ატამი — დარგვა, მოვლა-მოყვანა, ბაღის გაშენება

2546 Views Comment Off

ატამი კურკოვანი კულტურაა, რომელიც მოყავთ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ ნახევარსფეროებში. მსოფლიოში წარმოების მოცულობით ატამი მე-10 ადგილზეა ხილის სხვა სახეობებს შორის. მისი წლიური გლობალური წარმოება 22,0 — 23,0 მილიონ ტონას შეადგენს, ხოლო ბაღები გაშენებულია 1 500 000 ჰა-ზე (FAOStat, 2014).

ატმის წარმოშობისა და დომესტიკაციის (მოშინაურების) ცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთი და ცენტრალური ჩინეთია, სადაც, ლიტერატურული წყაროების თანახმად, ამ ხილს 3000 წლის წინ უკვე იცნობდნენ. ევროპაში ატამი ირანიდან რომაელებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე შეიტანეს.

საქართველოში ატამი უძველესი დროიდან არის გავრცელებული, რაც დასტურდება ისტორიულ- ლიტერატურული წყაროებითა და გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნებით.

ატმის ნაყოფი გამოირჩევა თავისი კვებითი ღირებულებით. ნაყოფი მდიდარია ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით, ფერმენტებით და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა ნაერთებით.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნაყოფში ბეტა-კაროტინის, კალიუმისა და რკინის შემცველობას, რომლებიც ადამიანისთვის ადვილად შესათვისებელ ფორმებშია წარმოდგენილი.

ატამი შეიცავს სასარგებლო პოლიფენოლებს და ანტიოქსიდანტებს — ქლოროგენის მჟავას, კატექინს, ეპიკატექინს, ლუტეინს, ზეა-ქსანტინს, ბეტა-კრიპტოქსანტინს და სხვა ორგანული სახის ნივთიერებებს, რომლებიც ბოჭავენ მავნე თავისუფალ რადიკალებს და ახდენენ სხვადასხვა სახის ქრონიკული შეუქცევადი სახის დაავადებების (ათეროსკლეროზი, მხედველობის დაქვეითება, ონკოლოგიური დაავადებები) პრევენციას.

ატმის კლასიფიკაციაში გამოირჩევა ორი მსხვილი ჯგუფი ატამი და ნექტარინი (ვაშლატამა). ნექტარინი ატმისგან განსხვავდება მხოლოდ შებუსვის არარსებობით, რაც განპირობებულია კონკრეტული გენით. ის, თავის მხრივ, განაპირობებს ნექტარინის დამახასიათებელ რბილობის კონსისტენციას და გემოს.

მსოფლიოში ატმის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთია — 14 000 000 ტონა. მოსავლის მოცულობით გამოირჩევიან აშშ, იტალია და ესპანეთი (1 000 000-ზე მეტი ტონა). დიდი რაოდენობით ატამი მოჰყავთ ასევე საბერძნეთში, თურქეთსა და ირანში (500 000 — 800 000 ტონა). 300 000 ტონის ფარგლებში მოსავალს აწარმოებენ ეგვიპტე, საფრანგეთი და არგენტინა.

საქართველოში ატმის წარმოების მთავარი რეგიონებია: კახეთი და შიდა ქართლი. ატმის ბაღების ძირითადი ფართობები გაშენებულია გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. ატმის წარმოება, წლების მიხედვით, მნიშვნელოვნად მერყეობს 6 900 ტონიდან (2010 წ.) 23 700 (2013წ.) ტონამდე.

ბიოლოგიურ-სამეურნეო თავისებურებები

ატამი სინათლის და სითბოს მოყვარული მცენარეა. ნაყოფების ნორმალურად მომწიფებისათვის საჭიროა 2500-დან 2600-მდე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი. მინიმალური ტემპერატურა კი არ უნდა ეცემოდეს -20-220C -ზე დაბლა.

ჯიშების უმეტესი ნაწილი არ მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას (თვითფერტილია). ატამი უპირატესობას ანიჭებს ნაყოფიერ, კარგი აერაციის უნარის მქონე მსუბუქ ნიადაგებს. ატამი ადრე შედის მსხმოიარობაში. მოსავალს იძლევა დარგვიდან მე-2-3 წელს, საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 20 — 25 ტონა/ჰა-ზე შეადგენს, ნექტარინების მოსავლიანობა, ჩვეულებრივ, 15-20 %-ით ნაკლებია ატამთან შედარებით.

ატმის ხეები არ გამოირჩევიან ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით (15-20 წელიწადი), თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ამ კულტურის მსხმოიარობის ადრეული დაწყების უნარს, ეს უარყოფითი თვისება სამეურნეო თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევა.

