს ჩრდილი და ქარი.

დარგვისთვის თხრიან 60 X 60 X 60 სმ -ზე ორმოს, ორმოს ფსკერზე (15 სმ-მდე) ყრიან ამოთხრილი ნიადაგის ზედა ფენას და შემდეგ გადამწვარ ნაკელში შერეულ მიწას. ნერგის დარგვის სიღრმე 7-10 სმ-ია, ასეთ შემთხვევაში კარგად ვითარდება დამატებითი ფესვები. დარგვისას დატკეპნეთ, რომ გამოიდევნოს ჰაერი.

დარგვის სქემა 5 X 4 მ, 5 X 3 მ, 4 X 3 მ.

გასხვლა-ფორმირება

ბუჩქის ფორმირებისას ტოვებენ ძირითადად ჩონჩხის 4-6 ღერძს. გაზაფხულზე ან მოსავლის აღების შემდეგ აცლიან დაზიანებულ, გამომშრალ ტოტებს, შტამბის წანაზარდებს და ფესვის ამონაყარს.

ბროწეული ნაყოფს იძლევა როგორც წინა წლების (განსაკუთრებით 2-3 წლის) ასევე ახალ ტოტებზე. ამასთან კარგი მოსავლის ძირითადი ნაწილი ძველ ტოტებზე მოდის, ხოლო ახალზე ნაყოფი მცირე რაოდენობის და ნაკლები ხარისხისაა, ამიტომ ყოველ წელს ჩვეულებრივ გასხვლასთან ერთად აცილებენ ახალი ტოტების 50%-ს.

მოვლა

ბროწეული სინათლის მოყვარული, გვალვა და ყინვაგამძლე (იტანს — 160C) მცენარეა.

ბროწეული, ერთის მხრივ, ამჟღავნებს რა გვალვაგამძლეობის უნარს, მეორე მხრივ, მოითხოვს საკმაო ტენს ნიადაგში და მაღალ მოსავალს მხოლოდ მორწყვის დროს იძლევა.

ზედმეტმა მორწყვამ შესაძლოა გამოიწვიოს ფესვების დალპობა.

უფრო მეტი გვალვაგამძლეობა ახასიათებს ველურ ბროწეულს, ვიდრე კულტურულს. მიუხედავად იმისა, რომ ბროწეული საკმაოდ გვალვაგამძლეა, ნიადაგის ზედმეტად გაუწყლოება იწვევს მცენარის ზრდის შენელებას, ხოლო ძლიერი გვალვის დროს ზრდა მთლიანად ჩერდება, ადგილი აქვს ყლორტებისა და ფოთლების წვერის ხმობას, ფოთლების გაყვითლებას და ცვენას.

ბროწეულის მოვლა ძირითადად გამოიხატება, დროულ და ზომიერ მორწყვაში, ბუნებრივ მულჩირებაში, საჭიროებისამებრ ორგანულ (ან მინერალურ) კვებაში, ბუჩქის ფორმირებასა და გასხვლაში.

მოსავალი

ბროწეული პირველ მოსავალს მესამე წელს იძლევა (სრული მოსავლიანობა მეხუთე-მეექვსე წლიდან). ბროწულის კარგი ნაყოფიერება საშუალოდ 15-20 წელი გრძელდება. შემდეგ კი შეიძლება მისი განახლება როგორც ახალი ნარგავით, ასევე ძველი ნარგავის ტოტების გადაჭრით.

კარგი მოვლისა და შესაბამის პირობების შემთხვევაში, ერთი ხის მოსავალი 50-60 კგ აღწევს.

„აგროკავკასია“ გისურვებთ წარმატებებს!

თქვენი რეკლამა