თითა ქართლური – სუფრის ყურძნის შესანიშნავი ჯიში

თითა, ვაზის, ჯიში, სასუფრე

თითა ვაზის ჯიშის ფართოდ ხმარებული სახელია. როგორც წერილობითი წყაროები, ისე ცალკეულ პირთა გადმოცემა ადასტურებს ვაზის ამ ჯიშის გავრცელებას: კახეთში, საინგილოში, ქართლში, მესხეთში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში. ასე მაგალითად, კახეთში გავრცელებულია კახური თითა ყურძენი; მესხეთში – ცხენისძუძუ, იგივე თითა; რაჭაში, გურიასა და აჭარაში – თითა ყურძენი, ხოლო სამეგრელოში – დედოფლის კითი, რაც ნიშნავს დედოფლის თითს.

როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, თითას შერქმევა აიხსნება ვაზის ყურძნის მარცვლის თითის მოყვანილობასთან მიმსგავსებით, და სინამდვილეში, ამ ჯიშის ყველა წარმომადგენელის მარცვალი ფორმით მართლაც თითს ემსგავსება, რის გამოც ჩვენს წინაპრებს სამართლიანად შეურქმევიათ ეს სახელი.

საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რაიონში გავრცელებულ თითას წარმომადგენელთა შორის ყურადღებას იპყრობს ქართლში ძველთაგანვე ცნობილი ვაზის აბორიგენული ჯიში – თითა. მარცვლის მოყვანილობით დასახელებული ჯიში სავსებით ამართლებს თავის სახელწოდებას და სხვა რაიონის თითა ყურძნისაგან განსასხვავებლად მას შერქმეული აქვს „ქართლის თითა“.

ქართლის თითა თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია; სამეურნეო დანიშნულებით სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში და ქართლის მოსახლეობაში ცნობილია: „თითა“, „თითა ყურძენი“, „რბილთითა“ და „ატენის თითა“.

საქართველოს ტერიტორიაზე თითას წარმოშობის შესახებ მასალა არ მოიპოვება. ჯიშის მორფოლოგიურ-ბიოლოგიური თვისებები მიგვითითებს, რომ იგი საქართველოს წიაღში ბუნებრივი გამრავლების გზით არის წარმოშობილი, ხოლო შემდგომ საუკუნეთა განმავლობაში განუცდია რა ევოლუცია, ადამიანის უშუალო ჩარევით ჩამოყალიბებულა ცალკეულ მხარეთა ენდემურ ჯგუფებში დამოუკიდებელი ჯიშის სახით.

ამის დამადასტურებელია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულ თითას ჯიშთა არა იდენტურობა. ასე, მაგალითად, კახური თითა მკვეთრად განსხვავდება ქართლის თითასაგან; ქართლისა – რაჭაში გავრცელებულ თითასაგან; ასევე სრულიად განსხვავებული ჯიშებია სამეგრელოში გავრცელებული „დედოფლის კითი“ ანუ დედოფლის თითი და გურია-აჭარის თითა.

საქართველოს გარდა, თითა სამაჰმადიანო საქართველოშიაც არის გავრცელებული – ძველად თითას, ხოლო ამჟამად „ხათუნ პარმაღის“ სახელწოდებით, რაც ნიშნავს ქალბატონის თითს.

ამრიგად, თითას საერთო სახელწოდება გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ რამდენიმე დამოუკიდებელ ჯიშს, რაც ჩვენი ღრმა რწმენით, ამ ჯიშის შორეულ წარსულზე მიგვითითებს. ამასვე ადასტურებს აკად. ივ. ჯავახიშვილი, რომელიც ეკონომიურ ისტორიაში თითას შესახებ წერს: „უკვე ის გარემოება, რომ თითა, არამც თუ კახეთისაგან მოყოლებული გურიამდე და გურიათურთ მთელ საქართველოშია გავრცელებული, არამედ სამაჰმადიანო საქართველოშიაც, სამცხის თემშიც არის დაცული, ამ ყურძნის ჯიშს ქართული მევენახეობის ძველ კუთვნილებად გვაგულისხმებინებს“.

