ალუბალი — დარგვა, მოვლა, გასხვლა, ბაღის გაშენება და ჯიშები

3598 Views Comment Off

ზოგადი ინფორმაცია

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) — ვარდისებრთა ოჯახის მერქნიანი მცენარეა, აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები, შეკრებილი ქოლგა ყვავილედებად.

ალუბლის ნაყოფი წვნიანი და გემრიელია. მისი ქიმიური შემადგენლობა ასეთია: წყალი — 80%, შაქარი — 10-17,3%, მჟავები — 0,8-2,4%, ნახშირწყლები — 20%, აზოტოვანი ნივთიერებები — 0,7%, უჯრედისი — 6%, მთრიმლავი ნივთიერება — 0,15-0,88%.

ალუბლის ახალმოკრეფილი ნაყოფს სამკურნალო თვისებები აქვს. კერძოდ, შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გლუკოზასა და ფრუქტოზას, ასევე B1, B6, C, E, K და PP ვიტამინებს.

გავრცელება

ალუბალი გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში გვხვდება ზღვის დონიდან 1600 მ-მდე. ვარაუდობენ, რომ ალუბალი წარმოიშვა ბლისა და ბალამწარას შეჯვარებით.

მორფოლოგიური და ბიოლოგიური თავისებურებები

ალუბლის ხე ტანდაბალია 3-6 მ. გვხვდება ბუჩქადაც. ცოცხლობს 20-30 წელს. ნარგაობის საექსპლუატაციო ხანგრძლივობა 15-20 წელია. ახასიათებს ფესვის ამონაყარი. მსხმოიარობს გასული წლის ნაზარდებზე და სანაყოფე თაიგულებზე. ალუბლის ჯიშები შეიძლება იყოს თვითსტერილი და თვითფერტილიც.

ნაყოფის შეფერვის მიხედვით ალუბლის  ჯიშები იყოფა სამ ჯგუფად: მორელები ანუ გრიოტები, მუქი ნაყოფებით და შეფერილი წვენით;  ამორელები – ვარდისფერი ნაყოფებით და შეუფერავი წვენით; დიუკები – ბლისა და ალუბლის ჰიბრიდები, მუქი მსხვილი ნაყოფებით.

ალუბალი ყინვაგამძლეა, ადრემსხმოიარე (მოსავალს იძლევა დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს) და მაღალმოსავლიანი (დაახლოებით 10 ტ ჰა-ზე).

კულტურის ფორმებში განასხვავებენ 2 ჯგუფს — ბუჩქოვანსა და ხისებრს, ისინი განსხვავდებიან როგორც გარეგნულად ისე მსხმოიარობით. ბუჩქოვანთა ნაყოფი მუქი ფერისაა, თითქმის შავი (ასეთ ნაყოფს მორელი ანუ გრიოტი ეწოდება).

ალუბალს ამრავლებენ თესლით, ფესვის ამონაყარითა და საძირეზე მყნობით. კარგად ხარობს ალუვიურ-კარბონატულსა და თიხნარ ნიადაგზე.

ნიადაგის მჟავიანობა: pH = 6,5-7,5;

ნიადაგს ძირითადად ამუსავებენ შემოდგომაზე 18-20 სმ-ის სიღრმეზე. სავეგეტაციო პერიოდში აფხვიერებენ 5-6 ჯერ. პირველი გაფხვიერება ტარდება გაზაფხულზე, როგორც კი ნიადაგი გაშრება.

დარგვის სქემა

ალუბლის ხეები შეიძლება დავრგოთ რიგთაშორის 4-5 მ. მანძილზე და რიგში მცენარეთა შორის 4 მ. დაშორებით. მწირ ნიადაგებზე რიგთაშორის უფრო ნაკლები მანძილია დასაშვები.

ალუბლის მორწყვა 

ალუბალი ზამთარ-გაზაფხულზე, საკმარისი ნალექების პირობებში შეგვიძლია არ მოვრწყოთ. თუ ზამთარი და გაზაფხული მშრალია, მოსავლის აღებამდე უნდა მოირწყას ორჯერ, ხოლო მოსავლის აღების შემდეგ კიდევ 1-2 ჯერ. სარწყავი წყლის ნორმა დაახლოებით ჰექტარზე 700-800 კუბ-მეტრია.

