ატამი – ატმის დარგვა, ბაღის გაშენება და რამდენიმე ჯიში

ატამი, ბაღის, გაშენება

ზოგადი ინფორმაცია

ატამი (ლათ. Prunus persica) — ვარდისებრთა ოჯახის ხეხილოვანი მცენარეა. ატმის სამშობლო ჩინეთია. ატმის 5 ათასამდე კულტურული ჯიშია გამოყვანილი.

ატმის ხე ან ბუჩქი იზრდება 3-8 მ-მდე, ფოთოლი ლანცეტისებრია, ორსქესიანი ყვავილის გვირგვინის ფურცლები ვარდისფერი ან აგურისფერია, ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) სხვადასხვა სიმსხოსია, წონით 250 გ აღწევს.

შეიცავს (%-ით) 7-12 შაქარს, 0,08-1,02 მჟავებს, 0,5-1,2 პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებსა და სხვა.

სითბოს მოყვარული, სიცხისა და გვალვის ამტანი მცენარეა. კარგად და ხანგრძლივად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგებზე. ატმის კულტურას საქართველოსთვის სამრეწველო მნიშვნელობა აქვს.

ატამი ადრე შედის მსხმოიარობაში. მოსავალს იძლევა დარგვიდან მე-2-3 წელს, ხასიათდება ხანმოკლე სიცოცხლით (12-15 წელი), თუმცა ჯიშის, საძირისა და გარემო პირობებისაგან შესაბამისად  შეიძლება იცოცხლოს 20-25 წლამდეც.

საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 20 – 25  ტონა/ჰა-ზე შეადგენს, ნექტარინების მოსავლიანობა ჩვეულებრივ 15-20 %-ით ნაკლებია მათთან შედარებით.

გამრავლება

ატამს ამრავლებენ ვეგეტაციურად – კალმისა და კვირტის მყნობით.

ნიადაგი მჟავიანობა: pH = 6,0-7,5;

დარგვის სქემა

ატმის ფორმირება ხდება თასისებრი (ლარნაკისებრი) და პალმეტური სისტემის მიხედით.

  • თასისებრისისტემით ფორმირების დროს ატმის ხეები ირგვება რიგთაშორის 5-7 მეტრის მანძილზე და რიგში მცენარეთა შორის 4-5 მეტრის დაშორებით.
  • პალმეტური სისტემის ფორმირებისას მიღებულია რგვის შემდეგი მანძილები: რიგთაშორის 5-6 მეტრი, და მცენრეთა შორისაც 5-6 მეტრი.

ბაღში ხეებს შორის მანძილი დამოკიდებულია შერჩეულ საძირეებზე. ატმის ბაღებში ხეებს შორის მანძილი, ჩვეულებრივ ტრადიციულ ბაღებში, შეადგენს 4X5 მ-ს ან დაახლოებით, 500 ხეს ერთ ჰექტარზე.

ინტენსიურ ბაღებში ხეებს შორის მანძილი 1.2 მეტრამდეა შემცირებული. ეს კი შესაძლებელია ნაკლებად ძლიერი საძირეების გამოყენებით, როგორიცაა Ishtara ან Adesoto.

ნიადაგის დამუშავება

ბაღის გაშენებამდე შერჩეულ ფართობზე უნდა ჩატარდეს ნიადაგის ღრმად დამუშავება (პლანტაჟი) 40-45 სმ-ის სიღრმეზე. ნიადაგის აგრო-ქიმიური გამოკვლევის საფუძველზე ორგანულ-მინერალური სასუქისა (ფოსფოროვან- კალიუმიანი) და ქიმიური მელიორანტების შეტანა, ნიადაგის ჯვარედინული მოხვნა და დაფარცხვა.

ნერგების დარგვამდე ერთ ჰექტარზე უნდა შევიტაოთ ორგანული სასუქი (გადამწვარი ნაკელი, ტორფნაკელიანი, ტორფდოლომიტიანი და სხვა ორგანული წარმომავლობის მასა) დაახლოებით 50-80 ტონის ოდენობით. ფოსფოროვანი სასუქი 350-500 კგ და კალიუმიანი სასუქი 250-400 კგ/ჰა-ზე.

დარგვის წინ ორი კვირით ადრე უნდა მომზადდეს ორმოები 30-40 სმ-ის სიღრმის და 60 სმ-ის დიამეტრის. აღნიშნულ ორმოებში ნერგები ისე უნდა ჩაირგოს, რომ მყნობის ადგილი უნდა დარჩეს ნიადაგის ზედაპირიდან 4-5 სმ- ს ზევით.

