აღმოსავლური ხურმა – დარგვა, მოვლა, ბაღის გაშენება, რამდენიმე ჯიში

ხურმა, ხურმის, ბაღი

აღმოსავლური (იაპონური) ხურმა (Diospyros Kaki L) მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ხეხილოვანი კულტურაა. სიტყვა ხურმა სპარსულ ენაზე ფინიკს ნიშნავს.

ზოგადი ინფორმაცია

უკანასკნელი წლების განმავლობაში მისი წარმოება საქართველოში გაიზარდა და საექსპორტო მნიშვნელობაც შეიძინა. ხურმის ბაღების უმეტესი ნაწილი გაშენებულია აჭარაში, აფხაზეთში, აგრეთვე გურიის, სამეგრელოს, იმერეთის და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ თბილ ადგილებში, ძირითადად, მარნეულის, გარდაბნის, ყვარელის, სიღნაღის, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონებში.

ხურმის ნაყოფები შეიცავს ნახშირწყლების დიდ რაოდენობას, მინერალურ ნივთიერებებს, რკინას, ვიტამინებს, პოლიფენოლებს და ადამიანის ორგანიზმისთვის

სასარგებლო სხვა ნივთიერებებს. აღმოსავლური ხურმა გამოიყენება როგორც ნედლი, ასევე გამხმარი და დაკონსერვებული სახით. ხურმის ჩირი საუკეთესო პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც იფარება დაკრისტალებული შაქრით და ინდურ ფინიკს გემოთი არ ჩამოუვარდება.

აღმოსავლური ხურმის სამშობლოდ ჩრდილოეთ ჩინეთი ითვლება. ეს კულტურა დასავლეთ საქართველოში XIX საუკუნის 90–იან წლებში იტალიიდან შემოიტანეს, საიდანაც გავრცელდა საქართველოს სხვა რეგიონებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ კულტურის ველური მონათესავე სახეობა, კავკასიური ხურმა (Diospyros lotus) საქართველოში დიდი ხანია ცნობილია.

საქართველოსათვის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ სამ სახეობას: ვირგინიის ხურმას, კავკასიურ ხურმას და აღმოსავლურ (სუბტროპიკულ) ხურმას. პირველ ორს იყენებენ საძირედ, მესამეს კი, როგორც ხეხილს.

საქართველოში გავრცელებული ხურმის ჯიშები შეიძლება შემდეგნაირად დაიყოს: მწკლარტე – ხაჩია, როხო ბრილიანტე, კაკი ტიპო; არამწკლარტე (დამტვერვაზე დამოკიდებულებით) – ხიაკუმე, ზენჯი-მარუ; მუდმივ არამწკლარტე – ფუიუ.

პირველი ჯგუფის ზოგიერთი ჯიშის ნაყოფის წარმოსაქმნელად დამტვერვა აუცილებელი არ არის. მეორე ჯგუფის ზოგიერთი ჯიში მოითხოვს აუცილებლად დამტვერვას (ჰიაკუმე, ზენჯი–მარუ და სხვა). ამ ტიპის ხეებისათვის საჭიროა ბაღში დამამტვერიანებლების გამორგვა.

სუბტროპიკული ხურმის ყვავილობა ჩვეულებრივ მაისის შუა რიცხვებიდან, ივნისის დასაწყისამდე გრძელდება. ხურმის პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულია დამტვერვასა და ჯიშების შერჩევაზე.

ადგილის შერჩევა

ხურმა აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ სუბტროპიკულ ზონაში (ყვარელის, სიღნაღის, გურჯაანის და გარდაბნის რაიონები), ასევე იმერეთის რიგ რაიონებში, ნიადაგის ტენით უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებლად მოითხოვს მორწყვას.

გვალვიან წლებში მორწყვა აუცილებელია დასავლეთ საქართველოშიც. იმ ადგილებში სადაც ზამთრის ტემპერატურა -16-180C-მდე ეცემა ამ კულტურის გაშენება მიზანშეწონილი არ არის.

სუბტროპიკული ხურმის მოსავლიანობაზე უარყოფით გავლენას ახდენს ქარი, რომელიც იწვევს ნაყოფის მექანიკურ დაზიანებას და ცვენას. ამისათვის, ხურმის გასაშენებლად შერჩეული უნდა იქნას ქარისგან დაცული ადგილი ან მოეწყოს ქარსაფარები.

