ბალი – კურკოვანი, ადრეული საზაფხულო კულტურა

ბალი

ბალი კურკოვანი, ადრეული საზაფხულო კულტურაა, რომელიც წარმატებით მოჰყავთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ბლის ბაღების ფართობები მსოფლიოში 150 000 ჰა-აღწევს, ხოლო წლიური გლობალური წარმოება 2,4 – 2,5 – მილიონ ტონას (FAOSTAT, 2016) შეადგენს.

ბლის მთავარი მწარმოებელი ქვეყნებია – თურქეთი (494 325 ტონა), აშშ ( 301 205 ტონა), ირანი (200 000 ტონა) და იტალია (131 175 ტონა). საქართველოში ბლის წარმოება 2 700 (2015) – 5 600 (2013) ტონის ფარგლებშია.

ბალი მდიდარია ადამიანისთვის სასარგებლო სხვადასხვა სახის საკვები ელემენტებით. ნაყოფებში ხსნადი მშრალი ნივთიერების შემცველობა 10.8%-დან 16.8 %-ის ფარგლებში მერყეობს, შაქრების შემცველობა კი, 7.0 –10.0 %-ს აღწევს.

ბლის ნაყოფი შეიცავს პექტინებს, უჯრედანას, ფართო სპექტრის ვიტამინებს, კაროტინს, კაროტინოიდებს, ანთოციანებს და ა.შ. ნაყოფებში დიდი რაოდენობითაა მინერალური ნივთიერებებიც -კალიუმი და მაგნიუმი.

ბლის ნაყოფი სასარგებლოა ანთებითი პროცესების, ალცჰეიმერის დაავადების, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

ბალი

ბალი სინათლის და სითბოს მოყვარული მცენარეა. ნაყოფის ნორმალურად მომწიფებისათვის საჭიროა 2500- დან 2600-მდე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი. ზამთრის მინიმალური ტემპერატურა კი არ უნდა ეცემოდეს -20-22 0C-ზე დაბლა.

ჯიშების უმეტესი ნაწილი მოითხოვს ჯვარედინდამტვერვას, თუმცა გვხვდება თვითდამტვერავი ჯიშიც -„სტელა“.

ბალი უპირატესობას ანიჭებს ნაყოფიერ, კარგი აერაციის უნარის მქონე მსუბუქ ნიადაგებს, ცუდად იტანს მძიმე, ტენიან და გაუარესებული დრენაჟის მქონე ნიადაგებს.

ბალი, საძირეების შესაბამისად, მოსავალს იძლევა დარგვიდან მე-3-4 წელს.  სრულ მოსავლიანობაში შედის მე-5-7 წელს. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 10-12 ტონა/ჰა-ზე შეადგენს, ინტენსიურ ბაღებში კი, სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების პირობებში 18-22 ტონა/ჰა-მდე აღწევს.

ბალი

სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობის თვალსაზრისით, ბალი მაღალშემოსავლიანი კულტურაა, რადგან მასზე ფასი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სტაბილურად მაღალია და კარგი საბაზრო მოთხოვნითაც ხასიათდება.

ბლის მოყვანის დროს მთავარი დანახარჯი კრეფაზე მოდის, თუმცა ბაღის კონსტრუქციების შესაბამისი შერჩევისა და მოვლის ღონისძიებების სათანადო გათვალისწინებით, ბლის ბაღის გაშენება საკმაოდ მომგებიან აგროწამოწყებას წარმოადგენს.

ბლის წარმოება ჯიშების შესაბამისად შესაძლებელია, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. სამრეწველო მოსავლის მისაღებად საუკეთესო რეგიონებად კახეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლია მიჩნეული. სუპერსაადრეო ბლის წარმოების მაღალი პოტენციალი გააჩნია იმერეთში სამტრედიისა და ვანის რაიონებს.

გაზეთი „ჩვენი სოფელი“

ბალი

იხილეთ აგრეთვე: ბალი დარგვა, გამრავლება, გასხვლა, ბაღის გაშენება, ჯიშები

თქვენი რეკლამა