ატმის წარმოება, ჯიშების შესაბამისად, წარმატებით შესაძლებელია, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, თუმცა, სამრეწველო მოსავლის მისაღებად, საუკეთესო რეგიონებად კახეთი და შიდა ქართლია მიჩნეული.

ატამი ადრეული ყვავილობით ხასიათდება, ამიტომ მისი გაშენება ისეთ ზონებში, სადაც გაზაფხულის წაყინვები ხშირია, ნაკლებად მიზანშეწონილია. გვალვიან მშრალ რეგიონებში უპირატესობას ანიჭებენ ნუშის საძირეზე გამოყვანილ ატმის ნერგებს, ხოლო ჭარბტენიან პირობებში — ტყემლის საძირეზე დამყნილ ჯიშებს.

წყლით უზრუნველყოფილ ნაყოფიერ ნიადაგებზე ატმის საუკეთესო საძირეს ატმის ნათესარი წარმოადგენს.

გაშენების სისტემები

ბაღში მცენარეთა განლაგების სწორი სისტემის შერჩევა საშუალებას იძლევა ფართობის ერთეულზე განლაგდეს მცენარეთა ოპტიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მცენარეთა მიერ კვების არის მაქსიმალური ათვისება, სინათლის ეფექტიანი გამოყენება, ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაცია, შრომის ნაყოფიერების ზრდა.

ამჟამად ფართოდ გამოიყენება მცენარეთა სწორკუთხოვანი განლაგება. ატმის გაშენების გავრცელებული სქემებია 5 X 5, 5 X 4, 5 X 3 და 5 X 2 მეტრზე. ატმის დარგვა შესაძლებელია როგორც შემოდგომით, ასევე ადრეულ გაზაფხულზე.

აგროტექნიკური თავისებურებები

ატმის ბაღის დარგვის დროს, სასურველია, ორმო ამოღებული იყოს ბაღის გაშენებამდე რამდენიმე დღით ადრე; ორმოს დიამეტრი უნდა შეადგენდეს 50-60 სმ-ს, ხოლო სიღრმე — 30-40 სმ-ს.

დარგვის წინ ნერგები მიაქვთ დარგვის ადგილზე, ათავსებენ მზისგან დაცულ ტერიტორიაზე და ფესვების გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, აფარებენ სველ ტილოს.

დარგვის წინ ნერგი უნდა შემოწმდეს და დაზიანებული ფესვის ბოლოები ზომიერად წაეკვეცოს. ფესვებს ორმოში კარგად შლიან. მიწის მიყრისას ნერგი აწევ-დაწევით, ფრთხილად უნდა შეირხეს, რომ მიწით შეივსოს ცარიელი ადგილები. ამის შემდეგ მიწა კარგად უნდა დაიტკეპნოს.

ნამყენი ადგილი თავსდება ნიადაგის ზედაპირიდან 3-5 სმ-ს სიმაღლეზე. დარგვის შემდეგ, უმჯობესია, სარის შედგმა და დარგული ნერგის გარშემო ჯამის გაკეთება.

ატმის ბაღებში ნიადაგის მოვლის რეკომენდებული სისტემებია: მწკრივებს შორის დაკორდება (ბალახის მუდმივი საფარი) და შავი ანეული (ნიადაგის ხშირი დამუშავება). ამ დროს ხდება სათიბელით (ან მულჩერ-სათიბელით) 3-6 ჯერ თიბვა ან კულტივაცია სეზონის განმავლობაში. ხეებს შორის რიგში: ახდენენ ჰერბიციდით (ბასტა, ნოკდაუნი, კლინი და სხვა — 3-5 ლ/ჰა) დამუშავებას ან გათოხნა/კულტივაციას.

განოყიერება ხორციელდება ნიადაგის ანალიზის შესაბამისად. განოყიერების საშუალო საორიენტაციო ნორმები შეადგენს: ორგანული ნივთიერებები (კომპოსტი, ნაკელი და სხვა) — 15 -20 ტონა, მინერალური ნივთიერებები: აზოტი -90 — 120 კგ/ჰა; ფოსფორი — 90 — 120 კგ/ჰა; კალიუმი 60 – 90 კგ/ჰა.

სასუქის შეტანის პერიოდებია: ორგანული ნივთიერებები (კომპოსტი, ნაკელი და სხვა) — შემოდგომა ან გაზაფხული, მინერალური ნივთიერებები — შემოდგომაზე, ადრე გაზაფხულზე ან ვეგეტაციის პერიოდში.

ატმის წარმატებული მოყვანა შეუძლებელია მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ მიზანმიმართული ინტეგრირებული დაცვის გარეშე. ატამს განსაკუთრებით აზიანებს დაავადებები: ფოთლის სიხუჭუჭე და კლასტეროსპოროზი და მავნებლები (ბუგრები, აღმოსავლური ნაყოფჭამია, ტკიპები).

ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებაა კვირტების დაბერვამდე სპილენძის პრეპარატების გამოყენება, ხოლო მავნებლების წინააღმდეგ შესაბამისი ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების გამოყენება.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლის მექანიკურ ღონისძიებებს (ჩამოცვენილი ფოთლებისა და ანასხლავის დროული გატანა ბაღიდან) და გენეტიკურ მეთოდს-შედარებით გამძლე ჯიშების შერჩევა.

გასხვლა-ფორმირება

ატამი ძირითადად მსხმოიარობს ერთწლიან ნაზარდებზე, ამიტომ მოსავლის ერთხელ მიღების შემდეგ, ტოტი აღარ იძლევა მოსავალს.

ამ თავისებურების გამო, გასხვლის გარეშე ატამს მიდრეკილება აქვს ტოტების გაშიშვლებისკენ, მსხმოიარობის პერიფერიაზე გადანაცვლებისა და ნაყოფების სიწვრილისკენ.

რამდენიმე წლის გაუსხლავი ატამი სიმაღლეში აღწევს 4-5 მეტრს და შემდეგ ხმება, ამიტომ მის გასხვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ატმის გასხვლის მიზანია, მივიღოთ ყოველწლიური ნაზარდი, რომელიც განლაგებულია ხის ქვედა ნაწილებში, რათა არ მოხდეს მსხმოიარობის ზემოთ გადანაცვლება.

ატმისა და ნექტარინის ფორმირების საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს ჯამისებრი ფორმირება, თუმცა ინტენსიურ ბაღებში მიმართავენ ლიდერულ, შპინდელის, იფსილონისებურ და ტატურას ტიპის ფორმირებასაც.

მაღალი და სტაბილური მოსავლის მისაღებად, აუცილებელია მცენარის წყლით სტაბილური უზრუნველყოფა.

გავრცელებულია და რეკომენდებულია მორწყვის შემდეგი მეთოდები:

წვეთოვანი მორწყვა — სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში საჭიროა საშუალოდ 25 -30 მორწყვის ჩატარება, თითოეული მორწყვა 6-8 საათის განმავლობაში.

მოღვარვით ან კვალში მორწყვა — რეგიონების შესაბამისად, 5- 6 ჯერ სეზონზე, 600 -800 მ3 1 მორწყვაზე.

მოსავლის აღება

ხილის კრეფა ყველაზე დაძაბული და საპასუხისმგებლო პერიოდია ატმის ბაღში. არადროულ და მოსავლის არასწორ აღებას შეუძლია მოსავლის დიდი დანაკარგი გამოიწვიოს და შესამჩნევად დააქვეითოს პროდუქციის ხარისხი.

კრეფა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მშრალ ამინდში, წვიმიანი ამინდის შემდეგ კრეფა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაყოფზე წვეთები აღარ იქნება. თუ ხილი დანამულია, კრეფა უნდა გადაიდოს 1-2 საათით, ნამის გაშრობამდე.

კრეფის დროს ხის ვარჯი პირველ და მეორე იარუსებად ნაწილდება, ნაყოფი იკრიფება ჯერ ქვედა იარუსის, შემდეგ კი, ზედა იარუსის ტოტებზე.

ატმის კრეფა ხორციელდება შემდეგნაირად: ნაყოფი ხელისგულში თავსდება, შემდეგ ნაყოფის გვერდზე გადაწევის გზით ხდება ნაყოფის კრეფა. დაუშვებელია ნაყოფის ტოტიდან ქვევით ჩამოგლეჯა. კრეფის დროს თავიდან უნდა იყოს აცილებული ნაყოფის ერთმანეთთან მიხეთქება და დაჟეჟვა.

აღსანიშნავია, რომ ხილის კანის შენარჩუნება მექანიკური დაზიანების გარეშე განაპირობებს შენახვის გახანგრძლივებას.

კრეფის დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ნაყოფებს ბუსუსი ნაკლებად გაეცალოს, სანაყოფე ტოტები არ დაზიანდეს და არ დაიმტვრეს. მკრეფავებმა უნდა იმუშაონ თითებიანი მოქნილი ხელთათმანებით, შიშველი ხელით კრეფისას ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ხელის თითებზე ფრჩხილები არ იყოს წამოზრდილი.

შენახვა

ატმის შენახვის პერიოდი მერყეობს ჯიშების მიხედვით და საშუალოდ შეადგენს 2-3 კვირას. შენახვის ტემპერატურა შეადგენს 0 — 10C -ს.

„ჩვენი სოფელი“

დააზღვიეთ მოსავალი, გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები — გაზარდეთ საკუთარი შემოსავალი! აგროკავკასია გისურვებთ წარმატებებს!

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
299 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3679 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB