სეს-მა 11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

ხორცი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველომ, მიმდინარე თვეს დედაქალაქში 110 ინსპექტირება და 140 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელა, მათ შორის 83 ხორცის სარეალიზაციო ობიექტში.

აგრეთვე შემოწმდა ფრინველთა და ცხოველთა სასაკლაოები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და აგრარული ბაზრები.

კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 11 ბიზნესოპერატორს: 3 სასაკლაოს; 4 ხორცის საბითუმო სარეალიზაიციო ობიექტს; 3 საზოგადოებრივი კვების ობიექტს; 1 აგრარულ ბაზარს.

სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ხორცის ეტიკეტირების წესის დარღვევისა და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის გამო დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი.

„მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და სურსათის უვნებლობის სტანდარტების უზრუნველყოფისთვის,სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მალფუჭებადი სურსათის – ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების შესაბამისობის დადგენას ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

აგრეთვე ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები ბიზნესოპერატორებთან“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

თქვენი რეკლამა