ალუჩა – დარგვა, სხვლა-ფორმირება, ჯიშები, ბაღის გაშენება

ალუჩა, ალუჩის, აგროწესები

ალუჩა მრავალწლიანი ხეხილოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან. ის უეკლო, სითბოს მოყვარული ხეა, რომელიც ძირითადად, ზღვის დონიდან 500-700 მ სიმაღლეზე ხარობს.

მისი ველურად მზარდი ტიპები საკმაოდ ფართო არეალშია გავრცელებული მცირე აზიასა და კავკასიაში. სახეობებიდან გამოიყოფა სამი ქვეჯგუფი: ტიპური ალუჩა (კავკასიური ველური), აღმოსავლური ალუჩა და მსხვილნაყოფა ალუჩა.

ალუჩა შეიცავს 13%-მდე შაქარს, 5% ორგანულ მჟავებს, 1,5 % პექტინურ და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ანტოციანებს, ვიტამინებს – B2 , B, E, P1 ,PP.

ალუჩის ნაყოფი გამოიყენება ნედლი და კონსერვირებული სახით. ნედლი სახით განსაკუთრებით ფასობს მსხვილი ნაყოფი, რომელსაც სასიამოვნო მომჟაო-მოტკბო გემო ახასიათებს.

ალუჩა განსაკუთრებით გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – ლაგოდეხის რაიონში. ის ერთ-ერთი რენტაბელური ხეხილოვანი კულტურაა, ის ამ მხრივ არ ჩამორჩება ვაშლს, ქლიავსა და ატამს.

ბოტანიკური მახასიათებლები

ალუჩის ხე 4-13 მ სიმაღლისაა. ახალგაზრდა ხეების კანის ქერქი პრიალაა. კვირტები – შიშველია, ყვავილი – ბურთისებრი, თეთრი, რომელიც განლაგებულია მორიგეობით. ფოთლები – წაგრძელებული ოვალური ან წაწვეტებული (ზოგჯერ, დაკბილული კიდეე- ბით). ზოგიერთ ჯიშს ფოთლების ზედაპირი სუსტი ბუსუსებით აქვს დაფარული.

ალუჩის ნაყოფი სხვადასხვა ფორმისაა – მომრგვალო ან წაგრძელებული. მისი დიამეტრი 50 მმ-მდე აღწევს. ზოგიერთ ჯიშს მკვეთრად აქვს გამოხატული ღარი ნყოფის შუაში ან ღრმული ყუნწთან. გარეკანის შეფერილობა – მკრთალი ყვითელი, მწვანე (ზოგჯერ გადადის იასამნისფერშიც).

ნაყოფი, ჯიშებიდან გამომდინარე, დაფარულია სხვადასხვა სისქის ცვილისებრი ნაფიფქით. რბილობი – არის წვნიანიც და ხრაშუნაც, მწვანე, ყვითელი ან ვარდისფერი.

ალუჩა სწრაფად შედის მსხმოიარობაში. მოყვავილე კვირტები ერთწლოვან ნერგებს უკვე სანერგეშივე ესახებათ. პირველი ნაყოფი გადარგვიდან მეორე-მესამე წელს ჩნდება. მაღალი აგროტექნიკის ფონზე, ახალგაზრდა ხეების მსხმოიარობა, შესაძლებელია 30-40 კგ-ს აღწევდეს.

ალუჩის ყვავილები, სხვა კურკოვნების ყვავილებთან შედარებით, გაცილებით ყინვაგამძლეა. მათ ყვავილობის პერიოდში შეუძლიათ გადაიტანონ -2ºC-მდე წაყინვები.

ჯიშები

ალუჩის არსებული ჯიშები, მომწიფების ნიშნის მიხედვით იყოფა საადრეო, საშუალოდ საადრეო, საშუალო და საგვიანო ჯიშებად. საადრეო ჯიშის ნაყოფი ივნისის ბოლოს მწიფდება. საშუალო ჯიშის კი – ივლისის მეორე ნახევარში.