ახლად გაშენებულ ბაღში პირველ სამ წელიწადს უნდა მოხდეს მცენარის ირგვლივ ნიადაგის სისტემატური დამუშავება გაფხვიერება — გამოთოხნით, მულჩირებით, რიგთაშორისებში კულტივაციით, პარკოსანი მცენარისა და სიდერატების გამოთესვით, რომელიც ყვავილობის ფაზაში ჩაიხვნება ნიადაგში.

ეს შავადხნული ანუ ანეული ატმის ნიადაგის მოვლის ერთადერთი გავრცელებული მეთოდია, რომელიც გულისხმობს ნიადაგის მუდმივ დამუშავებას (მოხვნას) შემოდგომაზე ან გაზაფხულზე 12-17 სმ-ის სიღრმეზე სეზონში 3-4-ჯერ 4-5 წლის განმავლობაში.

შემდეგში 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა დავთესოთ მწვანე სიდერატები.

როგორ მოვრწყათ ატმის ბაღი

ატმის ხე კვლებში ირწყვება, ახალშენ ბაღებში ხეების ყოველი რიგის ორივე მხრიდან ავლებენ თითო კვალს, ხოლო მოზრდილ ნაყოფმსხმოიარე ბაღებში რიგთაშორისებში გაჰყავთ 3-4 კვალი.

სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ატმის ხე რამდენჯერმე ონდა მოირწყას. პირველად ადრე გაზაფხულზე ნალექების ნაკლებობის შემთხვევაში, ყვავილობის დაწყებამდე დაახლოებით 10 დღით ადრე.

მორწყვა პერიოდულად გრძელდება ნალექებისდა მიხედვით და წყდება ხილის მოკრეფამდე 15 დღით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში უარყოფითად იმოქმედებს ნაყოფის ხარისხზე. მოსავლის აღების შემდეგ სავეგეტაციო პერიოდის დამთავრებამდე კიდევ ერთი-ორჯერ უნდა მოირწყას.

ატმის ხის ფესვთა სისტემა თითქმის მთლიანად ნიადაგის ზედაპირთან ახლოს არის განლაგებული, რის გამოც მორწყვისთვის შედარებით მცირე რაოდენობის წყალი გამოიყენება. არ უნდა დავაჭაობოთ. ძალიან გვიან მორწყვამ შეიძლება ხეები მოყინოს.

ატმის ხის ვარჯის ფორმირება

დარგვიდან პირველი წლის გაზაფხულზე ერთწლიანი ვარჯჩამოუყალიბებლი ნერგის ტანს გადავჭრით ნიადაგიდან 50-70 სმ სიმაღლეზე და ვარჯის ქვეშ დავტოვოთ კვირტების საკმარისი ნაწილი, საიდანაც მომავალში ჩოჩხის ტოტები ამოიყრება.

თუ ნერგებს აქვთ ნაადრევი ტოტები, ისინი უნდა დავამოკლოთ 1-2 კვირტზე.

მომავალი წლის გაზაფხულზე ამოვარჩევთ 5-6 ყველაზე კარგად განვითარებულ და მოსახერხებლად განლაგებულ ყლორტს, დანარჩენ ყლორტებს მოვაცილებთ. ივნისის მიწურულს, როდესაც ყლორტების სიგრძე 50-60 სმ-ს მიაღწევს 3 მათგანს შევარჩევთ ჩონჩხის ფორმირებისთვის.

შერჩეული ყლორტები თანაბარ ზომიერად უნდა იყოს განლაგებული ხის ტანთან, ჰქონდეთ დაახლოებით 1200 გაშლილობის კუთხე და ერთმანეთისგან დაშორებული უნდა იყოს დაახლოებით 15 სმ-ით. დანარჩენ ყლორტებს 2-3 კვირტზე ვამოკლებთ.

ატმის თავისებურება

გასხვლის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ატმის მხოლოდ ორწლიანი ტოტები იძლევა ნაყოფს. ამიტომაც გასხვლის დროს საჭიროა გასული წლის ის ტოტები გავსხლათ,  რომლებმაც ნაყოფი მოგვცეს. ერთწლიანი ტოტები კი ხელუხლებლად უნდა დავტოვოთ, რადგანაც მიმდინარე წელს ნაყოფს სწორედ მისგან მივიღებთ.

ატმის ჯიშები ძირითადად 3 ჯგუფად იყოფა:

  • ნამდვილი ატმები (საპობი) – შებუსული ზედაპირით;
  • პავიები (სახრავი) – შებუსული ზედაპირით;
  • ნექტარინები (ვაშლატამა) – შეუბუსავი ზედაპირით.