ხურმისათვის საუკეთესოა ალუვიური, ნეშომპალა, კარბონატული, ნაკლებად მჟავე წითელმიწა და ეწერმიწა ნიადაგები. ექსპოზიციის მიხედვით უკეთესია დასავლეთის და აღმოსავლეთის ფერდობები. ვაკე და მცირედ დაქანებულ ადგილებზე ბაღების გაშენებისას, ნიადაგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი დრენაჟით.

ბაღის გაშენება

ბაღის გაშენებამდე წლით ან წლინახევრით ადრე უნდა ჩატარდეს საპლანტაჟო მოხვნა (ღრმა მოხვნა, ერთფრთიანი გუთნით). თუმცა, შესაძლებელია ამ დროის შემჭიდროებაც და პლანტაჟის განხორციელება 6-9 თვით ადრე.

საპლანტაჟო ხვნის სიღრმე შეადგენს 40-60 სმ-ს ნაკლებად ნაყოფიერ და 60-80 სმ-ს ნაყოფიერ მიწებზე.

ღრმა პლანტაჟს არ იყენებენ 7-100 დახრილობის ფერდობებზე, ძლიერკარბონატულ ნიადაგებზე, ძლიერი თიხნარი ქვენიადაგის მქონე ფართობებზე. პლანტაჟის კარგი ალტერნატივაა ღრმა ჩიზელური გამაფხვიერებლით ან რიპერით ქვენიადაგის ფენის დამუშავება 60 – 80 სმ სიღრმეზე.

პლანტაჟის შემდეგი ღონისძიებებია: გადახვნა, კულტივაცია დისკოებიანი კულტივატორით, კულტივაცია როტაციული კულტივატორით.

პლანტაჟის ან გადახვნის პარალელურად ახდენენ ნიადაგის განოყიერებას. ამ დროს ნაკვეთში შედის ორგანული სასუქები (ნაკელი, კომპოსტი), ფოსფორიანი, კალიუმიანი ან კომპლექსური სასუქები. სასუქების შეტანის დოზები განისაზღვრება ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით მხოლოდ წინასწარ ჩატარებული ნიადაგის ანალიზის საფუძველზე.

დარგვა

ხურმა შეიძლება დავრგოთ გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. გაზაფხულზე ხეხილის დარგვა სასურველია დამთავრდეს 15 აპრილამდე.

ბაღის გაშენებისას ნერგის ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, ამიტომ მის შერჩევას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ნერგი უნდა იყოს ერთწლიანი ან ორწლიანი, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით, სწორი ღეროთი და არანაკლებ 140-160 სმ-ის სიგრძის.

ნერგის დარგვის წინ, სასურველია, სარგავი ორმო ამოღებული იყოს რამდენიმე დღით ადრე, ორმოს დიამეტრი 50-60 სმ-ია, ხოლო სიღრმე – 30-40 სმ.

ნერგი ფრთხილად ირგვება ორმოში, მოიტკეპნება და მოირწყვება. თითოეულ ორმოში ნერგს დაესობა ჭიგო და აიკვრება 2 ადგილზე.

დარგვის შემდეგ აუცილებლია ნერგის მორწყვა. მორწყვა რეგულარულად უნდა განმეორდეს მოკლე ინტერვალებით, ნერგის გახარებამდე.

დარგვის სქემები

ხურმის ბაღის გაშენების რეკომენდებული სქემებია: 6 X 4, 6 X 5 მეტრი, ინტენსიურ სისტემებში – 5 X 3 მეტრზე. ყველა ჯიშისათვის, რომელთა განაყოფიერებისათვის საჭიროა დაირგოს დამამტვერიანებელი ჯიშები.

სხვლა-ფორმირება

აღმოსავლური ხურმის ფორმირების რეკომენდებული მეთოდებია: ცენტრალურ-ლიდერული ან, ზოგიერთ შემთხვევაში, მრავალლიდერული ჯამისებრი ფორმირება.

ლიდერული ფორმირებისას, გამოყოფენ ლიდერს, აცილებენ კონკურენტს, ახდენენ ტოტების დაქვემდებარებას. თუ აღმოსავლეთის ხურმის მოცემულ ჯიშს აქვს მიდრეკილება ძლიერი დატოტვისა და ჩახშირებისაკენ, ახდენენ ჩამახშირებელი ტოტების ამოჭრას.

ძირითადი ვარჯის შექმნის შემდეგ გასხვლის ინტენსივობა მცირდება, ტარდება მხოლოდ დაზიანებული გამხმარი ტოტების მოცილების ან ჩამახშირებელი ტოტების გამოხშირვის მიზნით.