ალუბლის ხის ფორმირება გაუმჯობესებული იარუსული სისტემით

ბუჩქოვანი და ხისებრი ალუბლის ფორმირება ერთნაირად ხდება, ტოტებში შეიმჩნევა აშკარად გამოხატული იარუსები, ამიტომ ყველაზე შესაფერისია გაუმჯობესებული იარუსული ვარჯი.

ხეს უნდა დავუტოვოთ 40-50 სმ სიმაღლის შტამბი.

მანძილი ხისებრი ჯიშების იარუსებს შორის უნდა იყოს 60-80 სმ, ხოლო ბუჩქისებრ ფორმებში 50-70 სმ. ჩვეულებრივ ალუბლის ხეებს აქვს 5-6 ჩონჩხის ტოტი, რომლებიც 2 იარუსადაა განლაგებული.

ირგვება ერთი წლის ნერგები, რომლებსაც ვარჯის ღერძზე ჩვეულებრივ რამდენიმე ნაადრევი ტოტი აქვს. ნიადაგის ზედაპირიდან 60 სმ-ზე მაღლა განლაგებული ტოტებისგან სამს ჩონჩხის ტოტებად ამოვარჩევთ, ერთს ხის ვარჯის ღერძისთვის, იგი უნდა იყოს ყველაზე ღონიერი.

ალუბლის ერთი წლის ნაზარდი, როგორც წესი არ მოკლდება, ამოკლებენ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ნაზარდის სიგრძე 60 სმ-ს აღემატება.

მსხმოიარე ალუბლის ხის გასხვლა

მსხმოიარობის დაწყებამდე ალუბლის ხე სწრაფი ზრდით გამოირჩევა, ასევე სწრაფად იზრდება ის მსხმოიარობის დაწყების პირველ წლებში. ამ დროს ერთი წლის ნაზარდს არ ვამოკლებთ, მხოლოდ ვარჯს ვამეჩხრებთ, ძალზე ხშირი რომ არ გამოვიდეს.

როდესაც  ხე სრულ მსხმოიარობაში შედის, მისი ერთი წლის ნაზარდი სუსტდება, ხოლო ჩონჩხის ტოტები და და განტოტვა გაშიშვლებას იწყებენ. ამ პერიოდში უნდა მოვჭრათ მსხმოიარე ტოტების მობერებული ნაწილი, ხოლო ახალგაზრდა ტოტები დავამოკლოთ.

მსხმოიარობის პერიოდში ალუბლის გასხვლის ძირითადი ოპერაცია ვარჯის გამეჩხრებაა.

განოყიერება

ბაღის გაშენებამდე შერჩეულ ფართობზე უნდა ჩატარდეს ნიადაგის ღრმად დამუშავება (პლანტაჟი) 40-45 სმ-ის სიღრმეზე. ნიადაგის აგრო-ქიმიური გამოკვლევის საფუძველზე ორგანულ-მინერალური სასუქისა (ფოსფოროვან-კალიუმიანი) და ქიმიური მელიორანტების შეტანა, ნიადაგის ჯვარედინული მოხვნა და დაფარცხვა.

ნერგების დარგვამდე ერთ ჰექტარზე უნდა შევიტაოთ ორგანული სასუქი (გადამწვარი ნაკელი, ტორფნაკელიანი, ტორფდოლომიტიანი და სხვა ორგანული წარმომავლობის მასა) დაახლოებით 50-80 ტონის ოდენობით. ფოსფოროვანი სასუქი 350-500 კგ და კალიუმიანი სასუქი 250-400 კგ/ჰა-ზე.

პირველ სამ წელიწადს უნდა მოხდეს მცენარის ირგვლივ ნიადაგის სისტემატური დამუშავება გაფხვიერება — გამოთოხნით, მულჩირებით, რიგთაშორისებში კულტივაციით, პარკოსანი მცენარისა და სიდერატების გამოთესვით, რომელიც ყვავილობის ფაზაში ჩაიხვნება ნიადაგში.