აგროკავკასია

საქართველოში გავრცელებული ატმის რამდენიმე ჯიში:

საზოგადო სახელი: ატამი

სახეობის  სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch

ჯიშის სახელწოდება: Prunus persica ‘Kartuli Atami’  –  ქართული ატამი

წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშ-პოპულაციაა,  ხასიათდება პოლიმორფულობით.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.
ხის ფორმა: მრგვალი, გადაშლილი.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო, ვარდისებრი ტიპის ყვავილებით.
ნაყოფის ფერი: ძირითადი ფერი -თეთრი, მზის მხარეს ზოგჯერ წითელი ელფერით.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი,  სიმეტრიულად განვითარებული.
ნაყოფის ზომა: წვრილი-საშუალო, საშუალო მასა100 –  120გრამი. შებუსვა – დაბალი, ხშირი.
რბილობი: თეთრი ან ყვითელი, წვნიანი, კურკა რბილობს ადვილად სცილდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი: მწიფდება და იკრიფება აგვისტოს ბოლოდან.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: მაღალი.
საგემოვნო თვისებები: მომჟავო-მოტკბო, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხდება თესლით ნაზარდი პოპულაციების სახით აღმოსავლეთ საქართველოს  მეხილეობის ძირითად  რეგიონებში, სამრეწველო მნიშვნელობა არ აქვს.
დამატებითი ინფორმაცია: გამძლეა დაავადებების  მიმართ, გამოიყენება სანერგეებში, როგორც საძირე.

წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები. (1978).  საქართველოს მეხილეობა.

ჯიშის სახელწოდება: Prunus persica ‘Gavazuri’  –  გავაზური

წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, გვხვდება ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა: მრგვალი, გადაშლილი.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო, ვარდისებრი  ტიპის ყვავილებით.
ნაყოფის ფერი: ძირითადი ფერი – ყვითელი, მზის მხარეს წითელი შეფერვით
ნაყოფის ფორმა: ოვალური ფორმის, ზოგჯერ ბოლოში ნიკარტით, ღარი ნაკლებად ეტყობა.
ნაყოფის ზომა: საშუალო, საშუალო მასა120-140 გრამი. შებუსვა – ხშირი, დაბალი.
რბილობი: ყვითელი, მკვრივი კონსისტენციის, წვნიანი, კურკა რბილობს არ სცილდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი: მწიფდება და იკრიფება სექტემბრის მე-2-3 დეკადაში (კახეთი).
დაავადებების მიმართ გამძლეობა: სუსტი.
საგემოვნო თვისებები: მაღალი, ძლიერ ტკბილი, სიმწკლარტით.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: ზიანდება სიხუჭუჭით.

წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა

ჯიშის სახელწოდება: Prunus persica  ‘KakhuriTetri’  (=Prunus persica  ‘GurjaanisTetriSakhravi’) – თეთრი კახური, გურჯაანის თეთრი სახრავი

წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, გვხვდება გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.
ხის ფორმა: მრგვალი.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო.
ნაყოფის ფერი: ძირითადი ფერი-თეთრი.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი  ფორმის,ღარი სუსტად ემჩნევა, ზოგჯერ ნისკარტით.
ნაყოფის ზომა: მსხვილი. საშუალო მასა160-180გრ. შებუსვა – დაბალი.
რბილობი: თეთრი, საკმაოდ წვნიანი, კურკა რბილობს არ სცილდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი: მწიფდება და იკრიფება სექტემბრის ბოლოს (კახეთი).
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო.
საგემოვნო თვისებები: კარგი, ოდნავი სიმჟავით.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო მსხვილნაყოფა ჯიშია.

წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა

ჯიშის სახელწოდება: Prunus persica ‘Skris Saadreo’- სკრის საადრეო

წარმოშობა: ადგილობრივი სელექციური ჯიშია, მიღებულია  თ. ცერცვაძის  მიერ,  1951  წელს. ხიდისთაური ვარდისფერი #18  X  გრინსბოროს შეჯვარებით.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა: მომრგვალო-პირამიდული.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო-საგვიანო.
ნაყოფის ფერი: ძირითადი ფერი-ღია ყვითელი. შებუსვა – სუსტი.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი ფორმის.
ნაყოფის ზომა: საშუალო. მასა120-140 გრამი.
რბილობი: თეთრი, მკვრივი, წვნიანი,  კურკა რბილობს არ სცილდება
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი: მწიფდება და იკრიფება ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში (შიდა  ქართლის პირობებში).
დაავადებების მიმართ გამძლეობა: მაღალი.
საგემოვნო თვისებები: გამორჩეულად  კარგი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: ადრეული სიმწიფის ტრანსპორტაბელური ჯიშია.

წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა

ჯიშის სახელწოდება: Prunus persica ‘Khirsuli’  –  ხირსული

წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, გვხვდება კახეთში, მრავლდება თესლნერგების სახით.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო, ზარისებრი ტიპის ყვავილებით.
ნაყოფის ფერი: ძირითადი ფერი – ყვითელი, მზის მხარეს წითელი შეფერვით.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი  ფორმის, ზოგჯერ არათანაბარი.
ნაყოფის ზომა: მსხვილი  სიდიდის. საშუალო მასა 180-210 გრ, შებუსვა – საშუალო სიდიდის.
რბილობი: ყვითელი, მკვრივი კონსისტენციის, წვნიანი,  კურკა რბილობს არ სცილდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი: მწიფდება და იკრიფება სექტემბრის მე-3 დეკადაში (კახეთი).
დაავადებების მიმართ გამძლეობა: მაღალი.
საგემოვნო თვისებები: მაღალი, ტკბილი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: ნაკლებად ზიანდება კლასტეროსპოროზითა და სიხუჭუჭით.

წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა

ჯიშის სახელწოდება: Prunus persica ‘Shakhargula’  –  შაქარგულა

წარმოშობა: ადგილობრივი სელექციური ჯიშია, მიღებულია  ბესტავაშვილის მიერ, 1945 წელს.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო  ზრდის.
ხის ფორმა: მრგვალი.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო, ყვავილი – ვარდისებრია.
ნაყოფის ფერი: ძირითადი ფერი – ყვითელი.  მზის მხარე წითელი ლოყით. შებუსვა – მოკლე ხავერდისებური.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი ფორმის, ღარი ოდნავ ემჩნევა.
ნაყოფის ზომა: საშუალო, საშუალო-მსხვილი. მასა160-180 გრამი.
რბილობი: თეთრი, მკვრივი კონსისტენციის, ნაკლებად წვნიანი, კურკა რბილობს ნახევრად სცილდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი: მწიფდება და იკრიფება სექტემბრის პირველი დეკადიდან (შიდა  ქართლის პირობებში).
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო.
საგემოვნო თვისებები: სასიამოვნო, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება საკოლექციო ნარგაობებში
დამატებითი ინფორმაცია: ხასიათდება ტკბილი გულით.

წყაროები: ვ. კვალიაშვილი  (2004 ), ატმის სელექცია საქართველოში. ს/მ მეცნიერებათა დოქტორის დისერტაციის ავტორეფერატი.

ჯიშის სახელწოდება: Prunus persica ‘KakhuriKviteli’ – კახური ყვითელი

წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, გვხვდება კახეთის მუნიციპალიტეტებში.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.
ხის ფორმა: პირამიდული.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო, ვარდისებრი  ტიპის ყვავილებით.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი – ყვითელი, ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია ალისფერით.
ნაყოფის ფორმა:  მრგვალი  ფორმის, სიმეტრიულად განვითარებული.
ნაყოფის ზომა: მსხვილი. საშუალო მასა160 –  180გ. შებუსვა – დაბალი.
რბილობი: ყვითელი, წვნიანი,  კურკა რბილობს არ სცილდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი: მწიფდება და იკრიფება სექტემბრის მე-3 დეკადაში (კახეთი).
დაავადებების მიმართ გამძლეობა: მაღალი.
საგემოვნო თვისებები: კარგი, ტკბილი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: ტრანსპორტაბელურია და კარგად ინახება.

წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა

ჯიშის სახელწოდება: Prunus persica ‘KhidistauriVardispheri ‘ –  ხიდისთაური  ვარდისფერი

წარმოშობა: ძველი ადგილობრივი ჯიშია, სავარაუდოდ,  წარმოშობილია ს. ხიდისთავში (გორის მუნიციპალიტეტი), სინონიმი: შადინოვის.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.
ხის ფორმა: ზემოთ მიმართული, სწორმდგომი.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო, ვარდისებური ტიპის ყვავილებით.
ნაყოფის ფერი: ძირითადი ფერი-თეთრი, მფარავი ფერი –  ვარდისფერი.
ნაყოფის ფორმა: კვერცხისებური ფორმის, ზოგჯერ გამოხატული ნისკარტით.
ნაყოფის ზომა: საშუალო-საშუალო მსხვილი  სიდიდის. საშუალო მასა 140-170 გრამი.
რბილობი: თეთრი, კურკასთან წითლად შეფერილი, მკვრივი კონსისტენციის, წვნიანი,  კურკა რბილობს არ სცილდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი: მწიფდება და იკრიფება აგვისტოს დასასრულისთვის (შიდა  ქართლის პირობებში).
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო.
საგემოვნო თვისებები: მაღალი, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: ტრანსპორტაბელურია, ვერ იტანს გვალვას და წვრილდება.

წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა

ჯიშების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა:  ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“.

იხილეთ გარეთვე: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები

თქვენი რეკლამა