აზიმინა (კარაქის ხე, ამერიკული პაპაია)

აზიმინა, პაპაია

აზიმინა (ლათ. Asimina ) ანონასებრთა (Annonaceae ) ოჯახის წარმომადგენელი ნაყოფმომცემი და დეკორატიული მცენარეა. მისი სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა.

აზიმინა გხვდება ხის ან ბუჩქის სახით, მისი საშუალო სიმაღლე 4-5 მეტრია, იშვიათად აღწევს 12 მეტრამდეც.

ინდიელები მცენარეს „Assimin“-ს უწოდებენ, აქედან მომდინარეობს მისი სამეცნიერო სახელწოდება Asiminaაზიმინას იცნობენ სხვა სახელწოდებითაც — ბანანის ხე, მექსიკური ბანანი, ნესვის ხე და ამერიკული პაპაია (papaw -ესპანური სახელიდან papaya).

საქართველოში მას ვირჯინიულ ხურმას, ზოგჯერ კი კარაქის ხესაც ეძახდნენ, რადგან საქართველოში (აფხაზეთში მცენარე შემოტანილია ვირჯინიის შტატიდან (აშშ), ამასთანავე ნაყოფის თესლი ხურმის თესლს ჰგავს.

აზიმინა სუბტროპიკული და ტროპიკული კულტურებიდან ერთერთი ყველაზე საინტერესო მცენარეა, რომელიც ჩვენს პირობებში იძლევა ნაყოფს. ნაყოფი კი მეტად ნაზია, დნობადი — კრემის მსგავსი რბილობი და ძლიერი არომატი აქვს.

აზიმინა, პაპაია

ამ კულტურამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში, ამიტომ ეს ინფორმაცია საინტერესო იქნება როგორც ფერმერებისთვის, ისე მოსახლეობისთვის.

ჩვენთან უფრო გავრცელებული აზიმინა სამფრთიანი (ლათ. Asimina triloba) იყო.

აზიმინა სამფრთიანი (ლათ. Asimina triloba)

აზიმინა სამფრთიანი საშუალო სიმაღლის, ფოთოლმცვენი ხეა. ველურად იზრდება ფხვიერ, ტენიან, ტყისპირა და მდინარისპირა ნიადაგებზე, ხშირად გაუვალი ტყე-ბუჩქნარის სახით. აზიმინა გასული საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს ევროპაში. იგი კარგად იტანს 25-290C ყინვებს.

აზიმინა ნაყოფმომცემი და დეკორატიული ხეა. აქვს ფართო კონუსისებური ვარჯი, პრიალა ქერქი, იზრდება ნელა ძირითადად 4-5 მეტრი სიმაღლის, იშვიათად აღწევს 12 მეტრამდეც. აქვს დიდი, 20-30 სმ სიგრძისა და 10-15 სმ სიგანის, მუქი მწვანე, ოვალურწაგრძელებული ფოთლები.

ყვავილობს აპრილ-მაისში. ყველა ყვავილს აქვს რამდენიმე ბუტკო, რაც ერთი ყვავილიდან რამდენიმე ნაყოფის წარმოქმნის საშუალებას იძლევა. ყვავილები ორსქესიანია, მაგრამ ჯვარედინმტვერვადი.

აზიმინა, პაპაია

ჩვენს პირობებში აზიმინას ნაყოფები მწიფდება 30-40 დღის განმავლობაში. მწიფე ნაყოფის სიგრძე 5-16 სმ. წონა 20-დან — 500 გრამამდე. ნაყოფი გვხვდება როგორც მტევნებად (28 ნაყოფი) შეკრული, ისე ერთეული სახითაც.

მტევნებში ნაყოფები არათანაბრად მწიფდება, რაც იწვევს მტევანში ადრე დამწიფებული ნაყოფების გადამწიფებას. ამიტომ აუცილებელია შერჩევითი კრეფა. თითოეულ ნაყოფს 5-10 ორ რიგად განაწილებული, მუქი ყავისფერი თესლი აქვს.

მწიფე ნაყოფის რბილობი მსუბუქია, მოთეთრომოყვითალო, მსუყე, ტკბილი ანანასისა და მარწყვის არომატით. იგი მდიდარია ფრუქტოზითა და საქაროზით, ასევე ადამიანისათვის საჭირო თითქმის ყველა მიკროელემენტით.

აზიმინა სინათლის მოყვარული მცენარეა, თუმცა ზრდის დასაწყისში (1-2 წელი) ნაკლებ მომთხოვნია განათებისადმი, ხოლო შემდგომ ვარჯის თანასწორად და სრულად განვითარებისათვის სჭირდება საუკეთესო განათება.

კარგი მოვლის პირობებში ერთ წელიწადში შეიძლება 1,5 მეტრსაც მიაღწიოს. სჭირდება ხშირი მორწყვა, მაგრამ არ უნდა დაიტბოროს. აქვს სუსტი ფესვები, ადვილად იხლიჩება, ამიტომ გადარგვისას დიდი ყურადღებაა საჭირო, რათა ფესვი (მთავარღერძა) არ დაუზიანდეს.

აზიმინა, პაპაია

გადარგვა ხდება გვიან შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე. საჭიროა კარგი განოყიერება, რადგან ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას.

აზიმინას ამრავლებენ თესლით და მყნობით. თესლით უკეთესად აღმოცენებისათვის მიმართავენ სტრატიფიკაციას 0-40C ზე, ორი-სამი თვის განმავლობაში.

აღმოცენება გრძელდება დათესვიდან 7 კვირის განმავლობაში (აღმოცენდება 60-62%). თესლით გამოყვანილი მცენარე მსხმოიარობას 4-6 წლის შემდეგ იწყებს, ნამყენი ნერგები კი 2-3 წლის შემდეგ, თუმცა აზიმინას მყნობით გამრავლება რთულია.

მცენარეები ძალიან გამძლეა მავნებელ-დაავადებებისადმი.

აზიმინა, პაპაია

ნანა ჯაბნიძე სმმ  აკადემიური დოქტორი /სუბტროპიკული ზონის ზოგიერთი სასარგებლო მცენარის აგრო-ბიოლოგიური და ეკოლოგიური ეფექტიანობა./

თქვენი რეკლამა