ქართლის თითას გავრცელების არეალი როგორც წარსულში, ისე ამჟამად ქართლის ცენტრალური რაიონებით და მესხეთით განისაზღვრება. იგი ძირითადად წარმოდგენილია საწარმოო ვაზის ჯიშების გორულა მწვანესა და ჩინურის ნარგაობაში როგორც მინარევი ერთეული ძირების სახით, უმთავრესად: ატენის, წედისის, ხიდისთავის (ტანას ხეობა – გორის რ-ნი) მიკროზონებში. გვხვდება აგრეთვე ერთეული ძირები კასპისა და მცხეთის რაიონებშიაც.

ვაზები საკუთარ ძირზეა წარმოდგენილი და ფორმირებულია დაბლარად ან დაბალი ხეივნების სახით. მესხეთში ეს ჯიში ცხენისძუძუს სახელწოდებით ყოფილა გავრცელებული უმთავრესად ასპინძის რაიონში – სარო-ხიზაბავრისა და ტოლოშვარძიის მიკროზონებში. საკუთარ ძირზე ვაზები ფორმირებული იყო ცოცხალ ხე-მცენარეებზე – მაღლარად.

ფილოქსერისა და სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედების შედეგად თითას გავრცელების არეალი მკვეთრად შეიზღუდა და იგი ერთეული ძირის სახით შერჩა მაღლარად მესხეთში (ვარძია, გოგაშენი), ხოლო დაბლარად და ხეივნად ტანასა და ლეხურის ხეობებში.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქართლის თითა წარსულში არ სარგებლობდა ფართო გავრცელებით, რადგან ყურძნის მაღალხარისხოვან გემურ თვისებებთან ერთად იგი მარცვლის თხელკანიანობის გამო შენახვის მცირე უნარითა, ნაკლები ტრანსპორტაბელობითა და აგრეთვე სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლები გამძლეობით ხასიათდება. ამ უარყოფით თვისებათა გამო ამ ჯიშის გავრცელების არეალი ამჟამადაც მკვეთრადაა შეზღუდული, რის გამოც სტანდარტულ ასორტიმენტში არ არის შეტანილი.

როგორც ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიში, ქართლის თითა უეჭველად ყურადღების ღირსია, განსაკუთრებით მესხეთის რაიონებისათვის, სადაც იგი მხარის ეკოლოგიურ პირობებთან შეზრდილია და აკლიმატიზებული და ძლიერ ზრდასთან ერთად, საკმაოდ უხვი მოსავლიანობით და ყურძნის გარეგნული სილამაზითა და მაღალხარისხოვანი გემური თვისებებით ხასიათდება.

თითა შედარებით ადრე მწიფდება (სექტემბრის შუა რიცხვებში) და როგორც ცნობილია, ამ თვისებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მესხეთის ზონისათვის, რომლის მევენახეობის განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა.

ბოტანიკური აღწერა

ქართლის თითა აღწერილია გორის რაიონის სოფ. წედისში ბესტავაშვილისეულ ნაკვეთზე, სადაც იგი მინარევის სახით არის წარმოდგენილი. ვაზები საკუთარ ძირზეა და ფორმირებულია სარზე ქართული წესით. მასალა შედარებულია დიღმის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის კოლექციაში არსებულ თითას ნარგაობასთან.

ახალგაზრდა ყლორტი. ზრდის კონუსი ღია მწვანეა და შებუსვილია მოთეთრო-მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. გასაშლელი ფოთოლაკების ნაპირებზე ემჩნევა მოვარდისფრო შეფერვა.

ახლად გაშლილი პირველი ფოთოლი ზედა და ქვედა მხრიდან დაფარულია მოთეთრო-მონაცრისფრო ქეჩისებრი ბუსუსით, ფოთლის ნაპირები კი შეფერილია ვარდისფრად. მომდევნო მეორე ფოთლის შებუსვა ქვედა მხრიდან ისევ ქეჩისებრია. ხოლო ზედა მხრიდან აბლაბუდისებრი. ბუსუსი მონაცრისფროა და ბეწვისებრი.

როგორც პირველ ისე მეორე ფოთოლს ღია მწვანე შეფერვა ახასიათებს ბრინჯაოსებრი ელფერით. მესამე ფოთლის შეფერვა მსგავსია მეორესი; შებუსვა მას ზედა მხრიდან უმნიშვნელოდ ახასიათებს, ხოლო ქვედა მხარეზე თხელი აბლაბუდისებრი ბუსუსი ახლავს.

შემდგომ ფოთლებზე შებუსვა ზედა მხრიდან თანდათანობით ქრება და ამრიგად მთლიანად შიშვლდება, ხოლო ქვედა მხრიდან მარტო ძარღვებს გასდევს უმნიშვნელო ჯაგრისებრი შებუსვა. ბუსუსი ბეწვისებრია და მოთეთრო-მონაცრისფრო. ახალგაზრდა ფოთლის ყუნწი მცირედ არის დაფარული აბლაბუდისებრი ბუსუსით. რაც შემდგომ ფოთლებზე თანდათანობით ქრება.

ახალგაზრდა ყლორტი (15-16 სმ) მომრგვალოა, მომწვანო მუქი ყავისფერი ან მოწაბლისფრო ზოლებით. მისი ქვედა მხარე ოდნავ დაფარულია ბეწვისებრი ბუსუსით, რაც თანდათან მატულობს ყლორტის წვერისაკენ.

ერთწლიანი რქა. საშუალო სიმსხოსია (8-10 მმ). მოწითალო მოიისფროა და გასდევს ნაცლად გამოსხაული მუქი ფერის ზოლები. მუხლები უფრო მუქად არის შეფერილი. მუხლთა შორისის სიგრძე 6-11,5 სმ აღწევს.

ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი მუქი მწვანეა და საშუალო სიდიდის. მისი სიგრძე 14,5-19,5 სმ, ხოლო სიგანე 14-19 სმ აღწევს. საშუალო სიგრძე 17,5 სმ, სიგანე 17 სმ უდრის. მოყვანილობით იგი მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია და ღრმად დანაკვთული.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა და უფრო ხშირად თაღისებრი; გვხვდება აგრეთვე ჩანგისებრი ამონაკვეთი მომრგვალო ან წამახვილებული ფუძით. იშვიათად ამონაკვეთი დახურულია ელიფსური მოყვანილობის ურთიერთზე მცირედ ან საკმაოდ გადადებული ნაკვთებით.

ზედა ამონაკვეთი ღრმად ჩაჭრილია, უფრო ხშირად დახურულია კვერცხისებრი მოყვანილობის მახვილი ან მომრგვალო ფუძით. გვხვდება აგრეთვე ღია ჩანგისებრი ამონაკვეთები თითქმის პარალელური გვერდებით და მახვილი ან წამახვილებული ფუძით.

ქვედა ამონაკვეთიც უფრო ხშირად ღრმად ჩაჭრილი და ღია ჩანგისებრია. ამონაკვეთის გვერდები თითქმის პარალელურია და ფუძე მახვილი ან წამახვილებული აქვს. გვხვდება დახურული ფორმის ამონაკვეთებიც კვერცხისებრი ან სამკუთხედისებრი მოყვანილობით და მახვილი ფუძით.

ამრიგად, ფოთოლი ხუთნაკვთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ქმნის სწორ კუთხეს, იშვიათად ბლაგვს.