სიბერის პერიოდში ხურმის ხეების გაახალგაზრდავება საკმაოდ ეფექტიან, ამისათვის ვარჯს ძლიერ გამოხშირავენ და დედა ტოტებს ამოკლებენ 0,5 ან 0,8 მეტრამდე.

განოყიერება

საუკეთესო შედეგს იძლევა ორგანული სასუქები 30-40 კგ თითოეულ ძირზე, ხოლო მინერალური სასუქებიდან თითოეულ ძირზე რეკომენდებულია: ამონიუმის გვარჯილა 500 -1000გ, სუპერფოსფატი 800-1200გ, კალიუმის მარილი 300-400გ.

ფოსფოროვანი და კალიუმიანი სასუქები შესაძლებელია შეტანილი იქნას თებერვალში ნიადაგის დაბარვის პროცესში, ხოლო აზოტოვანი – მარტი-აპრილის თვეში.

სარეველების კონტროლი

ხურმის ბაღში სარეველების კონტროლისთვის გამოიყენება როგორც მექანიკური, ასევე ქიმიური მეთოდიც. ბაღში იყენებენ კონტაქტურ და სისტემურ აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდეგ ჰერბიციდებს.

რიგთაშორისებში სარეველების კონტროლისათვის მიმართავენ სიდერატების თესვას ან დაკორდებას, რომლის რეგულირებასაც ახდენენ ვეგეტაციის პერიოდში ხშირი 4 -6 თიბვით. ასევე გავრცელებულია შავი ანეულის მეთოდიც – სეზონის განმავლობაში რიგთაშორისების მრავალჯერადი კულტივაცია.

მავნებელ-დაავადებების კონტროლი

ხურმის პლანტაციებს აზიანებს ჩვენში საკმაოდ გავრცელებული მავნებლები: ფარიანები, თრიპსები, ცრუფარიანები, მინაფრთიანები, ტკიპები და სხვა.

დაავადებებიდან ხურმის კულტურას აზიანებს: ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლების სილაქავე და სხვა დაავადებები.

ხურმის ბაღებში ეფექტიანი ღონისძიებაა მოსვენების პერიოდში, კვირტების დაბერვამდე ზეთოვანი ემულსიის გამოყენება, სპილენძის პრეპარატების გამოყენება, ხოლო მავნებლების წინააღმდეგ შესაბამისი ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების გამოყენება.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლის მექანიკურ ღონისძიებებს (ჩამოცვენილი ფოთლებისა და ანასხლავის დროული გატანა ბაღიდან).

ხურმის ჯიშები

ჰაჩია – სინონიმი „იაპონური ხურმა“, მწკლარტე რბილობიანი ხურმის ჯიშია, ხე ძლიერი ზრდისაა, ვარჯი პირამიდული ფორმის, გადაშლილი. ნაყოფები მსხვილია, 250–300 გრამი წონის, ფორმა კონუსური, ფორმის, გამოკვეთილი წვეტით, შეფერვა მუქი ნარინჯისფერია, ნაყოფები ხეზე დიდხანს რჩება.

ნაყოფები უთესლოა, ზოგჯერ რამდენიმე თესლით. რეგულარული მსხმოიარობისთვის საჭიროებს დამტვერვას. რბილობი ნაყოფში სრულ სიმწიფემდე მწკლარტეა, სიმწიფეში – ტკბილი, სასიამოვნო გემოსია. გამოიყენება როგორც ნედლ ხილად, ასევე საჩირედ. მწიფდება ნოემბერში.

ფუიუ – ხე საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, ნაყოფი მსხვილია, ბრტყელი, დაკუთხული, მოსავალი იკრიფება ოქტომბერში, ნაყოფის შეფერვა ღია ყვითელი, რბილობი ღია ნარინჯისფერი, შებრტყელებული, გამოკვეთილი წიბოებით, არ ახასიათებს სიმწკლარტე.

ტკბილი სასიამოვნო გემოსია. ჯიში ტრანსპორტაბელურია, გამოიყენება როგორც სასუფრედ, ასევე მაღალი ხარისხის ჩირის დასამზადებლად. მწიფდება ნოემბრის დასაწყისში, ნარგაობა გვხვდება ფოთის, სენაკის, სამტრედიის, ლანჩხუთის, ზუგდიდის საწარმოო პლანტაციებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში.

ხიაკუმე – სინონიმი „კარალიოკი”, ფართოდ არის გავრცელებული სუბტროპიკულ რეგიონებში, ხე საშუალო ზრდისაა, ხშირი ვარჯით, უხვმოსავლიანი ჯიშია, მოსავალი შემოდის არაერთდროულად, იკრიფება ოქტომბერში, ნაყოფი ღია ნარინჯისფერია, მსხვილი და მრგვალი ფორმის.