2-3 წელიწადში ერთხელ უნდა დავთესოთ მწვანე სიდერატები.

მოსავალი

ალუბლის ნაყოფი წითლდება დამწიფებამდე რამდენიმე დღით ადრე. ჩვეულებრივ იკრიფება ყუნწიანად, გამონაკლისია გადასამუშავებლად განკუთვნილი ნაყოფი.

აგროკავკასია

საქართველოში გავრცელებული ალუბლის რამოდენიმე ჯიში:

ჯიშის სახელწოდებაPrunus cerasus ‘Kartuli Alubali’ – ქართული ალუბალი

წარმოშობა: ქართულ ალუბალი  აერთიანებს, ადგილობრივი წარმოშობის მრავალ კლონს და თესლნერგს, რომლებიც ქართული მჟავე ალუბლის სახელწოდებითააცნობილი. საქართველოში სამრეწველო ალუბლის ერთ-ერთი ჯიშია.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.

ხის ფორმა:მომრგვალო, ან ნახევრად გადაშლილი ფორმის ვარჯი, თხელი განტოტვით.

ყვავილობის პერიოდი: საგვიანოშიდა ქართლის პირობებში (კასპი) ყვავილობს აპრილის II-III დეკადაში.

ნაყოფის ფერი: კანი თხელი, ნაზი, მუქი წითელი.

ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო.

ნაყოფის ზომა: საშუალო სიდიდის. მასა- 3,0 გ. ყუმწი – გრძელი. ნაყოფს ადვილად სცილდება.

რბილობი: მუქი წითელი ფერის, საკმაოდ მკვრივი. საშუალოდ წვნიანი. კურკა პატარაა, მომრგვალო ფორმის.

სიმწიფის და მოხმარების პერიოდი: ფორმების მიხედვით, სიმწიფის ვადები სხვადასხვაა. იწყება ივნისის ბოლოს და გრძელდება – ივლისის ბოლომდე.

დაავადებების მიმართ გამძლეობა: მაღალი.

საგემოვნო თვისებები: მოტკბო-მომჟავო გემოსი, სასიამოვნო არომატით.

დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ  არის გავრცელებული შიდა  ქართლის და ქვემო ქართლის რაიონებში.

დამატებითი ინფორმაცია: ახასიათებს უხვი და რეგულარული მსხმოიარობა. გარემო პირობებისადმი ნალებად მომთხოვნია. ხასიათდება ნაკლები ტრანსპორტაბელობით. გამოიყენება ნედლ ხილად, სამურაბედ, საკომპოტედ, მაღალი ხარისხის წვენების დასამზადებლად.

წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები, საქართველოს მეხილეობა;
ვ. კვალიაშვილი და სხვები, საქართველოს ხილი.

ჯიშის სახელწოდებაPrunus cerasus ‘Mukhranis Alubali’ – მუხრანის  ალუბალი

წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია.აერთიანებს ადგილობრივი წარმოშობის, მრავალ კლონს და თესლნერგს.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.

ხის ფორმა: ვარჯი განიერ-პირამიდალური ფორმის, თხელი დატოტვით.

ყვავილობის პერიოდი:საგვიანო. მუხრანის პირობებში  ყვავილობს აპრილის III დეკადაში.

ნაყოფის ფერი: კანი საკმაოდ მკვრივია, მუქი წითელი. დაჰყვება კანქვეშა წინწკლები.

ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო. საკმაოდ გამოხატული მუცლის ნაკერით.

ნაყოფის ზომა: საშუალო სიდიდის.ყუნწი – გრძელი, წვრილი, ადვილად სცილდება ნაყოფს.

რბილობი: მუქი წითელი ფერის,ნაზი, წვნიანი. კურკა პატარაა, მომრგვალო ფორმის.

სიმწიფის და მოხმარების პერიოდი: სიმწიფეს იწყებს ივლისის III დეკადიდან.