ნაკვეთების წვერის კბილები წესიერ-სამკუთხედისებრია მახვილი ან მომრგვალო წვერით; გვხვდება აგრეთვე ხერხკბილა-სამკუთხედისებრი ცალმხრივ ამოზნექილი გვერდითა და მახვილი წვერით. მეორადი კბილები მთავარი კბილების მსგავსია.

ბუნებრივ მდგომარეობაში ფოთოლი ძაბრმაგვარი ან ძაბრმაგვარ-ღარისებრია. მისი ზედა მხარე შიშველია და მბზინვარე – გლუვი; ზოგჯერ ბადისებრ-დანაოჭებული ან წვრილი ბუშტისებრია. ქვედა მხრიდან ფირფიტის ძარღვებს შორის არე შიშველია ან გასდევს უმნიშვნელო აბლაბუდისებრი ბუსუსი; მცირე შებუსვა ახასიათებს ძარღვებს; ბუსუსი მონაცრისფროა და ჯაგრისებრი. ფოთლის ზედა მხრიდან ძარღვები სრულიად შიშველია და ფუძიდან თითქმის ძარღვების სიგრძის ნახევრამდე მოწითალო შეფერვა ახასიათებს.

ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან უდრის 1,0-1,1. ყუნწი შიშველი და მოწითალო ფერისაა.

ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია ნორმალურად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით. ყვავილში უფრო ხშირად 5 და 6 მტვრიანაა; იშვიათად გვხვდება მხოლოდ 4 და 7 მტვრიანაც. მტვრიანა სიგრძით ბუტკოს თანატოლია ან ოდნავ უგრძესი. ბუტკო მსხლისებრი მოყვანილობისაა. ყვავილების რიცხვი ყვავილედში 400-მდე აღწევს.

მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 3,5-7 სმ აღწევს. ყურძნის მწიფობის პერიოდში იგი მუხლამდე თითქმის გახევებულია და რქის ფერისაა. დანარჩენი ნაწილი კლერტით ბალახისებრი და ღია მწვანეა მკრთალი მოწითალო ელფერით. მტევანი ცილინდრულ-კონუსისებრია და ფრთიანი; ფრთის სიგრძე ხშირად 1/3-მდე აღწევს. აგებულებით კუმსია, გვხვდება საშუალო სიკუმსის და თხელი მტევნებიც. მისი სიგრძე 12-18,5 სმ, ხოლო სიგანე 7,5-13 სმ აღწევს. მტევნის საშუალო სიგრძე 15,5 სმ, ხოლო სიგანე 10,5 სმ უდრის.

მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით 4,5-8 მმ აღწევს. იგი მომწვანოა. საჯდომი ბალიში ფორმით კონუსისებრია და საკმაოდ დაფარული წვრილი მეჭეჭებით. მარცვალი საჯდომ ბალიშზე მტკიცედ არის მიმაგრებული.

სრული მწიფობის პერიოდში მარცვალი მომწვანოა მოყვითალო ელფერით. მზის მხრიდან გასდევს მოვარდისფრო-მოყავისფრო შეფერვა მუქი ფერის მეტად წვრილი წერტილებით. იგი საშუალო სიდიდისაა და ფორმით მოგრძო ოვალურია, შუა წელში უფრო განიერია, ბოლო ოდნავ მახვილი ან მომრგვალოა და უფრო ხშირად სიმეტრიულია, ზოგჯერ ასიმეტრიულიც.

ზოგჯერ მისი საშუალო სიგრძე 13-23 მმ, სიგანე 10,5-17,5 მმ აღწევს. მსხვილი მარცვლის სიგრძე 28 მმ, ხოლო სიგანე – 20-21 მმ უდრის. მარცვალი თხელკანიანია და ადვილად სკდება, საკმაოდ ხორციანი და წვნიანია, მეტად ტკბილი და სასიამოვნო გემოთი. მარცვლის კანი მცირედ და ზოგჯერ საკმაოდ დაფარულია ცვილით.

წიპწა. მარცვალში 1-4 წიპწაა. ხშირად გვხვდება 1 და ზოგჯერ 2 წიპწა, უფრო იშვიათად – 3-4. წიპწის სიგრძე 6 მმ, ხოლო სიგანე 2,5-3 მმ-მდე აღწევს. იგი ღია ყავისფერია, ზურგის მხარეზე ოდნავ მონაცრისფრო ელფერით. მუცლის მხრიდან მოწითალო ყავისფერია. ქალაძა მოგრძო და ზოგჯერ მომრგვალო-ოვალურია და მოთავსებულია ზურგის მხარის შუა ნაწილის ოდნავ ზემოთ. ღარები კარგად გამოსახულია და მოყვითალო-მოვარდისფრო ელფერი ახასიათებს. ნისკარტი წვრილია და საკმაოდ გრძელი; სიგრძით ხშირად 2-2,5 მმ-მდე აღწევს და ფერად ოდნავ მოყვითალოა.

აგრობიოლოგიური დახასიათება

გორის რაიონის სოფ. წედისის ზონაში (გორის რ-ნი) ქართლის თითას სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 167 დღეს აღწევს, დიღომში (თბილისის გარეუბანი) – 166, ხოლო თელავის ზონაში (კახეთი) მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე – 156 დღით განისაზღვრება.

დასახელებულ ადგილებზე ქართლის თითას ირგვლივ ჩატარებული ფენოლოგიურ დაკვირვებათა შედეგების მიხედვით, ტანას ხეობის სოფ. წედისის ზონაში კვირტების გამოღვიძება იწყება 22 აპრილიდან. დიღომში (თბილისის გარეუბანი) – 23 აპრილიდან, ხოლო თელავის ზონაში, როგორც ეს მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის ცნობებიდან ჩანს, საშუალოდ 28 აპრილს იწყება, მაგრამ ცალკეული წლების მიხედვით დასახელებული ბიოლოგიური ფაზა სულ სხვადასხვა დროს მიმდინარეობს.

ყვავილობის ფაზის დაწყებაში დასახელებულ ზონებს შორის მკვეთრ განსხვავებას ვერ ვპოულობთ, წედისის ზონაში იგი იწყება 8-10 ივნისიდან, დიღომში – 6-7 ივნისიდან, ხოლო თელავში – 5-12 ივნისიდან. ასეთივე სურათია ყურძნის სრული მომწიფების ფაზაშიაც. ტანას ხეობაში იგი იწყება 25-28 სექტემბერს, დიღომში – 26-27 სექტემბერს, ხოლო თელავის ზონაში – 15-25 სექტემბრიდან.

ვაზის ზრდა და რქის მომწიფება. ქართლის თითას საერთო ზრდა-განვითარება ძლიერია. იგი ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში, სათანადო მოვლის შედეგად მეტად ძლიერ ზრდას აღწევს. სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის ცალკეული რქების სიგრძე ხშირად 3 მ აღემატება. განსაკუთრებით მაღლარად ფორმირების შემთხვევაში (ასპინძის რ-ნი) იგი ძლიერ ზრდას იჩენს.

ხშირია შემთხვევა, როდესაც ვაზის შტამბის დიამეტრი 70-80 სმ-მდე აღწევს და მასზე მრავლადაა განვითარებული ერთწლიანი ნაზარდები სიგრძით 3-4 მ-მდე. ამის გამო ქართლის ზოგიერთ სოფლებში ამ ჯიშს ხეივნად აფორმებენ და ვაზს ტვირთავენ 40-50 კვირტით. რქები სრულ მომწიფებას აღწევს ყურძნის მასობრივი მწიფობის პერიოდისათვის და იღებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ელფერს.

