ფაშვის გადავსება ცხოველებში – მიზეზები, ნიშნები, მკურნალობა

ფაშვი, ძროხა, მკურნალობა

ფაშვის გადავსებას მკვრივი შიგთავსით, ეწოდება „ზვავი“, ან ფაშვის მუსკულატურის პარეზი.

ეტიოლოგია

დაავადება თავს იჩენს მაშინ, როცა ხდება ცხოველების მიერ დიდი რაოდენობით კონცენტრული საკვების, ასევე ქერის, ჭვავის, ხორბლის, სიმინდის მარცვლის ფქვილის, აგრეთვე ძირხვენეულის მიღება. ამ დაავადებას ასევე იწვევს ნამჯით, გვიან მოთიბული ბალახით, ბზით, ჩენჩოთი, ისლით, ცხოველების ხანგრძლივი კვება.

ავადმყოფობის განვითარებას ხელს უწყობს არასაკმარისი მოციონი, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობაც.

პათოგენეზი

დიდი რაოდენობით მარცვლოვანი, ან დიდი მოცულობით უხეში, მშრალი საკვების მიღება, ცხოველებში იწვევს არა მარტო ფაშვის, არამედ წიგნარას გადავსებასაც.

ამ დროს ხდება ფაშვის კედლების ძლიერ გაწელვა, საკვების მაგარი ნარჩენებით წიგნარას ბარორეცეპტორების ხანგრძლივი გაღიზიანება და ფერხდება წინაკუჭების შეკუმშვები, რაც თავის მხრივ მიზეზი ხდება მათი მოტორული ფუნქციის აშლილობისა.

წინაკუჭებში დიდხანს შეჩერებული საკვები მკვრივდება, ლპება, აღიზიანებს ბარორეცეპტორებს და იწვევს ანთებად რეაქციებს და ინტოქსიკაციებს ცხოველის ორგანიზმში, კონკრეტულად კი წინაკუჭებში, მაჭიკსა და ნაწლავებში.

პათანატომიური ცვლილებები

ფაშვი და წიგნარა გადავსებულია მაგარი საკვებით. შედეგად, წიგნარა მოცულობაში მომატებულია, მის ფურცლებსშორისი შრე ამოვსებულია მარცვლით, ან სხვა მაგარი საკვებით. ფურცლების ლორწოვანი გარსი ანთებადია, ზოგ ადგილას დანეკროზებული.

კლინიკური ნიშნები

ცხოველი საკვებს არ იღებს, აქვს უმადობა, წუხს, იყურება მუცელზე, დგას მოკუზული, იქნევს კუდს და ირტყამს მუცელზე უკანა ფეხებს. ბღავის, ცოხნა და ბოყინი შეწყვეტილია. აქვს ნერწყვდენა, ზოგჯერ პირღებინება. მარცხენა საშიმშილე ფოსო ამოვსებული და გასწორებულია. გაძლიერებული მეტეორიზმის გამო, ხანდახან გამობერილიც. ფაშვის შიგთავსი მკვრივი კონსისტენციისაა. პალპაციით წარმოიშობა ორმო, რომელიც ნელ-ნელა სწორდება.

დაავადების დასაწყისში ფაშვის შეკუმშვა გახშირებული და მოკლეა. ამ დროს ცხოველს ეწყება მოუსვენრობა და წუხილი. თანდათან, ფაშვის შიგთავსის გაფუებასა და გაგანიერებასთან ერთად, შეკუმშვები სუსტდება და უფრო იშვიათი ხდება, არაიშვიათად სრულიად ქრება. სუსტდება წიგნარას ხმები, მაჭიკისა და ნაწლავების პერისტალტიკა. დეფეკაცია იშვიათდება, ფეკალური მასები მაგარია, დაფარული ლორწოთი და აქვს რუხი შავი ფერი.

თუ ავადმყოფობა გახანგრძლივდა, ხდება ორგანიზმის ინტოქსიკაცია. ცხოველი მოწყენილია, თითქოს მთვლემარე მდგომარეობაშია, აქვს კუნთების ფიბრილური კანკალი, მოძრაობის დროს ბარბაცებს, პულსი გახშირებულია, სუსტია, ხშირდება სუნთქვაც. ზოგჯერ ადგილი აქვს ტემპერატურის მატებას.

დიაგნოზი

დიაგნოზი ისმება კლინიკური ნიშნებისა და ანამნეზის საფუძველზე. მხედველობაშია მისაღები, რა რაოდენობის საკვები მიიღო ცხოველმა, ხომ არ მოხდა მომვლელისგან გაუკონტროლებლად მისი კვება.

უნდა განვასხვავით ფაშვის მწვავე ტიმპანიის, წინაკუჭების ჰიპოტონიისა და ტრავმული რეტიკულიტისგან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაშვი გადავსებული არ არის და ავადმყოფობის მიმდინარეობა ხანმოკლეა.

მკურნალობა

ფაშვის გადავსების დროს, აუცილებელია მშიერი დიეტა 1-2 დღით. სასმელი წყალი ეძლევა დღეში 7-10-ჯერ, მცირე ულუფებად.

გაზების წარმოშობის საწინააღმდეგოდ, შიგნით ეძლევა იქთიოლი, ლიზოლი და სხვა დუღილსაწინააღმდეგო საშუალებები.

იმისათვის, რომ გააქტიურდეს წინაკუჭების მოტორული მოქმედება, ახდენენ ფაშვის ამორეცხვას სუსტი მადეზინფიცირებელი ხსნარებით. კარგია ფაშვის მასაჟი 20-30 წუთის განმავლობაში დღეში რამდენიმეჯერ.

მსხვილ ცხოველებს კანქვეშ უკეთდება: ვერატრინი 0,002-0,003გრ. კარბოქოლინი ან პილოკარპინი-0,002-0,004გრ. ვენაში ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარი.

ძლიერი დასუსტებისას: ვენაში 250-300მლ. 30%-იანი ღვინის სპირტი, გულის მოქმედების შესუსტების დროს: კანქვეშ კოფეინის ნატრიუმ-ბენზოატი.

პროფილაქტიკა

არ დავუშვათ ცხოველები მარცვლეულის, ან სხვა საკვების შესანახ ადგილებში. არ მივცეთ მათ დადგენილ რაციონზე მეტი უხეშბოჭკოვანი საკვები. ასევე, ასეთი საკვები, მიცემის წინ დავაქუცმაცოთ და დავაორთქლოთ.

ავტორი: ამირან კოჩალიძე /შინაგანი არაგადამდები დაავადებები/

ცხოველთა დაავადებების დროს უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტებს, რომ არ მიიღოთ არასასურველი შედეგი.

თქვენი რეკლამა