დაავადებების მიმართ გამძლეობა: მაღალი.

საგემოვნო თვისებები: მაღალი, ახასიათებს მოტკბო-მომჟავო გემო, სასიამოვნო არომატით.

დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია შიდა  ქართლში, განსაკურებით – მცხეთის რაიონში.

დამატებითი ინფორმაცია: ახასიათებს უხვი და რეგულარული მსხმოიარობა. გარემო პირობებისადმი ნალებად მომთხოვნია. ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელობის უნარით. გამოიყენება ნედლ ხილად, სამურაბედ, საკომპოტედ,  წვენების დასამზადებლად. მრავლდება ფესვის ამონაყარით.

წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები, საქართველოს მეხილეობა.

ჯიშის სახელწოდება: Prunuscerasus  ‘Avchalis Alubali’ — ავჭალის ალუბალი

წარმოშობა: ქართული წარმოშობის ჯიშია,  გვხვდება ვეგეტატიურად ნამრავლი სახით, ამონაყრებით.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო  ზრდის.

ხის ფორმა: განიერ-პირამიდული. მეჩხერად დატოტვილი,

ყვავილობის პერიოდი: საშუალო (შიდა ქართლის პირობებში აპრილის I დეკადა).

ნაყოფის ფერი: მუქი წითელი, კანი – თხელი.

ნაყოფის ფორმა: მომრგვალო ფორმის.

ნაყოფის ზომა: მსხვილი.

რბილობი: ნაზი, წვნიანი, კურკა საშუალო ზომის, მომრგვალო. რბილობს არ სცილდება.

სიმწიფის და მოხმარების პერიოდი: ივლისის პირველ ნახევარში.ნაყოფების მომწიფება ერთდროული.

დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო.

საგემოვნო თვისებები: საშუალო.

დღევანდელი მდგომარეობა: იშვიათად გვხვდება საკარმიდამო ნაკვეთებში

დამატებითი ინფორმაცია: გარემო პირობებისადმი ნაკლებად მომთხოვნია; მოიხმარება ნედლად, ასევე კომპოტად და მურაბად გადასამუშავებლად.

წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები, საქართველოს მეხილეობა;
ვ. კვალიაშვილი და სხვები, საქართველოს ხილი.

ჯიშის სახელწოდებაPrunus cerasus ‘Bolnisis  Alubali’ – ბოლნისის  ალუბალი

წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.

ხის ფორმა: მომრგვალო, ან ნახევრად გადაშლილი ფორმის ვარჯი, თხელი განტოტვით.

ყვავილობის პერიოდი: საშუალოქვემო ქართლის (ბოლნისის) პირობებშიყვავილობს აპრილის II დეკადაში.

ნაყოფის ფერი: კანი – მუქი წითელი ფერის, საკმაოდ მკვრივი, ბრწყინავი.

ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო ფორმის, მკვეთრად გამოხატული მუცლის ნაკერით.

ნაყოფის ზომა: საშუალზე მსხვილი. მასა- 3გრამი. ყუნწი-საშუალო სიგრძის, წვრილი. ნაყოფს ადვილად სცილდება.

რბილობი: მუქი წითელი ფერის, საკმაოდ მკვრივი. საშუალოდ წვნიანი. კურკა – პატარა, მომრგვალო ფორმის.

სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი: მწიფდება 10 ივლისიდან.

დაავადებების მიმართ გამძლეობა: მაღალი.

საგემოვნო თვისებები: მოტკბო-მომჟაო გემოსი, სასიამოვნო არომატით.

დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია შიდა  ქართლის და ქვემო ქართლის რაიონებში.

დამატებითი ინფორმაცია: ახასიათებს უხვი და რეგულარული მსხმოიარობა. გარემო პირობებისადმი ნაკლებად მომთხოვნია. გამოიყენება სამურაბედ, საკომპოტედ,  წვენების დასამზადებლად.

წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები, საქართველოს მეხილეობა;
ვ. კვალიაშვილი და სხვები, საქართველოს ხილი.

ჯიშების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა:  ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3289 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
187 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB