თბილისში ”აგროჰაბის” პირველი მარკეტი გაიხსნა

აგროჰაბი

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე (#22) ”აგროჰაბის” პირველი მარკეტი გაიხსნა. მარკეტი მომხარებელს როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებულ ნატურალურ და ჯანსაღ აგროპროდუქტს შესთავაზებს.

მარკეტი საზეიმო ცერემონიას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ,,აგროჰაბში“ წარმოდგენილია მაღალი ხარისხის, ლაბორატორიულად შემოწმებული ქართული წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

,,მსგავსი კონცეფციის სავაჭრო ობიექტების არსებობა ქალაქისთვის ნამდვილად საჭიროა, რადგან აქ, ძირითადად ქართული წარმოების პროდუქტია წარმოდგენილი. ეს მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ასევე ქალაქის სტუმრებისთვის. გარდა იმისა, რომ „აგროჰაბში“ პროდუქტის მრავალფეროვანი არჩევანია, ადგილზე ხდება გარკვეული პროდუქციის გადამუშავებაც. ჩვენთვის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, დაწყებული საასოფლო-სამეურნეო პროდუქტის პირველადი წარმოებიდან, გადამუშავებული პროდუქციის რეალიზებით დამთავრებული. იმედი მაქვს პროექტი წარმატებული იქნება და გაფართოვდება როგორც მისი ქსელი, ასევე გეოგრაფია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 15 მილიონი ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე „აგროჰაბში” 270 ადამიანია დასაქმებული. 2017 წელს ,,აგროჰაბი” ქსელის გაფართოებას და რამდენიმე ახალი მარკეტის გახსნას გეგმავს.

,,აგროჰაბში“ წარმოდგენილია კომპანიის კუთვნილ ფერმებში წარმოებული საქონლის, ღორისა და ქათმის ხორცი. ასევე 100%-ით ნატურალური რძით დამზადებული პროდუქტები არაჟანი, მაწონი, ხაჭო, სხვადასხვა სახის ყველი (სულგუნი, იმერული და ა.შ.), რომელიც ასევე ,,აგროჰაბის“ რძის გადამამუშავებელ ქარხანაში იწარმოება.

მარკეტში წარმოდგენილია ზღვის პროდუქტების (რვაფეხა, ლობსტერი, ხამანცკა, კრევეტი, კიბორჩხალა და ა.შ.) და თევზპროდუქტების ფართო არჩევანი, პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი და ათასზე მეტი სახეობის პროდუქტი. მარკეტი მოიცავს მარანსაც, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს 11 დასახელების ნატურალური, ცოცხალი ღვინო.

„აგროჰაბში” ამ დროისთვის ISO-ს სტანდარტების დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად „აგროჰაბი” თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ სამი სახის (ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ვეტერინარიული) ლაბორატორიას ფლობს.

თქვენი რეკლამა