ცხოველთა რეგისტრაციის პროგრამის – პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ცხოველთა

2017 წლიდან საქართველო ეტაპობრივად გადადის ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ახალ, გაუმჯობესებულ სისტემაზე, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ჩართულობითა და  შვეიცარიისა და ავსტრიის შესაბამისი უწყებების  ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ცხოველთა რეგისტრაცია – იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის დანერგვის საკითხებზე პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, საქართველო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემაზე ეტაპობრივად გადავა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, ცხოველთა რეგისტრაციის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

განახლებული პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება. ამავდროულად, გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელშიც ფერმერებსა და ვეტერინარ ექიმებს დროის უმოკლეს მონაკვეთში შეეძლებათ ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება. სისტემაში ჩართული ფერმერები ისარგებლებენ სახელმწიფო ვაქცინაციის უფასო პროგრამებით, რაც დაეხმარება მათ საკუთარი პროდუქციის რეალიზებაში.

„რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის სისტემა არის მიკვლევადობის გარანტია, ცხოველის გადაადგილების და ჯანმრთელობის კონტროლი. იგი სურსათის უვნებლობის მთავარი პრინციპია რაც გულისხმობს სახელმწიფო კონტროლს, ფერმიდან – სუფრამდე“ – განაცხადა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის (NAITS) ჯგუფის ხელმძღვანელმა, მიხეილ სოხაძემ.

ცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებულია  2,5 მილიონი პირუტყვი. ცხოველთა რეგისტრაცია 2015 წლიდან მიმდინარეობს, ამჟამად ელექტრონულ რეესტრში  1,5 მილიონი პირუტყვია რეგისტრირებული. ელექტრონული ბაზის მეშვეობით, სახელმწიფოს საშუალება ეძლევა გააკონტროლოს ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც პირდაპირ უკავშირდება სურსათის უვნებლობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც ეროვნული იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროექტის (NAITS) დანერგვა დაიწყო.

თქვენი რეკლამა