თუ ნაყოფი მიღებულია დამტვერვით, რბილობი ტკბილია და მუქი ყავისფერია. გამოიყენება, როგორც ნედლ ხილად, ასევე საჩირედ. მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.

ჩინებული – ხე საშუალო ან საშუალოზე დაბალი სიდიდის, სუსტად მოზარდი, 6-8მ სიმაღლისაა. ნაყოფი დიდი ზომისაა 300-400 გრ, ფორმით ფართო კონუსური, წაწვეტილი, კანი პრიალა, გლუვი, რბილობი სქელი ცომისმაგვარი, მკვრივი. დამწიფებამდე მაგარი და მწკლარტე, შემდეგ ტკბილი. მისგან მზადდება საუკეთესო ჩირი. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.

როხო ბრილიანტე – ესპანური, მწკლარტე რბილობიანი ხურმის ჯიშია, ხე საშუალო ზრდისაა, ვარჯი გადაშლილი. ნაყოფები მსხვილია, 220-270 გრამი წონის, ფორმა ოდნავ კონუსური. რეგულარული მსხმოიარობისთვის საჭიროებს დამტვერვას. ძირითადად გამოიყენება სასუფრედ, მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.

გეილეი – ხურმის ბაღებში როგორც დამამტვერიანებელი საუკეთესო ჯიშად ითვლება. ნაყოფი პატარა ზომისაა, მოგრძო კონუსური ფორმის. რბილობი მკვრივი, წვნიანი, ნაყოფი თესლიანია დაბალი კვებითი ღირებულებით.

მოსავლის აღება, შენახვა და შრობა

ნაყოფის კრეფის დრო დამოკიდებულია როგორც ჯიშზე, ისე მათი გამოყენების პირობებზე, მაგალითად: ჰაჩია იკრიფება მაშინ, როდესაც ნაყოფის ზედაპირის ორი მესამედი შეწითლდება. ხიაკუმეს ნაყოფის კრეფა დასაშვებია მათი სრული გაყვითლების შემდეგ. ფუიუს გასაგზავნად ან შესანახად გამიზნული ნაყოფები იკრიფება უფრო ადრე, სრულ სიმწიფეში შესვლამდე.

ნაყოფის ტრანსპორტირების დროს უნდა ვერიდოთ მაღალ ტემპერატურას.

ხურმის ნაყოფის შესანახად ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 0-20C და 85-95% ფარდობითი ტენიანობა. ამ პირობებში ნაყოფი ინახება თებერვლამდე.

ხურმა ეთილენის მიმართ მგრძნობიარე ხილია, ამიტომ მისი შენახვისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას საწყობის ეთილენისგან გაწმენდის აუცილებლობა. საწყობში მოწყობილი უნდა იყოს ჰაერის ვენტილაციის სისტემა.

არამწკლარტე ჯიშები – ხიაკუმე (კარალიოკი) და ფუიუ – ძალიან მგრძნობიარეა ოპტიმალურზე მაღალ ტემპერატურაზე შენახვის მიმართ, ამ დროს მათი შენახვისუნარიანობა მკვეთრად ეცემა. მწკლარტე ჯიშები – ჰაჩია და სხვა – ნაკლებად მგრძნობიარეა ასეთი პირობებისადმი.

ხურმის ჩირის დამზადება შესაძლებელია, როგორც ბუნებრივ პირობებში, ასევე საშრობი კამერების გამოყენებით. შრობის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს 50-600C ტემპერატურაზე, რომელმაც თანდათანობით უნდა მიაღწიოს 70-750C-ს.

1 კილოგრამი ჩირის მისაღებად საჭიროა საშუალოდ 4-6 კილოგრამი ხურმის ნაყოფი. ხურმის ჩირის საბაზრო მოთხოვნილება და სარეალიზაციო ფასი საკმაოდ მაღალია, რაც თავისთავად აჩენს ინტერესს ფერმერულ მეურნეობებში ამ კულტურის ფართოდ გავრცელების შესაძლებლობებზე.

გაზეთი „ჩვენი სოფელი“

„აგროკავაკასია“ გირჩევთ: გამოიყენეთ მცენარეთა დაცვის ბილოგიური საშუალებები, თუ ეს შესაძლებელია!

იხილეთ აგრეთვე: ხურმის სხვლა-ფორმირება, აგრორჩევები – ვიდეო

თქვენი რეკლამა