მოსავლიანობა. მოსავლის პირველ ნიშანს თითა იძლევა დარგვიდან მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავალს – მეხუთე წლიდან. ქართული წესით ფორმირების შემთხვევაში (10-12 კვირტი) იგი საშუალო ან საშუალოზე მცირე მოსავალს იძლევა. ამ შემთხვევაში ერთი ძირის მოსავალი 1,5-2 კილოგრამს არ აღემატება.

მოსავლიანობა მნიშვნელოვნად მატულობს დიდი დატვირთვის ფორმების გამოყენების შემთხვევაში. ასე მაგალითად, 30 კვირტით დატვირთვისას ვაზი ძლიერ ზრდასთან ერთად იძლევა 3-4,5 კგ-მდე ყურძენს (დიღომი). აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი ფორმირება წარმოებდეს ხეივნად ან მრავალსაკავებლიანი ფორმის მიცემით.

რქაზე უფრო ხშირად ერთი მტევანია; იშვიათად ორი. ნაყოფის მომცემი ყლორტები 85-88% შეადგენს. მსხმოიარობის კოეფიციენტი მერყეობს 0,95-დან 1,1-მდე. მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის მასალების მიხედვით ქართლის თითა საშუალო მოსავლიან ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება; ამასთანავე წლების მიხედვით მისი მოსავალი ცვალებადობას განიცდის; მოსავლიანობის კოეფიციენტი 0,98-ით განისაზღვრება და მტევნის საშუალო წონა 160 გ-მდე აღწევს, ხოლო მთელი ვაზის მოსავალი 10-12 კვირტით დატვირთვისას 1670 გ არ აღემატება.

ჯიში ყვავილცვენას და დაწვრილმარცვლიანებას არ განიცდის. მხოლოდ არახელსაყრელი ამინდის პირობებში დაყვავილება არანორმალურად მიმდინარეობს, რაც იწვევს ყვავილის ცენას და ამის შედეგად მოსავლის შემცირებას.

ჯიშის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ. ტანას ხეობაში თითა ქართლური ავადმყოფობათა მიმართ არ იჩენს დიდ გამძლეობას. განსაკუთრებით ადვილად ავადდება იგი ნაცრით. ამიტომ აუცილებელ აგროღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული ვაზების 4-5-ჯერ ბორდოს ხსნარით შეწამვლა და 2-3-ჯერ გოგირდის შეფრქვევა.

ფილოქსერისადმი ჯიშის გამძლეობის საკითხი არ არის შესწავლილი. არსებული ნარგავების განვითარება ადასტურებს მის მცირე მგრძნობიარობას ამ მავნებლის მიმართ. ტანას ხეობაში, სადაც ფილოქსერა ფართოდაა გავრცელებული, საკუთარ ძირზე გაშენებული ქართლის თითა სათანადო მოვლის პირობებში ღონიერი ზრდით ხასიათდება. ვაზების ამგვარი განვითარება შესამჩნევია ხეობათა პირველ ზოლში, ღრმა ღონიერსა და ტენის საკმაოდ შემცველ ნიადაგებზე.

შედარებით შემაღლებულ, მშრალ და მცირე სისქის ნიადაგებზე ვაზების ზრდა საშუალოზე მცირეა და ფილოქსერის მოქმედებაც ამგვარ ვაზებზე გაძლიერებულია. ამ მავნებლისაგან ვაზების დაცვის მიზნით საჭიროა ყველა პირობებში თითას დამყნობა სათანადოდ შერჩეულ საძირეებზე.

ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობების მიმართ. როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, თითა ეკოლოგიური პირობების მიმართ არ იჩენს დიდ მგრძნობიარობას. იგი წარმატებით ვითარდება, როგორც ვაკე და ღრმა ღონიერ ნიადაგებზე, ისე ფერდობ და ქვა-ღორღის შემცველ ნაკვეთებზე. მაგრამ მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღების მიზნით მისი გაშენება უნდა წარმოებდეს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ ფერდობებზე.

