ქართული ხორბლის ენდემური ჯიშები – ღია კარის დღეების ფარგლებში

დოლი, შავფხა, ზანდური, პური

მარნეულის მუნიციპალიტეტში, შპს „ლომთაგორას“ ორგანიზებით, ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე გაიმართა.

ღია კარის დღეების ფარგლებში, ნაკვეთზე წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის ენდემური ჯიშები: ჩელტა ზანდური, გვაწა ზანდური, მახა, დიკა, დოლის პური, შავფხა, აგრეთვე კულტურები: ტრიტიკალე და რაფსი.

„ლომთაგორა“ 2013 წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. აშენდა მარცვლეულის შესანახი საწყობი, დამონტაჟდა მარცვლეულის საშრობი. საწარმო წელიწადში 2000 ტონა მარცვლეულს ინახავს. კომპანიაში 20 ადამიანია დასაქმებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მეხორბლე ფერმერებთან და მეწარმეებთან ერთად, „ლომთაგორას“ სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა.

„ბოლო წლებში სახელწმიფომ სისტემური მიდგომა დაიწყო მარცვლოვანი კულტურების განვითარების, განსაკუთრებით კი ხორბლის განვითარების მიმართულებით, რაც უკავშირდება სათესლე მასალის სწორად შერჩევას. ეს დიდ სამეცნიერო სამუშაოებს მოიცავს და აქ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის როლი და ფერმერების აქტიური ჩართულობა. ღია კარის დღეებს, ე.წ., „მინდვრის დღეებს“ ყოველ წელს ვმართავთ. ჩვენი გვინდა ადგილობრივ ფერმერებს ერთობლივი მუშაობით შევარჩიოთ სწორი სათესლე მასალა, რაც კომერციული წარმოების პირობებში უფრო პროდუქტიულ და უფრო მაღალ შედეგებს მოგვცემს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფომ საკანონმდებლო ბაზა შექმნა, რომელიც სავალდებულო წესით ხორბლის სათესლე მასალის სერტიფიცირებას ითვალისწინებს. ქართული ენდემური ჯიშები განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს სელექციონერებისთვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს არის უნიკალური გენოფონდი რომელსაც აღიარება და დაცვა სჭირდება.

„მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფომ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ ქართული ხორბლის კულტურა წარადგინა. ხორბალი ჩვენი ერის ფორმირების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ სელექციის და ახალი ჯიშების წარმოების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

თქვენი რეკლამა