ქართული ალუჩის ჯიშებია: იმერული ალუჩა, მეჩიბუხეს ალუჩა, ბაკურიანის ალუჩა (საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება).

ქართული, ირანული და სომხური ჯიშის ალუჩების მსხმოიარობა შესაძლებელია 35- 45 წელი გაგრძელდეს. ალუჩის ბაღის კომერციული მიზნით ექსპლუატაცია რეკომენდებულია 20-25 წლის მანძილზე.

კომერციული ჯიშები ხასიათდებიან საკმაოდ მსხვილი – არა ნაკლებ 25-30 გრ ნაყოფით, რბილობი მკვრივია და ხრაშუნა, კანი – ინტენსიურად შეფერილი.

განსაკუთრებით მსხვილნაყოფიანობით გამოირჩევიან ჰიბრიდული ალუჩის ტიპები: ლიხნი, სამხრეთის ლამაზმანი, მეჩიბუხე, გოგჯა და სხვა.

მიუხედავად რიგი დადებითი თვისებებისა, წვრილნაყოფა ჯიშები, როგორიცაა: კულტურული წითელი, გაზაფხულის მერცხალი და სხვა, ვერ პასუხობენ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და ჩამორჩებიან მსხვილანყოფა ჯიშებს.

ინტენსიური წარმოებისათვის საუკეთესოა ისეთი ჯიშები როგორიცაა აშტარაის N1, ის- ფაჰანის კარმირი და გრანიტი.

ნიადაგის შერჩევა

ალუჩის მაღალი და სტაბილური მოსავალი დამოკიდებულია მისი გასაშენებელი ადგილის სწორ შერჩევაზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხელსაყრელი ტემპერატურული რეჟიმის შერჩევას. აუცილებელია, ნიადაგის დატენიანების რეჟიმისა და მორწყვის შესაძლებლობის გათვალისწინება

მცენარე კარგად ვითარდება საშუალო მექანიკური შემადგენლობის ნიადაგზე. იგი კარგად იტანს მცირეხნიან დატბორვასაც, თუმცა, ვერ ეგუება ნიადაგს, სადაც გრუნტის წყლები ნიადაგის ზედაპირიდან 1,2 მეტრზე ახლოს მდებარეობს.

ალუჩის ხე კარგად ვითარდება მსუბუქი შემადგენლობის კარბონატული ნიადაგზე, სადაც ნაკლებად ავადდება ქლოროზით. თუმცა, კირის შემცველობა ნიადაგის 0-80 სმ ფენაში არ უნდა აღემატებოდეს 40 %-ს. ხოლო, ნიადაგის pH უნდა იყოს არა უმეტეს 8,2 (ოპტ. pH=6,5-7,5).

ნიადაგის მარილიანობის მიმართ ალუჩა ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მცენარეა. მის ფესვთა სისტემას შეუძლია აიტანოს ნიადაგ- ში 1,5-2 მგ/მოლ ქლორიდებისა და 4-5 მგ/ მოლი სულფატების შემადგენლობა.

პლანტაციის გაშენება

ნერგების ჩარგვისას, მყნობის ადგილი უნდა დარჩეს ნიადაგის ზედაპირზე. უფრო ღრმა დარგვის შემთხვევაში, შეიძლება ნამყენმა საკუთარი ფესვთა სისტემა განავითაროს.

დარგვის შემდეგ, აუცილებელია ნერგის გადაჭრა, მორწყვა და მიწის შემოყრა.

კარგი შედეგები მიიღება ღეროს გარშემო ნიადაგის პოლიეთილენის ფირით, ნახერხით, ნამჯით და სხვა შესაბამისი საშუალებით დამულჩვის შემთხვევაში.

ნერგები ირგვება 7X5 მ, 7X4 მ, 6X4 მ ან 6X3 მ. კვების არით (ნიადაგის ნაყოფიერებიდან და ჯიშური მახასიათებლებიდან გამომდინარე).

დარგვისას, აუცილებელია, საერთო ნარგაობაში გათვალისწინებული და შერჩეული იქნას 2-3 დამამტვერიანებელი ჯიში.