დაბლობ ადგილებში, მით უმეტეს თუ ყურძნის მწიფობის პერიოდში ნალექებია მოსალოდნელი, თხელკანიანობის გამო მარცვალი ადვილად სკდება, რის გამოც ყურძენი კარგავს სამეურნეო ღირებულებას. ამიტომ მისი შემდგომი გაშენება უნდა წარმოებდეს უფრო შემაღლებულ და მზით განათებულ ადგილებზე.

ზამთრის ყინვების მიმართ ქართლის თითა საკმაო გამძლეობას იჩენს, მით უმეტეს თუ ვეგეტატიური ნაწილები კარგად არის მომწიფებული. ტანას ხეობაში 1948-1949 წლებში ძლიერი ყინვების მოქმედების შედეგად, როდესაც ჩინურის ნარგაობა მასობრივად დაზიანდა მრავალწლოვანი ნაწილებისა და შტამბის ჩათვლით, თითას ერთეული ძირები გამორეული ამავე ნაკვეთში გადაურჩა ყინვებს. მხოლოდ აქა-იქ იყო შესამჩნევი კვირტების და რქის ზონობრივი დაზიანება. იმავე ნაკვეთზე, უფრო შემაღლებულ ადგილებზე კი, მხოლოდ კვირტების ნაწილობრივ დაზიანებას ჰქონდა ადგილი.

ჯიშის სპეციფიკური ნიშნებიდან ყურადღებას იპყრობს გასხვლის საკითხი. როგორც ეს ზემოთაც გვქონდა აღნიშნული, ქართლის თითასთვის ქართული წესით ფორმირება 10-12 კვირტით მიუღებელია, რადგან ვაზის საერთო შესუსტებასთან ერთად იგი იწვევს მოსავლიანობის მნიშვნელოვნად შემცირებას.

როგორც ძლიერი ზრდის ჯიში, იგი ფორმირებული უნდა იქნეს საკარმიდამო ნაკვეთებზე და მეურნეობათა გზებზე ხეივნების სახით, ხოლო საწარმოო ვენახებში მრავალსაკავებლიანი ფორმით, თითოეულ ვაზზე 30-40 კვირტის დატოვებით. ამ მიზნით გამოყენებული უნდა იქნეს აგრეთვე ორმხრივი კორდონი თითოეულ მხარზე 2-3 საფორმო რგოლის შექმნით.

დატვირთვის გადიდებასთან ერთად მკვეთრად უნდა გაუმჯობესდეს აგროტექნიკის ფონი და ამ მიზნით აგროწესებით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდეს კალენდარული ვადების დაცვით, დროულად და მაღალხარისხოვნად.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

სამეურნეო დანიშნულებით ქართლის თითა ხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. მარცვლის თხელკანიანობის გამო იგი შორს ტრანსპორტირებას ვერ იტანს, რის გამოც ყურძენი გამოყენებული უნდა იქნეს ადგილობრივ მოსახმარად.

თითას ყურძნის მექანიკურ-ქიმიური ანალიზის შედეგები. საანალიზო ნიმუშები აღებულია სოფ. წედისის (გორის რ-ნი) და დიღმის (თბილისის გარეუბანი) სასწავლო მეურნეობის ვაზის კოლექციიდან, შედეგებიდან ჩანს რომ, მტევნის საშუალო წონა მერყეობს 155-დან 180 გ-მდე (საშუალო 165 გ). დიდი მტევნის წონა 282 გ, მცირესი – 70 გ უდრის. მტევნის სიდიდის შესაბამისად მარცვლების რაოდენობაც მერყეობს და საშუალოდ 76-მდე აღწევს. მტევანში მარცვლის კანის მცირე შეცულობა (15,9-16,4%) ადასტურებს თითას თხელკანიანობას.

ყურადღებას იპყრობს საანალიზო ნიმუშებში შაქრიანობა-მჟავიანობის შეცულობა. სოფ. წედისიდან აღებულ ნიმუშში შაქრიანობა 19,8% არ აღემატება, ხოლო მჟავიანობა 6,0‰-ით განისაზღვრება. დიღმის მეურნეობიდან აღებულ ნიმუშში კი შაქარი 18,4% აღწევს, ხოლო საერთო მჟავიანობა 5,3‰ უდრის. მიუხედავად რთველის დროულად ჩატარებისა (24-29 IX), როგორც ეს ანალიზების შედეგებიდან ჩანს, დასახელებული ჯიში მომეტებული რაოდენობით ვერ აგროვებს შაქარს.

ამავე დროს აღსანიშნავია მჟავიანობის მკვეთრი დაკლება. შაქრიანობა-მჟავიანობის ზემოხსენებული შეფარდება, აგრეთვე რბილობის მაღალი გემური თვისებები მიგვითითებს ქართლის თითას ყურძნის მხოლოდ სასუფრედ გამოყენებაზე. თითას ყურძნის 100 მარცვალში საშუალოდ 180 წიპწაა. აქედან ერთწიპწიანი მარცვლები შეადგენს 42,1%, ორწიპწიანი – 38%, სამწიპწიანი – 5,6%, ოთხწიპწიანი – 3%, ხოლო უწიპწო მარცვლები 11,3%.

საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის ბაზაზე (თელავში) წარმოებული ანალიზების მიხედვით მტევნის საშუალო წონა 176 გ აღწევს, მტევანში კლერტი შეადგენს 2,2%, კანი – 17%, წიპწა – 2,5%, ხოლო წვენის გამოსავალი 78,3% აღწევს. დიდი მტევნის წონა 231 გ, ხოლო მცირესი 50 გ უდრის. ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში ტკბილში შაქრიანობა 18%-მდე, ხოლო საერთო მჟავიანობა 6,5‰-მდე აღწევს.

თითა, ვაზი, ვენახი, ჯიშიდაკვირვებით დასტურდება, რომ ქართლის თითას ყურძენი ხანგრძლივ შენახვის უნარს მოკლებულია. ჩვენი დაკვირვებით თუ ყურძენი დაკრეფის ადგილას სათანადო წესების დაცვით იქნება შენახული, შეიძლება საღად გაძლოს 60-70 დღემდე. შემდეგ კი ზიანდება, რაც როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გამოწვეულია მარცვლის თხელკანიანობით. წინააღმდეგობა გაჭყლეტის მიმართ მხოლოდ 430-450 გ განისაზღვრება.

თელავის პირობებში დაკრეფილ თითას ყურძნის შენახვის უნარი, როგორც ეს მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მასალებით დასტურდება 70 დღით განისაზღვრება.

ამრიგად, ადგილობრივ გამოყენების მიზნით ქართლის თითა პერსპექტიულ სუფრის ყურძნის ჯიშს წარმოადგენს, განსაკუთრებით შიდა ქართლის რაიონებისათვის; იგი ხასიათდება ყველა იმ ძირითადი დადებითი ნიშნებით, რაც საერთოდ ახასიათებს ადგილობრივ მოხმარების ხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშებს. ასეთია: ვაზის ზრდის სიძლიერე და ამის შესაბამისად ხელშემწყობ ეკოლოგიურ და მოვლის პირობებში უხვი მოსავლიანობა, მტევნის და მარცვლის გარეგნული სილამაზე, აგრეთვე ყურძნის საუკეთესო გემური თვისებები.

აღნიშნულ დადებით თვისებათა გამო ქართლის თითა ფართო გავრცელების ღირსია, რის გამოც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს მისი შემდგომი გავრცელება პირველ რიგში წარმოებდეს (თბილისის, მცხეთის, კასპის, გორის, ახალციხისა და ასპინძის მევენახეობის ზონებში). ჯიში პერსპექტიულია აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენი რაიონებისათვის.

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.

იხილეთ აგრეთვე: სუფრის ყურძენი – დარგვა, ვენახის გაშენება, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა