ვენახების კადასტრის პროგრამა – ახმეტის მუნიციპალიტეტში

ვენახი, კადასტრი

ახმეტის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „რუკა მაპინგი” უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით, ვენახების ორთოფოტოების გადაღებას ახორციელებს, რის საფუძველზეც შემდგომში მომზადდება საკადასტრო რუკები, ალფანუმერული ინფორმაცია მევენახეებისა და ვენახების შესახებ, ჯიშებისა და სხვა მახასიათებლების ჩათვლით.

ვენახების საკადასტრო სისტემა წარმოადგენს ვენახების ფართობების, გაშენებული ჯიშებისა და სხვა მონაცემების ერთობლიობას, რომლითაც იდენტიფიცირდებიან ღვინის წარმოების სფეროში დასაქმებული მევენახები და მწარმოებლები.

“საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული.

საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად  მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის”, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.

მისი თქმით, კადასტრის პროგრამა ღვინის კომპანიებს დაეხმარება სანედლეულო ბაზის პროგნოზირებასა და პროდუქციის სიმძლავრეების წინასწარ დაგეგმვაში, რომელიც პირდაპირ აისახება კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მევენახეებს გაუადვილდებათ კომუნიკაცია ღვინის კომპანიებთან, გამარტივდება ყურძნის მოსავლის პროგნოზირება და ჩაბარების პროცესი, გაჩნდება ღვინის წარმოების ზუსტი სტატისტიკა, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარგის ეფექტური მართვა.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამის განხორციელება 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან დაიწყო. 2015-16 წლებში კადასტრის პროგრამა თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა.  პროგრამა ეტაპობრივად მოიცავს კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს.

თქვენი რეკლამა