სხვლა – ფორმირება

ალუჩის ხეებისათვის გამოიყენება ვარჯის ფორმირების სხვადასხვა ფორმა – უიარუსო, მეჩხერიარუსიანი, ბრტყელი, ჯამისებური და სხვა.

ალუჩის უმეტესი ჯიშებისთვის საუკეთესოდ ითვლება რომბისებური ფორმის ვარჯი. ამ შემთხვევაში, მცენარეზე ტოვებენ 2 ან 4 ძირითად ტოტს, მათ ხრიან გვერდებზე სწორი მიმართულებით და აშორებენ შიდა ტოტებს.

ახალგაზრდა ხეების ფორმირება იწყება პირველივე წლიდან, რადგან ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში ხეები წარმოქმნიან ძლიერ და დატოტვილ ამონაყარს.

მეორე წლის ნარგავების სუსტი ზრდის შემთხვევაში შემოიფარგლებიან მხოლოდ სუსტი სხვლით. ძლიერი ზრდის შემთხვევაში მიმართავენ ტოტების მეორე იარუსის ფორმირებას, ხოლო, დანარჩენ ტოტებს ამოკლებენ.

გადარგვის პირველ წელს მაის-ივნისში ხეს აცილებენ შტამბზე ფორმირებულ ყველა ტოტს, რომელიც არ არის საჭირო ძირითადი ვარჯის ფორმირებისათვის. ივლისში ყლორტების მძლავრი ზრდის შემთხვევაში, მიმართავენ მათ დამოკლებას 20-30 სმ-ით, რაც ხელს უწყობს გვერდითი კვირტების გაღვიძებას და ახალი იარუსის ფორმირებისათვის საჭირო ტოტების წარმოქმნას.

ალუჩის მსხმოიარობაში შესვლიდან (მე-3 მე-4 წელი) სხვლა უნდა იყოს მინიმალური და ემსახურებოდეს მხოლოდ ხის ინტენსიურ ზრდას. მსხმოიარობის დაწყებისას, მაქსიმალური მოსავალი მიიღება ხეებიდან, რომლებიც პირველ წელს არ გასხლულან.

თუმცა, სხვლის გარეშე, ალუჩის უმეტეს ჯიშებს უვითარდებათ ძალიან ჩახშირებული ვარჯი, რომელიც ართულებს შემდგომი ექსპლუატაციის პროცესს და მკვეთრად ამცირებს ნაყოფის ხარისხს.

ნიადაგის განოყიერება

ალუჩა ერთ-ერთი მაღალმოსავლიანი კულტურაა, ამიტომ იგი საჭიროებს მინერალური ელემენტების საკმაოდ დიდ რაოდენობას – პირველ რიგში აზოტსა და კალიუმს, შედარებით ნაკლებად კი ფოსფორს.

ალუჩის ბაღში მაღალეფექტურია ორგანული სასუქის შეტანა. ნიადაგის ნაყოფიერებიდან გამომდინარე მიმართავენ NPK-ს შეტანას. აზოტოვანი სასუქები უნდა შევიტანოთ ყოველწლიურად. ამასთან, მნიშვნელოვანია სასუქების ნიადაგში ჩაკეთების სიღრმე. ზედაპირული შეტანა ეფექტურია მხოლოდ სარწყავ პირობებში ან სიდერატების ქვეშ.

სასუქების ოპტიმალური დოზები სრულად გამოიყენება მხოლოდ ხეების მასიურ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ.

ალუჩა ცუდად ხარობს ძლიერ მჟავე და ტუტე ნიადაგებზე. მისთვის ოპტიმალური რეაქციაა pH 6,5-7,5.

ვეგეტაციის მანძილზე, ალუჩას აზიანებს რამდენიმე სახის მავნებელი: ბუგრები, ფოთოლხვევიები, ფაროსანა, აკაციის ალურა და სხვა.

გზა ფერმერობისკენ/საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

იხილეთ აგრეთვე: ტყემალი – დარგვა, მოვლა-მოყვანა, ბაღის გაშენება

თქვენი რეკლამა